fbpx

ყავა და იტალია – კავშირი, რომელიც ზეცაში გადაწყდა


გააზიარე სტატია

სტატიას წარმოგიდგენთ: 

რაზე ვსაუბრობთ, როცა ვსაუბრობთ ყავაზე?

ყავა ბევრისთვის სასმელია, რომლის გარეშეც დღის დაწყება წარმოუდგენელია. თუმცა ყველაფერი იცვლება, როცა ყავასთან ერთად იტალიას ვახსენებთ. ქვეყანას, რომელმაც მსოფლიოს მისცა ესპრესო – ყავის ღმერთად წოდებული.

კრემისებური ქაფი – თანაბრად თხილისფერი და სქელი  – აი, თუ შაქარს ჩაყრით, რამდენიმე წამი ზედაპირზე ტივტივებს, მას შემდეგ კი, რაც ჩაიძირება, ქაფი  იხურება და  პირვანდელ, ხელშეუხებელ სახეს უბრუნდება. ეს არის ესპრესო –  ანდრეა ილის სიტყვებით, „ქიმიის მთელი სასწაული ერთ ჭიქაში“.

ესპრესო არც რომელიმე კონკრეტული ყავის მარცვალია და არც მოხალვის რომელიმე ხერხი. ეს არის წვრილად დაფქული ყავის ძალიან სწრაფად, ძალიან ცხელი წყლით და ძალიან მაღალ წნევაზე მოხარშვის მეთოდი.  ცნობილი იტალიური კაპუჩინოც ესპრესოს ბაზაზე მზადდება – მასში რძის დამატებით.

იდეალური ესპრესო 4M-ს აერთიანებს:

Miscela  – ყავის სწორი კომბინაცია

Macinadosatore  – ყავის საფქვავი

Macchina per Espresso  – ესპრესოს აპარატი

Mano  –  ბარისტას პროფესიული უნარები, მარტივად რომ ვთქვათროგორიხელიაქვს მას, ვინც ყავას ამზადებს.

იტალიაში ყავა კულტურაა და ეს კულტურა სავსეა რიტუალებითა და წესებით. ამბობენ, რომ აქ პირველი ფინჯანი ყავა შეიძლება ცოტა დამაბნეველი შთაბეჭდილებაც  კი იყოს. მაგალითად, პირველი კულტურული შოკი იმის აღმოჩენაა, რომ იტალიელები ყავას, არც მეტი, არც ნაკლები, ბარში სვამენ. მეტსაც გეტყვით, ყველაზე გავრცელებული ტრადიცია ბართან  ფეხზე დგომით  ყავის მირთმევა და ბარისტასთან საუბარია.

იმისთვის, რომ იტალიური ყავის კულტურას  ჩასწვდეთ, ჯერ უნდა გაიგოთ, თუ როგორ მოქმედებს  ის.  შეხედეთ მას, როგორც ახალ ცეკვას. თავიდან შესაძლოა, ილეთები რთულად მოგეჩვენოთ, გაუგებრად, დამღლელადაც კი. თუმცა მას შემდეგ, რაც მოძრაობებს ისწავლით, ყველაფერი ძალიან ლოგიკური და ბუნებრივი ხდება.

Il galateo del caffèეს იტალიური ყავის ეტიკეტია, რომელსაც იტალიელები ზედმიწევნით იცავენ იმისთვის, რომ პატარა ჭიქა ყავიდან მაქსიმალური  სიამოვნება მიიღონ. აქვე გეტყვით, რომ  caffè  იტალიურად ყავას ნიშნავს, ყავა კი გულისხმობს ესპრესოს. ასე რომ, როცა იტალიაში ესპრესოს უკვეთავთ, პირდაპირ მოითხოვეთ – un caffè.

ყავის დასხმამდე ესპრესოს ჭიქა 45 გრადუსამდე ხურდება. როგორც წესი, ის სქელი ფაიფურისაა, რათა ყავის ტემპერატურა დიდხანს შეინარჩუნოს და გადაჭრილი კონუსის ფორმა აქვს ესპრესოს მთავარი ღირსების – ქაფის საუკეთესოდ წარმოსაჩენად. თუმცა რომში ხშირად ნახავთ მინის ჭიქით მორთმეულ ესპრესოსა და კაპუჩინოს. ბევრი ამტკიცებს, რომ მინის ჭურჭელში ყავას უკეთესი გემო აქვს, ვიდრე ფაიფურში.

იტალიაში ყავას ყოველთვის მოჰყვება პატარა კოვზი და ეს დეკორაცია არ არის. მაშინაც, თუ ყავას უშაქროდ სვამთ, დალევამდე უნდა მოურიოთ – მსუბუქად, ზედაპირიდან  ძირისკენ  და არასდროს საათის ისრის ან საათის ისრის საწინააღმდეგო მიმართულებით. მორევა ერთადერთი მეთოდია, რომ ყავის გემო და არომატი ფინჯანში თანაბრად გადანაწილდეს.

იმისთვის, რომ ბოლომდე შეიგრძნოთ იტალიური ყავა, პირველ რიგში, ერთი-ორი ყლუპი წყალი უნდა მოსვათ. წყალი წმენდს სასას და ამზადებს მას, სრულად შეიგრძნოს ყავის არომატი, რომელიც 800 სხვადასხვა მოლეკულისგან შედგება. წყლის ერთი ყლუპიც კი საკმარისია სენსორების გასახსნელად. ამ შემთხვევაში გემო აღწევს პირის ღრუს იმ წერტილებსა და კუნჭულებში,  რომელთა არსებობის შესახებ მანამდე არც კი იცოდით.

მაქსიმალური სიამოვნების მისაღებად ესპრესო უნდა მიირთვათ 60 გრადუს ტემპერატურაზე და მომზადებიდან არაუმეტეს 2 წუთში. იტალიელ ყავის ექსპერტებს თუ დავუჯერებთ, მისი არომატის 50% სწორედ ამ დროის შემდეგ ქრება.  სხვათა შორის, ესეცაა ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც იტალიელებს ყავის პირდაპირ ბართან მირთმევა ურჩევნიათ დარბაზში მიმტანის ლოდინს. ასე რომ, ნუ დაკარგავთ დროს, თუ ყავა უკვე წინ გიდგათ. მოურიეთ ნაზად, მოსვით რამდენიმე ყლუპი წყალი და დატკბით იტალიური ყავის გემოს აფეთქებით.

ყავა და იტალია – ეს კავშირი ზეცაში გადაწყდა.

 

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.