„გულზე დახატული ეროვნული სიმფონიური ორკესტრი“- ZOMA X კონცეპArt
ავტორი: რუსა გვენცაძე
„გულზე დახატული ეროვნული სიმფონიური ორკესტრი“ – კონცეპArt-ისა და ტანსაცმლის ქართული ბრენდის, ZOMA-ს კოლაბორაციით შექმნილი პროექტია, რომელიც მუსიკისა და სამოსის შერწყმით ადამიანებისთვის თვითგამოხატვის ახალი შესაძლებლობაა.
ZOMA-მ ტანსაცმელზე ეროვნული სიმფონიური ორკესტრის სასცენო განლაგების ესკიზი გამოსახა, რომელიც ნიკოლოზ რაჭველის მიერ არის შესრულებული.
„ყოველი პროექტის წინ მაესტრო ნიკოლოზი სასცენო გეგმას ამ სახით მიგზავნის ხოლმე, რის შემდეგაც იწყება დეკორაციაზე თუ გახმოვანების სტრუქტურაზე ფიქრი. ძალიან მიყვარს ყველა მათგანი, რადგან სულ მგონია, რომ ამ ნახატში ყოველთვის განსაკუთრებული ენერგია და სულისკვეთებაა ჩადებული”, – გვიყვება კონცეპArt-ის სამხატვრო ხელმძღვანელი თეონა ჯორბენაძე.
ZOMA-სთან პარტნიორობით შექმნილი ეს კაფსულა-კოლექცია კონცეპArt-ის შემოქმედებითი გუნდის შიდა სამზარეულოს წარმოგვიდგენს.
„პირველად ნიკოლოზ რაჭველის სამზარეულოში ვიხილეთ ეს მაისურები ლიზა ბათიაშვილთან და ჩვენს მეგობრებთან ერთად. ბევრი იდეა შემდგომ სწორედ აქ იქცევა ხოლმე ბრენდად“, -ამბობს თეონა ჯორბენაძე.
მაისურები მნიშვნელოვანი კონცერტის შთაგონებით შეიქმნა, რომლის მთავარი გმირიც ორკესტრთან ერთად მუსიკოსი ბექა გოჩიაშვილი იყო. ამ მაისურებზე ორი როიალია გამოსახული – ერთ როიალზე ნიკოლოზ რაჭველი, ხოლო მეორეზე- ბექა გოჩიაშვილი უკრავდა.
„ის, რომ ეს ერთგვარი გრაფიკული ნახატი მოხვდა მაისურზე, რომელსაც ადამიანები ჩაიცვამენ და ივლიან ქალაქის ქუჩებში, ჩემთვის ძალიან სასიამოვნო გრძნობაა. გამომიცდია ის, როდესაც ჩემი შექმნილი მუსიკა საზოგადოებას აუტაცია, მაგრამ პირველად ხდება, როცა რაღაც კონკრეტული და საქმიანი ჩემთვის ჩავხატე, ეს კი შემდგომ დიზაინის ნაწილად იქცა“, – ამბობს ნიკოლოზ რაჭველი.
ევგენი მიქელაძის სახელობის სიმფონიური ორკესტრი, რომელიც ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან ძვირფასია, თითქმის 100 წლისაა.
„ევგენი მიქელაძის სახელობის საუკუნოვანი ორკესტრი ისეთი მნიშვნელობისაა, რომ ფაქტობრივად გულზე დავიხატეთ“, – ამბობს თეონა.
მაისურების შეძენა შესაძლებელია: გალერეა თბილისი, მე-3 სართული, ასევე ონლაინ: zoma.store.