fbpx

მოკლე ინტერვიუ კინოზე – ნუცა ალექსი-მესხიშვილი, კინორეჟისორი


გააზიარე სტატია

თანამედროვე ქართულ კინოში მოღვაწე კინორეჟისორების, კინოოპერატორების, მსახიობების, მხატვრების  ხედვა, რეკომენდაცია და გამოცდილება მოკლედ.

 

ნუცა ალექსი-მესხიშვილი, კინორეჟისორი

ნ.კ. რატომაა საინტერესო რეჟისორის საქმე?

ნ.ა. რეჟისორის პროფესია ძალიან თავხედური არჩევანია, რომელსაც აქვს პრეტენზია, შენ მიერ მოთხრობილი ამბავი არამარტო სხვას აინტერესებდეს, არამედ  მისი განხორციელებისათვის დიდი თანხაც მოგცენ. ამ არჩევანისთვის თვალის გასწორება ძალიან რთულია. ამიტომ, მნიშვნელოვანია ყველა ალტერნატიული გზის გამოყენება, რომ კინოს გადაღება არ უდრიდეს ფულის შოვნას. ამის ბევრი მაგალითი არსებობს და კინო მხოლოდ ამ შემთხვევაში ხდება დინამიკური და აქტიური დარგი. 

ჩემი ძველი მეგობარი ამბობდა: დიდი განსხვავებაა, რა გინდა – ფილმის გადაღება თუ რეჟისორობა. ერთ ფილმს ყოველთვის გადაიღებ –  1-წუთიანს, 3-წუთიანს – მობილური ტელეფონით, მეგობრების დახმარებით. მერე კიდევ ერთს, მერე კიდევ. მთავარი მიზანი იმ მომენტში, იმ მოცემული ფილმის გადაღება უნდა იყოს.  

რეჟისორობისთვის გადაღებულ ფილმს არავითარი ფასი არა აქვს. არც შენთვის, არც სხვისთვის. პირდაპირ რეჟისორობის სურვილი რთულია და შეიძლება, სტერილური და  გამანადგურებელი აღმოჩნდეს. 

 

ნ.კ. როგორია ფილმის თემის შერჩევის თქვენებური მეთოდი?

ნ.ა. ფილმის თემის შერჩევა ვფიქრობ, ემოციურია და რაიმე განსაზღვრულ გეგმას ძნელად შეიძლება დაუმორჩილო. 

ნ.კ. რას იკვლევთ კინოში?

ნ.ა. არ ვფიქრობ, კინო კვლევის სფერო იყოს. 

კინო ხელოვნებაა, ისევე როგორც მუსიკა და ფერწერა, იმ განსხვავებით, რომ აქ რეალური ადამიანების ისტორიების მოყოლა და კითხვების დასმაა შესაძლებელი.

კვლევისთვის არსებობს დოკუმენტური კინო, რეპორტაჟი და სხვა. 

 

ნ.კ. რა შეიცვალა ბოლო წლებში მსოფლიო კინემატოგრაფში? რა აღმოაჩინეს კინორეჟისორებმა?

ნ.ა. თუ ჩავთვლით, რომ კინო ხელოვნებაა, მაშინ ახალს ვერავინ ვერაფერს აღმოაჩენს.  მთავარია, რეჟისორმა შექმნას თავისი სამყარო და მაყურებელი იქ მოახვედროს. ასეთი ფილმებით იწერება კინოს ისტორია. მათი ჩამოთვლა უსასრულოდ შეიძლება, მუნჯი კინოდან  21-ე საუკუნის ფილმებამდე.

ყველა  რაღაცას აღმოაჩენს და აღმოგაჩენინებს… 

იმ მომენტში განცდილს. 

ნ.კ. დღეს რა აკლია ქართულ კინოს?

ნ.ა. ქართულ კინოს რისკზე წასვლა აკლია. შინაარსით და ფორმით. 

სტანდარტული გაგებით, კინოს განვითარების გზა ჩვენ არ გაგვივლია. ისე, როგორც საბჭოთა კავშირი იყო ამოვარდნილი მე-20 საუკუნის მსოფლიო ისტორიიდან, ამოვარდნილი იყო კინოხელოვნებაც. ეს არ ნიშნავს, რომ იმ ეპოქის  კინო არ იყო მნიშვნელოვანი, პირიქით. მაგრამ მასზე დაყრდნობით, ძნელია წინ წასვლა. 

დღევანდელმა ქართულმა კინომ თითქოს საბჭოთა კავშირის დროინდელი დივიდენდები მიიწერა და მზამზარეულზე, რაღაც მეტიჩრული საფესტივალო ფორმით, მოჩვენებითი საავტორო კინოს ელფერით მზა პროდუქტი კეთდება, რაც ძალიან ზედაპირული და ნამდვილისაგან დაშორებულია.

თუმცა, ვფიქრობ, რომ  ახლად გასავლელ  გზაზე ბოლო წლებში პირველი და სერიოზული ნაბიჯები გადაიდგა. 

 

ნ.კ. რომელი ქართველი კინორეჟისორის გარეშე ვერ წარმოგიდგენია ქართული კინო?

ნ.ა. ქართული კინო, სწორედ ქართული გაგებით, ვერ წარმომიდგენია „შერეკილების“, „არაჩვეულებრივი გამოფენის“ და „ცისფერი მთების“ გარეშე. ეს ფილმები, რეზო გაბრიაძესთან  და გია ყანჩელთან ერთად, ჩვენი გენეტიკური კოდის ნაწილია. 

რა თქმა უნდა, არიან სხვა რეჟისორებიც და ფილმებიც, ვინც საბჭოთა დროში  ის მშვენიერი რამ შექმნეს, რასაც  „ქართულ კინოდ“ მოვიხსენიებთ. 

ნ.კ. ვინაა ის, ვისი არყოფნაც მსოფლიო კინოს შესამჩნევად დაეტყობოდა?

ნ.ა. ძმები ლუმიერები. და არა იმიტომ, რომ მათ კინო როგორც დარგი აღმოაჩინეს. ლუმიერებმა პირველივე კადრებიდან დაგვანახვეს, რა არის კინო. ეს არის კამერის ადგილი და მისი კუთხე. სად დგას კამერა? რატომ?  და რას აღბეჭდავს ის?

აქედან გამომდინარე, მათ ჯაჭვური რეაქციით მსოფლიო კინოზე  ძალიან დიდი გავლენა მოახდინეს. 

ლუმიერების კამერა ნახევარი მეტრით რომ ჩასწიოთ, კადრში ყველაფერი დაირღვევა და იქიდან რაღაც  მთავარი გაქრება. 

ანუ, გაქრება კინო, როგორც არა შემთხვევით  ფირზე აღბეჭდილი გამოსახულება, არამედ კინო როგორც ხელოვნება.

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.