fbpx

ქართველი მხატვრის, ლიკა შხვაცაბაიას ნამუშევარი ესპანეთის სამეფო ოჯახის კოლექციას შეემატა


გააზიარე სტატია

ავტორი: მარიამ მაღულარია

ქართველი მხატვარი ლიკა შხვაცაბაია ესპანეთში ცხოვრობს. 7 წლის წინ 3 შვილთან ერთად მადრიდში წავიდა. იქ ჩასული, თავისი ნახატებით გალერისტებს ეცნობოდა – “მე ქართველი ვარ და აი, ასე ვხატავ.”

 ამბობს, რომ თბილისს არაფერი ურჩევნია და რომ ამ გზის გავლა ძალიან რთული იყო. თუმცა, იმდენად დიდი აღმოჩნდა სურვილი, ცხოვრებაში სიახლე შეეტანა, ახალი სუნთქვაც თავისით მოვიდა, თან მადრიდმაც ჩვეული სითბოთი მიიღო.

“ბავშვობიდან ვიცოდი, ხელოვნება იქნებოდა ჩემი ინტერესი და მომავალი ცხოვრება. ესპანეთში მივხვდი – აქ არის გაცილებით დიდი მასშტაბები, გასაქანი და განვითარების საშუალება. სულ რაღაც დადებითი და საინტერესო ხდება. ხელოვნების სფერო – მხატვრები, ფონდები და ორგანიზაციები მაქსიმალურად ცდილობენ ეს გარემო მიმზიდველი გახადონ”.

2021 წლის მაისში მადრიდში მიმდინარე ტურიზმის საერთაშორისო გამოფენაზე სტუმრად მისულ ესპანეთის მეფე ფილიპე VI-ს და მის მეუღლეს ქართველმა მხატვარმა ლიკა შხვაცაბაიამ სამახსოვროდ გადასცა ფერწერული ტილო – “ცხოვრების ჰარმონია.” 

“სიზმარი მეგონა, წარმოუდგენელი სიხარული განვიცადე –  ამ ქვეყნისთვის (ესპანეთისთვის) ყველაზე მნიშვნელოვანი სამეფო ოჯახის უმდიდრეს კოლექციას ჩემი ნამუშევარი უნდა შემატებოდა”.

მხატვარსა და მეფეს შორის დიალოგი გაიმართა. ფილიპე მეექვსემ ლიკა შხვაცაბაიას უთხრა, რომ მისი ნახატი ძალიან ლამაზია და რომ ის ძალიან კარგად საუბრობს ესპანურად. 

ლიკა შხვაცაბაიას თქმით, მისთვის სრულიად უცხო ადამიანების კოლექციაში  მისი ნახატებიც  მნიშვნელოვან ადგილს იკავებს.  ხელოვანისთვის ხომ მთავარი დაფასება სწორედ ესაა – ნამუშევრის ყურება სიამოვნებას ჰგვრიდეს მის მფლობელს.

“არის დღეები, როცა რაღაცას  ვხატავ და მივდივარ  გარკვეულ მომენტამდე, როცა  ვხვდები, ეს დღე სწორად წავიდა. ამაში ძალიან მეხმარება თბილი მადრიდი. აქ სულ მზეა, სულ. ახლაც, საღამოს 9 საათია – მზიანი საღამოს 9 საათი. მზესთან ერთად მუსიკა, მუზეუმები, პირველ რიგში – გულღია ადამიანები – ეს ინსპირაციაა, რაც ჩემს ნახატებშია გამოსახული”. 

ლიკა შხვაცაბაია დაიბადა 1972 წელს ცნობილი მოქანდაკის, რუსთაველის პრემიის ლაურეატის, გიორგი შხვაცაბაიას ოჯახში. ლიკას მამის ქანდაკებები საბერძნეთის და იტალიის სახელოვნებო ცენტრებშია წარმოდგენილი. 

ლიკა შხვაცაბაიამ 1994 წელს, თბილისის სამხატვრო აკადემიის მონუმენტური ფერწერის ფაკულტეტის დასრულების შემდეგ, სწავლა სიენის საერთაშორისო უნივერსიტეტში ხელოვნების მიმართულებით განაგრძო. იტალიის შემდეგ ის ნიუ-იორკში წავიდა და იქ მუშაობდა. ესპანეთში წასვლის შემდეგ კავშირი არ გაუწყვეტია საქართველოსთან, ყოველ ზაფხულს სამ შვილთან ერთად თბილისში ჩამოდის. 

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ, დიასპორა 2017-ის  ფარგლებში, მხატვარი ლიკა შხვაცაბაია დააჯილდოვა ქართული კულტურის პოპულარიზაციისთვის უცხოეთში.   მისი ნამუშევრები დაცულია საქართველოს ეროვნულ გალერეაში, აშშ-სა და კანადის, ასევე, საბერძნეთის, იტალიის, გერმანიის და ესპანეთის კერძო კოლექციებში. 

ლიკა შხვაცაბაია იმდენად საინტერესო ადამიანია, ინტერვიუსას, თბილისიდან მადრიდში, ბევრი კითხვა დავუსვი, საქართველოში დაბრუნების შესახებ მიპასუხა:

“ახლა აქ მინდა, მაგრამ მაინც ვფიქრობ, თბილისში აუცილებლად დავბრუნდები”.


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.