fbpx

მეორადი და ვინტაჟური ტანსაცმლის მაღაზიები თბილისში


გააზიარე სტატია

ავტორი: ნინო იმერლიშვილი

მეორადი ტანსაცმლის ინდუსტრია რამდენიმე ათწლეულია აქტიურად მუშაობს, თუმცა თანამედროვე ეპოქაში მისი ფორმა და შესაბამისად, აღქმა მნიშვნელოვნად შეიცვალა. 

მეორადი ტანსაცმლის პოპულარობას  არაერთმა ფაქტორმა შეუწყო ხელი. აღსანიშნავია გარემოზე ზრუნვის პრიორიტეტული გარემოება – რეალობად ქცეული ეკოლოგიური კატასტროფებისა და გლობალური დათბობის ეპოქაში ტანისამოსის ჭარბი წარმოება კიდევ ერთ დამატებით პრობლემად იქცა. გარდა ამისა, სწრაფ მოდასთან დაკავშირებული ბრენდები ვერ უზრუნველყოფენ, რომ მომხმარებელმა მათი შემოთავაზებული მოდელებით ინდივიდუალური სტილი გამოხატოს. შესაბამისად, ვინტაჟური და მეორადი ტანისამოსის ყიდვა დღეს აღარ არის ასოცირებული მხოლოდ ეკონომიკურ ფაქტორთან – ის საშუალებაა, რომ უნიკალური და ყველასაგან გამორჩეული ნივთის მფლობელი გავხდეთ. 

 

მეორადი ტანსაცმლის ინდუსტრიის გავლენისა და მზარდი პოპულარობის მხრივ, გამონაკლისი არც საქართველოა. თუ თქვენც მათ შორის ხართ, ვინც უპირატესობას ვინტაჟურ სტილს ანიჭებთ, მაშინ ეს სტატია დაგაინტერესებთ –  წარმოგიდგენთ თბილისში მდებარე მეორადი ტანისამოსის და აქსესუარების რამდენიმე მაღაზიას, რომლებიც თანამედროვე კონცეფციით, სასიამოვნო სივრცით და მომსახურების მაღალი სტანდარტით გამოირჩევა.

 

Dezerter 

Dezerter მეორადი ტანსაცმლის  ახალი სივრცეა, რომელიც თამარ მეფის გამზირზე, 14 ნომერში მდებარეობს.  Dezerter არ არის მხოლოდ ის ადგილი, სადაც უბრალოდ სასურველი ნივთის შესაძენად წახვალთ – შეიძლება ითქვას, რომ ეს მულტიფუნქციური, კონცეპტუალური სივრცეა, რომელიც ვინტაჟური ტანისამოსის შერჩევის პროცესს საინტერესო გამოცდილებად აქცევს. 

მაღაზია  Dezerter ქართულ-გერმანული პროექტია. როგორც სივრცის დამფუძნებლები აღნიშნავენ, სურთ, რომ მეორადი და ვინტაჟური სამოსის ყიდვის ის კულტურა, რომელიც ევროპაშია, საქართველოშიც სათანადოდ იყოს შეფასებული. ორიგინალური, გამორჩეული ესთეტიკის ინტერიერი, ფუნქციური კუთხეები – Dezerter არის გარემო, სადაც ნივთებთან ერთად,  სრულიად მოულოდნელად ბევრი საინტერესო ისტორია შეგიძლიათ აღმოაჩინოთ. 

მეორადი ტანისამოსის, აქსესუარებისა და სხვადასხვა კატეგორიის ნივთების თანამედროვე მაღაზიების ძირითადი უპირატესობა ესთეტიკურად და ორგანიზებულად განთავსებული პროდუქციაა. ამ სტანდარტებს Dezerter იდეალურად უპასუხებს – გარდა იმისა, რომ ტანისამოსი ნარჩევი,  გარეცხილი, დამუშავებულია, მაღაზიაში კარგი ატმოსფერო და სერვისი მნიშვნელოვან პრიორიტეტს წარმოადგენს. 

სივრცეში ყოველ ორ დღეში ემატება ახალი მოდელები, რომლის მრავალფეროვნებასა და ხარისხს Dezerter-ის გუნდი მუდმივად აკონტროლებს. მაღაზიის  ძირითად ნაწილში განთავსებულია ტანისამოსი და აქსესუარები, ამასთან ერთად, “დეზერტირის” კონცეფცია სხვადასხვა ღონისძიებისა და გამოფენა-გაყიდვების მოწყობის საშუალებასაც იძლევა. 

Dezerter-ის იდეა   ადგილობრივი არტისტების, ხელოვანების მხარდაჭერასაც გულისხმობს, რაც იმას ნიშნავს, რომ ეს სივრცე არაერთ საინტერესო პროექტს დაეთმობა.  ფიზიკური მაღაზიის გახსნასთან ერთად,  Dezerter-ის ოფიციალური ანგარიშები ფეისბუქის და ინსტაგრამის პლატფორმაზე სულ ახლახან გამოჩნდა და მრავალფეროვანი ვიზუალური მასალით, შესაბამისი ინტერესების მომხმარებლის ყურადღებაც დაიმსახურა. 

 

Kumiko • კუმიკო

Kumiko მეორადი ტანსაცმლის კიდევ ერთი მაღაზიაა, რომელიც 2018 წელს გაიხსნა. კოლექცია გრიბოედოვის 37 ნომერშია წარმოდგენილი. ეს არის ვინტაჟური ნივთების ბაზრობის ორგანიზატორი კომუნის საერთო სივრცე, რომელსაც მომხმარებელი “რა ბაზარიას” სახელით იცნობს. ტანისამოსს “კუმიკოს” დამფუძნებლები მთელი საქართველოს მასშტაბით ეძებენ და წინასწარ განსაზღვრული კონცეფციის მიხედვით არჩევენ. 

Kumiko თავს უყრის სხვადასხვა უნიკალურ ვინტაჟურ მოდელს, რომლებშიც 70-იანი წლების ფერადი სტილი ჭარბობს. ეს მაღაზია განსაკუთრებით ცნობილია განსხვავებული სტილის, მკვეთრი ფერების ვინტაჟური პერანგებით. აღსანიშნავია, რომ დიდი ყურადღება ეთმობა ხარისხს და ტანისამოსის მდგომარეობას. ბოლო პერიოდში, ტანსაცმელთან ერთად “კუმიკომ” მომხმარებელს სახლის ინტერიერისათვის განკუთვნილი ვინტაჟური ნივთებიც შესთავაზა. 

მეორადი ნივთების ამ მაღაზიაში ძველ სანათებს, გასული საუკუნის მოწყობილობებს და დეკორატიული დატვირთვის უამრავ საინტერესო და ნოსტალგიურ  ნივთს  აღმოაჩენთ. კოლექციის დათვალიერება და შეძენა მაღაზიასთან ერთად, შესაძლებელია ფეისბუქისა და ინსტაგრამის ონლაინპლატფორმების საშუალებით. 

 

Vintylator

თუ ვინტაჟური ნივთების მაძიებელი ხართ, Vintylator კიდევ ერთი საინტერესო არჩევანია. მისი კუთხე ასევე გრიბოედოვის 37 ნომერში მდებარე ფუნქციურ სივრცეში მდებარეობს. სხვადასხვა სეზონის მიხედვით Vintylator გთავაზობთ მოდელებს, რომლებითაც აუცილებლად შეძლებთ თქვენი ინდივიდუალიზმის, კრეატიულობის და სტილის შეგრძნების გამოხატვას. 

ფერადი პერანგები, ნაჭრის ვინტაჟური კლასიკური შარვლები, გაზაფხული-ზაფხულის სეზონის კაბები, პიჯაკები, ფეხსაცმელები, აქსესუარები – ამ მაღაზიაში თითქმის ყველა სტილის მოყვარულისათვის მოიძებნება სასურველი დიზაინი. 

რაც ყველაზე საინტერესოა, Vintylator მეორადი ტანსაცმლის ყიდვის აზარტით სიამოვნების მიღების მაქსიმალურ შესაძლებლობებს გაძლევთ – სასურველი ნივთის ძებნისას, შესაძლოა აღმოაჩინოთ, მაგალითად,  Gucci-ის ავთენტური სათვალე, ან რომელიმე ძვირფასი ბრენდის თითქმის ახალთახალი სპორტული ფეხსაცმელი და ასე შემდეგ. გარდა ფიზიკური მაღაზიისა, Vintylator-ის მიერ თქვენთვის საგულდაგულოდ შეგროვებული კოლექცია შეგიძლია დაათვალიეროთ ფეისბუქისა და ინსტაგრამის ანგარიშებზე.

 

Rebel Showroom

Rebel Showroom ვინტაჟური სტილის მოყვარულთა ერთ-ერთი რჩეული მაღაზიაა. მიზეზი წარმოდგენილი მოდელების უნიკალურობაა – კოლექცია ხარისხიანი მასალით დამზადებულ, საკმაოდ ძვირადღირებულ ტანისამოსს აერთიანებს და რაც მთავარია, ისინი იდეალურ მდგომარეობაშია შემონახული. განსაკუთრებით ცნობილია ამ მაღაზიაში განთავსებული ნატურალური ტყავის ქურთუკები და პიჯაკები. 

მიუხედავად იმისა, რომ წარმოდგენილი მოდელები ვინტაჟურია და შესაძლოა რამდენიმე დეკადასაც ითვლიდეს, ესთეტიკის და სტილის გათვალისწინებით, კოლექციები თანამედროვე რეალობაში აქტუალურ ტრენდებს უპასუხებს. მაღაზია ჭავჭავაძის გამზირზე, 41 ნომერში მდებარეობს. წარმოდგენილი მოდელები შეგიძლიათ დაათვალიეროთ ასევე ინსტაგრამისა და ფეისბუქის პლატფორმაზე არსებული ონლაინმაღაზიის  მეშვეობით.

 

Compact Store

თუ სპორტული სტილის უნისექსი სამოსი მოგწონთ, გირჩევთ Compact Store-ს ესტუმროთ. ეს არის მაღაზია, სადაც წამყვანი სპორტული ბრენდების ვინტაჟურ მოდელებს იპოვით. ამ საკულტო მარკების რეპუტაცია დღემდე  გავლენით სარგებლობს და უამრავი მოდელი თავისი ცნობილი ისტორიითაც გამოირჩევა. სივრცე ერისთავ-ხოშტარიას 8ა-ში მდებარეობს. სხვა მაღაზიებისაგან განსხვავებით, Compact Store მხოლოდ შაბათ-კვირას მუშაობს. უქმეებზე სივრცე ღიაა დღის პირველი საათიდან შვიდ საათამდე. კოლექციის დათვალიერება შესაძლებელია Compact Store-ის ინსტაგრამსა და ფეისბუქზე

 

Beatnik•ბიტნიკ

ვინტაჟური ტანისამოსისა და თავისუფალი სპორტული სტილის მოყვარულთა კიდევ ერთი რჩეული მაღაზია ვაკეში, ირაკლი აბაშიძის 5

62 ნომერში მდებარეობს. აღსანიშნავია, რომ სასურველი ნივთის შესაძენად აქტიურად უნდა ადევნოთ თვალი Beatnik-ის ინსტაგრამსა და ფეისბუქს, რადგან წარმოდგენილი კოლექცია საკმაოდ მალე იყიდება. მაღაზიის სივრცეში განლაგებული მოდელები საგულდაგულოდ ირჩევა და საბოლოოდ ერთი კონკრეტული გემოვნების მომხმარებლისათვის საინტერესო სივრცეს ქმნის. 

 

Fidel

თუ გასული საუკუნის კლასიკური სტილი მოგწონთ, მაშინ ხოშტარიას ქუჩის 34 ნომერში მდებარე  ვინტაჟური ტანსაცმლის მაღაზიას უნდა ესტუმროთ, რადგან აქ უამრავ უნიკალურ მოდელს აღმოაჩენთ. მაღაზიის  სივრცეში შეხვდებით იმ სამოსს, რომელიც გასული საუკუნის საკულტო ეპოქების სტილს ქმნიდა. Fidel აერთიანებს სამოსს ავთენტური ბრენდების კოლექციიდან, მაღალი ხარისხის ქსოვილის ფერად კაბებს, პერანგებს , ულამაზეს კომპნოებს, ორიგინალურ აქსესუარებს და ასე შემდეგ. მოდელების დათვალიერება შესაძლებელია, როგორც ფიზიკურ მაღაზიაში, ასევე Fidel-ის  და ისნტაგრამისა და ფეისბუქის საშუალებით.


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.