fbpx

ყველაზე დასამახსოვრებელი მომენტები თანამედროვე მუსიკის ისტორიაში – 80-90-იანი წლები


გააზიარე სტატია

ავტორი: ნინკა მამულაშვილი

 

რთული წარმოსადგენია, რომ MTV ერთ დროს ამერიკული მუსიკის ეპიცენტრი იყო, რადგან დღეს ის, უმეტესწილად, დაბალი ხარისხის რეალითი შოუებთან არის ასოცირებული. როდესაც MTV 1981 წელს პირველად გამოჩნდა სატელევიზიო სივრცეში, არხმა მუსიკალურ ვიდეორგოლებზე ძირითადი აქცენტით, რადიკალურად შეცვალა მუსიკალური ინდუსტრია. 

ამ კონცეფციით MTV მალე 80-იანი და 90-იანი წლების ახალგაზრდული კულტურის განუყოფელ ნაწილად იქცა. 

შესაძლოა Moonwalk-ი მაიკლ ჯექსონის შექმნილი მოძრაობა არ არის, მაგრამ თამამად შეიძლება ითქვას, რომ სწორედ მან მოახდინა მისი პოპულარიზაცია. Moonwalk-ი პოპკულტურაში 1930-იან წლებში გაჩნდა, მაგალითად, ჯეიმს ბრაუნი The Blues Brothers-ში, თუმცა ის მხოლოდ ერთი ადამიანის სახელთან არის ასოცირებული: მაიკლ ჯექსონთან. მან სამყარო შეძრა, როდესაც Moonwalk პირველად Motown 25: Yesterday, Today, and Forever-ზე წარადგინა 1983 წელს

თანამედროვე სამყაროში ეს ნამდვილი ინტერნეტსენსაცია იქნებოდა, თუმცა  80-იანი წლებისთვის ჯექსონმა საზოგადოებაში არანაკლები აღტაცება გამოიწვია. 

პრინცის უნიკალურმა იმიჯმა მისი არტისტად ჩამოყალიბება განაპირობა. მომღერლის სტილი და რევოლუციური მუსიკა თამამი და გამომწვევი იყო. პრინცის გენდერ-ნეიტრალურმა პერსონამ სექსუალური იდენტობის, სტილის და მუსიკის საზღვრები კიდევ უფრო გააფართოვა. თუ კი Ziggy Stardust დეივიდ ბოუის პერსონა იყო, პრინცის თავად პრინცი იყო. ფილმი Purple Rain არტისტის კარიერაში გარდამტეხი წერტილი აღმოჩნდა, რომლის საუნდტრეკმაც არა მარტო გრემი, არამედ ოსკარი დაიმსახურა. 

მადონას 1984 წლის VMA პერფორმანსი, მომღერლის არაორდინარული  სტილიდან გამომდინარე, დღეს ნაკლებ აღშფოთებას იწვევს, თუმცა მაშინ ეს სულ სხვა ამბავი იყო. გიგანტური ტორტიდან ჩამოსული, საქორწილო კაბაში გამოწყობილი მადონა თავისი  ცნობილი ჰიტის, Like a Virgin-ის იმპროვიზებული და საკმაოდ პროვოკაციული ვერსიით წარდგა სცენაზე. 

მომავალი პოპის დედოფალი ჯერ კიდევ არ იყო მსოფლიოში სახელგანთქმული და შოუ მაშინდელმა კონსერვატორმა აუდიტორიამ გაცილებით სკანდალურად აღიქვა.  მიუხედავად ამისა, აღნიშნულმა პერფორმანსმა მომღერალს დიდი პოპულარობა მოუტანა და ხელი შეუწყო  არტისტ ქალებს მუსიკაში სექსზე ღიად ესაუბრათ. 

1985 წლის 13 ივლისს როკ-ენ-როლის სამყაროს უდიდესი ჯგუფები Live Aid-ისთვის გაერთიანდნენ, რომელიც ეთიოპიელი მოსახლეობის ფინანსურ დახმარებას ისახავდა მიზნად. იმ დღეს, როდესაც სცენაზე Led Zeppelin, The Who, Black Sabbath, Crosby, Stills, Nash and Young და U2 წარდგნენ, ნამდვილი სანახაობა Queen-მა მოაწყო. 

21-წუთიან სეტში მათ ისეთი ცნობილი ჰიტები შეასრულეს, როგორიც არის Bohemian Rhapsody, Radio Ga Ga, Hammer to Fall, Crazy Little Thing Called Love და ბოლოს We Will Rock You და We are the Champions. ეს წარმოუდგენელი პერფორმანსი გამოვიდა, რომელსაც 72,000 ადამიანი ესწრებოდა. აღსანიშნავია, რომ ეს ფრედი მერკურის ბოლო მასშტაბური გამოსვლა იყო.  

Pink Floyd-ის ინოვაციური ალბომის, The Wall თანაშემქმნელმა როჯერ უოტერსმა ინტერვიუში განაცხადა, რომ 1985 წელს ჯგუფის დატოვების შემდეგ სცენაზე აღნიშნული ალბომიდან სიმღერების შესრულებას თავს არიდებდა, თუმცა გარკვეულ გარემოებებში გამონაკლისს დაუშვებდა, მაგალითად, ბერლინის კედლის დანგრევა. 

ამრიგად, კედლის დანგრევიდან 8 თვის შემდეგ უოტერსი ბერლინის ყოფილ No Man’s Land-ში წარდგა სცენაზე. მას ისეთი შთამბეჭდავი შემსრულებლები შეუერთდნენ, როგორებიც არიან – შინეიდ ო’კონორი, ჯონი მიჩელი და ვან მორისონი. კონცერტი ალბომის სახითაც გამოვიდა და დღეს ის ერთ-ერთ საუკეთესო ლაივალბომად ითვლება. 

ჯგუფ Queen-ის ვოკალისტი ფრედი მერკური ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფიგურაა მუსიკის ისტორიაში. 1991 წელს, მისი გარდაცვალების შემდეგ, უემბლის სტადიონზე გამართული კონცერტი როკის ისტორიაში გამორჩეული სანახაობა იყო, რომელსაც 72,000 მაყურებელი ესწრებოდა და ისეთ ცნობილ და გავლენიან შემსრულებლებს და ჯგუფებს მოუყარა თავი, როგორებიც არიან: Metallica, Guns N’ Roses, დეივიდ ბოუი, ელტონ ჯონი და სხვ. კონცერტი მერკურის ხსოვნასთან ერთად, საქველმოქმედო მიზანსაც ემსახურებოდა, მისი შემოსავალი აივ ინფექციასთან ბრძოლის ფონდში გადაირიცხა. ]

MTV-მ დიდი გავლენა მოახდინა მუსიკალურ ინდუსტრიაზე. ყველაზე დასამახსოვრებელი პერფორმანსი არხის ისტორიაში 1993 წელს ჯგუფ Nirvana-ს MTV Unplugged-ზე გამოსვლა იყო, რომელიც იმავე წლის ნოემბერში ჩაიწერა და ერთი თვის შემდეგ გავიდა ეთერში. 

ეს კურტ კობეინის ბოლო სატელევიზიო პერფორმანსი იყო მის გარდაცვალებამდე. იგი 1994 წლის აპრილში გარდაიცვალა. მომღერლის სიკვდილის შემდეგ აღნიშნულმა პერფორმანსმა სიმბოლური მნიშვნელობაც შეიძინა, რომელშიც მელანქოლიური სიმღერების არჩევანი კობეინის მაშინდელ ღრმა დეპრესიას გამოხატავდა.


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.