fbpx

ფეხბურთი: იტალია და სხვები


გააზიარე სტატია

 

ავტორი: აჩიკო ბენაშვილი

 

ევრო 2020 ეშხში შედის და ამ კვირაში უკვე ყველა მერვედფინალისტის ვინაობა გახდება ცნობილი.

სამხრეთ ამერიკის ჩემპიონატზე კი თამაშები უფრო დიდი შესვენებებით მიმდინარეობს. თანაც, უკვე  გამოკვეთილია ტურნირის მასპინძლის – B ჯგუფის ლიდერის, ბრაზილიის ნაკრების აშკარა უპირატესობა სხვა გუნდებთან შედარებით.

„კოპა ამერიკის“ ცხრა გზის გამარჯვებულმა, პირველ ტურში ვენესუელას ანგარიშით 3:0 დამარცხების შემდეგ, გასულ კვირას, ალექს სანდროს, ნეიმარის, რიბეიროს და რიჩარლისონის გოლებით, უკვე პერუს ნაკრები გაანადგურა.

ძნელი სათქმელია, შეიძლება მოწინააღმდეგეები წინასწარ შეგუებულნი არიან თავიანთ ხვედრს ტურნირის აშკარა ფავორიტთან შეხვედრაში და საუკეთესოთა ოთხეულში მოსახვედრად ძალებს დანარჩენ მეტოქეებთან სათამაშოდ იზოგავენ. თუმცა, ეს არამც და არამც არ აკნინებს ბრაზილიელთა სათამაშო კლასს მიმდინარე ტურნირზე.

B ჯგუფთან შედარებით, სადაც მხოლოდ ლიდერის უპირატესობაა გამოხატული, A ჯგუფში საუკეთესოთა ოთხეული შედარებით გამოკვეთილია. მაგრამ პირველი ადგილისთვის ბრძოლა აქ გაცილებით დაძაბული იქნება.

A ჯგუფში მეორე ტურიდან ასპარეზობაში ურუგვაის ნაკრები ჩაერთო და არგენტინას დაუპირისპირდა, რომელიც პირველ ტურში ჩილესთან მესის მიერ საჯარიმო დარტყმით გატანილი შესანიშნავი გოლით დაწინაურდა, მაგრამ უპირატესობა ვერ შეინარჩუნა და 1:1-ს დასჯერდა.  

ურუგვაის ნაკრებს ეს ტურნირი ყველაზე მეტჯერ – 15-ჯერ (უკანასკნელად 2011 წელს) აქვს მოგებული. არგენტინელები კი მას ერთი ტიტულით ჩამორჩებიან და ბოლოს გამარჯვება ჯერ კიდევ გასულ საუკუნეში – 1993 წელს იზეიმეს. 

ამიტომ არგენტინელებისთვის და მათ შორის კარიერის ბოლოსკენ მესისთვის, უმნიშვნელოვანესი იქნება „კოპა ამერიკის“ 2021 წლის გათამაშების მოგება.

ურუგვაელებთან მატჩში საბრძოლო განწყობა არგენტინელებს მეტად ემჩნეოდათ. მესის გადაცემით როდრიგესის მიერ მატჩის მე-13 წუთზე გატანილი ერთადერთი გოლის შემდეგ, მეტოქემ სათანადო კონტრთამაშის აწყობა ვერ შეძლო, მატჩის ძირითადი ნაწილი უხეშობას და მოწინააღმდეგე ფეხბურთელებთან კამათს მოანდომა და სტადიონი მომავალ მატჩში ჩილეს ნაკრების წინააღმდეგ წარმატების იმედით დატოვა.

არგენტინელებს კი პირველი მოგება, სავარაუდოდ, დამაჯერებლობას შემატებს, რაც მათ მომავალ შეხვედრებში კეთილ სამსახურს გაუწევს.

სამხრეთ ამერიკელთა მოსაწყენი დაპირისპირებით და ევრო 2020-ის წინა დღით გოლების უკმარისობით უკმაყოფილო მაყურებელმა დიდი სიამოვნება მიიღო გერმანიის და პორტუგალიის ნაკრებების შეხვედრით, რომელიც მასპინძელთა გამარჯვებით, ანგარიშით 4:2 დასრულდა.

საკუთარი გუნდის მარცხის მიუხედავად, რონალდუმ კარიერაში ბოლო პერიოდის ერთ-ერთი საუკეთესო მატჩი ჩაატარა. 

მან მატჩის მე-15 წუთზე, როდესაც გერმანელები სასტიკ ზეწოლას ახორციელებდნენ მის გუნდზე და ორიოდე წუთით ადრე VAR-ის ჩარევის შედეგად გაუქმებული გოლის შემდეგ, მორიგ შეტევას ამზადებდნენ, საკუთარი საჯარიმო მოედნიდან გამოიტანა ბურთი და რამდენიმე წამში უკვე ხუთიოდე მეტრის მანძილიდან გერმანელთა კარი დალაშქრა.

გაკვირვებას იწვევს კრიშტიანუს გადაადგილების სიჩქარე მის მიერვე დაწყებული ელვისებრი კონტრშეტევის დროს საკუთარი საჯარიმო მოედნიდან მეტოქის კარის მისადგომებამდე.

რონალდუმ მეორე გოლის გატანაშიც მიიღო მონაწილეობა, როდესაც სასწაულებრივ შეძლო მოედნის პირითი ხაზიდან ლამის გადასული ბურთის შემობრუნება და დიოგუ ჟოტას მისამართით გადაცემა. ამ უკანასკნელმა კი მატჩის საბოლოო შედეგი – 4:2  დააფიქსირა. 

რონალდუს ორი გაბრწყინების გარდა, პორტუგალიელთა მხრიდან აღსანიშნავია მატჩის მიწურულს რენატო სანჩესის შესანიშნავი შორეული დარტყმა, რომელიც გერმანელთა კარის ძელმა მოიგერია. ამ დარტყმას მასპინძლებმა გორეცკას ძელით უპასუხეს. 

შედეგი აბსოლუტურად ლოგიკურია, რადგან იოაჰიმ ლიოვის გუნდი მთელი მატჩის განმავლობაში აშკარა უპირატესობას ფლობდა და ოთხი გატანილი გოლის გარდა, კიდევ არაერთი მომენტი გაანიავა.

მაყურებელმა კი, როგორც იქნა, იხილა ამ ბოლო ხანს ასე იშვიათად გამოვლენილი გერმანული მებრძოლი ხასიათი და გაიხსენა 2014 წლის ფორმაციის ბუნდესნაკრები, რომელმაც იმ ჩემპიონატის მასპინძელი ბრაზილია ანგარიშით 7:1 დაამარცხა.

მართალია, დღევანდელ გერმანიის ნაკრებს დასამტკიცებელი აქვს იმ ნაკრებთან სიახლოვე, თუმცა, რომ არა რონალდუ, სავსებით შესაძლებელია, რომ ამჯერად ლიოვის გუნდს ევროპის მოქმედი ჩემპიონი – პორტუგალიაც მაშინდელი ბრაზილიის მსგავსად გაენადგურებინა.

გერმანელების მსგავსად, შესანიშნავად ჩაატარა მეორე მატჩი ჰოლანდიის ნაკრებმაც, რომელსაც შოტლანდიასთან ამხანაგურ მატჩში ჩავარდნის შემდეგ, როგორც ჩანს, აღმავლობა საქართველოს ნაკრებთან თამაშში დაიწყო.

უკრაინელებთან გამოჩენილი „თავქარიანობის“ შემდეგ კი ავსტრიის საკმაოდ ძლიერი ნაკრების წინააღმდეგ ევროპის 1988 წლის ჩემპიონმა მაყურებელს შესანიშნავი, სანახაობრივი, თუმცა  პრაგმატული ფეხბურთი უჩვენა, რამაც ფრანკ დე ბურის გუნდი უკვე ფავორიტების რანგში წარმოაჩინა მიმდინარე ტურნირზე. 

ჰოლანდიელთა მსგავსად, ფავორიტის სახელს ბელგიელებიც ამართლებენ, რომელთაც კოპენჰაგენში მაინცდამაინც დიდი ძალისხმევის გარეშე, მეორე ტაიმში შეძლეს დანიის ნაკრების წინააღმდეგ თამაშის შემოტრიალება და რუსების შემდეგ, უკვე მათი დამარცხება.

სამაგიეროდ, მოლოდინს ვერ ამართლებენ ესპანეთის, ინგლისის და ხორვატიის ნაკრებები. პირველი ორი ტურის შემდეგ თითოეული ამ გუნდის ანგარიშზე თითო გატანილი გოლი და რაც მთავარია ყოველგვარ ხალისს მოკლებული, მდარე სანახაობრივი ფეხბურთია.

ესპანელებმა შვედებთან ფრედ 0:0 დასრულებულ მატჩში, ალბათ ყველაზე მეტად საკუთარი თავი გააწვალეს დაუსრულებელი გადაცემებით, რითაც მაყურებელს მათთვის ავადსახსენებელი მატჩი მოაგონეს მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატზე რუსეთის ნაკრების წინააღმდეგ, როდესაც ბურთის გამუდმებული კონტროლის მიუხედავად, მომდევნო ეტაპზე მეტოქე გავიდა…

ინგლისელები კი მიუხედავად იმისა, რომ მერვედფინალურ მატჩს დიდი ალბათობით „უემბლის“ სტადიონზე უმასპინძლებენ, უნდა უფრთხოდნენ ნებისმიერ პოტენციურ მეტოქეს საფრანგეთის, გერმანიის თუ პორტუგალიის ნაკრების სახით, რადგან შოტლანდიელებთან ნაჩვენები თამაშის ხარისხის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, მათ უნდა გაუჭირდეთ მეოთხედფინალის საგზურის მოპოვება.

ევრო 2020-ის საუკეთესო გუნდი კი ჯერჯერობით იტალიის ნაკრებია. „სკუადრა აძურამ“ ჯგუფური ეტაპი სამი გამარჯვებით და გაშვებული გოლის გარეშე განვლო.

მეტიც, იტალიელთა კარის დარაჯი ჯანლუიჯი დონარუმა ერთადერთია, რომელსაც თამაშში ჩართვა აქამდე პრაქტიკულად არ დასჭირვებია.

გოლკიპერების კარგი თამაში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე ცალკე აღნიშვნის ღირსია, რადგან არაერთ დიდებულ „სეივზე“ რომ აღარაფერი ვთქვათ, მაყურებლებს მათი მხრიდან განსაკუთრებული შეცდომები ჯერჯერობით არც უხილავთ.  

ევროპის ლიგის ფინალის საოცარი თერთმეტმეტრიანების სერიის შემდეგ კი გაკვირვებას იწვევს ევრო 2020-ის პენალტების სტატისტიკა, რადგან აქამდე შესრულებული ცხრა დარტყმიდან მხოლოდ ოთხმა მიაღწია მიზანს.

გაფუჭებული 5 თერთმეტმეტრიანიდან სამი მეკარეებმა მოიგერიეს (ფინელმა ჰრადეცკიმ ხელში დაიჭირა), ერთი მიზანს ასცდა და ერთიც ძელმა აისხლიტა. 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.