fbpx

მაჩხაანის თეატრი – თვითორგანიზებისა და ქველმოქმედების უნიკალური მაგალითი


გააზიარე სტატია

ავტორი: თამარ ჭინჭარაული

 

სოფელ მაჩხაანის თვითორგანიზების უნიკალური მაგალითი და ათწლიანი ქველმოქმედების შემდეგ აშენებული თეატრი

ქვემო მაჩხაანი პატარა სოფელია სიღნაღის მუნიციპალიტეტში, რომელიც მე-19 საუკუნეში ქიზიყის კულტურულ-ეკონომიკურ ცენტრს წარმოადგენდა. მანამ, სანამ სოფლის მოსახლეობის ინიციატივით და თვითორგანიზებით აშენებულ თეატრზე მოგიყვებით, აუცილებლად უნდა ვისაუბროთ იმ საოცარ საქმეებზე, რასაც სოფლის მოსახლეობა 150 წლის წინ აკეთებდა საკუთარი ძალებით.

მკვლევარ თამარ სიხარულიძის პუბლიკაციაში ვკითხულობთ, რომ სოფლის მცხოვრებლები თვითორგანიზებით თავად განსაზღვრავდნენ მათთვის პრიორიტეტულ მიმართულებებს და სხვადასხვა სახის ღონისძიებებით თავადვე მოიძიებდნენ ფულს სოფლის ეკონომიკური თუ კულტურულ-საგანმანათლებლო დაწესებულებების დასაარსებლად. გარდა მაჩხანელებისა, ამ პროცესში ქიზიყის მოსახლეობაც იყო ჩართული მიმდებარე სოფლებიდან.

ამ ღონისძიებების ორგანიზატორები ადგილობრივი ახალგაზრდები იყვნენ. ისინი თითქმის ყოველ თვე მართავდნენ საზოგადოებრივ-კულტურულ ღონისძებებს – სპექტაკლებს, კომედიებს და საცეკვაო წარმოდგენებს. წარმოდგენებიდან შემოსული თანხით კი საზოგადოებრივ დაწესებულებებს ხსნიდნენ. ასევე, მართავდნენ საქველმოქმედო ღონისძიებებს, რითაც ღარიბ ან ავადმყოფ სტუდენტებს და მოსწავლეებს ეხმარებოდნენ. სოფელი ქვეყნის მასშტაბით მნიშვნელოვან მოვლენებსაც უჭერდა მხარს – 1887 წლის 8 ივლისს ქვემო მაჩხაანის სკოლაში გაიმართა სპექტაკლი „ცოლი თუ გინდა, ეს არის“. წარმოდგენა მაჩხაანში მცხოვრები ქალების ორგანიზებით გაიმართა “წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების” დასახმარებლად. სპექტაკლიდან შემოსული თანხა – 9 მანეთი და 42 კაპიკი საზოგადოების ფონდში გადარიცხეს.

ადგილობრივთა თვითორგანიზებით და ინიციატივით სხვადასხვა წლებში სოფელში გაიხსნა სამკითხველო, საავადმყოფო, ქალთა სკოლა, საერო სკოლა, სადაც ძირითადად ორი მიმართულება – სახელოსნო და სამეურნეო განყოფილებები იყო. სავაჭრო სახელოსნოების სიმრავლის გამო, ქვემო მაჩხაანში ხელოსანთა, მევენახეთა, მეცხვარეთა ერთობლივი კრებები იმართებოდა, სადაც ერთიანი ძალებით აარსებდნენ მაღაზიებსა და საამქროებს არა მარტო სოფელში, არამედ სხვა ქალაქებშიც. 

სწორედ ადგილობრივთა ასეთი ჩართულობა და ინიციატივა გახდა იმის საფუძველი, რომ მეცხრამეტე საუკუნის ბოლოს, 1895 წელს, სოფელში დაარსდა ამიერკავკასიაში პირველი სავაჭრო-სახელოსნო დეპო, იმავე წელს დაარსდა ადგილობრივი ბანკიც.

მაჩხანელების ძალისხმევით 1899 წელს თეატრი გაიხსნა. მაშინდელი პრესის ინფორმაციით, სოფელში წარმოდგენები იმართებოდა,  შემოსული თანხა კი თეატრის მშენებლობას ხმარდებოდა. თეატრის გახსნას დაახლოებით ათწლიანი საქველმოქმედო ღონისძიებები უძღოდა წინ. 

გაზეთი “ივერია” თეატრის გახსნის შესახებ წერს: “1899 წლის ივლისს წარმოადგინეს ქვემო მაჩხაანის თეატრის ახალ შენობაში “ხანუმა“ ა. ცაგარელისა ადგილობრივ სცენის მოყვარეთა დახმარებით. წარმოდგენას ქიზიყის რჩეული საზოგადოება და დიდძალი ხალხი დაესწრო (ღარიბნი უფასოდ). წარმოდგენიდან შემოვიდა ოც თუმნამდის,რომელმაც უნდა გაისტუმროს თეატრისთვის ახლად აგებული შენობის ვალი.“

ამ თეატრში თავის პირველ სპექტაკლებს დგამდა სანდრო ახმეტელი. თეატრის შენობაში, სპექტაკლების გარდა, იმართებოდა ლექციები ადგილობრივი მოსახლეობისთვის – სოფლის მეურნეობაზე, მედიცინასა და ჰიგიენაზე.

მაჩხანელები თითქმის 150 წლის წინ ახერხებდნენ თვითორგანიზების მეშვეობით დაეარსებინათ საზოგადოებრივ-კულტრული თუ ეკონომიკური საქმიანობისთვის საჭირო დაწესებულებები. ყველა მცხოვრები თანაბრად იყო ჩართული სოფლის მართვაში და ერთიანი ძალით ახერხებდნენ  სოფლისთვის საჭირო სხვადასხვა ინიციატივის განხორციელებას.

ასეთი უნიკალური ისტორიის მქონე თეატრს დღეს ბევრი რამ სჭირდება  –  აღარ იდგმება სპექტაკლები, წვიმის დროს ჭერიდან წყალი ჩამოდის, არ აქვს ტექნიკური აღჭურვილობა და თეატრი, როგორც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი საჭიროებს რეაბილიტაციას. 

სოფლის ახალგაზრდობა წინაპრების ტრადიციებს ისევ აგრძელებს – შექმნილია ახალგაზრდების საინიციატივო ჯგუფი, რომელსაც წნორის “ცოდნის კაფეც” შეუერთდა და სხვადასხვა დროს ჩატარებული ღონისძიებებით შეძლეს შენობაში შუშების ჩასმა,   გაიყვანეს დენი, გააკეთეს გათბობა და სცენის საბაზისო განათება შეიძინეს. 

როგორც “ცოდნის კაფეს” ერთ-ერთი დამფუძნებელი ნანა ბაგალიშვილი გვიყვება, მაჩხაანის თეატრი მათთვის შთაგონება იყო, როდესაც “ცოდნის კაფეს” პროექტზე დაიწყეს მუშაობა და ახლა, როდესაც მისი აშენება მალე დაიწყება, თავიანთ ცოდნას და გამოცდილებას უკვე მაჩხანელ ახალგაზრდებს უზიარებენ. 

საინიციატივო ჯგუფმა კამპანია წამოიწყო ფეისბუქზე – ისინი საქართველოს თეატრებს სთავაზობენ ჩამოვიდნენ მაჩხაანში და უნიკალური თეატრალური ტრადიციების აღდგენაში დაეხმარონ.

 

 

მაჩხანელები მზად არიან ახალი ინიციატივების მიღებისთვისაც – თუ გაქვთ იდეა ან გინდათ, რომ მაჩხაანის თეატრის მეგობარი გახდეთ, რომელიც თეატრის რეაბილიტაციაში ან თეატრალური ცხოვრების დაბრუნებაში დაეხმარება სოფელს, შეგიძლიათ ეს ბმული შეავსოთ. 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.