fbpx

გირჩევთ წიგნებს – ნინო ღუღუნიშვილი


გააზიარე სტატია



ავტორი: ნინო ღუღუნიშვილი  

მწერალი, ბლოგერი, კინომცოდნე

From My Balcony to Yours (ესეების კრებული) (2020)

You Will Have a Black Labrador  (მოთხრობების კრებული) (2019)

Friday Evening, Eight O’Clock (2015) (რომანი)

From My Balcony to Yours (2020) –  2021 წლის მაისში ამაზონის ბესტსელერების ათეულში მოხვდა კატეგორიაში მოკლე მემუარები.

 

A Moveable Feast

ერნესტ ჰემინგუეის „განუყრელი დღესასწაული“  (A Moveable Feast)  ჩემთვის ალბათ ერთ-ერთი ის წიგნია, რომელიც არასოდეს მომბეზრდება და სულ მივუბრუნდები. თუმცა, არ ვიცი, ახლა, პანდემიის დროს,  რამდენად უნდა გირჩიოთ მისი წაკითხვა, უბრალოდ იმიტომ, რომ დარწმუნებული ვარ,  ძალიან მოგინდებათ მოგზაურობა.

თუ ეს არ განერვიულებთ, მაშინ განუყრელ დღესასწაულთან ერთად „საშიში ზაფხულიც“ წაიკითხეთ (The Dangerous Summer) და პარიზიდან პირდაპირ ესპანეთში აღმოჩნდებით ტორეადორების და კორიდის ერთდროულად სასტიკ და  საოცარ სამყაროში. ჰემინგუეის მოთხრობებზე უკეთესი კი მგონი, ცოტა რამ თუ დაწერილა. სიამოვნება რომ გაიხანგრძლივოთ, „განუყრელი დღესასწაულის“ წაკითხვის შემდეგ შეგიძლიათ, ვუდი ალენის ფილმი „შუაღამე პარიზში“ ნახოთ.  

სწორედ ისე, როგორც ჰემინგუეისთან პარიზია მთავარი პერსონაჟი, რუსი მწერლის, სერგეი დოვლატოვის ნაწარმოებებშიც გასული საუკუნის 70-იანი წლების  ლენინგრადი (დღევანდელი სანკტ-პეტერბურგი), უფრო მოგვიანებით კი ნიუ-იორკია მთავარი გმირი.

 

Чемодан

დოვლატოვი ერთ-ერთი პირველია, ვინც ამერიკაში ემიგრაციის შემდეგ დიდ წარმატებას მიაღწია. ახალგაზრდა გარდაიცვალა, მაგრამ ბევრი არაჩვეულებრივი ისტორიის მოყოლა მოასწრო. საკუთარ თავს ხშირად მთხრობელს უწოდებდა და არა მწერალს. გირჩევთ წაიკითხოთ მისი ჩემოდანი (Чемодан) და ნახავთ, როგორ შეიძლება გადაიქცეს ერთი ადამიანის პირადი ისტორია, თითქოს ყოფითი ჩვეულებრივი ამბავი – ხან სევდიანი, ხან ტრაგიკომიკური, ხან სენტიმენტალური – ნამდვილ  ლიტერატურად, და რომ ჯოჯოხეთიც კი, თუ დოვლატოვივით აღწერ, შეიძლება სასაცილოდ, აბსურდულად გამოიყურებოდეს. მისი პირადი წერილები და ჩანაწერები კი ცალკე პატარა შედევრებია. 

 

სამხრეთული სპილო

არჩილ ქიქოძის „სამხრეთული სპილო“…  სიუჟეტს არ მოგიყვებით. უბრალოდ ვიტყვი, რომ ასეთი თანაგანცდა წიგნის პერსონაჟებთან იშვიათად მქონია. მეტიც, ასე მეგონა, მე ვიყავი მთავარი გმირი, თითქოს ჩემზე დაიწერაო. მისი მოთხრობებიც ძალიან მიყვარს, გემრიელი, ძარღვიანი და ნამდვილია. აი ახლა, წერას რომ დავამთავრებ, “კახეთის მატარებელს“ ჩავუჯდები. 

 

La Promesse de L’Aube

შეიძლება უცნაურია, მაგრამ დიდი ხნის წინ წაკითხული წიგნების სიუჟეტები ცუდად მახსოვს, შთაბეჭდილება  მამახსოვრდება. თუმცა, რომენ გარის ავტობიოგრაფიული წიგნი „დაპირება განთიადისას“ (La Promesse de L’Aube)   გამონაკლისია. პირველად ჟურნალში წავიკითხე, მერე ის ჟურნალი სადღაც დაიკარგა….  

რომენ გარი – სამხედრო მფრინავი, დიპლომატი, თუ არ ვცდები, ერთადერთი ფრანგი მწერალია, რომელმაც გონკურის პრემია ორჯერ მიიღო (ერთხელ  ემილ აჟარის ფსევდონიმით). რაზეა ეს წიგნი? სიყვარულზე, ამ სიტყვის ყველაზე ფართო, ყოვლისმომცველი გაგებით. 

 

რაც მაგონდება და როგორც მაგონდება

ახლა დავფიქრდი, რომ ყველა ამ ავტორს ისეთი დახუნძლული ბიოგრაფია აქვს, ცალკე წიგნის სიუჟეტებია. თუ ჯერ კიდევ არ წაგიკითხავთ ლანა ღოღობერიძის „რაც მაგონდება და როგორც მაგონდება“, დიდხანს ნუ გადადებთ.   საინტერესო წასაკითხია – როგორ არის გადახლართული ამ ნიჭიერი, ძლიერი ქალბატონის ცხოვრებასთან მთელი ეპოქა, ჩვენი ისტორია.   

 

The Most of Nora Ephron

კიდევ ერთი არაჩვეულებრივი ქალი ნორა ეფრონი – ამერიკელი მწერალი, ჟურნალისტი, სცენარისტი, რეჟისორი. სამწუხაროდ, მისი წიგნები ჯერ ქართულად ნათარგმნი არ არის, მაგრამ დიდი იმედი მაქვს მალე ითარგმნება. ნორა ეფრონისათვის რაც  უნდა გეკითხა, ყველაფერი იცოდაო, ის ნიუიორკელი ქალის განსახიერებაო, ამბობს ერთ-ერთ ინტერვიუში მერილ სტრიპი. ნორა ეფრონის ერთ-ერთი მეუღლე ცნობილი ამერიკელი ჟურნალისტი კარლ ბერნსტაინი იყო, რომელმაც ბობ ვუდვორდთან ერთად უოტერგეითის სკანდალი გახეთქა. 

ეფრონს ხშირად მოიხსენიებენ როგორც სატირის გენიოსს, და თუ მის რომელიმე წიგნს გადააწყდებით, აუცილებლად წაიკითხეთ. თავის ცხოვრებაზე წერს, ოჯახზე, კარიერაზე, მშობლებზე, სამზარეულოზე, შვილებზე, მეგობრებზე, სიბერეზე და სიკვდილზე, ოღონდ ისე, რომ თითოეული წინადადება პატარა, დამოუკიდებელი ემოციური ისტორიაა. (The Most of Nora Ephron) – ამ წიგნში ყველა მისი ესეია თავმოყრილი. 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.