fbpx

არტ-წიგნი „როგორ მოვიპაროთ წიგნები“ – მაღაზიაში They Said Books


გააზიარე სტატია

ავტორი: ანანო გომართელი

„წიგნის ყველა გვერდი გადაფურცლე და სანამ ამას შვრები, მაღაზიაშივე მთლიანად წაიკითხე  წიგნი, წამოდი მაღაზიიდან, წიგნით შენს მეხსიერებაში“, – ეს ფრაზა თანამედროვე ამერიკელი არტისტის, დევიდ ჰორვიცის ტიპოგრაფიული არტ-წიგნის – „მოიპარე წიგნი, როცა მზე ამოდის ცის კაბადონზე“, იგივე „როგორ მოვიპაროთ წიგნების“ ქართული თარგმანიდან არის.

წიგნის ქართულად თარგმნაში მონაწილეობდა წიგნების მაღაზია – They Said Books. თარგმანი კი ეკუთვნის ირაკლი ყოლბაიას.

They Said Books – ერთი შეხედვით პატარა, საინტერესო დიზაინის და კონცეფციის მქონე წიგნების მაღაზია დიდი პროექტებით და, შეიძლება ითქვას, საქართველოს ბაზარზე უნიკალური წიგნებით იწონებს თავს.

  „ცოტა ხუმრობაც გამოგვივიდა, როდესაც წიგნების მაღაზიის სახელით დავიწყეთ ამ საკმაოდ საინტერესო პროექტზე მუშაობა – გვეთარგმნა ტიპოგრაფიული ბროშურა/წიგნი „როგორ მოვიპაროთ წიგნები“, – გვიყვება They Said Books-ის ერთ-ერთი დამფუძნებელი სალომე ბაქრაძე.

დევიდ ჰორვიცის ტიპოგრაფიული არტ-წიგნის ქართულ ენაზე თარგმნის იდეა ელენე აბაშიძის „საზიარო სივრცესთან“ და საერთაშორისო გამომცემლობის სახლ Edition Taube-თან ერთობლივი თანამშრომლობის შედეგად იქცა რეალობად. 

სალომე ბაქრაძე: „წიგნში არსებული იუმორით გაჯერებული მოწოდებები, არარეალისტურია, თუმცა ის  ყურადღებას იქცევს თავისი ზოგადი შინაარსით, რაც გაყიდვების არსს ინტელექტუალურ და ეთიკურ თავგადასავლად აქცევს.

ავტორის ერთ-ერთ რეალურ მოწოდებად შესაძლოა, ტრადიციული მედიისთვის ყურადღების დათმობა, ადგილობრივი გამოცემების თუ წიგნის მაღაზიების მეტი მხარდაჭერა, ან, უბრალოდ, მეტი წიგნის ყიდვა ჩაითვალოს“.  

„მთლიანი წიგნი ხელით გადაწერე მაღაზიაში“ („როგორ მოვიპაროთ წიგნები“) – სწორედ ეს ფრაზა განხორციელდა პროექტად, რომელიც აქამდე სხვადასხვა ენაზე უკვე იყო შექმნილი: წიგნის სრული, ქართული ვერსია დაიბეჭდა ერთ დიდ ფორმატზე – და ასე შეიქმნა წიგნი/პოსტერი, რა თქმა უნდა, ქართული ანბანით. ნამუშევარი They Said Books-მა, საერთაშორისო გამომცემლობა Edition Taube-თან ერთად შეზღუდული რაოდენობით, სპეციალურად Silk Screen პრინტერზე, შვეიცარიაში დაბეჭდა.

ქართული პოსტერი ექსკლუზიურად შეიძინა პარიზის ერთ-ერთმა საუკეთესო წიგნის მაღაზია Library Yvon Lambert-მა და ის უკვე იყიდება.  ტირაჟის ნაწილი საქართველოში ჩამოსვლისთანავე They Said Books-ში გაიყიდება.


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.