fbpx

შეაგროვე ემოციების ნაკრები შენს საყვარელ ქალაქში – „მეამა ქოლექთის“ საზაფხულო თავგადასავალი ბათუმსა და ქუთაისში დაიწყო!


გააზიარე სტატია

მეამა ქოლექთთან ერთად ეს ზაფხული ბათუმსა და ქუთაისში განსაკუთრებული ემოციებით აივსება.

ყავისა და ჩაის არომატულ კოქტეილებს თბილისისა და რუსთავის შემდეგ, „მეამა ქოლექთი” უკვე ბათუმსა და ქუთაისშიც შემოგვთავაზებს. ეს უნიკალური კოქტეილები მომხმარებლებისთვის საყვარელ ქუჩებში სეირნობასთან და დადებითი ემოციების შეგროვებასთან ასოცირდება. მეამა ქოლექთის ახალი საზაფხულო კამპანია კი მომხმარებელს სწორედ განსაკუთრებული ემოციების ნაკრების შეგროვებას ჰპირდება.

წარმოიდგინეთ, რომ არსებობს რუკა, რომელზეც შეგიძლიათ მონიშნოთ ის ადგილები, სადაც სიყვარული, სიხარული და მომატებული ენდორფინები გიგრძვნიათ. „Მეამა ქოლექთისთვის” შექმნილ უნიკალურ ვებ-პლატფორმაზე დადებითი ემოციები და ის ადგილები ჩანს, სადაც ადამიანებმა ძვირფასი მოგონებები დააგროვეს. უფრო მეტიც – თუ კარგად დააკვირდებით, ამ მოგონებების ფოტო და ვიდეო მასალასაც აღმოაჩენთ და მოგინდებათ, ბედნიერების უწყვეტ ფირს თქვენი შთაბეჭდილებების კადრებიც შემატოთ. მოკლედ რომ გითხრათ: მეამა ქოლექთმა“  ემოციების  პორტალი შექმნა, რომლის მთავარი მიზანი დადებითი  ემოციების შეგროვებაა. 

სწორედ პოზიტიური ემოციებია ის, რაც ახლა ყველაზე მეტად გვაკლია და გვჭირდება. ამიტომ, ამ სიახლით მაშინვე დავინტერესდით და გავიგეთ, რომ ყველაფერი ერთი მარტივი გადაწყვეტილებით დაიწყო: კომპანიაში სურდათ, რომ ქუთაისსა და ბათუმში „მეამა ქოლექთის” ყავისა და ჩაის არომატული კოქტეილების მეშვეობით ადამიანებისთვის დადებითი ემოციები მიენიჭებინათ. სწორედ ასე გაჩნდა იდეა, რომ შეეკრიბათ 10 უნიკალური ემოციის ნაკრები და ეს განცდები სხვადასხვა ლოკაციებისთვის მიესადაგებინათ. ასე შეიქმნა უნიკალური ციფრული პლატფორმა, რომლის მეშვეობითაც ადამიანები ემოციების ნაკრებს შეაგროვებდნენ და პარალელურად თავიანთ საყვარელ ქალაქებს თავიდან აღმოაჩენდნენ. შედეგმა ყველა მოლოდინს გადააჭარბა. აღმოჩნდა, რომ ხშირად, როცა ჩვენსავე ყოველდღიურობაში ვიძირებით, ძალიან მარტივი მშვენიერების აღქმაც კი გვავიწყდება. არადა, ეს მშვენიერება ჩვენ გარშემოა – ყოველი ფეხის ნაბიჯზე! „მეამაში“ უნდოდათ, ეს აღმოჩენა სხვებისთვისაც გაეზიარებინათ. ამიტომაც, ქუთაისსა და ბათუმში მონიშნეს ის 10 წერტილი, რომელიც 10 განსხვავებული ენერგეტიკისა და მუხტის მატარებელია და 10 განსხვავებული ემოცია მიუსადაგეს.

შედეგად, რუკაზე გაჩნდა ბედნიერი, ჰარმონიული, მხიარული, მშვიდი და შთამაგონებელი ადგილები; ადგილები, რომლებსაც ყველაზე მეტი სიხარული, სიყვარული, აღმოჩენა და თავდავიწყება ახსოვთ. დღეიდან ყველა, ვინც „მეამა ქოლექთში“ მივა და ახალ თუ უკვე კარგად ნაცნობ კოქტეილს დააგემოვნებს, ამ ლოკაციებს ჭიქაზე დატანილ QR-კოდის დასკანერებით იპოვის, შემდეგ კი სასურველ ემოციასთან მივა და თავის ბედნიერ მომენტებს ფოტოთი ატვირთავს. როგორც „მეამას“ მარკეტინგული პროექტების ხელმძღვანელმა, თამარ დემეტრაშვილმა გაგვიმხილა, მოცემული 10 ლოკაციის გარდა, შეგვიძლია, ჩვენი აღმოჩენილი ადგილებიც დავარეგისტრიროთ, საკუთარი გამოცდილება გავაზიაროთ და ემოციების შეგროვების საშუალება სხვებსაც მივცეთ: „როგორც კი QR-კოდით ვებგვერდზე გადახვალთ, ემოციების ნაკრებში აღმოჩნდებით. ათივე ემოციას თავისი ლოკაცია აქვს, სადაც ერთად გროვდება ის მოგონებები და ემოციები, რომლებსაც ჩვენი მომხმარებლები გვიზიარებენ. გაზიარების ფორმად სხვადასხვა უნიკალურ ლოკაციაზე გადაღებული ფოტოები შევარჩიეთ. თუ, მაგალითად, შთაგონებას ეძებთ, „მეამა ქოლექთის“ ჯადოსნურ რუკაზე მარტივად იპოვით იმ ადგილს, სადაც სხვებმა შთაგონების წყაროს უკვე მიაგნეს. ქუთაისშიც, ბათუმშიც და ჩვენს ონლაინ სივრცეშიც ერთი მთავარი მიზანი გვაქვს – შევაგროვოთ რაც შეიძლება ბევრი დადებითი ემოცია და ეს ნაკრები ყველა ადამიანს გავუზიაროთ.“

კამპანიისთვის შეიქმნა ორი ახალი ვიდეორგოლი, ცალკე ბათუმისთვის და ცალკე ქუთაისისთვის. ამ კლიპებში ვეცნობით ახალგაზრდა ადამიანებს, რომლებიც მშობლიურ ქალაქში განსაკუთრებულ ემოციებს აგროვებენ და მეამა ქოლექთის კოქტეილებთან ერთად დროს თავდავიწყებით ატარებენ. მეგობრები ქუთაისსა და ბათუმში სხვადასხვა ადგილს სტუმრობენ და აქ შეგროვებულ ძვირფას მომენტებს საგულდაგულოდ ინახავენ, ზოგჯერ ვიდეოებითა და ფოტოებით, ზოგჯერ კი სამახსოვრო ნივთების შენახვით. მეამა ქოლექთის კამპანიის მთავარი აზრიც ხომ ეს იყო – მისცენ ადამიანებს განსაკუთრებული ემოციების შეგროვებისა და შენახვის საშუალება, რომ ეს მომენტები სამუდამოდ აღბეჭდონ მეხსიერებაში.

გარდა ამისა, „მეამა ქოლექთმა“ ჩვენი მომავალი მოგონებებისთვის ორი ახალი სიმღერა შექმნა. რაც მთავარია, ორივე მათგანის ავტორები ქართველი მუსიკოსები – ნინი ნუცუბიძე, გიორგი გიგაშვილი და მარიამ ჯანჯღავა არიან. სწორედ ამ მუსიკით გაფორმდება ყველა ის ფერადი კადრი, მოგონება და ემოცია, რომელსაც ჩვენი ზაფხული გვაჩუქებს. აღარც მანქანით მოგზაურობისას მოგვიწევს დიდ ფლეილისტში სასურველი სიმღერის ძიება, რადგან ეს ორი კომპოზიცია გზასაც და დასვენებასაც საუკეთესო ფონს შეუქმნის.

„ბათუმისა და ქუთაისის სხვადასხვაობამ ორი განსხვავებული სტილისა და შინაარსის სიმღერა გვაჩუქა – ორივე თავისებურად საინტერესო და პოზიტიური. ჩვენს მომხმარებლებს შეუძლიათ, მოგონებები ამ მუსიკაზე ააწყონ, „მეამა ქოლექთის“ ემოციური სტიკერებიც გამოიყენონ და სამუდამოდ დაიმახსოვრონ ყველა მომენტი, რომელსაც ჩვენს გვერდზე ატვირთავენ. ახლა ყველაზე მეტად პოზიტივი გვაკლია და ჩვენი მიზანიც ზუსტად ის არის, რომ დადებითი ემოციები გავაცოცხლოთ…“ – გვითხრა მეამას მარკეტინგული პროექტების ხელმძღვანელმა.

თუ ჯერ კიდევ არ იცით, აქვე გეტყვი იმასაც, რომ ქუთაისსა და ბათუმში „მეამა ქოლექთის“ კოქტეილები უკვე გელიან. ბათუმში მალე “მეამა ქოლექთის ”კიდევ ორი ახალი ლოკაცია და “მეამას” ბრენდული სივრცე იხსნება. კარგად ნაცნობ და საყვარელ გემოებს კი სამი კოქტეილი ემატება: მწვანე ჩაის ცივი ლიმონათი, რომელსაც საუცხოო არომატი და ბაზილიკის ფოთოლი აფორმებს; ფრაპე კარამელით, რომელიც ტკბილეულის მოყვარულებს ერთი ყლუპით უყვარდებათ; და ანანასისა და ქოქოსის ცივი მელოუ, რომელიც ყავის სპეციალურად შექმნილი კაფსულით მზადდება და ყველასაგან განსხვავებულ, ეგზოტიკურ გემოს ქმნის.

მოკლედ, „მეამა ქოლექთში“ ზაფხულის თავგადასავალი უკვე დაწყებულია და მისი გაზიარება შეუძლია ყველას, ვინც გულს გახსნის და ირგვლივ მიმოფანტულ დადებით ემოციებს შეიგრძნობს, შეაგროვებს და დაიმახსოვრებს. სადაც არ უნდა წახვიდეთ, ბედნიერი ადგილის პოვნა ყველგან შეგიძლიათ. ამიტომ, დროა, ეს ადგილები კადრზე აღბეჭდოთ, „მეამა ქოლექთის“ მუსიკით გააფორმოთ და ბედნიერების პორტალით სხვებსაც გაუზიაროთ…

 

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.