Brandpitt – ტექსტილზე ბეჭდვა იაპონური სუბლიმაციური ტექნოლოგიით
„ვაკეთებ საქმეს, რომელიც მიყვარს და მსიამოვნებს; ვქმნი სამოსს, რომელიც მომწონს და ვატარებ, ვაწყობ სახლს ჩემივე იდეებით შექმნილი ნივთებით“, – ასე აღწერს კომპანია BrandPitt-ის ერთ-ერთი დამფუძნებელი ლიკა წულაძე თავის საქმიანობას.
ლიკა წულაძე და მარინა (ტუტუ) ბალავაძე პროფესიით გრაფიკული დიზაინერები არიან. ლიკამ ნიუ-იორკში Parsons School of Design (არტის და დიზაინის მიმართულებით საუკეთესო ხუთეულში შესული უნივერსიტეტი) დაამთავრა. მუშაობა გააგრძელა ჟურნალებში Elle, Paper და მოდის სახლ Ralph Lauren-ში.
ტუტუმ თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია დაამთავრა და ისიც გრაფიკული დიზაინის განხრით მუშაობს.
ლიკა: „2019 წლის დეკემბერში გადავწყვიტეთ საქმიანობის დაწყება. თავდაპირველად ცოტათი განსხვავებული მიმართულება გვქონდა ჩაფიქრებული, თუმცა, პანდემიიდან გამომდინარე, იდეა დროებით თაროზე შემოვდეთ, ისევე, როგორც შევაჩერეთ დაწყებული საქმე 2020 წლის სექტემბრამდე. დაახლოებით 9 თვეა, რაც კომპანია “ბრენდპიტი” ფუნქციონირებს და ამ დროის მანძილზე უკვე საკმაოდ საინტერესო პროექტებზე ვიმუშავეთ“.
ლოგო, ბრენდინგი, დიზაინი და რაც მთავარია თითქმის ნებისმიერი სახეობის ტექსტილზე ბეჭდვა იაპონური სუბლიმაციური ტექნოლოგიით – ეს იმ სერვისების მცირე ჩამონათვალია, რასაც “ბრენდპიტი” თავის მომხმარებელს სთავაზობს.
უნიკალური ფარდები, მაგიდაზე გადაფარებული ლამაზფიგურებიანი სუფრა, ქართველი და უცხოელი მხატვრების ნამუშევრებით შექმნილი სამოსი საკიდზე და ამ ინტერიერში ორგანულად ჩამჯდარი მთავარი მოქმედი პირი – სუბლიმაციური პრინტერი. ასეთია ბრენდპიტის სამუშაო სივრცე, რომელიც თან სახლი გეგონება, თან შოურუმი.
ლიკა: „რალფ ლორენში“ გრაფიკულ დიზაინერად მუშაობისას მჭიდროდ ვთანამშრომლობდი მხატვრებთან, რომლებიც ინტერიერის დიზაინის მიმართულებით მუშაობდნენ ტექსტილზე და ქმნიდნენ დიზაინს ბალიშებისა და რბილი ავეჯისთვის. ამ გამოცდილებიდან გამომდინარე, მქონდა სურვილი და იდეა, შემექმნა საქართველოში კომპანია, რომელიც გააკეთებდა იმას, რასაც ახლა ჩვენ ვაკეთებთ – ფერწერული ნამუშევრები გადაგვეტანა ნივთებზე, და შეგვექმნა ლამაზი, ხარისხიანი და უნიკალური ავეჯი, ტანისამოსი თუ სხვა რამ. მაგალითად, ჩემი ერთ-ერთი საყვარელი ქართველი მხატვრის, პიპო ჩაუშბას ნახატებით შევქმენი ჩემთვის ტანსაცმელი, რომელიც ძალიან ლამაზი გამოვიდა და სიამოვნებით ვატარებ. ფერები იმდენად კარგად და ხარისხიანად ჯდება ქსოვილში, რომ რამდენჯერაც უნდა გარეცხო, ახალივით არის. შესაძლოა მხატვრის მიერ შექმნილი ნამუშევარი გადაიქცეს საყოფაცხოვრებო ნივთად, რაც უკვე ახალ სიცოცხლეს სძენს მას“.
ტუტუ: „ლიკამ ტექსტილის მიმართულებით დიდი გამოცდილება მიიღო. ქსოვილს ხელს როგორც კი მოკიდებს, იცის, იქიდან რა გამოვა. ქსოვილზე ბეჭდვა იმითაა განსაკუთრებული, რომ ახალ ნივთს ქმნი. როდესაც დამკვეთი მოდის ჩვენთან და არ აქვს შერჩეული კონკრეტული დიზაინი, ჩვენ ვთავაზობთ. ასევე, არტისტებთანაც გვქონია ისეთი კოლაბორაცია, როდესაც მათ მიერ შექმნილ ნამუშევრებში ჩვენი შტრიხები შეგვიტანია. მაგალითად, დათო ევგენიძის მიერ შექმნილი ილუსტრაციები ისე გადავიტანეთ შარფებზე, რომ ორიგინალი ვერსიისგან ოდნავ განსხვავებული დიზაინით განლაგდა ქსოვილზე. ცხადია, მასთან შეთანხმებით, რაც არტისტისთვისაც მისაღები აღმოჩნდა“.
დამკვეთებისთვის შესრულებული პროექტებიდან გამოყოფენ: „როუზ ბადისთვის“ დაპრინტულ ტექსტილს; ფოტოხელოვან ზინკა ბარნოვის ფოტოებით შექმნილ ჩანთებსა და ბალიშებს; რუსუდან დანელიას (ფეხსაცმელების დიზაინერი) მიერ შექმნილ ფეხსაცმელებს, რომელიც “ბრენდპიტის” მიერ დაპრინტული ტექსტილით შეიკერა და მაღაზია „ატრიოში“ იყიდება; შვედეთის საელჩოს მიერ ორგანიზებული ღონისძიებისთვის შეკერილ სუფრებს და დროშებს, რომელიც სტარტაპერებისთვის გაკეთდა და „გასტრო ბოქსისთვის“ შეკერილ წინსაფრებს…
ტუტუ: „ჩვენთვის თითოეული დამკვეთი მნიშვნელოვანია. არ აქვს მნიშვნელობა ერთ ნივთზე დაპრინტვა სურს, ერთი კონკრეტული ნივთის დიზაინის შექმნა თუ დიდი ტირაჟით გვიკვეთავს რაიმეს… ინდივიდუალურად ვუდგებით ყველას, ვინც ჩვენთან მოდის. მამაჩემს ჰქონდა სტამბა, რომელიც ძირითადად მცირე შეკვეთებზე მუშაობდა, თუმცა იმდენად მჭიდრო ურთიერთობები ჰქონდაზე იყო ორიენტირებული დამკვეთებთან, რომ ეს იყო მისი წარმატების ფორმულა; ჩვენთანაც უფრო „სახლური“ სიტუაციაა და თითოეული კლიენტი ერთნაირად ფასეულია. ხარისხიც ამიტომ გვაქვს მაღალი და ვთვლით, რომ ეს მთავარია.
კომპანიის მიზანია, რომ თითოეული ნივთი, რომელიც ჩვენთან მზადდება, იყოს ე.წ. custom made, მივცეთ ხალხს იდეა და შესაძლებლობა – თუ აწყობენ სახლს, მოაწყონ ისეთი ნივთებით, რომელიც მხოლოდ მათ ექნებათ და რაც მთავარია იქნება ხარისხიანი. საქმე, რომელშიც ხელოვნება ერთვება, უკვე სხვა დატვირთვას იძენს.
ინტერიერის დიზაინის მიმართულებით დავიწყეთ თანამშრომლობა „დიზაინ ბიუროსთან“ და სულ მალე ვგეგმავთ ბათუმში ე.წ. კონცეპტ სთორის გახსნას, სადაც გაიყიდება ჩვენ მიერ შექმნილი ხალათები, ზღვის ჩანთები, სუფრები, მაისურები და ა.შ. მცირე გამოცდილება ამ მიმართულებით უკვე გვაქვს – ჩვენი შეკერილი ბალიშები და მუთაქები იყიდება მაღაზიაში F-lovers“.
საქართველოს ბაზარზე არსებულ კომპანიებთან კონკურენციაზე ამბობენ, რომ „ყველას თავის კლიენტი ჰყავს“.
ლიკა: „როგორც ყველა რესტორანს ჰყავს თავის კლიენტი, ასეა ჩვენთანაც; თუმცა, ის დანადგარი, რომელიც ჩვენ გვაქვს, ბევრი არ არის საქართველოში. სტამბების უმეტესობა ძირითადად სხვადასხვა სარეკლამო მასალის ბეჭდვაზე მუშაობს, ჩვენ კი კონკრეტულად ერთი და ოდნავ განსხვავებული მიმართულება გვაქვს.
შეკვეთების რაოდენობის მხრივ, ვფიქრობ, პანდემიამ ოდნავ შეგვიშალა ხელი. ასევე მასალების მხრივ, რადგან ვერ ჩამოვიტანეთ, რაც გვინდოდა. პანდემიამდე ვაპირებდით გამოფენაზე წასვლას მადრიდში, რომელიც ვერ გაიმართა, თუმცა ქართულ ბაზარზეც აღმოვაჩინეთ საკმაოდ ხარისხიანი ქსოვილები. მომხმარებელს ვთავაზობთ სხვადასხვა ქსოვილის არჩევანს და ისინი თავად ირჩევენ“.
სამომავლო გეგმები “ბრენდპიტს” ბევრი აქვს – ინტერიერის მიმართულება, სამოსის წარმოება, არტისტებთან და დიზაინერებთან კოლაბორაცია და სხვა… „ზღვა შესაძლებლობებია, – როგორც ლიკა აღნიშნავს, – ჩვენ არა მხოლოდ მომხმარებელს, არამედ დიზაინერებს და არტისტებს ვაძლევთ შესაძლებლობას თავიანთ იდეებს ხორცი შეასხან“.