fbpx

Close Encounters და მუსიკა დროის მიღმა


გააზიარე სტატია

ავტორი: რეზი ხუნწელია

 

წარმოიდგინეთ, რომ კრეტის ცნობილ ლაბირინთში მოხვდით, სადაც თქვენი მეგზური თავად ხუროთმოძღვარი დედალოსია. არც შიში გიპყრობთ და არც გაურკვევლობა, რადგან იცით, რომ მის გვერდით არ დაიკარგებით. თუმცა, შუა მოგზაურობის დროს ამჩნევთ, რომ თქვენი მეგზური თავისივე აგებულ ლაბირინთში ახალ სივრცეებს პოულობს, რომელიც თითქოს განგებ დაივიწყა, რათა საინტერესო სიახლეების ხელახლა აღმოჩენით გამოწვეული ბედნიერება კვლავ განიცადოს. ასეთ დროს როგორ მოიქცეოდით? ალბათ ოდნავ მაინც დაფრთხებოდით. 

ამ ყველაფერს მითოლოგიურ პათოსს თუ მოაშორებთ, ადვილად მიხვდებით, რას ვგრძნობდი პიანისტ თამრიკო კორძაიასთან საუბრის პროცესში. მაშინ, როდესაც ინტერვიუს მთავარი მიზანი ერთი შეხედვით ფესტივალ Close Encounters-ის ახალი პროგრამა უნდა ყოფილიყო, უცებ აღმოვაჩინე, რომ ჩვენ ვსაუბრობდით უბრალოდ მუსიკაზე, მის ფორმასა და ფუნქციაზე. 

“ჩემთვის აქტუალური მუსიკა არ გულისხმობს რომელიმე კონკრეტულ ჟღერადობას ან ჟანრს. ეს შეიძლება იყოს ყველანაირი მუსიკა, რომელიც დროის გარეშე ფუნქციონირებს. მუსიკა, რომელიც არ არის განსაზღვრული დროით და არ ექვემდებარება სისტემას”. – თამრიკო აღნიშნავს, რომ მუსიკის წარმოსახვითი საზღვრები ის პოტენციური საფრთხეა, რომელმაც შესაძლოა უმნიშვნელოვანესი კულტურული დიალოგები გაართულოს. ამის სანაცვლოდ კი ის მხარს უჭერს იდეას, რომელიც მუსიკის აქტუალურობას არ უკავშირებს თავად მუსიკის შექმნის მეთოდს ან ტექნიკას. “მთელი ჩემი ცხოვრება ვცდილობ, რომ მუსიკაში არსებული ბარიერები მოვხსნა. სულ მინდა იმ ხაზების დაკავშირება, რომელიც მუსიკის შექმნის ძველ და ახალ ტრადიციებს აერთიანებს, რადგან მჯერა, რომ წარსულის მუსიკას შეუძლია ახლისკენ მიგითითოს, ან პირიქით, თანამედროვე მუსიკას შეუძლია წარსულისკენ მიგაბრუნოს”. 

Close Encounters-ის მთავარი დანიშნულებაც ამაში გამოიხატება – ერთმანეთთან დააკავშიროს ისეთი შემოქმედებითი ხაზები, რომელთა ერთობა ქმნის რაღაც ახალს და საინტერესოს. ღონისძიებათა სერია, რომლის მთავარი მიზანი საქართველოს და შვეიცარიის მუსიკალურ სამყაროებს შორის ნაყოფიერი დიალოგის პროცესის პროვოცირება იყო, 27 ივნისს თბილისში ფიზიკური ღონისძიებების ფორმით ბრუნდება. 

მიუხედავად იმისა, რომ Close Encounters უკვე 15 წელზე მეტია არსებობს, მისი სტატიკურ ფორმაში დანახვა ძალიან რთულია, რადგან ფესტივალის საკვანძო იდეა მუდმივ ტრანსფორმაციას განიცდის. მის იდენტობაში ვერ შეხვდებით ისეთ ფორმას ან შინაარსს, რომელიც ცვლილებას არ ექვემდებარება. “როგორც კომპოზიტორებს სჭირდებათ იდეა ახალი ნაწარმოების შესაქმნელად, ზუსტად ასეთივეა ფესტივალისთვის მზადების პროცესი”. – თამრიკო კორძაია აღნიშნავს, რომ ყოველი ფესტივალის დასრულების შემდეგ თითქოს სიცარიელე ჩნდება, რომელიც ახალი იდეებით უნდა გამოიკვებოს. პირველი ასეთი იდეა პიანისტს შვეიცარიაში წასვლის შემდეგ გაუჩნდა. 

“საქართველო 90-იანი წლების ბოლოს დავტოვე, რადგან როგორც მუსიკოსს, მჭირდებოდა ახალი სივრცე, სადაც გადარჩენას შევძლებდი. შვეიცარიაში ყოფნისას იქაურ მუსიკალურ ცხოვრებაში ძალიან მარტივად ჩავერთე, მაგრამ მალევე აღმოვაჩინე, რომ პარალელურად საქართველოსთან მუსიკალურ კონტაქტს ვკარგავდი”. – მუსიკოსი აღიარებს, რომ Close Encounters-ის შექმნის უკან ოდნავ ეგოისტური იდეა იმალებოდა, მაგრამ ორი ქვეყნის კულტურული დიალოგი უფრო დიდი რეზულტატის მომტანი აღმოჩნდა, ვიდრე ამას თავად დამფუძნებლები ფიქრობდნენ. 

ფესტივალის პირველივე ნაბიჯი ძალიან გაბედული იყო. ავტორებმა გადაწყვიტეს, რომ საქართველოში ჩამოეტანათ ის მუსიკა, რომელიც ქართულ კულტურულ სივრცეებში იგნორირებული იყო. “უკან რომ ვიყურები, ვხვდები, რომ მაშინ ქართული პუბლიკის მზაობის დონე საერთოდ არ გავითვალისწინეთ. პირველმა ღონისძიებებმა გვაჩვენა, რომ მსმენელთან ინტერაქციისთვის უფრო მეტის გაკეთება იყო საჭირო” – როგორც ყველა გაბედულ იდეას, თავდაპირველად Close Encounters-საც მოუწია სარისკო გადაწყვეტილებების მიღება, თუმცა ფესტივალის უკომპრომისო მიდგომა ეჭვის ქვეშ არასდროს დამდგარა.

“მე არ ვარ ორგანიზატორი, მე ვარ მუსიკოსი და მე მაინტერესებს მუსიკასთან ურთიერთობა. ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ მუსიკოსებს სიგიჟეების ჩადენის საშუალება მიეცეთ”. – თამრიკო ყოველთვის ხაზს უსვამს, რომ ის პირველ რიგში მუსიკის და მუსიკოსების ინტერესებს ითვალისწინებს. ზუსტად ამიტომ, Close Encounters-ის სცენა ყველაზე წარმოუდგენელი მუსიკალური ექსპერიმენტისთვისაც მზად არის. წლევანდელი ფესტივალის სადებიუტო ღონისძიებაც მორიგი ექსპერიმენტი აღმოჩნდა. ეპიდვითარებიდან გამომდინარე, ორგანიზატორები იძულებული გახდნენ ფესტივალის პროგრამის შვეიცარიული ნაწილი, რომელიც გაზაფხულზე გაიმართა, ფიზიკურის ნაცვლად ციფრული სივრცისთვის მოერგოთ. 

„სიმართლე გითხრათ, ონლაინკონცერტების დიდი გულშემატკივარი არ ვარ. ასეთ დრო ბევრად უფრო მეტ ენერგიას გასცემ, ვიდრე ფიზიკური კონცერტის მსვლელობისას, სანაცვლოდ კი ყრუ კედელს ეჯახები. ზოგჯერ განცდა მაქვს, რომ წინ დიდი კედელია და უნდა გადალახო, ამას საოცარი მობილიზება სჭირდება. ვფიქრობ, რომ მსგავს ფორმატში ენერგიის ცირკულაცია სადღაც ქრება… მსმენელს და შემსრულებელს შორის არსებული ურთიერთობიდინამიკა პრინციპულად იცვლება…“ – გარკვეული თვალსაზრისით, ფესტივალის ახლებური ფორმატით ჩატარება მისი ორგანიზატორისთვის კომპრომისი იყო, მაგრამ ოპტიმალური ფორმის შერჩევა აქაც მოხერხდა.

თამუნა ქარუმიძის დამსახურებით, რიგითი ონლაინკონცერტი მხატვრულ-დოკუმენტურ ფილმად იქცა, სადაც იდეალურად არის გადმოცემული მუსიკოსების და შემსრულებლების ურთიერთობის დინამიკა და ის ენერგია, რომელიც მხოლოდ რეპეტიციებზე შეიძლება დააფიქსირო. ინოვაციური იყო არა მხოლოდ კონცერტის ფორმა, არამედ შინაარსიც ერთ მხარეს ქართველი ელექტრონული მუსიკის არტისტები, მეორე მხარეს კი გორის ქალთა გუნდი. ამ გაბედული იდეის ავტორი და კურატორი ალექსანდრე კორძაია, იგივე kordz აღმოჩნდა, რომელმაც ამ ორი მუსიკალური სამყაროს შეერთების პასუხისმგებლობა თავის თავზე აიღო. მის გარდა პროექტში მონაწილეობდნენ ანუშკა ჩხეიძე, გიორგი კობერიძე და ტეტე ნოისი. ეს არჩევანი და ელექტრონულ მუსიკაზე აქცენტი შემთხვევითი არ ყოფილა. “ხშირად გვესმოდა, რომ საქართველოში ელექტრონული მუსიკის ბუმია. ვიფიქრე, რომ  შესაძლოა ანდერგრაუნდ სივრცეში ისეთი ექსპერიმენტები ხდებოდეს და ისეთი მუსიკალური ღიაობა იყოს, რაც კლასიკური მუსიკის სივრცეში იშვიათია”. სწორედ ამ მუსიკოსების მიერ შექმნილი კომპოზიციები იქნება ადაპტირებული საგუნდო შესრულებისთვის და ფესტივალის ფარგლებში აუდიტორიას ერთ სხეულად მიეწოდება. 

„ჩვენ არ გვინდოდა, რომ მუსიკოსს უბრალოდ შემსრულებლისთვის გადაეგზავნა კომპოზიცია და შემდეგ ის ფესტივალზე დაეკრათ. ჩვენი სურვილი იყო მათ ერთად შეექმნათ რაღაც საინტერესო, რაღაც ისეთი, რაც არ იქნებოდა შემთხვევითი რეზულტატი.“ – ასეც მოხდა. 

საბედნიეროდ ფესტივალის პროგრამის დარჩენილი ნაწილი მთლიანად ფიზიკურ სივრცეში გადაინაცვლებს. 27 ივნისიდან 1 ივლისის ჩათვლით ჩატარდება 5 კონცერტი, აქედან 4 თბილისში – Lenø Records-ში, ვასო აბაშიძის სახელობის ახალ თეატრსა და კონსერვატორიის მცირე დარბაზში, ხოლო დასკვნითი კონცერტი გაიმართება გიორგი ერისთავის სახელობის გორის სახელმწიფო დრამატულ თეატრში.

27 ივნისს ფესტივალი ქართველი კომპოზიტორის, მიხეილ შუღლიაშვილის 80 წლისთავისადმი მიძღვნილი საიუბილეო საღამოთი გაიხსნება. წლების მანძილზე დაკარგული და ახლახან აღმოჩენილი მისი ნაწარმოების, “მულტიპლიკაციის” სტუდიური ჩანაწერი 2021 წელს შეიქმნა პიანისტ თამრიკო კორძაიას შესრულებით და სწორედ ეს პრემიერა ედება საფუძვლად ფესტივალის პირველ საღამოს, რომლის პროგრამაში ასევე მონაწილეობენ  კეტი ვან ეკი, ქრისტიან მიულერი და რეზო კიკნაძე. 

28 ივნისს Close Encounters-ის საღამოს ახალ თეატრში გახსნის შვეიცარიელ-ჰოლანდიელი საუნდ-არტისტი და კომპოზიტორი კეტი ვან ეკი. ფესტივალის სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ პიტერ კონრადინ ცუმთორის ორი ახალი ნაწარმოების პრემიერა მოისმინონ, რომელიც სპეციალურად ფესტივალის დაკვეთით შეიქმნა. კომპოზიციებს,  რომლებიც სოლო ფორტეპიანოსთვის არის შექმნილი, ქართველ-შვეიცარიელი პიანისტი თამრიკო კორძაია შეასრულებს. საღამოს ასევე ვხვდებით შვეიცარიელ ტრიოს, SÆITENWIND-ს. ისინი ლაივ-ელექტრონიკის ესთეტიკის გათვალისწინებით მსმენელს ახალგაზრდა შვეიცარიელი კომპოზიტორების ნაწარმოებებს გააცნობენ.

29 ივნისს კონცერტი გაიხსნება კრისტიან მიულერისა და ჟაკ დემიერის დუეტით, ორი გამორჩეული შვეიცარიელი იმპროვიზატორის სპეციალურად ფესტივალისთვის შექმნილი სეტით. საღამოს მეორე ნაწილს  დაიპყრობს გორის ცნობილი ქალთა გუნდი და  ოთხ ახალგაზრდა ქართველ მუსიკოსთან –  სანდრო ჩინჩალაძესთან (TeTe Noise), ანუშკა ჩხეიძესთან, გიორგი კობერიძესა და ალექსანდრე კორძაიასთან (kordz) კოლაბორაციის ფარგლებში წარმოგიდგენთ ოთხ ახალ კომპოზიციას, რომელიც შექმნილია როგორც ვოკალური ანსამბლისთვის, ასევე ელექტრონული და აკუსტიკური ინსტრუმენტებისთვის. პროექტი შეიქმნა ფესტივალის დაკვეთით.

30 ივნისს  გაეცნობით შვეიცარიელი პიანისტის და კომპოზიტორის, ჟაკ დემიერის თვითმყოფად და ფანტაზიით სავსე მუსიკას. ასევე, მოისმენთ, ნინო და თამარ ჟვანიას შესრულებით, ნატალია ბერიძის კომპოზიციას, Letters from Risi (წერილები რიზიდან).

აღნიშნული კომპოზიცია ფესტივალის დაკვეთით შეიქმნა, ხოლო არტისტის შთაგონების წყაროდ პატარა შვეიცარიულ სოფელ Risi-ში  2020 წლის ფესტივალის ფარგლებში სტუმრობა იქცა. 

1 ივლისს   გიორგი ერისთავის სახელობის გორის სახელმწიფო დრამატული თეატრის  სივრცეს კვლავ დაიპყრობს გორის ცნობილი ქალთა გუნდი ოთხ ახალგაზრდა ქართველ მუსიკოსთან, სანდრო ჩინჩალაძესთან (TeTe Noise), ანუშკა ჩხეიძესთან, გიორგი კობერიძესა და ალექსანდრე კორძაიასთან (kordz) ერთად.  კოლაბორაციის ფარგლებში წარმოგიდგენთ ოთხ ახალ კომპოზიციას, რომელიც შექმნილია როგორც ვოკალური ანსამბლისთვის, ასევე ელექტრონული და აკუსტიკური ინსტრუმენტებისთვის. პროექტი შეიქმნა ფესტივალის დაკვეთით.

გორის თეატრის სცენა უმასპინძლებს კრისტიან მიულერისა და ჟაკ დემიერის დუეტს. ორი გამორჩეული შვეიცარიელი იმპროვიზატორის  მიერ სპეციალურად ფესტივალისთვის შექმნილ დუო სეტის.

ფესტივალი  დასრულდება კეტი ვან ეკის ახალი კომპოზიციით, რომელიც შვეიცარიელ-ჰოლანდიელმა საუნდ-არტისტმა სპეციალურად Close Encounters 2021-ისთვის შექმნა და რომელსაც ფესტივალში მონაწილე ყველა მუსიკოსი შეასრულებს.

პ. ს. კითხვაზე, თუ რა აკლია ქართულ მუსიკალურ გარემოს ყველაზე მეტად, თამრიკო კორძაიამ გვიპასუხა, რომ საჭიროა მეტი ექსპერიმენტი, მეტი კამერული მუსიკა და მეტი ღიაობა. ვფიქრობ, Close Encounters ამ სიტყვების ფაქტობრივი დადასტურებაა – ეს არის პლატფორმა აქტუალური მუსიკისთვის მუსიკისთვის, რომელიც დროის გარეშე ფუნქციონირებს.


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.