“მონანიება” კანის კინოფესტივალზე 34 წლის შემდეგ ბრუნდება
სულ ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ თენგიზ აბულაძის ფილმი “მონანიება” კანის საერთაშორისო კინოფესტივალზე წარმოდგენილი იქნება სექციაში “კანის კლასიკა”.
“მონანიების” მსოფლიო პრემიერა სწორედ კანში გაიმართა 1987 წელს და კინოფესტივალის 3 ჯილდოც მოიპოვა – მთავარი ჟიურის სპეციალური პრიზი, კათოლიკური ეკლესიის ჟიურის პრიზი ჰუმანიზმისათვის და კინოპრესის საერთაშორისო ფედერაციის პრემია ფიპრესი.
სექცია “კანის კლასიკა” 2004 წლიდან არსებობს.
ამ სექციაში თავს იყრის კინოფესტივალის პროგრამაში ადრე ნაჩვენები ფილმები, რომლებსაც მაყურებელს ამჯერად ციფრულ ფორმატში რესტავრირებულს სთავაზობენ.
აღსანიშნავია, რომ 2019 წელს კანის კინოფესტივალის ამავე სექციაში უჩვენეს ელდარ შენგელაიას ფილმი “თეთრი ქარავანი”.
თენგიზ აბულაძის ფილმის კანის კინოფესტივალზე დაბრუნება არ არის ერთადერთი ამბავი, რითაც ქართველმა კინომოყვარულებმა შეგვიძლია გავიხაროთ. სექციაში “განსაკუთრებული ხედვა” წარდგენილი ფილმების ჩამონათვალში რეჟისორ ალექსეი გერმან უმცროსის ახალი კინოსურათი House Arrest მოხვდა, რომელშიც მთავარ როლს ქართველი მსახიობი მერაბ ნინიძე თამაშობს.
რაც შეეხება სხვადასხვა კინოფესტივალებსა და ქართულ ფილმებს, განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია ლევან კოღუაშვილის ახალი კინოსურათი “მეოთხე ბრაიტონი”, რომელმაც ტრაიბეკას კინოფესტივალზე სამი მთავარი ჯილდო დაიმსახურა.
“მეოთხე ბრაიტონი” გვიყვება ისტორიას ქართველი მოჭიდავის – კახის შესახებ, რომელიც ბრუკლინში ჩადის, რათა შვილს აზარტული თამაშების ვალის გადახდაში დაეხმაროს.
ფილმში კახის როლს ლეგენდარული ქართველი მოჭიდავე, მსოფლიო ჩემპიონატის ხუთგზის და ოლიმპიური თამაშების ორგზის ჩემპიონი – ლევან თედიაშვილი ასრულებს. ერთ-ერთ მთავარ როლშია ასევე ლეგენდარული ქართველი მსახიობი კახი კავსაძე. სამწუხაროდ, ლევან კოღუაშვილის კინოსურათი მისთვის ბოლო ფილმი აღმოჩნდა.
ფესტივალებზე მოგზაურობას განაგრძობს რეჟისორ ალექსანდრე კობერიძის ფილმიც “რას ვხედავთ, როდესაც ცას ვუყურებთ?”.
18 ივნისს ფილმის ჩვენება გაიმართა ბაზელში, კინოფესტივალ BILDRAUSCH-ის საერთაშორისო კონკურსზე. 25 ივნისს კი “რას ვხედავთ, როდესაც ცას ვუყურებთ?” გადაინაცვლებს იტალიაში ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფესტივალზე.
ალექსანდრე კობერიძის ფილმის მსოფლიო პრემიერა ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალის მთავარ კონკურსზე გაიმართა, სადაც მას ფიპრესის ჯილდო გადაეცა.
ქართული კინოს მოყვარულებს განსაკუთრებულ სიურპრიზს გვიმზადებს ქართველი რეჟისორი და სცენარისტი ქეთი მაჭავარიანიც, რომელიც ალეკო ქვირიასთან ერთად ახალ პროექტზე მუშაობს.
“მემკვიდრეობის მცველნი“ – ასე ჰქვია დოკუმენტური ფილმის პროექტს, რომელმაც გასულ დეკემბერს უკვე გაიმარჯვა ეზოდოკის შემოკლებულ ვორქშოპში.
“ეს პროექტი შევიტანე ეზოდოკის ვოქშოპზეც, სადაც უკვე გვქონდა 3-კვირიანი ონლაინტრენინგი. მივდივარ ლიტვაშიც. ამასობაში, იმედი მაქვს, რომ ფილმის გადაღებასაც დავიწყებთ“, – ამბობს ქეთი მაჭავარიანი AT.ge-სთან საუბრისას.