fbpx

თანამედროვე კინომეტყველების ფორმები- დრამატურგია, ნაწილი-2


გააზიარე სტატია

ავტორი: ვახო ჯაჯანიძე

 

თანამედროვე კინოდრამატურგიაზე საუბრისას აუცილებლად უნდა განვსაზღვროთ რა მასალისგან იქმნება კინო და რა კრიტერიუმები განაპირობებს ამ მასალის სიცოცხლისუნარიანობას 21-ე საუკუნეში.

როგორც წესი, კინოხელოვნება ყველაზე კომპლექსურად აირეკლავს, ამა თუ იმ საზოგადოების კულტურულ, სოციალურ-ეკონომიკურ, პოლიტიკურ თუ   ფსიქოემოციურ მდგომარეობას. ეს მდგომარეობა ეკრანზე, პირველ რიგში პერსონაჟების ქცევის ნორმებში, ერთგვარ პატერნებში ვლინდება.

პატერნები რეალურ ცხოვრებაში ათწლეულების, ზოგჯერ საუკუნეების განმავლობაში მეორდება და თავისდაუნებურად ილექება  კოლექტიურ ცნობიერებაში. მიუხედავად ამისა, ხელოვნებაში ისინი დროდადრო მაინც განიცდიან გაუფასურებას, ერთგვარ ინფლაციას. 

მე-20 საუკუნის კინემატოგრაფში თითქმის ვერ გავიხსენებთ პერსონაჟებს, რომელთა ქცევის ნორმები და მათი ქმედების მოტივაცია მიზეზშედეგობრივი, ლოგიკური ჯაჭვით არ კავშირდება. განურჩევლად იმისა, ეს ქმედებები მორალურად მისაღებია თუ არა იმ პერიოდის საზოგადოებისთვის. 

 

კადრები სტენლი კუბრიკის ფილმიდან „მექანიკური ფორთოხალი“

თუ ამ ფენომენს განვიხილავთ ფსიქოანალიზის პერსპექტივიდან, სურათი კიდევ უფრო კომპლექსური და თვალსაჩინო ხდება. 

ფროიდისა და მისი შთამომავლების თეორიებით ინსპირირებულმა კინოხელოვანებმა, ერთი მხრივ, ბიძგი მისცეს ადამიანის ქვეცნობიერსა და  კოლექტიურ ტრავმებს გამოეჟონათ ეკრანზე, მეორე მხრივ კი პერსონაჟების თითქოსდა ნორმიდან ამოვარდნილი, შფოთის მომგვრელი პატერნები მალევე მოექცა ანალიზის რაციონალურ ჩარჩოში.

 

კადრები სტენლი კუბრიკის ფილმიდან „მექანიკური ფორთოხალი“

შედეგად, აღნიშნულმა ჩარჩოებმა ბუნებრივად იმოქმედა მასობრივ მაყურებელზე, გააჩინა პერსონაჟებისა და მათი პატერნების მიმართ გარკვეული მზა განწყობა და მოლოდინები. მე-20 საუკუნის მიწურულს კი ცხადად გამოხატულ ქცევის ნორმებსა და ნაცნობ სიუჟეტებს საბოლოოდ გამოაცალა სასიცოცხლო ენერგია. 

 

კადრები სტენლი კუბრიკის ფილმიდან „მექანიკური ფორთოხალი“

ახალი თაობის კინემატოგრაფისტებმა კვლავ მიმართეს ძიებისა და ექსპერიმენტების ხანგრძლივ პროცესს. 

მათ უარი თქვეს ფილმებში მიზეზშედეგობრივი ქცევის ნორმების გამოყენებაზე, ძირშივე დაიწყეს კონვენციური ნარატივისა რღვევა და მზერა თანამედროვე ადამიანის ფსიქოემოციურ პერიფერიებზე, ახალი, ეკრანისთვის ჯერ კიდევ უცნობი პატერნებისკენ მიმართეს. 

სწორედ ამ პროცესში გამოიძერწა ახალი კინონარატივის  ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვანი თავისებურება, რომელსაც მკვლევრები „ფსიქიკურ სხეულს“ უწოდებენ.

 

კადრები ფილიპ გრანრიეს ფილმიდან „პირქუში“

 “ფსიქიკური სხეული” – ეს არის უმართავი ენერგია გამოხატული ადამიანის განწყობასა და მდგომარეობაში – მზერაში, ქმედებაში, ჟესტში. რაც უფრო ბნელია ეს ენერგია და არაკონვენციური პერსონაჟის ქცევის ნორმა, მით უფრო მძაფრია სამაყურებლო ინტერესი და ეკრანული მაგნეტიზმი.

 

კადრები ფილიპ გრანრიეს ფილმიდან “Despite The Night”

წინა  საუკუნის ავტორებისგან განსხვავებით, ახალი თაობის კინემატოგრაფისტებმა თავიანთი პერსონაჟები დაცალეს ფსიქოლოგიზმისა და ფონური, სოციალურ-კულტურული ფაქტორებისგან. უარი თქვეს ფილმებში ეროვნული ელემენტებისა და ფოლკლორის დესკრიფციაზე. სამაგიეროდ, ესთეტიკურ-ფილოსოფიური კავშირი პოვეს უნივერსალურ არქეტიპებთან და დაიწყეს მათი გაშიშვლება, ახლებური ძერწვა, ერთგვარი თანამედროვე კინოინტერპრეტაცია.

გონიერი მაყურებლისთვის მალევე გახდა თვალნათელი, რომ  ახალი კინოენის არსი არა სიუჟეტის ორიგინალურობასა და ამბის თხრობაშია, არამედ გაშიშვლებულ არქეტიპებთან უჩვეულო სიახლოვესა და მათში არეკლილი „ფსიქიკური სხეულის“ შეგრძნებაში.

  

კადრები კლერ დენის ფილმიდან „ყოველდღიური უსიამოვნებები“

ზემოთ აღნიშნული ფენომენი, სხვა კინემატოგრაფისტების ნამუშევრებთან ერთად, განსაკუთრებული სიმძაფრით ახალი ფრანგული კინოს (New French Extremity) წარმომადგელების –  ფილიპ გრანრიეს, კლერ დენის, გასპარ ნოეს, ბრუნო დიუმონის, კატრინ ბრეიას, ბერტნარდ ბონელოს, ლეო კარაქსის და ა.შ. ფილმებში აირეკლა. 

New French Extremity  უხვადაა დატვირთული კინოდროის უწყვეტ რეჟიმში ადამიანის ცხოველური ინსტინქტებისა   და გაუცნობიერებელი ქმედებების პროექციით. ასევე, ფიზიკური და სექსუალური ძალადობის ამსახველი სცენებითა და ერთგვარი ფსიქოდელიური მისტერიით.  

ახალი ფრანგული კინოს წარმომადგენლებმა თავიანთი კინოენის საწყისები კლასიკური, ფსიქოლოგიურ დრამის, ეროტიკული თრილერისა და ჰორორის ჟანრის ფილმებში პოვეს. განსხვავებით წინამორბედებისგან,  New French Extremity  თვითმიზანი ჟანრში მუშაობა არასოდეს ყოფილა. მათ ცალკეული ელემენტები გამოიყენეს როგორც მასალა და საშუალება „ფსიქიკური სხეულის“ გამოვლენა-შეგრძნებისთვის.

 

კადრები გასპარ ნოეს ფილმიდან – „შეუქცევადი“

ნიშანდობლივია, რომ ახალი თაობის კინემატოგრაფისტებმა  დამოკიდებულება არა მხოლოდ პერსონაჟების, ნარატივისა და დრამატურგიის მიმართ შეცვალეს, არამედ განსხვავებული პერსპექტივიდან შეხედეს ადამიანის ფიზიკური სხეულსა და მის  შესაძლებლობებს. 

უნდა აღინიშნოს რომ მათი ხედვის პერსპექტივაში მნიშვნელოვანი გარდატეხა კინოს მკვლევარმა ჟილ დელიოზმა და მისმა თეორიამ შეიტანა. დელიოზი თავის ნაშრომებში ბევრს საუბრობდა სხეულის დეესთეტიზაციის აუცილებლობაზე და ამბობდა, რომ თანამედროვე ადამიანის შეგრძნებების საიდუმლო ჩამალულია ფიზიკურ სხეულში. 

შესაბამისად, კინოს ახლებური განვითარებისთვის აუცილებელია ფიზიკური სხეულის ესთეტიკური კლიშეებიდან ახალი, ეკრანისთვის ჯერ კიდევ „უცნობი სხეულის“ გამოთავისუფლება. 

 

კადრები ფილიპ გრანრიეს ფილმიდან „თეთრი ეპილეფსია“ 

დელიოზის თეორიამ და „ფსიქიკური სხეულის“ ფენომენმა New French Extremity-ის  გარდა, განვითარება სხვა, თანამედროვედ მოაზროვნე რეჟისორების ფილმებშიც პოვა. კინემატოგრაფში, რომლის ყურებისას  გრძნობ, რომ  არსებული რეალობიდან, ნელ-ნელა უჩვეულოდ შემზარავ განზომილებაში გადადიხარ. სამყაროში, სადაც თანამედროვე ადამიანის ხრწნის პოეზია ახალი სიცოცხლის საწინდარია.

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.