fbpx

სმარტფონების წინააღმდეგ, ანუ როგორ მივაღწიოთ თავისუფლებას შეზღუდვებით


გააზიარე სტატია

ავტორი: სოფია ცინცაძე

ბოლო დროს ხშირად წარმოვიდგენ, როგორ ვაგდებ კლდიდან, რომელიც უზარმაზარ ოკეანეს გადაჰყურებს, სათითაოდ და აუჩქარებლად ჩემს ყველა გაჯეტს. ამ სანახაობას მხოლოდ ჩემი რამდენიმე მეგობარი ესწრება, შიგადაშიგ ოკეანიდან მონაბერი ნოტიო ჰაერის ნაკადი გველამუნება სახეზე  და ყველაფერი ძალიან ჰარმონიულია – აღარასდროს მომიწევს დავაჭირო ღილაკს – „remind me to update this software tomorrow” და დილით ჯერ კიდევ ძილბურანში მყოფი აღარ ავსქროლავ ინსტაგრამის უსასრულო, არაფრისმომცემ ფიდს.

რა თქმა უნდა, ამ ფანტაზიის ასრულებას  რიგი მიზეზების გამო არ ვაპირებ, მაგრამ ნამდვილად  მინდა ნაკლებად ვუყურო მობილურის ეკრანს. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან დიდ პატივს ვცემ   ყველა სოციალური მედიის ექაუნთის წაშლის და ტყეში გადაბარგების სურვილს, ვფიქრობ, უკიდურესობების გამოვლიანება,  ანუ „სრული იზოლაცია“ ან „სრული ჩართულობა“, გამოსავალი არ არის. ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში საკმაოდ ბევრი ექსპერიმენტი ჩავატარე და კიდევ უფრო მეტი ბრძოლა გამოვიარე საკუთარ თავთან, რათა ეკრანს მიჯაჭვული აღარ ვყოფილიყავი. იმ იმედით, რომ ჩემი გამოცდილება შეიძლება ვინმესთვის გამოსადეგი იყოს, ან უბრალოდ ახალი რამის  მცდელობისკენ ვუბიძგო, წარმოგიდგენთ გზამკვლევს, რომელიც შესაძლოა მობილურის დროისმჭამელი გავლენის შემცირებაში დაგეხმაროთ. 

თავისუფლება შეზღუდვებით მიიღწევა

პრობლემა ის კი არ არის, რომ არ შევხედოთ მობილურის ეკრანს, მაშინ როცა ამაზე გვეფიქრება, უფრო მეტად მთავარი გამოწვევა „ავტოპილოტად“ ქცეული ჩვევების წინააღმდეგ წასვლაა – როდესაც მობილურის შემოწმების ტენდენცია ავტომატურ, გაუაზრებელ ქმედებაშია გადასული. მაშინაც,  როცა მობილური ხელში არ გვიჭირავს, ყურადღების გაფანტვის შესაძლებლობასაც კი შეუძლია წარმოქმნას დისტრაქცია. ჩვენ სხვადასხვა აქტივობებისთვის სხვადასხვა გარემოში მივდივართ (ამიტომაც არის ბიბლიოთეკები ასეთი ჩუმი), ხოლო ინტერნეტთან დაკავშირებულ მოწყობილობას, რომელიც მუდამ ჩვენს ჯიბეშია, გავლენა აქვს ნებისმიერ სიტუაციაზე და გამოცდილებაზე. 

მაგალითად, როდესაც მობილური მიჯდება და ნებისმიერ წამს არ შემიძლია შევამოწმო შეტყობინებები, საშინელი აბსტინენციის შეგრძნება მიჩნდება. თუმცა, შემდეგ უფრო მეტად შევიგრძნობ სიცოცხლეს და სამყაროც უფრო ნათელი მეჩვენება. 

დაახლოებით ორი წლის წინ გადავწყვიტე, გამეუქმებინა ჩემი ყველა სოციალური მედიის ექაუნთი, ვიყიდე ცხრაღილაკიანი ნოკიას ტელეფონი და მეგობრებს ამაყად შევუთვალე, თუ დავჭირდებოდი, მეილის მეშვეობით დამკავშირებოდნენ. ეს ექსპერიმენტი რეალურად საკმაოდ მოუხერხებელი იყო, მაგრამ იმ პერიოდში მქონდა იმის ფუფუნება, არ ვყოფილიყავი მუდამ ონლაინ და შანსს ხელიდან ვერ გავუშვებდი. თუმცა, ძალიან საამურად მახსენდება ყველა ის მოგონება, რომელშიც ბოლომდე ვიყავი ჩართული და არც მათი დოკუმენტირების, არც შეტყობინებებზე პასუხის აუცილებლად გაცემის შესაძლებლობა არ მქონდა. 

 

ამის შემდეგ აღმოვაჩინე გზები, რომლებიც ნაკლებად რადიკალური იყო. 

მე მომწონს ის ფუნქციები, რომლებსაც Google Maps მთავაზობს და ბევრს ვსწავლობ ინტერნეტის რესურსებით, მაგრამ ჩემს პროდუქტიულობაზე მუდმივად ყველა აპლიკაციასთან წვდომა ცუდად აისახება. მეტიც, ყოველთვის ხელმისაწვდომ მოწყობილობას, რომელიც ჯიბეშიც კი გვეტევა, საკმაოდ დიდი პოტენციალი აქვს კომპულსური ჩვევების წარმოსაქმნელად. მობილურების ხშირი მოხმარება მომგებიანია კომპანიებისთვის, რომლებიც ამა თუ იმ პროდუქტს გვთავაზობენ, მაგრამ არა ჩვენთვის. რა თქმა უნდა, ჩემი პასუხისმგებლობაა, გავაკონტროლო რამდენ დროს გავატარებ ვირტუალურად, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ არსებობს ათასობით ადამიანი ეკრანის მეორე მხარეს, რომელიც ზუსტად იმაზე მუშაობს,  მაქსიმალურად გაგვიმარტივოს ამ პასუხისმგებლობის მოხსნა.

ეკრანისგან თავის დაღწევა ახალი გამოცდილებების, აზრების და მოგონებების შეძენის წინაპირობაა. გთავაზობთ, რამდენიმე რჩევას, რომელიც იმედია, ვირტუალური სამყაროსგან თავის დაღწევაში დაგეხმარებათ. ასევე, არ დაგავიწყდეთ, რომ ყოველთვის შეგიძლიათ, პრობლემის ინდივიდუალური გადაჭრის მეთოდებიც მოიფიქროთ.  

 

ტაქტიკა 1: შეიძინეთ ნაკლებფუნქციური ტელეფონი

როგორც უკვე ვახსენე, ორი წლის წინ ნოკიას ცხრაღილაკიანი ტელეფონი ვიყიდე და დაახლოებით 3-4 თვის განმავლობაში ვიყენებდი. მასში ძალიან ბევრი რამ მომწონდა, მაგრამ ზედმეტად მოვწყდი სამყაროს და მიმდინარე მოვლენებს, მიუხედავად ამისა, ჩემი სმარტფონის დატოვება სახლში ძალიან კარგი შეგრძნება იყო და ბევრი ახალი გამოცდილების აღმოჩენის საშუალება მომცა. თუმცა, ასეთი ტელეფონის ყიდვა დიდწილად  დამოკიდებულია თქვენს გრაფიკსა და ცხოვრების რიტმზე. 

 

ტაქტიკა 2: Child Block  (მხოლოდ iPhone-თვის)

შეიძლება ითქვას, რომ ეს ყველაზე ოპტიმალური მეთოდია. IPhone-ის მშობელთა შეზღუდვების ფუნქციის გამოყენებით შეგიძლიათ დააყენოთ ტელეფონის ფუნქციები ისე, რომ ვერ შეძლოთ ახალი პროგრამების დაინსტალირება და Safari-ს გამოყენება. ზემოხსენებული შეზღუდვების ჩართვამდე მე ვიწერ მხოლოდ იმ პროგრამებს, რომლებზეც მუდმივად მსურს წვდომა  (ჩემთვის: Google Maps, Google Drive, Gmail, Bolt, Spotify და მობილური ბანკის აპლიკაციები).  შემდეგ ვთხოვ ჩემს რომელიმე მეგობარს დამიყენოს Child Block ტელეფონზე, რომლის პინიც არ მეცოდინება. მართალია, ხშირად Safari-ს უქონლობა ტელეფონზე მოუხერხებელია, მაგრამ იმის დასერჩვა –  „რამდენია  უილ სმიტის სიმაღლე“ სახლამდე აუცილებლად მოიცდის, ხოლო გადაუდებელ შემთხვევაში ნებისმიერ დროს შეგიძლიათ სთხოვოთ სხვა ადამიანს დახმარება. 

ასევე, როცა მომინდება ჩემი აპლიკაციის პარამეტრების შეცვლა, ყოველთვის შემიძლია ჩემს მეგობარს მივწერო და ვკითხო პინი

 

ტაქტიკა 3: Do Not Disturb

თუკი დაძინებამდე ტელეფონს არ აყენებთ Do Not Disturb-ის ან თვითმფრინავის რეჟიმში, შესაძლოა დიდად აზიანებდეთ საკუთარ თავს, რადგან საერთოდ არ ღირს შუა ღამეს Facebook-ის შეტყობინებამ გაგაღვიძოთ. ასევე, თუ ამის შესაძლებლობა გაქვთ, გირჩევთ Airplane mode-ზე დარჩეთ დილის რუტინის განმავლობაშიც და სოციალური მედიების შემოწმების ნაცვლად, გაიწელეთ, მიმართეთ მედიტაციას, წაიკითხეთ ან თუნდაც დაწერეთ თქვენი ფიქრები და გეგმები. ეს ერთი შეხედვით მარტივი ცვლილება საგრძნობლად შეცვლის თქვენს ყოველდღიურობას. 

 

ტაქტიკა 4: ყუთი, როგორც ფარადეის გალია

ფარადეის გალიის* სიმულაციისთვის, სახლის ფოლადის მემბრანაში ჩაუსმელად, შეგიძლიათ შემოსასვლელ კართან დადოთ ყუთი, რომელშიც შინ დაბრუნებისას ტელეფონს ჩადებთ ხოლმე, ეს გარკვეული იზოლაციის განცდას მოგანიჭებთ. წარმოიდგინეთ, რა კარგი იქნებოდა, არსებობდეს ისეთი სივრცეები, სადაც ტელეფონის დატოვება ფეხსაცმლის გახდის მსგავსი წეს-ჩვეულება იქნებოდა. 

*ფარადეის გალია (ან ფარადეის ფარი), რომელსაც მაიკლ ფარადეის სახელი ეწოდა, არის მოწყობილობა, რომელიც ფარის სახით გამოიყენება ელექტრომაგნიტური გამოსხივებისგან დასაცავად. 

 

ტაქტიკა 5: კემპინგი

ამაში, რა თქმა უნდა, ახალი არაფერი არ არის, თუმცა ზოგჯერ ყველაზე ნათელი გზებისკენ მითითებაც საჭიროა. თუ გაქვთ საშუალება  შიგადაშიგ გამოეთიშოთ ყოველდღიურობას თუნდაც ცოტა ხნით, ბუნებაში ყოფნა ყოველთვის სასიამოვნოა – ის თითქოს სოციუმია, თუმცა მრავალმხრივ უკეთესი. შეგიძლიათ დააყენოთ ავტომოპასუხე, თუ როდის დაბრუნდებით უკან, შემდეგ კი დატოვოთ ტელეფონი ჩანთაში (თუ რაიმე სახის გადაუდებელი შემთხვევა არ გაქვთ). 

 

ტაქტიკა 4,789,234: თანაგრძნობა 

როგორც ნებისმიერი თვითდახმარების პრაქტიკა, არსებობს რისკი, რომ ახალმა ჩვევებმა საკუთარი თავის ან სხვების განსჯის სურვილი წარმოშვას. 

ტელეფონის ხშირი გამოყენება ან არგამოყენება შეიძლება ორივე შემთხვევაში კარგი გადაწყვეტილება იყოს. თუ ტელეფონისადმი ტოქსიკური დამოკიდებულება გაქვთ, რომელიც თქვენს ყოველდღიურ ცხოვრებას უჩუმრად ჭამს, იმედი მაქვს, ეს რჩევები გამოგადგებათ. 

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.