ევრო 2020 მოქმედი ჩემპიონის გარეშე
ავტორი: აჩიკო ბენაშვილი
მიმდინარე ევროპის ჩემპიონატი ნამდვილად რომ ამართლებს გულშემატკივართა მოლოდინს, ეს ჯგუფურმა ეტაპმაც ცხადყო, რომელმაც ამჟამინდელი სანაკრებო ფეხბურთის რეალური მდგომარეობა წარმოაჩინა.
გავარდნილ გუნდთაგან ფეხბურთის მოყვარულთა განსაკუთრებული სიმპათია უნგრეთის ნაკრებმა დაიმსახურა იმ მებრძოლი ხასიათით, რომელიც მან საფრანგეთის და განსაკუთრებით გერმანიის ნაკრებების წინააღმდეგ მატჩებში გამოავლინა.
გერმანელებთან დაპირისპირება უნგრელებს ხომ მეტოქის მოედანზე მოუწიათ, სადაც მხოლოდ მატჩის 84-ე წუთზე დათმეს ტურნირის მერვედფინალის საგზური.
უნგრელთა საპირისპიროდ, მთელი მსოფლიოს მასშტაბით შერცხვა რუსეთის ნაკრები, რომელმაც ორი მატჩი დიდი ანგარიშით წააგო და ჯგუფში ბოლო ადგილი დაიკავა.
გულშემატკივრებს შეიძლება პოლონეთის ნაკრების გამოვარდნამ დასწყვიტა გული, რადგან რობერტ ლევანდოვსკის თამაშის ყურება ალბათ მერვედფინალშიც სასიამოვნო იქნებოდა.
მაგრამ, მეორე მხრივ, ალბათ „ერთი ფეხბურთელის“ გუნდისთვის სრულიად საკმარისი იყო მისი ლიდერის მიერ შვედებთან შესრულებული დუბლი. უფრო შორს კი პოლონეთის ნაკრები ვერ წავიდოდა.
საბოლოოდ, მერვედფინალის საგზურები სამართლიანად გადანაწილდა და თუნდაც ევრო 2016-სგან განსხვავებით, „შემთხვევითი“ გუნდები იქ არ მოხვედრილან. ჯგუფურმა ეტაპმა სანახაობრივი თვალსაზრისით არაერთი შესანიშნავი მატჩი დაგვიტოვა და სწორედ ამ მიზეზით ფეხბურთის მოყვარულები ნებისმიერ მერვედფინალურ დაპირისპირებას უდიდესი ინტერესით ელიან.
პირველი შეხვედრა უელსისა და დანიის ნაკრებებს შორის გაიმართა.
ფავორიტად ამ წყვილში დანიის ნაკრები მიიჩნეოდა, თუმცა უელსისგან განსხვავებით, რომელმაც გასულ ევროპის ჩემპიონატზე ნახევარფინალამდე მიაღწია, სადაც მომავალ ჩემპიონ პორტუგალიასთან დამარცხდა, ევრო 1992-ის ტრიუმფატორ დანიის ნაკრებს 2016 წლის ტურნირზე მონაწილეობა არ მიუღია.
უელსთან მატჩმა კი გულშემატკივარს სწორედ რომ ევრო 1992-ის პერიოდის დანიის ნაკრები გაახსენა, როდესაც ტურნირზე იუგოსლავიის დაშლის მიზეზით მოხვედრილმა გუნდმა თავის ისტორიაში უდიდესი გამარჯვება მოიპოვა.
ანგარიშით 4:0 უელსის ნაკრების განადგურებას განა ნებისმიერი უმაღლესი დონის ნაკრები არ ინატრებდა? შემთხვევით ჩემპიონის დონის თამაში ხომ არ უჩვენა კრისტიან ერიქსენის გარეშე დარჩენილმა გუნდმა გარეთ ბეილის და მის თანაგუნდელთა წინააღმდეგ შეხვედრაში?
უელსის ნაკრები მეტოქის ნახევარზე მხოლოდ მატჩის დებიუტში გამოჩნდა. დანიელებმა კი რუსებთან შეხვედრის მსგავსად, სათამაშო ინიციატივა შეუმჩნევლად იგდეს ხელთ და 27-ე წუთზე სამსვლიანი კომბინაცია დოლბერგმა აუღებელი დარტყმით დააგვირგვინა.
მეორე ტაიმი „ცალკარად“ იქცა, რომელშიც მოედანზე მხოლოდ ერთი გუნდი იმყოფებოდა.
საბოლოოდ დოლბერგმა დუბლი შეასრულა, მეტოქის რბევა მისმა თანაგუნდელებმა – მეჰლემ და ბრეითუეითმა დაასრულეს და აწი დანიის ნაკრები მეოთხედფინალში ჩეხეთთან დაპირისპირებას დაელოდება, რომელმაც ჩემპიონატიდან ჰოლანდიის ნაკრები გამოთიშა.
წყვილში ფავორიტად ჰოლანდიელები მიიჩნეოდნენ, თუმცა დაპირისპირებამ სრულიად განსხვავებული სურათი წარმოუდგინა ფეხბურთის მოყვარულებს.
ჰოლანდიის ნაკრები თავიდანვე ეცადა, რომ მეტოქეზე ზეწოლა მოეხდინა, მაგრამ ეს არ გამოუვიდა. საბოლოოდ, თამაში პოზიციურ ბრძოლაში გადაიზარდა, სადაც მეტი ნებისყოფის მქონე ჩეხეთის ნაკრებმა იმარჯვა.
გადამწყვეტი მნიშვნელობა იქონია ჰოლანდიელი დე ლიგტის გაძევებამ მოედნიდან. ჩეხებმა სწორედ ამ ეპიზოდის შემდეგ გაიტანეს ორივე ბურთი მეტოქის კარში და სრულიად დამსახურებულად მოიპოვეს მეოთხედფინალის საგზური, სადაც მათ დანიის ნაკრები დაუპირისპირდება.
მოულოდნელი სცენარით წარიმართა იტალიის და ავსტრიის ნაკრებების დაპირისპირება, სადაც „სკუადრა აძურა“ აშკარა ფავორიტად მიიჩნეოდა.
ავსტრიელები მეტოქეს არაფერში ჩამორჩნენ, მეორე ნახევარში კი უპირატესობა მოიპოვეს კიდეც და რამდენიმე მწვავე შეტევა განახორციელეს დონარუმას კარის მიმართულებით.
ერთ-ერთი ასეთი შეტევის დროს, მატჩის 65-ე წუთზე არნაუტოვიჩმა თავური დარტყმით გადაგზავნა ბურთი იქამდე გაშვებული გოლის გარეშე მყოფ იტალიელთა კარში, მაგრამ მანჩინის გუნდი VAR-ის ჩარევის შედეგად დადგენილმა თამაშგარე მდგომარეობამ გადაარჩინა.
სამივე ბურთი დამატებით დროში გავიდა. „სკუადრა აძურა“ შეცვლაზე შემოსული კიეზას გოლით დაწინაურდა. ავსტრია დაბნეულობამ მოიცვა, ფრთაშესხმულმა იტალიის ნაკრებმა კი ამასობაში აჩერბის და პესინას მიერ გათამაშებული კომბინაცია ამ უკანასკნელის მეორე გოლად აქცია.
ამგვარად, დამატებითი დროის მეორე ტაიმის დაწყების წინ იტალიას თითქოს უკვე განაღდებული ჰქონდა მეოთხედფინალის საგზური, მაგრამ ავსტრიელებმა მატჩის დასრულებამდე ექვსი წუთით ადრე პრესტიჟის გოლის გატანა მაინც მოახერხეს და მდგომარეობა ოდნავ დაძაბეს, მათთვის სამწუხაროდ, მეტის გაკეთება ვერ შეძლეს, თუმცა უელსის ნაკრებისგან განსხვავებით, ტურნირი ღირსეულად დატოვეს.
მერვედფინალების მეორე სათამაშო დღეს ტურნირი დატოვა მოქმედმა ჩემპიონმა პორტუგალიის ნაკრებმა, რომელმაც ესპანეთის ქალაქ სევილიაში შეხვედრის 42-ე წუთზე მეკარე რუი პატრისიოს მიერ დაშვებული შეცდომის გამო, ერთადერთი გოლი გაუშვა ბელგიის ნაკრებთან მატჩში, რომელიც მირთმეული საჩუქრის შემდეგ ანგარიშის შენარჩუნებაზე შეუდგა ზრუნვას.
ბუნებრივია, რომ მეორე ტაიმში პორტუგალიელები ბევრს უტევდნენ მეტოქის კარის მიმართულებით, მაგრამ ერთ-ერთი ასეთი შეტევის დროს ძელს გარტყმული ბურთის მიუხედავად, მათი ძალისხმევა საკმარისი არ აღმოჩნდა უაღრესად დახვეწილი გუნდის დაცვითი ხაზის წინააღმდეგობის დასაძლევად.
ამგვარად, გაირკვა, რომ პირველ ორ მეოთხედფინალურ მატჩში ერთმანეთს შესაბამისად ბელგიისა და იტალიის და ჩეხეთის და დანიის ნაკრებები დაუპირისპირდებიან.
ამ ოთხივე გუნდმა აქამდე უმაღლეს დონეზე იასპარეზა მიმდინარე ტურნირზე. განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსი კი ბელგიის ნაკრებია, რომელმაც ჯგუფში სამივე მატჩის მოგების შემდეგ, მერვედფინალში ძირითად დროში დაამარცხა ევროპის მოქმედი ჩემპიონი პორტუგალიის ნაკრები.
დარჩენილი მეოთხედფინალებიდან განსაკუთრებულ ინტერესს ინგლისის და გერმანიის ნაკრებების დაპირისპირება იწვევს.
ისტორიული მეტოქეების შეხვედრა ლონდონის „უემბლის“ სტადიონზე ჩატარდება. გერმანელთა მწვრთნელ იოაჰიმ ლიოვის აზრით, ეს ფაქტორი მის გუნდს უპირატესობას ანიჭებს, რადგან მასპინძლის სტატუსით მყოფ ინგლისელებს შეტევაში წასვლა მოუწევთ. გერმანელებს კი მათი კონტრიერიშებზე გამოჭერის შესაძლებლობა მიეცემათ.
ძნელი სათქმელია, როგორ დასრულდება ეს მატჩი. სტატისტიკა კი ამ დაპირისპირებაში გერმანელთა აშკარა უპირატესობაზე მეტყველებს, რადგან მათთვის „უემბლიზე“ ავადსახსენებელი 1966 წლის ფინალური მატჩის გარდა, მსოფლიოს თუ ევროპის ჩემპიონატების ფლეი-ოფებში მათ ოთხჯერ გადალახეს ინგლისელთა ბარიერი.
2010 წელს გერმანიის ნაკრებმა სკანდალურ მატჩში ანგარიშით 4:1 დაამარცხა ინგლისელები, 1970 წელს დამატებით დროში სძლია მას, ხოლო 1990 და 1996 (უემბლიზე) წლებში თერთმეტმეტრიანების სერიაში აჯობა მეტოქეს.
ამ სტატისტიკას ემატება 1982 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე ნათამაშები 0:0, რომელიც გერმანელებისთვის საკმარისი აღმოჩნდა ინგლისის ნაკრების ჯგუფში ჩასატოვებლად.





