fbpx

29 ივნისიდან თბილისის მე-13 საერთაშორისო სტუდენტური კინოფესტივალი გაიმართება


გააზიარე სტატია

ავტორი: ნინა გოჩიტაშვილი

2021 წლის 29 ივნისიდან 4 ივლისის ჩათვლით, საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით, თბილისში  მე-13 საერთაშორისო სტუდენტური კინოფესტივალი გაიმართება. ფესტივალის გახსნა 29 ივნისს კინოთეატრ „ამირანში“ გაიმართება, სადაც ნაჩვენები იქნება გამოჩენილი ქართველი რეჟისორის, ალექსანდრე რეხვიაშვილის ფილმი “ნუცა”. თბილისის სტუდენტური კინოფესტივალის საკონკურსო კინოპროგრამას მისი ოფიციალური პარტნიორი, კინოთეატრი „ამირანი“ უმასპინძლებს, სადაც დიდ ეკრანზე ვიხილავთ სტუდენტურ ფილმებს.

წელს კინოფესტივალის საკონკურსო პროგრამაში მონაწილეობს 11 ქვეყნის კინოსკოლის 32 ფილმი, რომელთა შორისაა ისრაელი, თურქეთი, პოლონეთი, საფრანგეთი, რუმინეთი, შვეიცარია, ბოსნია- ჰერცოგოვინა, ინდოეთი, უნგრეთი, არგენტინა და საქართველო.

გამარჯვებულები გამოვლინდებიან 5 ნომინაციაში: გრანპრი; საუკეთესო მხატვრული ფილმი; საუკეთესო დოკუმენტური ფილმი; საუკეთესო ანიმაციური ფილმი და საუკეთესო რეჟისურა.

კინოფესტივალის ფარგლებში, გარდა საკონკურსო კინოჩვენებებისა, დაგეგმილია რამდენიმე ინდუსტრიული ღონისძიება: გოეთეს ინსტიტუტის მხარდაჭერით სცენარის განვითარების ვორქშოფი გაიმართება 29 და 30 ივნისს, 11:00 საათზე, რომელსაც გაუძღვება ბადენ ვიურტემბერგის კინოაკადემიისა და ჰამბურგის მედიასკოლის (გერმანია) პედაგოგი კლაუდია მესემერი.

ეროვნული კინოცენტრის და გოეთეს ინსტიტუტის მხარდაჭერით „ფიჩინგ ფორუმი“ – პირველი სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმის პროექტის განვითარების კონკურსის ვორქშოფი და ფორუმი – ჩატარდება 1, 2 და 3 ივლისს საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის დიმიტრი ალექსიძის სახელობის სასწავლო თეატრში. 

ფორუმში მონაწილეობს  11 პროექტი, რომელთა ავტორები ჯერ ფიჩინგ ვორქშოფში მიიღებენ მონაწილეობას, შემდეგ კი საკუთარ პროექტებს სპეციალური ჟიურის წინაშე წარადგენენ.  თბილისის საერთაშორისო სტუდენტური კინოფესტივალის ფარგლებში ფიჩინგ ფორუმის პარტნიორი, კინოკომპანია „ჯაგა გრიპი“ კი გამარჯვებულ პროექტებს ე.წ. თიზერის მომზადების პროცესში გადასაღები ტექნიკით უზრუნველყოფს.

 

სპეციალურად ფიჩინგ ვორქშოპის ჩასატარებლად თბილისს გერმანიაში მოღვაწე, არაერთი საერთაშორისო კინოფესტივალის პრიზიორი, რეჟისორი ზაზა რუსაძე ეწვევა, რომელიც ახალბედა რეჟისორებთან და პროდიუსერებთან ორდღიან ინტენსიურ სამუშაო შეხვედრებს გამართავს.

ფესტივალზე ახალი პროექტის, AMIRANI TALKS-ის ფარგლებში ახალგაზრდა კინემატოგრაფისტები თავიანთი მუშაობის გამოცდილებას გაუზიარებენ  საქართველოში აკრედიტებული უნივერსიტეტების კინოს მიმართულების სტუდენტებსა და კინომოყვარულებს. პროექტი კინოთეატრ „ამირანში“ თბილისის მერიის მხარდაჭერით გაიმართება. 

4 ივლისს კინოთეატრი „ამირანი“ ფესტივალის დაჯილდოების ოფიციალურ ცერემონიას უმასპინძლებს, რომელზეც გამოვლინდებიან „ფიჩინგ ფორუმის“ და საკონკურსო კინოპროგრამის გამარჯვებულები. დაჯილდოების ცერემონიის დასრულებისთანავე ნაჩვენები იქნება 2021 წლის გრან-პრის მფლობელი ფილმი.

AMIRANI TALKS-ის ფარგლებში  მასტერკლასს გამართავენ: 30 ივნისს – კინორეჟისორი სალომე ჯაში,   1 ივლისს – კოსტიუმების მხატვარი თინათინ კვინიკაძე, 2 ივლისს – ხმის რეჟისორი პაატა გოძიაშვილი, ხოლო 3 ივლისს – დრამატურგი და რეჟისორი დავით ფირცხალავა. 

მასტერკლასების მოდერატორი კინომცოდნე ნენო ქავთარაძე იქნება. მასტერკლასებს კინოთეატრ ამირანში შეგიძლიათ დაესწროთ 30 ივნისიდან 3 ივლისის ჩათვლით, 17:00 საათზე.  მასტერკლასებზე დასწრება თავისუფალია, თუმცა ადგილების რაოდენობა შეზღუდული.

ფესტივალი ხორციელდება საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ, თბილისის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის, საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის, გოეთეს ინსტიტუტის, კინოთეატრ “ამირანისა” და საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით.


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.