fbpx

ფოთის სანაპიროზე მუსიკალური ფესტივალი SWING გაიმართება


გააზიარე სტატია

30 ივლისიდან 1 აგვისტომდე ფოთის სანაპიროზე, ოქროს ტბის მახლობლად, ფოთის მერიისა და კერძო სექტორის მხარდაჭერით ახალი მუსიკალური ფესტივალი SWING  ჩატარდება. ფესტივალის მიზანია ერთად შეკრიბოს ქართველი და უცხოელი არტისტები და  ხელი შეუწყოს ადგილობრივი ელექტრონული სცენის განვითარებას; შექმნას სივრცე, რომელშიც მუსიკის მოყვარულებს გააერთიანებს და მათ საუკეთესო საფესტივალო გამოცდილებას შესთავაზებს. ასევე წარმოაჩინოს უძველესი საპორტო ქალაქის  გეოგრაფიული მდებარეობის უპირატესობები და წვლილი შეიტანოს რეგიონის კულტურულ თუ ეკონომიკურ განვითარებაში. 

SWING Festival ათასობით მსმენელს ფოთის უმშვენიერეს სანაპიროზე უმასპინძლებს – ქალაქში, რომელიც ზღვას, ტბასა და მდინარეს შორის მდებარეობს. ფესტივალის ტერიტორია ევკალიპტების ტყეს, ოქროს ტბასა და ეგზოტიკურ შენობებს აერთიენებს; ნოტიო სუბტროპიკული ჰავა, მაგნიტური ქვიშის სანაპირო და ბუნების მრავალფეროვნება, იდეალურ გარემოს ქმნის სოციალიზაციისა და დასვენებისთვის.

სამი დღის განმავლობაში, 70-მდე ქართველი და უცხოელი არტისტი სამ სცენაზე გადანაწილდება და განსხვავებული გემოვნების მსმელისთვის დაუკრავს. გარდა უცხოეთიდან მოწვეული არტისტებისა, განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ქართველი მუსიკოსების წარმოჩენას. აღსანიშნავია, რომ აგილობრივი სცენის ყველა წამყვანი კლუბის რეზიდენტები  SWING Festival-ის ლაინ აფში საპატიო ადგილს იკავებენ.

ინფრასტრუქტურა სტუმრებს შესაძლებლობას მისცემს დაკავდნენ სხვადასხვა სპორტული თუ გასართობი აქტივობებით და უსაფრთხოდ დაისვენონ. უსაფრთხოებას კი ფესტივალზე არსებული კოვიდ რეგულაციების დაცვა განსაზღვრავს. კერძოდ, SWING Festival საქართველოში პირველად შექმნის COVID მწვანე საფესტივალო ზონას. თითოეული სტუმარი შეძლებს ადგილზე გაიკეთოს სწრაფი ტესტი და მნიშვნელოვნად შეამციროს ვირუსის გავრცელების რისკი. გარდა ამისა, სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ წარმოადგინონ უკანაკსნელი 24 საათის განმავლობაში მიღებული ტესტის უარყოფითი პასუხი და მხოლოდ ამის შემდეგ მიიღონ ფესტივალის სამაჯური, რათა შეძლონ ტერიტორიაზე გადაადგილება. 

„ჩვენი გუნდი არტისტებისგან და  სხვადასხვა გამოცდილების მქონე პროფესიონალებისგან შედგება, მთავარი კი რაც გვაერთიანებს მუსიკის სიყვარული და ის საერთო ღირებულებებია, რომლის საფუძველზეც SWING Festival შეიქმნა. ჩვენთვის ფესტივალის შინაარსი თავისთავად უკავშირდება ადგილოებრივი არტისტებისთვის ფინანსურ მხარდაჭერას. ეს მათ  მუსიკალურ კარიერაში ინვესტირების საშუალებას მისცემს.  ფესტივალი მრავალფეროვან ახალგაზრდულ მოძრაობას შექმნის საქართველოს ისტორიულ ზღვისპირა ქალაქში. ჩვენ  ამ მიძინებული რეგიონის გამოცოცხლება გვინდა, რაც ფოთს საქართველოს ტურისტულ რუკაზე ახალ წერტილად მონიშნავს და ერთი მხრივ ხაზს გაუსვამს ამ ქალაქის უნიკალურ მახასიათებლებს, ხოლო მეორე მხრივ მნიშვნელოვან, პოზიტიურ გავლენას იქონიებს ადგილობრივ ეკონომიკაზე“ – ამბობს ფესტივალის თანადამფუძნებელი, ალექსანდრე ჯულაყიძე. 

ფესტივალზე დამატებითი ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ბმულს

ფესტივალის ბილეთების შესაძენად ეწვიეთ ბმულს

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.