fbpx

პლასტილინისაგან შექმნილი ვახტანგ გაბუნიას „ცოცხალი“ სამყარო


გააზიარე სტატია

ავტორი: თამუნა გეფერიძე

ფოტო: გიორგი ნაზღაიძე 

 

„ისინი ცოტა ხნით  მოვიდნენ… და მათი საქმეც სწორედ ეს არის…“

ადამიანები ჩვენს ცხოვრებაში მიდიან და მოდიან, ყოველდღიურად ახალი პერსონაჟები ჩნდებიან ნაცნობ ქუჩებსა და ადგილებში და ოდესღაც, სადღაც გამოჩენილი სახეები, უსულოსა და სულიერ ზღვარს შორის, პლასტილინის ფიგურებად იქცევიან. 

ყველაფერი ბავშვისათვის ნაყიდი „სკულპტორსკი“ პლასტილინით დაიწყო. ზამთარი გრძელი, ცივი და ბნელია და ამ დროს ფიგურები უდრეკად დგანან და სახლშიც არასდროს არ ხარ მარტო, რადგან ისინი ცოცხლები არიან – ნივთებსაც ხომ გააჩნიათ რაღაც სულის მაგვარი. 

შექმნის პროცესში მხატვარი იმ მუხტს გადასცემს პლასტილინს, რომელიც სასიცოცხლო ენერგიას გვაძლევს. ამ დროს ხელები ზედმეტი დენისგან იცლება და შვებას გრძნობ, ეს ერთგვარი თერაპიაა. თან საქმე, თან გართობა და თან თერაპია. ასე შეძლო ბნელი, გრძელი ზამთრის იოლად გადატანა. 

ოჯახის წევრებიც ყოველთვის ინტერესით ელიან, ვინ გახდება სახლის ახალი ბინადარი – გოგო, რომელიც გვიან ღამით წვეულებიდან დაღლილი და ოდნავ იმედგაცრუებული ბრუნდება, ავტობუსის  მგზავრი, ქუჩაში ბოთლების შემგროვებელი გოგონა თუ  შუახნის მამაკაცი სიგარეტით ხელში „ბირჟაზე“. 

ყოველი მათგანი სადღაც მართლაც არსებობს და თავისი ცხოვრებით ცხოვრობს, მაგრამ მათი ნაწილი, რომელიც ვახტანგ გაბუნიამ შენიშნა, აქ არის, მის ბინაში. მაგრამ ისინი ცოტა ხნით მოვიდნენ… და მათი საქმეც სწორედ ეს არის. 

თავიდან მტვერი დაედებათ. მტვრის თავიდან ასაცილებლად თმის ლაქს ხმარობს, რომელიც იცავს ფიგურებს. მაგრამ მოდის ზაფხული და პლასტილინი დნობას იწყებს. მათ ყოველდღიურად სჭირდება გამაგრება, რათა მთლიანად  არ დაკარგონ ფორმა, მაგრამ როგორც თვითონ მხატვარი ამბობს, ადრე თუ გვიან ისინი მაინც დადნებიან და უბრალოდ აღარ იარსებებენ. 

ალბათ სწორედ ამიტომ არიან  ასეთი ცოცხლები, სწორედ ამ თვისებით გვანან ყველაზე მეტად ნამდვილ ადამიანებს. ისინი ჩნდებიან შენს ცხოვრებაში და შემდგომ ქრებიან, მოდიან და მერე აუცილებლად მიდიან. 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.