fbpx

30 წელი – აბსტრაქცია და დეკადები


გააზიარე სტატია

 

გამოფენა “30 წელი – აბსტრაქცია და დეკადები” ეფუძნება ქართული სახვითი ხელოვნების მუზეუმის აბსტრაქტული ფერწერული ნამუშევრების სელექციასა და „საქინფორმის“ ფოტომასალებს.

აბსტრაქტული გამომსახველობა, სტილური თვალსაზრისით, გეომეტრიული და ლაქობრივია, სამუზეუმო კოლექცია ამ მიმდინარეობის ორივე ხაზს სრულფასოვნად წარმოაჩენს. ხელოვნების ისტორიაში ტიპოლოგიურად გეომეტრიული ფორმები მეტ-ნაკლებად რაციონალურ შტრიხებს ატარებს, ხოლო ლაქობრივი უფრო ინტუიციურ-ემოციურს, თუმცა ამ ექსპოზიციის ყველაზე მნიშვნელოვანი სათქმელი ის არის, რომ 1960-იანელთა თაობიდან 1980-იანელებამდე იკვეთება საბჭოთა ქართული ხელოვნების არატრადიციული რაკურსი. 

ამ მიმდინარეობის არტისტები უმეტესად ნონკონფორმისტი მხატვრები იყვნენ. ზოგადად, აბსტრაქტული ფერწერა ხელოვნების ისტორიაში მძიმე და გარდამტეხ მოვლენამდე ან მის შემდეგ განიცდიდა აღმავლობას, ანუ აბსტრაქტული ხელოვნება იყო ერთგვარი მიზეზშედეგობრიობა სოციალ-პოლიტიკური ფონისა, რის ნათელ მაგალითს წარმოადგენს, მაგალითად, ამერიკული აბსტრაქტული ექსპრესიონიზმი თუ ევროპული ტაშიზმი, არტინფორმელი, რომლებიც მეორე მსოფლიო ომის შემდეგ იკიდებს ფეხს.

ქართული საბჭოთა აბსტრაქტული ტალღა წარმოადგენდა პირდაპირ პროტესტს „რკინის ფარდის“ მიმართ და ის უმთავრესად დესტალინიზაციის რეფორმის შემდეგ, დათბობის პერიოდში ხდება პოპულარული. ხელოვანები უკუაგდებენ სოცრეალისტურ გამომსახველობას მკვეთრი ფერებისა და აბსტრაქტული ფორმების ან ლაქების მოდელირებით. ეს მიმდინარეობა ამ კონტექსტის მიღმა საქართველოში ეროვნული აქცენტების გამტარიც ხდება, რაც გამოიხატება ფრესკული ფერადოვნებით, მართლმადიდებლური,  ფოლკლორული თუ ისტორიული მოტივებით…  

თითოეული მხატვრის ნამუშევარი წარმოდგენილია, როგორც დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიის განზოგადებული ქვეთავი, ანუ ეს აბსტრაქტული ნამუშევრები ხელოვანებში გარკვეული წინათგრძნობაც იყო დამოუკიდებლობის მოპოვებამდე. არჩეული ნამუშევრების ინტენსივობა და ექსპრესიულობა ჰყვება  განვლილ გზას – საქართველოს უკანასკნელ 30 წელს. ისტორიული თხრობა მხოლოდ ემოციური და ასოციაციურია, არანაირი კონკრეტული აქცენტი ან პათოსური მუხტი – დამთვალიერებელი სუბიექტურად დანახულ საქართველოს უახლეს  ისტორიას აღიქვამს. მიუხედავად იმისა, რომ ეს ფერწერული ნამუშევრები დღეს ახალ კონტექსტს იძენს,  ექსპოზიციაზე ასევე წარმოდგენილია „საქინფორმის“ რეპორტაჟული ფოტოები. 

დოკუმენტური მასალა უკიდურესად განზოგადებულია და პოეტური, თუმცა ასახავს რეალურ ფაქტებს. ფოტოებისა და ფერწერული ნამუშევრების კომბინაცია წარმოადგენს  უახლესი საქართველოს ინტერპრეტირებულ რეალობას. „საქინფორმის“ ფოტოარქივითა და ქართული სახვითი ხელოვნების მუზეუმში დაცული აბსტრაქტული ნამუშევრებით წარმოიქმნება ერთგვარი „მოდელირებული დეკადები“, ჩვენი უახლესი ისტორიის ახალი რეალობა. მძიმე ისტორიული გამოცდილება საექსპოზიციო აბსტრაქტული ფოტოებისა და ფერწერული ნამუშევრების მთლიანობაში იკვეთება. 

გამოფენის განზოგადებული სახვითი ენა  დამთვალიერებელს სთავაზობს რეფლექსიის და კომუნიკაციის ზომიერ ფორმას. საქართველოს უახლესი ისტორიის გადააზრება ამ გამოფენაზე სიმბოლოებსა და მეტაფორებში ვლინდება.

გამოფენის მონაწილე მხატვრები  და ფოტოგრაფები:

∙         ჯიბსონ ხუნდაძე

∙         თემო ჯაფარიძე

∙         შურა ბანძელაძე

∙         ოთარ ჩხარტიშვილი

∙         ირაკლი ფარჯიანი

∙         ლეილა შელია

∙         იური ბერიშვილი

∙         გივი კიკვაძე

∙         შახვალად აივაზოვი

∙         ფელიქს კრიმსკი

∙         ბონდო დადვაძე 

გამოფენა რუსთაველის #7-ში 18 ივნისს, 16 საათიდან გაიხსნება (16:00-19:00) და მის ნახვას  დამთვალიერებელი 18 ივლისამდე შეძლებს. 

დასწრება თავისუფალია.


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.