fbpx

იოსებ “სოსო” ბლიაძის ფილმი „ოთარის სიკვდილი“ კარლოვი ვარის კინოფესტივალის პროგრამაშია


გააზიარე სტატია

 

კარლოვი-ვარის საერთაშორისო კინოფესტივალის ოფიციალურ პროგრამაში ქართული ფილმიცაა. რეჟისორ იოსებ  ბლიაძის ნამუშევარი „ოთარის სიკვდილი“, რომელიც საქართველო-გერმანია-ლიეტუვის ერთობლივ პროდუქციას წარმოადგენს, წლევანდელი პრესტიჟული კონკურსის  მონაწილე 12 ფილმს შორისაა.

ფილმის სიუჟეტი ეხება  ორ ოჯახს,  რომელთაც უბედური შემთხვევა დააახლოებთ. ინციდენტი ერთი ოჯახისთვის ფატალურია, მეორესთვის კი – უკეთესი ცხოვრების შანსი.

“ოთარის სიკვდილი” მოგვითხრობს დედა-შვილზე, ქეთისა და ნიკაზე,  რომლებიც ავტოსაგზაო შემთხვევის შემდეგ მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდნენ. ნიკა შემთხვევით მოხუცს შეეჯახება,  დაზარალებულის ოჯახი კი  მის წინააღმდეგ ბრალის  შეტანას მხოლოდ იმ შემთხვევაში გადაიფიქრებს, თუ დედა-შვილი ზარალს ნაღდი ფულით აანაზღაურებს. ქეთის შვილის ციხიდან დასახსნელად დიდი თანხის შეგროვება უწევს. მოულოდნელი შემობრუნება დრამას ტრაგიკომიკურ სახეს აძლევს.

როლებს ფილმში ნუცა კუხიანიძე, ივა ქიმერიძე, ეკა ჩავლეიშვილი, არჩილ მაკალათია, ვახო ჩაჩანიძე, თაკი მუმლაძე, მარლენ ეგუტია, ნანკა კალატოზიშვილი, დავით როინიშვილი და  კიდევ  სხვა თქვენთვის ნაცნობი და საყვარელი მსახიობი ასრულებს.

ფილმის ოპერატორია: დიმიტრი დეკანოსიძე.

კარლოვი-ვარის კინოფესტივალი, რომელიც მხატვრულ და დოკუმენტურ ნამუშევრებს მოიცავს, ჩეხეთის რესპუბლიკის საკურორტო ქალაქში 20-28 აგვისტოს გაიმართება.

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.