fbpx

ექვსი ხელოვანი TBC Concept-ის სივრცეში ფოტოგრაფიისა და მულტიმედია ხელოვნების გამოფენაზე 


გააზიარე სტატია

 

ავტორი: ნინა პატარიძე

 

19 მაისს  TBC Concept-ის სივრცემ  ფოტოგრაფიისა და მულტიმედია ხელოვნების გამოფენას უმასპინძლა. გამოფენაზე ექსპოზიციამ ექვსი განსხვავებული ხედვისა და პრაქტიკის მქონე ქართველი ხელოვანი გააერთიანა, მათ შორის არიან: დავით მესხი, ქეთუთა ალექსი-მესხიშვილი, ანნა-კე, ქეთი კაპანაძე, გვანცა ჯიშკარიანი  და ნატა სოფრომაძე. 

TBC Concept-ის მიზანია შექმნას სივრცე, რომელიც ღია იქნება როგორც დამწყები ხელოვანებისთვის, ასევე პროფესიონალებისთვის, სფეროს წარმომადგენლებისა  და თანამედროვე სახელოვნებო პროცესებით დაინტერესებული ადამიანებისთვის. თიბისის სახელოვნებო კოლექცია ბოლო რამდენიმე წლის მანძილზე ხელოვანებთან და გალერეებთან  მჭიდრო თანამშრომლობით იქმნებოდა. კოლექცია თავს უყრის როგორც საერთაშორისო ხელოვანების ნამუშევრებს, ასევე თანამედროვე ქართველი არტისტების შემოქმედებას და საინტერესო, მრავალფეროვან არქივს ქმნის, რომელიც გარკვეულწილად, ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში  სახელოვნებო სფეროს დინამიკის განვითარების ეტაპებს ასახავს. 

“გამოფენისთვის შერჩეული ნამუშევრებით შევეცადეთ მაქსიმალურად მოგვეცვა დღევანდელი აქტუალური ხელოვნების მიმდინარეობების ფართო არეალი. მარჯანიშვილის შენობის რეკონსტრუქციის პროექტმა მეტწილად განაპირობა ექსპოზიციის კონცეფცია და ხედვა. თავიდანვე გვსურდა ქეთი კაპანაძის ნამუშევრის ექსპოზიციაზე წარდგენა, რადგან ქეთიმ სწორედ მარჯანიშვილის შენობისთვის შექმნა თავისი ნამუშევარი, სახელწოდებით: Irreversibility is a Flow of an Atoms Which as Expressions of Vital Matter, Discarding Present in Past and Future. აქედან გამომდინარე სხვა ქართველი თანამედროვე ხელოვანების, სკულპტურული,  მულტიმედია და ფოტონამუშევრების სელექცია გაკეთდა. არანაკლებ მნიშვნელოვანი იყო იმის გათვალისწინება, რომ გამოფენაზე წარმოდგენილი ნამუშევრების ნაწილი მარჯანიშვილზე პერმანენტულ ექსპოზიციაში დარჩება. კოლექციაში დაცული ფერწერული და გრაფიკული ნამუშევრებიც იძლევა იმის შესაძლებლობას, რომ კურატორების მოწვევით და ხელოვანების ჩართულობით, სამომავლოდ თიბისის სახელოვნებო კოლექცია განსხვავებული ფორმით და ხედვით წარმოჩინდეს”.

ნინა ახვლედიანი  – გამოფენის კურატორი 

 

მნიშვნელოვანია აღვნიშნოთ,რომ გამოფენაზე წარმოდგენილი ხელოვანები ისეთ გალერეებთან თანამშრომლობენ, როგორებიცაა – Project Art Beat და lc_queisser

 

ანნა-კე  – REARWINDOW, Simulation is Simulation, is Simulation, is Simulation… 2020 ვენეციის 58-ე საერთაშორისო ხელოვნების ბიენალე, ქართული პავილიონი

ანნა-კეს  ნამუშევარმა – REARWINDOW, Simulation is Simulation, is Simulation, is Simulation  საქართველო 2020 წლის ვენეციის ბიენალეზე Project Art Beat-თან  თანამშრომლობით წარადგინა. კონცეპტის სივრცეში  სრული ინსტალაციის შემადგენელი ცალკეული ობიექტებია წარმოდგენილი.

ვენეციის ბიენალეზე ანნა-კეს ნამუშევარმა არქიტექტურული სტრუქტურა, ტრიბუნა-პლატფორმა წარმოადგინა, ერთგვარი ტრანზიციული ლანდშაფტი, რომელიც კულტურული კოდებზე რეფლექსიის საშუალებას იძლევა და აერთიანებს როგორც ხელოვანის პერსონალურ, ასევე ნაციონალური კონტექსტების გლობალურ სამყაროსთან მიმართებას. 

 

ნატა სოფრომაძე – საფლავის ყვავილები  2015

ნატა სოფრომაძის ფოტოგრაფიაში იდენტური გამოსახულებები წარმოჩინდება: ყვავილები საფლავებზე, ფერფლისფერი თმა, დამჭკნარი მცენარეები, გზის პირა დარჩენილი უსიცოცხლო ცხოველები – ეს ვიზუალური ნიშნები ფოტოგრაფმა ერთ სერიაში გააერთიანა, სადაც გამოსახულება ადამიანის გარეშე სიკვდილის ფენომენზე საუბრობს. საკვლევი საგანი თავისთავად მძიმე და ტრაგიკულია, თუმცა ხელოვანისთვის ის მშვენიერი და განუსაზღვრელი მისტიციზმითაა სავსე, რაც თავისთავად მის ნამუშევრებს უჩვეულოს, ტრაგიკულს, თუმცა ვიზუალურად შთამბეჭდავსა და მიმზიდველს ხდის. 

 

ქეთუთა ალექსი – მესხიშვილი – ძაღლის ღიმილი, 2020

ნამუშევარი პირველად თბილისში გალერეა lc_queisser-მა წარმოადგინა გამოფენაზე – “მოხარშული ენა”.

ნამუშევრების ამ  სერიაში ალექსი-მესხიშვილი განიხილავს თარგმანის სივრცეს, ანუ სივრცეს, რომელიც გამოსახულებასა და მის რეფერენტს შორის, ორ სხვადასხვა ენას შორის არსებობს და იმას, თუ როგორ შეიძლება ფოტოგრაფმა გადმოსცეს გონების მიღმა არსებულის იმერსიული არამდგრადობა.

 

დავით მესხი – ტანმოვარჯიშეები 2016 

დავით მესხის ფოტოგრაფიაში ხშირად შევხვდებით ვარდნის,  ტრანსფორმაციის კადრებს თუ ჰაერში გამოკიდებულ მსუბუქ სხეულებს, რომლებიც მუდმივად გრავიტაციის რღვევის მომენტს ასახავენ. გამოფენაზე წარმოდგენილი ნამუშევრებიც სწორედ ტანმოვარჯიშეების სერიიდანაა.

“რთულია სიტყვებით გადმოსცე ის მომნუსხველი მომენტი, რომელიც ნახტომსა და ვარდნას შორის ვითარდება. ის ხანმოკლე განცდა სიმსუბუქისა, როდესაც სხეული აღწევს უმაღლეს წერტილს, მიმართულების შეცვლის წინ წამიერი გაჩერება და მიზიდულობის ძალა აბრუნებს მას უკან, მიწაზე, ეს უკანასკნელი ნაბიჯი არასდროს ხვდება ჩემს ფოტოგრაფიაში… მტვრიანი კოსმოსი ტანვარჯიშის ხალიჩაზე, მაგნიუმის ფხვნილი აბუნდოვანებს ყველაფერს”.

 

ქეთი კაპანაძე  – Irreversibility is a Flow of an Atoms Which as Expressions of Vital Matter, Discarding Present in Past and  Future , 2018 

ხელოვანმა ნამუშევარი სწორედ მარჯანიშვილის შენობისთვის შექმნა, სახელწოდებით  Irreversibility is a Flow of an Atoms Which as Expressions of Vital Matter, Discarding Present in Past and Future. ალუმინით შესრულებული ფორმებისა და სიტყვების კომბინაციას ქეთი კაპანაძე ხშირად იყენებს  პრაქტიკაში და ამგვარად სიტყვა “ტანი” ხდება, მას არ აქვს ტანი, იდეა მასალაში გადმოდის და მასალა საკუთარ თავზე საუბრობს. ხშირად კი მის შემოქმედებაში ტექსტები საკუთარ თავზე საუბრობენ. 

 

გვანცა ჯიშკარიანი – Savannah Savage 

გვანცა ჯიშკარიანის სერია – Savannah Savage  (only truth that matters is emotional) პირველად  2017 წელს Project Art Beat-ის მოძრავ პავილიონში გამოიფინა. ფოტოსერია ხელოვანის მიერ გადაღებული შემთხვევითი კადრებისგან შედგება და ერთიანდება. ამ სერიისთვის მისთვის დაკვირვების ობიექტი სწორედ შემთხვევითობა და დაუგეგმავი, შეუსწორებელი და უფილტრო გამოსახულება გახდა, რაც ერთიანობაში დაუსრულებელ მთლიანობას ქმნის.

გამოფენამ საბოლოო ჯამში ფოტოგრაფიისა და მულტიმედია ხელოვნების ქართული ფრაგმენტული სურათი წარმოადგინა, სადაც არტისტების რამდენიმე თაობა გაერთიანდა, ხოლო – ხელოვანების ინდივიდუალურმა ნიშამ ექსპოზიციას კონტრასტული ხასიათი შესძინა.

 

ექსპოზიციის  დათვალიერება დაინტერესებულ პირებს 17 აგვისტომდე შეეძლებათ. 

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.