მზადება ნიუ-იორკის SVA-სთვის – ინტერვიუ მხატვარ გიორგი შალიკაშვილთან
ავტორი: თეონა ჯაფარიძე
ნიუ იორკის SVA -ის (School of Visual Art) ბანერზე – ARTIST UNITED-ზე საქართველოს დროშა გამოჩნდა, რაც იმას ნიშნავს, რომ ახალი სასწავლო წლიდან კიდევ ერთი ქართველი მხატვარი შეუერთდება მანჰეტენის არტისტულ ქაოსს. SVA ((ვიზუალური ხელოვნების სკოლა) უკვე ათწლეულებია ერთგვარი ტონის მიმცემია ნიუ იორკის სახელოვნებო სცენის. გიორგი შალიკაშვილმა ამ სკოლაში მოსახვედრად დიდი კონკურსი გაიარა და MFA Fine Art ფაკულტეტზე ჩაირიცხა. ეს პროგრამა შეერთებული შტატების სახვითი ხელოვნების 226 სამაგისტრო პროგრამიდან ტოპ ათეულშია მოხვედრილი ვიზუალური ხელოვნების მიმარტულებით U.S News.com-ის მიხედვით.
თუმცა მხატვარმა ეს ინტერდისციპლინარული სამაგისტრო პროგრამა რომ გაიაროს, ამისთვის სასწრაფოდ დონორების დახმარებაა საჭირო, რომლებიცც ინვესტიციას ჩადებდნენ ხელოვნებაში, მაშინ როდესაც სახელმწიფო ინსტიტუცია (განათლების საერთაშორისო ცენტრი) უძლურია ამ ნაბიჯის გადასადგმელად.
გიორგიმ თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის სახვითი ხელოვნების ფაკულტეტი დაამთავრა. მონაწილეობდა ჯგუფურ გამოფენებში ნიუ იორკსა და გერმანიის რიგ გალერეებში, ჰქონდა ორი სოლო გამოფენა თბილისში და დაჯილდოვებულია წინანდლის პრემიით.
SVA მხატვარს ახალი გამოწვევებით და შესაძლებლობებით ელის…
რა არის ამ ეტაპზე შენი საბაზისო ცოდნა და პირადი გამოცდილება?
ამ ეტაპზე ჩემი ფაქტობრივი განათლება უკავშირდება თბილისის სამხატვრო აკადემიას და CCA-T-ს (თანამედროვე ხელოვნების ცენტრი, თბილისში). თუმცა ის ცოდნა, რითაც ჩემი შემოქმედებითი განვითარება შევძელი, მე თვითონ მოვიპოვე კვლევებითა და ძიებებით ცხოვრების მანძილზე. მხატვრად ყოფნის განცდა 5 წლის ასაკიდან მაქვს. ყოველთვის ღრმად მჯეროდა, რომ დიდი მხატვარი გავხდებოდი. მამაჩემი მხატვარი იყო და მუდმივად განვიხილავდით სახლში სხვადასხვა მხატვრების ნამუშევრებს, თუ რა იყო მათში ღირებული. 12 წლის ასაკში უკვე ვიცოდი, რა იყო ფერწერა, ვგრძნობდი, დიდი მხატვრები რას განიცდიდნენ, როცა ხატავდნენ და ეს განცდა ჩემთვის სიცოცხლის აზრის არსებობისთვის სრულიად საკმარისი პირობა იყო.
13 წლის ასაკამდე ვხატავდი ძალიან ბევრ ფიგურატიულ და აბსტრაქციულ კომპოზიციას. ჩემი სამყარო მქონდა, სურათებითა და წიგნების პერსონაჟებით სავსე. შეიძლება ითქვას, ერთი მხატვარი თინეიჯერობის ასაკამდე უკვე ვიყავი.
შემდეგ იყო სოციალიზაციის პერიოდი და ჩემი ხასიათებისა და ინტერესების ცვლილება. ხატვას დავუბრუნდი აკადემიური ხატვის შესწავლით 17 წლის ასაკში და ჩავაბარე სამხატვრო აკადემიაში. აკადემიაში სწავლის დროს მქონდა განცდა, რომ საზოგადოებაში და კულტურაში სოციალიზაციამ ჩემში რაღაც ცუდისკენ შეცვალა. ვხვდებოდი, რომ ბევრი რამ ჩემს ქცევებში და ინტერესებში გარედან იყო მოტმასნილი.
და მხატვრობით ვცადე ჩემი თავი მეპოვა, მინდოდა ვყოფილიყავი – მე თვითონ. ალბათ ეს იმიტომ მოხდა, რომ ბავშვობაში უკვე მქონდა გამოცდილება საკუთარ თავად ყოფნის.
ჩემს ძიებებს ჰქონდა კარგი შედეგებიც. ბაკალავრიატის დიპლომში – Latente Testament – წინანდლის პრემია მომანიჭეს. შემდეგ მქონდა ორი პერსონალური გამოფენა, რასაც დიდი ინტერესი მოჰყვა.
გარდა ხატვისა, მაქვს ბლოგი და ვწერ ხელოვნების შესახებ ტექსტებს, თბილისური გამოფენების რევიუებს და ა.შ. https://idontlovemilk.blogspot.com
როგორ აღმოჩნდი ნიუ-იორკის SVA-ში? რა კრიტერიუმებით შეგაფასეს და დაინტერესდნენ შენით?
ნიუ-იორკის SVA-ში (School of Visual Art) ჩაბარება გადავწყვიტე იმიტომ, რომ მოთხოვნილება გამიჩნდა მემეგობრა და გამეზიარებინა გამოცდილება ხელოვანებთან, პროფესორებთან, რომლებსაც თანამედროვე ხელოვნების კეთების დიდი გამოცდილება აქვთ. SVA ზუსტად ის ადგილია, სადაც შეგიძლია შენი შემოქმედებითი განვითარების ყველაზე მთავარ პრობლემებზე ისაუბრო და მოგისმინონ. გაგიგონ და დაგეხმარონ შენი მიზნების გააზრებაში.
მთავარი მოტივაცია მომცა იმან, რომ ამ სკოლაში სწავლების მეთოდები დაფუძნებულია კრიტიკულ გაგებაზე. ჩემთვის კი ჩემი ხელოვნების კრიტიკული გაგება და ამაზე საუბარი უმნიშვნელოვანესია. მნიშვნელოვანია ასევე როგორ გაიგებენ და შეაფასებენ ჩემს ხელოვნებას იმ კულტურაში, სადაც თანამედროვე ხელოვნების უდიდესი ტრადიცია აქვთ. და საერთოდ, მათი აღმოჩენილია აზროვნების ეს ფორმა, რასაც თანამედროვე ხელოვნება ჰქვია.
გარდა ამისა, ეს უნივერსიტეტი არის შტატებში ტოპ ათეულში და საოცარი ისტორია აქვს, აქ სწავლობდნენ ცნობილი არტისტები: Keith Haring, KAWS, Katherine Bernhardt. ეს სკოლა იყო შეხვედრებისა და გამოცდილების გაზიარების ადგილი ოთხმოციანი წლების მხატვრებისთვის ნიუ-იორკის არტ-სცენიდან. მათ შორის აქ იყო jean michel basquiat და ასევე სხვები, რომლებმაც ახალი ტალღა შექმნეს მეოცე საუკუნის ხელოვნებაში.
ვიზუალური ხელოვნების სკოლაში მოსახვედრად ძალიან დიდი კონკურსის გავლა მომიწია. ამ სკოლაში ბაკალავრიატზე სწავლობს ასობით სტუდენტი, მაგრამ მაგისტრატურა ძალიან პატარა და ექსკლუზიურია. სადაც ხელოვნების ყველა მიმართულებაში სულ 30-35 სტუდენტს იღებენ, აქედან დაახლოებით 6 მხატვარია.
ჩემი შეფასების დროს ყველაზე მნიშვნელოვანი მათთვის იყო პორტფოლიო, ჩემი სთეითმენტი და რამდენიმე პასუხი მათ დასმულ კითხვებზე აპლიკაციაში, რაც ეხებოდა იმას, თუ რას ვკითხულობ ახლა, ვინ არის ჩემთვის სამი მნიშვნელოვანი მხატვარი და რატომ და ა.შ. მათ აინტერესებდათ ჩემი აზროვნების და ჩემი ხელოვნების კრიტიკული გაგების დონე. პირველ ეტაპზე მომივიდა დადებითი პასუხი, რომ ძალიან მოეწონათ ჩემი აპლიკაცია და ბოლო ეტაპზე გავიარე გასაუბრება Sharon Louden-თან. ინტერვიუ ზუმით ამ ბრძოლის ყველაზე გადამწყვეტი ნაწილი იყო.
შერონი არის უდიდესი პროფესიონალი, მხატვარი და ხელოვნების თეორეტიკოსი, ბესტსელერის ავტორი. ძალიან ვღელავდი ინტერვიუმდე. თუმცა, ყველაფერმა კარგად ჩაიარა. შერონს აინტერესებდა, თუ როგორ განვავრცობდი ჩემს სტეითმენტს და რას ვეტყოდი ახალს ჩემ შესახებ, იმას, რაც სტეითმენტში არ მეწერა. ასევე, აინტერესებდა, რატომ მინდა მაგისტრატურაზე სწავლა. ძალიან დამაჯერებლად გავართვი თავი ამ გამოცდას. ძალიან რთულია ხელოვნებაში ამდენად გათვიცნობიერებულ პროფესიონალს დააჯერო, რომ შენ კრიტიკულად გესმის შენი მხატვრობა, რომელსაც აბსტრაქტული შინაარსის ძიება უდევს საფუძვლად. მაშინ როცა ქვეყანა, საიდანაც ხარ, თანამედროვე ხელოვნების რუკაზე არ იძებნება.
რომელ ფაკულტეტზე აპირებ სწავლის გაგრძელებას და რატომ? არჩევანი ალბათ დიდია მიმართულებების მხრივ.
მე ჩავაბარე MFA Fine Art ფაკულტეტზე, სადაც არის რამდენიმე მიმართულება – ფერწერა და ხატვა, ვიდეოარტი, სკულპტურა, ინსტალაცია და სხვა. მაგრამ სტუდენტი არ არის შეზღუდული იმაში, რას გააკეთებს. თუ ჩემი ხელოვნების კრიტიკული გაგება მიმიყვანს იქამდე, რომ თუ ინსტალაცია უნდა გავაკეთო, გავაკეთებ.
მაგისტრატურის ჯგუფში, რომელიც მართლაც ექსკლუზიურია (35-30 სტუდენტი და მათგან მხოლოდ 6 მხატვარი) ერთ-ერთი შენ ხარ საქართველოდან. SVA-ს ბანერზე – ARTIST UNITED-ზე – შენი დამსახურებით საქართველოს დროშაც გამოჩნდა – როგორი შეგრძნებაა ეს?
ამაღელვებელი და სასიამოვნო განცდაა, რომ იქ ჩემ გამოა საქართველოს დროშა. ეს სიმბოლურია, მაგრამ ეგზისტენციალურ დონეზეც არსებობს შეგრძნება, რომ შენ, შენი ქვეყნის დროშას და ქვეყანას წარმოადგენ, მას ეკუთვნი. და რეალურადაც ასეა. ნიუ-იორკის კულტურისთვის მე ჩემს თავთან ერთად საქართველოს კულტურაც წარმოვადგენ. ამ გაგებით, ჩემი გამარჯვება ქვეყნის გამარჯვებაა. და ვფიქრობ, სახელმწიფოც უფრო მეტად უნდა ეხმარებოდეს ახალგაზრდა ხელოვანებს, რომლებიც პრესტიჟულ უნივერსიტეტებში ჩააბარებენ დასავლეთში.
მე ახლა ველოდები დაფინანსებას განათლების საერთაშორისო ცენტრისგან, თუმცა პანდემიისგან გამოწვეული კრიზისის გამო, ალბათ ვერ შეძლებენ ჩემი ნიუ-იორკში ცხოვრებისა და სწავლის ბოლომდე დაფინანსებას. ამიტომ, ძალიან მადლობელი ვიქნები, თუ კერძო დონორები გამოჩნდებიან და დაინტერესდებიან. ახლა დახმარება ძალიან მჭირდება.
რას ელი ნიუ-იორკისგან, როგორც მხატვარი?
ნიუ-იორკისგან ველი შეგრძნებას, რის გამოც ღირს ცხოვრება, შეგრძნებას და ცოდნას იმისა, რომ უდიდესი გამოწვევის წინაშე ხარ, რომ დიდი ბარიერები უნდა დასძლიო. და ზუსტად იქ დაამტკიცო შენი ნიჭი, სადაც ეს ყველაზე რთულია.
ველოდები, როდის გამოვფენ იქ ნამუშევრებს. ვიზუალური ხელოვნების სკოლას აქვს თავისი კერძო გალერეები ჩელსიში, სადაც მთელი წლის მანძილზე იფინება სტუდენტთა ნამუშევრები და რასაც ნახულობენ ნიუ-იორკში ყველაზე მნიშვნელოვანი გალერისტები, კურატორები და კრიტიკოსები.
ასევე ველოდები მოულოდნელობებით სავსე რეალობაში ყოფნას და საინტერესო ადამიანების გაცნობას, ხარისხიანი ხელოვნების ნიმუშების ნახვას გალერეებში, მუზეუმებში – ვნახავ, განვიცდი და შევაფასებ.