fbpx

თაფლის კაფე-მაღაზია – არქიტექტურის ლაბორატორია #3-ის ახალი პროექტი


გააზიარე სტატია

 

ავტორი: ანა ჭიღიტაშვილი

 

მხოლოდ 60 კვ.მ  სივრცეში არქიტექტურის ლაბორატორია #3-ის არქიტექტორებმა გადაწყვიტეს დიდი წრიული სტრუქტურის ინტეგრირება, რაც პროექტის მთავარ ელემენტად იქცა. 

“ეს პროექტი არ გვინდოდა დამსგავსებოდა იმ სტანდარტულ, პატარ-პატარა, მყუდრო, კაფელებით და აგურებით შეკოწიწებულ დიზაინს, რომლებსაც ასე ხშირად ვხვდებით და სავარაუდოდ, კომერციულად ამართლებს კიდეც. ჩვენ გვინდოდა მოგვეფიქრებინა სპეციალურად ამ კომპანიისა და მისი იდეისთვის  შესაფერისი დიზაინი. ჩვენი აზრით, მხოლოდ ასეთ შემთხვევაში ამტკიცებ, რომ ხარ ცოცხალი, აზროვნებ და არ ხარ ზომბი”, – ამბობენ არქიტექტორები

ეს არის თაფლის მწარმოებელი კომპანია ZZIP-ის პირველი კაფე/მაღაზია და სწორედ ამიტომ, არქიტექტორებს სურდათ ამ ხმამაღალი განაცხადით ბრენდის ძირითადი ღირებულებები წარმოეჩინათ, რაც გულისხმობს ფუნქციურობას, ბუნებასთან სიახლოვეს და ეკოლოგიურობას. სწორედ ამიტომ აირჩიეს ეს ყვითელი წრიული ფორმა, რომელზეც სხვადასხვა სახეობის თაფლია განთავსებული და სტუმრებზე მძაფრ ვიზუალურ ზემოქმედებას ახდენს. 

ამასთან ერთად, მთავარ კედელზე არქიტექტორებმა შექმნეს მუზეუმისთვის დამახასიათებელი  ელემენტი, სადაც ეკრანებთან და ტექსტურ აღწერებთან ერთად პატარა ქილებით წარმოდგენილია თაფლის პროდუქტები. დღის პერიოდში ბუნებრივი განათება ჭერის სარკისებრ ზედაპირზე ირეკლება, რაც სივრცეს კიდევ უფრო ნათელს და ჰაეროვანს ხდის. 

ძირითადად გამოყენებულია შავი და თეთრი ფერი, რაც ქმნის  მშვიდ  ატმოსფეროს და კიდევ უფრო  უსვამს  ხაზს ინტერიერის მთავარ წრიულ ელემენტს. დისკოს უკან, რომელიც შედგება პატარა ქილებით წარმოდგენილი  600 სხვადასხვა სახეობის თაფლისგან, განთავსებულია ბარი. 

მაღაზია ფხოვის 2 ნომერში მდებარეობს და 2021 წლის მაისიდან  იღებს მომხმარებლებს. 

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.