ელენე ნავერიანის ფილმს ლოკარნოს კინოფესტივალზე უჩვენებენ
ლოკარნოს 74-ე საერთაშორისო კინოფესტივალზე ნაჩვენები იქნება ქართველი რეჟისორის, ელენე ნავერიანის დრამა „სველი ქვიშა“, რომელიც ქართულ-შვეიცარიული კოპროდუქციაა.
„სველი ქვიშა“ კინოფესტივალის სექციის, აწმყოს რეჟისორების (Concorso Cineasti del Presente) პროგრამაშია, რომელში გამარჯვებულსაც მთავარი ჯილდო – „ოქროს ლეოპარდი“ ერგება. აღნიშნულ სექციაში 15 სურათი მონაწილეობს.
ფილმის სიუჟეტი შავი ზღვისპირა სოფელში ვითარდება, ახალგაზრდა ქალი, მოე, ბაბუის თვითმკვლელობის შემდეგ მისი ძველი სიყვარულის ისტორიისა და ტყუილების ჯაჭვს შორის მოექცევა.
მთავარ როლებს ბებე სესიტაშვილი, გია აგუმავა, მეგი კობალაძე, კახა კობალაძე, გიორგი წერეთელი, ეკა ჩავლეიშვილი და ზაალ გოგუაძე ასრულებენ. სცენარის ავტორები ელენე და სანდრო ნავერიანები არიან, მთავარი ოპერატორი კი – აგნეშ პაზკოდი.
სამხრეთ შვეიცარიის იტალიურენოვანი ქალაქი ლოკარნო წლევანდელ კინოფესტივალს 7 აგვისტოდან 17 აგვისტომდე უმასპინძლებს.
ორიგინალი: https://www.locarnofestival.ch/