fbpx

Drag კულტურა და მისი განვითარების ეტაპები


გააზიარე სტატია

ავტორი: ნინკა მამულაშვილი

 

Drag შოუ LGBTQ კულტურის განუყოფელი ნაწილია, რომელიც წარმოდგენის სახით საპირისპირო სქესის მქონე ადამიანის როლის მორგებას გულისხმობს. წარმოდგენა, ეპატაჟური ვიზუალური ფორმით, უმეტესწილად, პომპეზური კოსტიუმითა და გრიმით გამოირჩევა. წლების განმავლობაში drag პერფორმანსი ხელოვნების ფორმად ჩამოყალიბდა და პოპ-კულტურის მნიშვნელოვან ნაწილად იქცა, რომელსაც ხანგრძლივი, საინტერესო და კომპლექსური ისტორია აქვს. 

Drag queens-ის ისტორია უბრალო თეატრალური წარმოდგენებიდან ჯილდოს მფლობელ გასართობ ფორმად ჩამოყალიბდა, რომელმაც ლეგიტიმურობა საერთაშორისო სცენაზე მოიპოვა. 

Drag-ის, როგორც ხელოვნების ფორმის პოპულარიზაცია, ძირითადად RuPaul Andre Charles-ს – მსოფლიოში ყველაზე ცნობილ drag queen-ს უკავშირდება, რომელმაც თავისი  სატელევიზიო შოუთი – RuPaul’s Drag Race – სრულიად შეცვალა Drag-ის ისტორია თანამედროვე სამყაროში. საკონკურსო რეალითი შოუ სატელევიზიო სივრცეში 2009 წელს გამოჩნდა და კულტურულ ფენომენად იქცა. შოუ 2018 წელს პრესტიჟული Emmy-ს ჯილდოს  მფლობელიც  კი გახდა. RuPaul-მა თავდაპირველად სახელი 80-90-იან წლებში გაითქვა, ნიუ-იორკის კლუბის სცენაზე. ის ადგილობრივი “სელებრითი” გახდა, რომელმაც საფუძველი დაუდო მის საერთაშორისო წარმატებას. 

Drag-ი სათავეს ჯერ კიდევ შექსპირის დროიდან იღებს და ის მჭიდროდ არის დაკავშირებული თეატრთან, თუმცა შედარებით განსხვავებული კონტექსტით. მე-17 საუკუნეში, როდესაც გლობუსის თეატრში შექსპირის პიესები პირველად იდგმებოდა, წარმოდგენაში მონაწილეობის მიღების უფლება, რელიგიური მიზეზების გამო, მხოლოდ მამაკაცებს ჰქონდათ. ამრიგად,  მსახიობ მამაკაცებს  პერსონაჟი ქალების სცენაზე გასაცოცხლებლად შესაბამის ტანსაცმელში გამოწყობა და გრიმის გაკეთება უწევდათ. მიიჩნევა, რომ ტერმინი drag-იც სწორედ იმდროინდელი თეატრიდან წარმოიშვა. 

მე-20 საუკუნეში ამერიკულ კულტურაში ვოდევილის ჟანრი გავრცელდა, რომელიც კომედიას, მუსიკას, ცეკვას და ბურლესკს აერთიანებდა. ვოდევილის თამაშისას  საშემსრულებლო ხელოვნების სცენაზე პირველი ოფიციალური drag queen-ი – ჯულიან ელტინჯი გამოჩნდა. რადგან ვოდევილის, როგორც  გასართობი ჟანრის  ერთ-ერთი განუყოფელი ნაწილი ქალის იმიტაცია იყო, ელტინჯმაც სახელი  პერსონაჟი ქალის განსახიერებით გაითქვა. პერფორმერის პოპულარობა მალე ვოდევილსაც გასცდა და ამ წარმატებამ მას მსოფლიოში ყველაზე მაღალანაზღაურებადი მსახიობის ტიტული მოუპოვა; მან იმ დროისთვის ჩარლი ჩაპლინსაც კი აჯობა. 

Drag-ის ისტორია 30-იან წლებში მჭიდროდ უკავშირდებოდა გეი კულტურას. როდესაც შეერთებულმა შტატებმა აკრძალვის ეპოქაში შეაბიჯა, გააუქმა ალკოჰოლის წარმოება და მოხმარება 1920-1933 წლებში,  ჰომოსექსუალებმა მიწისქვეშა კლუბები და სპექტაკლები თვითგამოხატვის საშუალებად გამოიყენეს, სადაც გათავისუფლდნენ აკრძალვებისგან და ყველანაირი შეზღუდვების გარეშე თეატრალიზებულ შოუებს დგამდნენ და პომპეზური კოსტიუმებით იმოსებოდნენ. 

1966 წელს Greenwich Village გეი კულტურის კერა და 1969 წლის ამბოხების ეპიცენტრი გახდა, რომელიც LGBTQ საზოგადოების მარგინალიზაციას გმობდა. ამ მოძრაობის სათავეში drag queen-ი – Flawless Sabrina იდგა, რომლის ორგანიზებითაც, drag queen-ები ტრადიციულ სილამაზის კონკურსში მონაწილეობდნენ.  ის არაერთხელ დააპატიმრეს და საჯარო ადგილებში, მაგალითად, სატელევიზიო შოუებში, ხშირად drag queen-ის კოსტიუმით დადიოდა, რაც იმ პერიოდში საზოგადოების აღშფოთებას იწვევდა. 

LGBTQ-ს ფერადკანიანი წევრები ჰარლემისა და ვაშინგტონის უბნებში პოულობდნენ თავშესაფარს. 70-იანი წლების დასაწყისში სწორედ აქ ჩამოყალიბდა drag (drag “ball” culture) – მეჯლისის ტრენდი. Drag  კულტურა მასობრივად გავრცელდა საზოგადოებაში ტიმ კარის 1975 წლის როკი ჰორორის საშინელებათა შოუში (The Rocky Horror Picture Show) პერფორმანსის და მუსიკოს დევიდ ბოუის ესთეტიკური სტილის წყალობით. 80-იანი წლების ნიუ-იორკის drag მეჯლისის სამყარო და ჰარლემის drag queen-ების კომუნა ჯენი ლივინგსტონის 1990 წლის დოკუმენტურ ფილმში – პარიზი იწვის (Paris Is Burning) დეტალურად არის ასახული. სადაც ცეკვის მეშვეობით drag queen-ები მკაცრ გენდერულ საზღვრებს პერფორმანსის მეშვეობით “ეთამაშებოდნენ”. 

წლების განმავლობაში ჰარლემი LGBTQ ხელოვნების, აქტივიზმის და კულტურის მნიშვნელოვანი პლატფორმა იყო. ამიტომ გასაკვირი არ არის, რომ ის vogue-ს (ცეკვის ძალიან სტილიზებული ფორმა, რომელიც შავკანიანი და ლათინოსი ქვიარ დაჯგუფების მიერ არის შექმნილი) სამშობლოა. ზემოთ აღნიშნული ფილმი ნიუ-იორკის სცენაზე წამყვანი voguer-ების, რასის, გენდერის, კლასის და სექსუალური იდენტობის პორტრეტია. უნდა აღინიშნოს, რომ ფილმით შთაგონებულია მადონას ჰიტის, Vogue-ს მუსიკალური ვიდეო. 

თანამედროვე ლიბერალურ სამყაროში drag-ი პერფორმანსის ჩარჩოებს სცდება და ცალკე ფენომენად ყალიბდება. Drag queen-ების კულტურის ძირითადი ელემენტები – ჩაცმულობა და მაკიაჟი დღეს უკვე ისეთ მასშტაბურ ღონისძიებებზე გვხვდება, როგორიც არის Met Gala. Drag-ის ფარგლებში ექსპერიმენტებმა მუსიკასა და კინემატოგრაფიაშიც იჩინა თავი, კერძოდ, ბოი ჯორჯის და პიტ ბერნსის შემოქმედებაში. 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.