fbpx

ნახევარფინალების და ფინალების მოლოდინში


გააზიარე სტატია

 

ავტორი: აჩიკო ბენაშვილი

 

ორ კონტინენტზე ერთდროულად მიმდინარე ჩემპიონატებმა დასკვნით ფაზას მიაღწია და გულშემატკივრებსაც უკვე გარკვეული დასკვნების გამოტანის საშუალება ეძლევათ თანამედროვე სანაკრებო ტენდენციების შესახებ.

უნდა ვაღიაროთ, რომ ევრო 2020-ის როგორც საშემსრულებლო, ისე სანახაობრივი მხარე, მთლიანობაში აღემატება სამხრეთ ამერიკის ჩემპიონატისას, რაც მომავალ წელს კატარის მსოფლიო ჩემპიონატზე თითქოს კვლავ ევროპული ნაკრებების დომინირების მომასწავებელია.

კოპა ამერიკის შარშანდელმა ტრიუმფატორმა – ბრაზილიის ნაკრებმა, რომელმაც მსოფლიოს ჩემპიონობა უკანასკნელად 2002 წელს იზეიმა, პაკეტას ერთადერთი გოლის მეშვეობით, გაჭირვებით მოახერხა მეოთხედფინალში ჩილელთა ბარიერის დაძლევა.

თამაში სამხრეთ ამერიკული დაპირისპირებებისთვის დამახასიათებელი აშკარა უხეშობის ფონზე მიმდინარეობდა. 

ნეიმარის ინდივიდუალურ მსვლელობებს ჩილელები თითქმის ყოველთვის წესის დარღვევით აჩერებდნენ ხოლმე, გაბრიელ ჟეზუსი კი შეხვედრის 48-ე წუთზე მსაჯმა უხეშობისთვის სრულიად სამართლიანად გააძევა მოედნიდან, რის შემდეგაც ბრაზილიელებს ანგარიშის შენარჩუნებაზე მოუწიათ ზრუნვა.

დრამატული ვითარება 65-ე წუთზე შეიქმნა, როდესაც ჩილეს ნაკრებმა მარცხენა ფლანგზე განვითარებული ელვისებური იერიში გოლად აქცია ბრაზილიელთა კარში, თუმცა ჩემპიონატის მასპინძლები მსაჯმა იხსნა, რომელმაც საეჭვო თამაშგარე მდგომარეობა დააფიქსირა. 

ბრაზილიელებს ნახევარფინალში პერუს ნაკრები დაუპირისპირდება. შარშანდელი კოპა ამერიკის ფინალისტმა თერთმეტმეტრიანების სერიაში პარაგვაის ნაკრებს სძლია.

აღსანიშნავია, რომ მატჩის ძირითად დროში გუნდებმა სამ-სამი გოლი გაიტანეს და თანაბარი რაოდენობის ყვითელი (4) და წითელი (1) ბარათები დაიმსახურეს.

ასეთი დრამატული დაპირისპირების მიუხედავად, გულშემატკივარი ბევრს არაფერს დაკარგავდა ამ შეხვედრის გამოტოვების შემთხვევაში, რადგან გაუთავებელი უხეშობებით გამოწვეული პაუზების ფონზე მიმდინარე პაექრობა, სანახაობრივი თვალსაზრისით, შეიძლება მოსაწყენიც კი იყო ევრო 2020-ის პირველ სამ მეოთხედფინალურ მატჩთან შედარებით.

თავდაპირველად ესპანეთის და შვეიცარიის ნაკრებების დაპირისპირება შედგა, რომლის ბედიც პენალტების სერიაში გადაწყდა. თუკი შვეიცარიელებმა მერვედფინალში ფრანგებთან თერთმეტმეტრიანები უნაკლოდ შეასრულეს, ესპანელებთან მათმა ერთადერთმა დარტყმამ მიაღწია მიზანს, რამაც ნახევარფინალის გზა ევროპის სამგზის ჩემპიონს გაუხსნა.

ესპანეთთან შედარებით, მეოთხედფინალში გაცილებით შთამბეჭდავი ფეხბურთი მისმა მომავალმა მეტოქემ – იტალიის ნაკრებმა უჩვენა ბელგიელების წინააღმდეგ შეხვედრაში.

„სკუადრა აძურა“ მთელი მატჩის განმავლობაში უკარნახებდა მეტოქეს სათამაშო რიტმს და ფანტაზიით აშკარად აღემატებოდა მას.

ევროპის 1968 წლის ჩემპიონმა და ორგზის ფინალისტმა ორივე გოლი მატჩის პირველ ნახევარში გაიტანა. 

ბელგიელებმა ანგარიში მეორე ტაიმის დასაწყისში რომელუ ლუკაკუს მიერ გამოყენებული საეჭვო თერთმეტმეტრიანის მეშვეობით შეამცირეს, მაგრამ იტალიელებმა მათ მეტის გაკეთების საშუალება აღარ მისცეს. 

„სკუადრა აძურას“ თამაშს დამაჯერებლობა ჯორჯო კიელინის დაბრუნებამაც შემატა. გრძელი სკამი და აქამდე ნაჩვენები თამაშის ხარისხი კი მას ესპანელებთან ნახევარფინალში ფავორიტად წარმოაჩენს.

მსგავსი სცენარით წარიმართა დანიის და ჩეხეთის ნაკრებების დაპირისპირება, რომელშიც დანიელებმა ორივე ბურთი პირველ ტაიმში გაიტანეს, ჩეხებმა კი თავი მხოლოდ ერთხელ, მეორე ტაიმის დასაწყისში გამოიჩინეს.

დაპირისპირება მძიმე ორთაბრძოლებით აღინიშნა, რის შედეგადაც ჩეხეთის ნაკრების ორმა ფეხბურთელმა თავშეხვეულმა დაასრულა მატჩი.

დანიის ნაკრებს ურთულესი მისიის შესრულება მოუწევს ფინალში გასასვლელად. მან ნახევარფინალში „უემბლის“ სტადიონზე ინგლისი უნდა დაამარცხოს, რომელმაც მეოთხედფინალში „ცალი ფეხით“ მოუგო უკრაინის ნაკრებს.

 

შევჩენკოს გუნდი დიდებული სპარინგ-პარტნიორი აღმოჩნდა გარეთ საუთგეიტის გუნდისთვის, რომელმაც ჩინებული მოთელვა ჩაატარა დანიის ნაკრებთან მატჩის წინ.

რაც მთავარია, რომში, ნეიტრალურ სტადიონზე ჩატარებული ერთადერთი მატჩის შემდეგ, ინგლისი „უემბლიზე“ სრულიად დასვენებული უმასპინძლებს დანიის ნაკრებს, რომელსაც თავის მხრივ მეოთხედფინალში უმძიმესი ფიზიკური ბრძოლა გადახდა ჩეხეთის წინააღმდეგ მატჩში.

როგორც ვხედავთ, უკრაინელთა სამარცხვინო თამაშმა ისედაც პრივილეგირებულ მდგომარეობაში მყოფ ინგლისის ნაკრებს, ყველაზე კომფორტული გზა მიანიჭა ნახევარფინალისკენ, სადაც უნდა გამოჩნდეს მისი რეალური შესაძლებლობები.

ნუთუ ინგლისს მართლა ისეთი ძლიერი გუნდი ჰყავს, რომ მის კარში გოლის გატანა შეუძლებელია? ამაზე პასუხს მხოლოდ დანიელებისგან, ან იტალია-ესპანეთის წყვილში გამარჯვებული გუნდისგან თუ გავიგებთ, რადგან ჯორდან პიკფორდს აქამდე საკუთარი კარი მშრალად აქვს შენახული. 

ინგლისს, გერმანიის ნაკრების გარდა, სერიოზული მეტოქე არ შეხვედრია ფლეი-ოფის ეტაპზე. საკუთარ მოედანზე ჩატარებული ჯგუფური ასპარეზობა კი საკმაოდ გრძელი სკამის მქონე საუთგეიტის გუნდისთვის ჩინებული მოსამზადებელი პერიოდი აღმოჩნდა სხვადასხვა ტაქტიკური სქემების განსახილველად.

ინგლისი – უკრაინის შეხვედრისგან განსხვავებით, აშკარად გაამართლა სამხრეთ ამერიკის კონტინენტზე შემდგარმა ორმა უკანასკნელმა მეოთხედფინალურმა მატჩმა.  არგენტინისა და ეკვადორის ნაკრებების შეხვედრაში კვლავ გაიბრწყინა ლიონელ მესიმ, რომელმაც შესანიშნავი საჯარიმო დარტყმით გატანილი გოლის გარდა, ორი საგოლე გადაცემაც მიითვალა. 

ურუგვაის და კოლუმბიის შეხვედრის გმირად კი კოლუმბიელთა მეკარე დევიდ ოსპინა იქცა, რომელმაც ორი ურთულესი თერთმეტმეტრიანი დარტყმის მოგერიებით, მთავარი როლი შეასრულა პენალტების სერიაში მისი გუნდის მიერ ურუგვაის ნაკრების ანგარიშით 4:2 დამარცხებაში.

ურუგვაელთა მხრიდან თერთმეტმეტრიანები მხოლოდ გუნდის ლიდერებმა – კავანიმ და სუარესმა გამოიყენეს. კოლუმბიელები კი, როგორც ჩანს, პენალტების ზუსტად შესრულებაზე ზრუნვას, ჯერ კიდევ უკანასკნელ მსოფლიო ჩემპიონატზე ინგლისელებთან თერთმეტმეტრიანების სერიაში მათთვის დასანანი მარცხის შემდეგ შეუდგნენ…

ამრიგად, კოპა ამერიკის მეორე ნახევარფინალურ მატჩში ერთმანეთს არგენტინის და კოლუმბიის ნაკრებები დაუპირისპირდებიან, სადაც მესის და მის თანაგუნდელებს ნამდვილად არ ელით იოლი გასეირნება.

კოლუმბიელთა და მათი მეკარის მიმართ დიდი პატივისცემის მიუხედავად, ნეიტრალური გულშემატკივრები მოუთმენლად ელიან ბრაზილია – არგენტინის ფინალს, რადგან კოპა ამერიკის მომავალი ტრიუმფატორი, უფრო დასაფასებელი იქნება ამ დუელში გამარჯვების შემთხვევაში.

ფინალი რიო დე ჟანეიროს ცნობილ „მარაკანას“ სტადიონზე კვირას, გამთენიისას ჩატარდება. 

კოპა ამერიკის დასრულების შემდეგ რამდენიმე საათში კი ლონდონში „უემბლიზე“ ევრო 2020-ის ფინალი გაიმართება. 

ნუთუ ინგლისის ნაკრების გარეშე? თითქოს ნაკლებად წარმოსადგენია… 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.