fbpx

„It was 17 degrees outside, so i could stay a bit longer” – მოგზაურობა ხარკოვში


გააზიარე სტატია

ავტორები: მიშიკო სულაკაური, თიკო იმნაძე

 

ხარკოვში, უკრაინის ყოფილ დედაქალაქში, დღემდე ტრამვაის მოდელი “რუსული სტანდარტი” მოძრაობს. კაბინების ხის ფაქტურაზე „სკოჩით“ დაწებებული სარეკლამო განცხადებებით აჭრელებულ ვაგონებში მოხვედრისთანავე დროში გაჭედვის შეგრძნება გებადება. ამ საზოგადოებრივი ტრანსპორტით  მგზავრობისას თითქოს დროში იყინები და თავს საბჭოთა წარსულის რელსებზე გრძნობ. მეტიც, ეს ტრამვაი სიცოცხლისთვის საშიშია. მწყობრიდან გამოსული ვაგონები პერიოდულად რელსებიდან ვარდება, თუმცა მათ მალევე აბრუნებენ იმავე, მოშლილ სისტემურ რელსებზე… ჩვენთვის – უკრაინაში ჩასული მხატვრებისთვის – ხარკოვის ტრამვაი დაკვირვების ობიექტად იქცა. „რუსული სტანდარტით“ მოგზაურობა, როგორც საბჭოთა მატერიალური და არამატერიალური მემკვიდრეობის მეტაფორა, რომელიც დღემდე საერთოა ყოფილი საბჭოთა ქვეყნებისთვის, ჩვენი კვლევის საგანი გახდა. 

ტკბილეულის მასობრივი წარმოებით ცნობილ ქალაქში კანფეტები და მარმელადები დღესაც ხარკოველების ყოველდღიურობისა და კულტურის განუყოფელი ნაწილია. სახასიათო ძველმოდური დიზაინის ტკბილეული ახალგაზრდებშიც დიდი პოპულარობით სარგებლობს. კანფეტების ბრენდების უმეტესობის შეფუთვა, ისევე როგორც გემო, საბჭოთა კავშირის დანგრევის შემდეგაც არ შეცვლილა და დღემდე იგივეა. ჩვენდა გასაკვირად, მათ აღმოაჩენთ  არამარტო დიდ ღონისძიებებზე თუ მცირერიცხოვან წვეულებებზე, არამედ ახალგაზრდების ჯიბეებში და ეკლესიაშიც კი. ფიზიკის ინსტიტუტში, ნამუშევრების პრეზენტაციის შემდეგ, არტისტებს ძველმოდურ გადასაფარებელზე გაწყობილი, სხვადასხვაფრად აბრჭყვიალებული საბჭოთა ტკბილეულით გაგვიმასპინძლდნენ. 

ხარკოვში ყოფნისას კიდევ უფრო ღრმად გავიაზრეთ საქართველოს წარსული, კულტურული კოდები და იქ მუშაობის პერიოდში კარგად გავაცნობიერეთ, რას ნიშნავს საბჭოთა დანატოვარი და ამ პირობებში დაბადებული ახალი თაობის გამოწვევები.

ხარკოვის ერთ-ერთი ცნობილი შთამბეჭდავი კონსტრუქტივისტული შენობის – Держпром-ის კედლები მხოლოდ იმიტომ შეღებეს, რომ იუნესკო-ს დაცული ძეგლების სიაში არ შეეტანათ, დანარჩენი კი ისევ ძველებურადაა…  სასადილოში ისევ ის წინსაფრიანი ქალბატონი გემსახურება, რომელიც ბევრს მოგიყვება თავის ქართველ სიძეზე და ისევ იმ „ლანჩის“ მენიუს დაგიდებს საბჭოთა კავშირში დამზადებულ ლანგარზე.

ხარკოვში მოგვეცა საშუალება გვემუშავა უფტი-ში (უკრაინის ფიზიკა-ტექნოლოგიური ინსტიტუტი), რომელიც საბჭოთა კავშირში  ერთ-ერთი წამყვანი ინსტიტუტი იყო ატომური თეორიისა და პრაქტიკის მიმართულებით, სადაც მსოფლიო მასშტაბის ფიზიკოსები მუშაობდნენ, მაგალითად,  ლევ ლანდაუ და სხვები. 

სწორედ აქ, საბჭოთა კავშირში პირველად, მოხდა ატომური ბირთვის გაყოფა, ასევე აქ დგას მსოფლიოში ყველაზე დიდი სიმძლავრის ამაჩქარებელი, ვან დერ გრააფის გენერატორი, რამაც ფიზიკის ბევრი საიდუმლო გახსნა. ინსტიტუტის თანამშრომელი ფიზიკოსების ინოვაციური ექსპერიმენტები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის ცნობილ მეცნიერთა დაინტერესებას იწვევდა, რამაც საბჭოთა ხელისუფლების შეშფოთება გამოიწვია და შემდგომში მათი რეპრესიების მიზეზი გახდა. („დიდი ტერორის“ პერიოდში ინსტიტუტის თანამშრომელი ფიზიკოსების წინააღმდეგ მიმართული რეპრესიები „უფტის საქმის” სახელით გახდა ცნობილი). 

დღეს ნახევრად ფუნქციური ინსტიტუტის ნახვა მხოლოდ სპეციალური დოკუმენტისა და პასპორტის მეშვეობითაა შესაძლებელი.  არსებობს ამ ადგილის მუზეუმიფიკაციის ინიციატივა, რაც იქ მომუშავე ფიზიკოსების დიდ უკმაყოფილებას იწვევს, რადგან ისტორიული ინსტიტუტის მუზეუმად გადაქცევა, მათი აზრით,  მისი განადგურების ტოლფასია, სადაც დღემდე ფიზიკოსები შავ მატერიას ძველი დანადგარებით იკვლევენ.

სახელოვნებო ჩართულობა უფტი-ში სწორედ იმ ინდივიდების ძალისხმევით  მოხდა, რომლებიც  მუზეუმიფიკაციის პროცესს უძღვებიან. რეზიდენციის ფარგლებში ინსტიტუტში მუშაობისას ჩვენ ამ ორ დაპირისპირებულ ჯგუფს შორის არსებული იდეური განხეთქილების ნაწილი აღმოვჩნდით. ფიზიკოსები, რომელიც არ თმობენ ატომურ კვლევით ინსტიტუტს, განცხადებების დაფაზე ირონიულ ლექსებსა და ტექსტებს ტოვებდნენ, რომლებსაც მუზეუმის გუნდი ასევე ლექსით უპასუხებდა. 

ატომური კვლევების/ცდების სკანირებები, იმპერატრიცა მარიას პორტრეტი შავი ზღვის ფონზე

1941 წელს ხარკოვში შეჭრილმა ნაცისტური გერმანიის სამხედრო ნაწილებმა ფიზიკის ინსტიტუტის შენობა ააფეთქეს, მაგრამ მყარი რკინის კოლონების დამსახურებით ის დღემდე ძველი სახითაა შემორჩენილი. ეს კოლონები პირველ მსოფლიო ომამდე შავი ზღვის ანექსიისათვის აგებული რუსული სამხედრო გემებიდან ერთ-ერთი მთავარი ხომალდის – „იმპერატრიცა მარიას“ ნაწილებია, რომელიც 1916 წელს გაურკვეველი მიზეზების გამო აფეთქდა და სევასტოპოლის ყურეში ჩაიძირა. 

ინდუსტრიალიზაციის დაწყებისას, გემის აღდგენის უშედეგო მცდელობების შემდეგ, ის ზღვიდან ამოიტანეს და მისი ნაწილები ხარკოვში უფტის მშენებლობისას საყრდენ ბოძებად გამოიყენეს. მისტიციზმით და ხელოვნებით გატაცებული მარია (მარია სოფია ფრედერიკა დაგმარი) –  დანიელი პრინცესა, რუსეთის იმპერატორის მეუღლე, რუსეთის უკანასკნელი მონარქის, ნიკოლოზ  II-ის დედა –  აქტიურად იყო ჩართული ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში. მარიას დღიურები მოგვითხრობს იმ დეტალებზე, თუ რა პირობებში უწევდა ცხოვრება მის ოჯახს ბოლშევიკების მმართველობის პერიოდში. ნამუშევრის სახელწოდება –  „It was 17 degrees outside, so i could stay a bit longer” – სწორედ მარიას ზემოაღნიშნული დღიურების ერთ-ერთი ტექსტის შესავალი ფრაზაა.

ყველა ისტორიას აქვს დასაწყისი. ამ ისტორიის დასაწყისი კი წყალია – წყალი როგორც სიცოცხლის დასაბამი. ინსტიტუტის აგების ისტორიის გასააზრებლად ჩვენ სწორედ წყლით დავიწყეთ და  არტისტი კოლეგის დახმარებით ორი ბალონი შავი ზღვის წყალი სევასტოპოლის ყურიდან მივიღეთ ფოსტით, სწორედ იქიდან, სადაც  „იმპერატრიცა მარია“ ჩაიძირა. ხარკოვში ფოსტით მიღებული ზღვის წყალი ძველი და ახალი ისტორიების დამაკავშირებლად და ჩვენი  ვიზუალური ფორმის დასაბამად იქცა. 

ჩაძირული გემის კოორდინატები, გემის კოლონები, შავი ზღვის სანაპიროდან წლის აღების დოკუმენტაცია, ლაზერებით გამოყოფილი გემის ნაწილები არქიტექტურაში

უნივერსიტეტის შენობაში ბევრი მიტოვებული უფუნქციო ადგილი მოვინახულეთ, მათ შორის – ბომბსაცავი, მიწისქვეშა მონოკრისტალების ლაბორატორია და სხვ. სამკვირიანი კვლევისა და მუშაობის შემდეგ, ჩვენ მიერ ჩამოყალიბებული პროექტების ამ სივრცეებში განხორციელებაზე ინსტიტუტის თანამშრომელი ფიზიკოსებისგან უარი მივიღეთ, იქიდან გამომდინარე, რომ ინსტიტუტი რთულად შეღწევადი სტრატეგიული ობიექტია და სივრცეების გასაჯაროება, მათი აზრით, გარკვეულ საფრთხეს წარმოადგენდა. განსაკუთრებული უკმაყოფილება გამოიწვია ერთ-ერთ მიწისქვეშა ლაბორატორიაში საოპერო არიის შესრულების იდეამ, რაც ფიზიკისა და ოპერის დაკავშირების აბსურდულ მცდელობად ჩათვალეს და მოგვიწოდეს ჩვენი იდეები ფიზიკასთან უფრო დაგვეახლოებინა.

ჩვენმა მრავალრიცხოვანმა წერილებმა, ონლაინ თუ ფიზიკურმა შეხვედრებმა ინსტიტუტის მმართველ გუნდთან და რეზიდენციის ორგანიზატორების შუამდგომლობამ, საბოლოოდ გამოიღო შედეგი. „ომი“ მოვიგეთ და დავიწყეთ ინტერაქცია სივრცეებთან და ვიდეოს გადაღებისთვის მზადება. 

 

ვან დე გრააფის გენერატორი უფტიში,  ოპერის დოკუმენტაცია ვან დე გრააფის გენერატორთან


სპეციალური დოკუმენტების შევსების შედეგად, ინსტიტუტის კარი მნახველებისათვის მხოლოდ ერთი დღით გაიხსნა.  

ნამუშევრის წარდგენის დღეს უფტი-ში, მიწისქვეშ არსებულ ყოფილ მონოკრისტალების ლაბორატორიაში, საბჭოთა კავშირში ყველაზე დიდი გენერატორის წინ, ადგილობრივმა ოპერის მომღერალმა – ნადეჟდა ნადიშკინამ შეასრულა არია ა.დარგომიჟსკის საბჭოთა ოპერიდან “მომაჯადოვე, მომაჯადოვე”. რომანტიკული ჟანრის ეს ნაწარმოები ეხმიანებოდა ფიზიკოსთა ჯგუფის მიერ საბჭოთა დროის ინსტიტუტის რომანტიზების მცდელობას და იმ  გადმონაშთებსა და მემკვიდრეობის სულს, რომელიც დღემდე ცოცხალია ამ სივრცეში. 

ფარნებით აღჭურვილ მნახველებს ბნელ, მიტოვებულ ოთახებში „მომაჯადოებელი“ ხმის მაგენერირებელ წყარომდე უნდა გაეკვლიათ გზა. გამოფენის მეორე ნაწილი კი მათ იმ ჩაძირული გემის კოორდინატებს წარუდგენდა სევასტოპოლში, რომელიც დღეს რუსეთის მიერაა ოკუპირებული. 

ბანერი ხარკოვის ქუჩაში წარწერით “მოპარულია”


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.