fbpx

კინოფორუმი: რა დავინახეთ, როდესაც ბაკურიანის კინოეკრანს ვუყურებდით


გააზიარე სტატია

ავტორი: ია ვეკუა

 

როგორ ათვინიერებენ ხეებს, სად ატარებენ არდადეგებს მკვდარი სულები, ანაც რას ვხედავთ, როდესაც ცას ვუყურებთ – ამ და სხვა კითხვებზე პასუხი იმ ფილმებშია, რომლებიც უკვე გადაღებულია, დასრულებულია და მაყურებელთან შესახვედრადაც მზადაა. მათ წინ გაქირავება და საფესტივალო მოგზაურობა ელით, იქამდე კი, ქვეყნის შიგნით იმოგზაურეს და საქართველოს ეროვნული კინოცენტრის ყოველწლიურ კინოფორუმზე, „ნახე პირველად ბაკურიანში“, წარდგნენ.

კინოპროფესიონალებისა და კრიტიკოსებისთვის განკუთვნილი, ერთგვარად საანგარიშო კინოფორუმი უკვე ტრადიციაა. უმეტესად, საპირისპირო ემოციებით სავსე, ზოგჯერ კი იმ სასიამოვნო განცდით გაჯერებული, როდესაც მთელი დარბაზი თანხმდება, რომ შესანიშნავი ფილმი ნახეს და რომ სწორედ ეს ფილმი შეიძლება მორიგი ახალი ეტაპის დასაწყისად მივიჩნიოთ. წლევანდელი კინოფორუმის პროგრამაში ასეთი ფილმი ნამდვილად იყო, თუმცა მასზე ოდნავ მოგვიანებით. აჯობებს, მოკლემეტრაჟიანი ფილმებით დავიწყოთ, რადგან მოკლემეტრაჟიანებით დაწყება ყოველთვის კარგი იდეაა, პირველ რიგში,  რეჟისორებისთვის, რადგან ასე უფრო მალე მიხვდები, ღირს თუ არა ამ საქმის გაგრძელება. 

წლევანდელ კინოფორუმზე ხუთი მოკლემეტრაჟიანი ვნახეთ: მიხო კვირიკაძის „ნათლობა იორდანეში“, გურამ ბაქრაძის „სასტუმრო მირაჟი“, ლუკა ბერაძის „ბოდიში დაგვიანებისთვის“, თორნიკე გოგრიჭიანის „პაპანაქება“ და სანდრო სულაძის „გუშაგები“. ბოლო ორი მართლაც აღსანიშნავი ნამუშევარი აღმოჩნდა. 

მსახიობმა თორნიკე გოგრიჭიანმა პირველი მოკლემეტრაჟიანი „ანდრო“ 2017 წელს გადაიღო და რამდენიმე საერთაშორისო პრიზიც მოიპოვა. თურქეთში სავაჭროდ წასული მამა-შვილის მოკლე თავგადასავალი, თანამედროვე ქართულ კინოში, სამსახიობო თამაშის ერთ-ერთ საუკეთესო მაგალითად იქცა, რაც „პაპანაქებაშიც“ წარმატებით გაიმეორა. „პაპანაქება“ ერთმნიშვნელოვნად სამსახიობო ფილმია, ოთხ პერსონაჟზე გამავალი სატირული (ანდაც, სატირალი) ისტორიაა, რომელსაც ია შუღლიაშვილი, არჩილ ქიქოძე, სოფო ქორიძე და სრულიად შესანიშნავი გაგა შიშინაშვილი წარმოგვიდგენენ. ფილმში გათამაშებული ამბავი ყველას გვინახავს, ეს ყველას გაგვიკეთებია ან ვინმესგან მაინც გვსმენია: ოთხ ზრდასრულ და-ძმას, ექიმი ატყობინებს, რომ მათ დედას რამდენიმე საათის სიცოცხლეღა დარჩენია. შვილებს მომაკვდავი მშობელი სახლში მიჰყავთ და იმავე წამს იწყებენ ნათესავ-ახლობლებისთვის შეტყობინებასა და სახლის დალაგება-დასუფთავებას, რის ფონზეც წლების განმავლობაში დაგროვებული  ჭუჭყი ზედაპირზე იწყებს ამოსვლას. ფილმის მცირე მეტრაჟის მიუხედავად, თორნიკე გოგრიჭიანი შესანიშნავად ახერხებს ამბის გაშლასაც, მთელი ირონიის ჩვენებასაც და ოთხივე პერსონაჟის სრულად დამუშავებასაც. 

პატარა ძმებზეა სანდრო სულაძის „გუშაგები“, რომელიც, თორნიკე გოგრიჭიანის ფილმისგან განსხვავებით, უფრო სარეჟისორო ნამუშევარი აღმოჩნდა და ოპერატორ ოლაფ მალინოვსკის ოსტატობაც დავაფასეთ. სოფლის განაპირას მცხოვრები ბიჭუნების მამა სოფელს შემოჩვეულ უცხო მხეცზე სანადიროდ მიდის და შვილებს რამდენიმე დღით მარტო ტოვებს. ბავშვებმა ერთმანეთზეც უნდა იზრუნონ, თხაზეც, სახლიც დაიცვან და მხეცის საიდუმლოც ამოხსნან, რომელიც იმაზე მიწიერი აღმოჩნდება, ვიდრე მათ ბავშვურ ფანტაზიებში იხატებოდა, თუმცა, პირველად შიშთან შეხვედრა და მასთან გამკლავება, ამ იმედგაცრუების შესანიშნავ კომპენსაციად იქცევა.   

 

ყველა მოველოდით, რომ დოკუმენტური კინოს სექციის ფავორიტი სალომე ჯაშის „მოთვინიერება“ იქნებოდა და, რამდენიმე დღით, ასეც იყო. ასწლოვანი ხეების ამოძირკვისა და სოფლის გზებზე, ავტომაგისტრალებსა თუ ზღვაზე მოგზაურობის ამბავი, საბოლოოდ, დენდროლოგიურ პარკში რომ მოუყარეს თავი და ტურისტების სანახაობად აქციეს, ყველას გვსმენია. სალომე ჯაშმა, თავის მორიგ ნამუშევარში, სწორედ ეს აბსურდი გააცოცხლა და მოგვითხრო ისე, როგორც ჯერ არსად გვინახავს. ეს იყო, ალბათ, ერთ-ერთი ყველაზე სევდიანი სანახაობა – ეკომიგრანტებივით იძულებით გადასახლებულთა ისტორია, თუმცა იმ განსხვავებით, რომ მათი საცხოვრებელი კვლავაც გამოდგებოდა ფესვების უფრო ღრმად გასადგმელად. ამ ფილმში მიწიდან მოგლეჯილი ხეებიც კი ადამიანებზე უფრო ცოცხლები არიან და ზოგჯერ მართლაც ადამიანურდებიან: მაშინ, როდესაც არსაიდან გამოჩენილი მეპატრონეები ისე აქებენ, თითქოს მაჭანკალი იყოს მოსული გოგოს ხელის სათხოვნელად ანაც, როდესაც მთელი სოფელი უკანასკნელ გზაზე აცილებს ხეს, რომლის ჩრდილში თვითონაც გაიზარდნენ, მათი შვილებიც, იყო ლამაზი, შრიალა, ყვითლდებოდა, იკვირტებოდა… ახლა კი… ახალ მიწას „მატრიცას“ პერსონაჟივით რაღაც მილებითაა მიერთებული, იმის მოლოდინში, რომ იქნებ ოდესმე მაინც შეეჩვიოს აქაურობას. იქამდე კი, საიდანღაც ხელოვნურად ამოხეთქილი პატარა შადრევნებით აცოცხლებენ.

 

კინოფორუმის ბოლო დღეს კეკო ჭელიძისა და კოტე კალანდაძის შესანიშნავი და ასევე დოკუმენტური „მკვდარი სულების არდადეგები“ ვნახეთ. ფილმი ჯგუფ „ამორალის“, შემდგომში კი „წერილის“ ბასისტ ლევან სვანიძეს გვაცნობს და, მასთან ერთად, საბჭოთა მემკვიდრეობის, 90-იანების, დაკარგული თაობებისა თუ ვერგადალახული წინაღობების ისტორიას გვიყვება. თანამედროვე დროში ხელმოცარული მუსიკოსის შესახებ დაწყებული ფილმი, ნელ-ნელა, ზრდასრული შვილისა და მისი დედის უსაზღვრო სიყვარულითა და მუდმივი ჭიდილით სავსე ურთიერთობაზე ერთვება და ერთ პატარა ოთახამდე დავიწროებული სამყაროს სასოწარკვეთილ ასახვად იქცევა. შესანიშნავად გამართული დრამატურგიით მიმდინარე ფილმი იმდენად კარგად ახერხებს მთავარი გმირების სიღრმეში ჩასვლას, რომ, უნებლიეთ, თვითანალიზის სურვილი გიჩნდება და ყველა ის განუხორციელებელი ოცნება ან დაწყებული საქმე გახსენდება, რომლებიც ვერასდროს დაასრულე, ვერასდროს გაექეცი ლევანის მსგავს წარსულს, მშობლებს, სახლს და იმ კედლებს, მთელი ცხოვრება რომ შესცქერი… 

წლევანდელ კინოფორუმზე ოთხი სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმიც ვნახეთ: ზაზა ურუშაძის „ანტონი“, დეა კულუმბეგაშვილის „დასაწყისი“, გია ბარაბაძის „გვიანი შემოდგომა“ და ალექსანდრე კობერიძის „რას ვხედავთ, როდესაც ცას ვუყურებთ“. ამ უკანასკნელის მიმართ მოლოდინი იმდენად დიდი იყო, რომ, შესაძლოა, წინა ფილმების ჩვენებამ ამიტომაც ჩაიარა ასე უღიმღამოდ, უინტერესოდ, უმიზნო კამათებისა და ცოტა უცნაური შეფასებების ფონზე. 

კობერიძე უკვე არის წლევანდელი ბერლინალეს მთავარი კონკურსის მონაწილე და ფიპრესის ჯილდოს მფლობელიც, თუმცა ჩვენთან უფრო იმ რეჟისორის სახელით იცნობენ, რომელმაც ბერლინის სცენიდან საჯაროდ გამოხატა რიონის ხეობის მცველთა მხარდაჭერა. 

 

ფილმი ერთი დიდი ფანტაზიაა, ორსაათნახევარზე გადაჭიმული სიყვარულის ამბავია და ქუთაისის, როგორც ქალაქის, ცოცხალ ორგანიზმად ტრანსფორმაციისა და მის წიაღში მცხოვრები ადამიანების ბედისწერის გამოძერწვის ოდაა. ფილმი ორი ადამიანის ურთიერთობის ხაზს, უფრო კი ხაზებს მიუყვება, რომლებიც ზოგჯერ ძალიან უახლოვდება ერთმანეთს, თუმცა გადაკვეთასა და შეერთებას მხოლოდ ამ ორის სრული გარდასახვის, ტყავის ბოლომდე გამოცვლისა და ერთმანეთის რეალურად შეცნობის შემდეგ თუ ახერხებენ. თუმცა აქ კიდევ ბევრი სიყვარულისთვის რჩება ადგილი – თავად ქალაქისა და, თუნდაც, ფეხბურთისადმი, რომლის მიმართ გულგრილი დამოკიდებულების შემთხვევაშიც იცი, რომ ის ნამდვილად წარმოადგენს დიდი სიყვარულის მიზეზს. რეჟისორისთვის სწორედ ფეხბურთია ის სიყვარული, რომელსაც წამიერად შეუძლია ერთმანეთს გაუთანაბროს მთავარი გმირი გიორგი, ვიღაც გამვლელი, ძაღლი ვარდი და თვით მდინარე რიონიც, რომელიც ფილმის ერთ-ერთი პერსონაჟია, ამბავს წითელი ხაზივით მიუყვება და მუდამ შეგვახსენებს, რომ იქ, სადღაც, მის მდორე ტბად ქცევას გეგმავენ. 

ალექსანდრე კობერიძის ფილმი სცდება ყველა ჩარჩოს, რომელშიც აქამდე თანამედროვე ქართული კინო ვითარდებოდა და ფორმირდებოდა. მან მართლაც მოახერხა ძალიან ქართული გარემო, განსაკუთრებით კი, კონკრეტული კულტურულ-ყოფითი მახასიათებლებით ცნობილი ქუთაისის საზღვრები გლობალურ მასშტაბამდე გაეფართოებინა, ევროპულ ესთეტიკამდე მაქსიმალურად მიეახლოებინა და კიდევ ერთხელ შეეხსენებინა ჩვენი ადგილი ამ სამყაროში.


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.