fbpx

კანის ფესტივალი 2021 – მონაწილეები და მოლოდინები


გააზიარე სტატია

ავტორი: ნინკა მამულაშვილი

 

2020 წელს კინოინდუსტრიამ დიდი დანაკარგი განიცადა, როდესაც პანდემიის გამო წლის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენა – კანის საერთაშორისო კინოფესტივალი ერთი წლით გადაიდო. კანის  74-ე კინოფესტივალი 6 ივლისს გაიხსნა და 17 ივლისამდე გაგრძელდება. კინოფესტივალის ჟიურის თავმჯდომარე რეჟისორი სპაიკ ლია, რომლის შავი კომედია “შავი კუკლუქსკლანელი” 2018 წელს გრანპრის მფლობელი გახდა. ფესტივალის გახსნის ცერემონიის საპატიო სტუმარი მსახიობი ჯოდი ფოსტერი იყო, რომელიც მისი შემოქმედების პატივისცემის ნიშნად, საპატიო “ოქროს პალმის რტოს” მიიღებს. 

ფრანგი რეჟისორი ლეო კარაქსი კინოფესტივალს 2012 წლის ფილმის – Holy Motors შემდეგ მიუზიკლით  – Annette დაუბრუნდა. Annette ფესტივალის გამხსნელი ფილმი იყო, რომელშიც მთავარ როლებს მარიონ კოტიარი და ადამ დრაივერი ასრულებენ. დრაივერი სთენდაფ კომიკოსს განასახიერებს, კოტიარი კი სახელგანთქმულ სოპრანოს. წყვილის ცხოვრება რადიკალურად იცვლება მათი შვილის, ანეტის დაბადების შემდეგ, რომელსაც უნიკალური ნიჭი აქვს. კრიტიკოსების შეფასებით, ფილმი კინოსა და მუსიკის მოყვარულთათვის ნამდვილი სანახაობა იქნება. 

საზოგადოება განსაკუთრებით დიდი ინტერესით ელოდება ამერიკელი რეჟისორის, უეს ანდერსონის მეათე ფილმს, სახელწოდებით – The French Dispatch, რომლის ჩვენებაც ჯერ კიდევ შარშანდელი კინოფესტივალის ფარგლებში იგეგმებოდა. ფილმის სიუჟეტი საფრანგეთში, გამოგონილ ქალაქში ვითარდება და ის ამერიკული გაზეთის ჟურნალისტების შესახებ მოგვითხრობს. ანდერსონი, როგორც ყოველთვის, არაორდინალური გადაღების სტილით, აბსურდული ისტორიებითა და სხვადასხვა ჟანრის შერწყმით გამოირჩევა. ფილმში ისეთი მსახიობები მონაწილეობენ, როგორებიც არიან: ფრენსის მაკდორმანდი, ტიმოთი შალამე, ბილ მარი, ტილდა სუინტონი, ადრიან ბროუდი და სხვა. რეჟისორის ბოლო სრულმეტრაჟიანი ფილმი 2014 წლის აღიარებული კომედია “სასტუმრო გრანდ ბუდაპეშტია”.  

გასპარ ნოე კინოფესტივალზე ახალი ფილმით – Vortex-ით წარდგება, რომელსაც რეჟისორის პროვოკაციული სტილიდან გამომდინარე დიდ გამოხმაურებას უწინასწარმეტყველებენ. Vortex დოკუმენტური სტილის ფილმია, რომელიც მოხუცი წყვილის უკანასკნელი დღეების შესახებ მოგვითხრობს. ნოეს ერთ-ერთი ყველაზე სკანდალური ფილმის, პორნოგრაფიული 3D დრამის, Love-ის (სიყვარული) პრემიერა სწორედ 2015 წლის ფესტივალის ფარგლებში შედგა. ასევე უნდა აღინიშნოს, რომ რეჟისორის საუკეთესო ფილმად აღიარებული ფსიქოლოგიური ტრილერი, Climax (ექსტაზი), 2018 წლის ცერემონიაზე Art Cinema-ს  გამარჯვებული გახდა. 

პროგრამაში კინოფესტივალის ფავორიტი რეჟისორის, ფრანსუა ოზონის უახლესი ფილმი, Everything Went Fine, მოხვდა. ფილმი ემანუელ ბერნჰემის ავტობიოგრაფიული რომანის ადაპტაციაა 85 წლის კაცის შესახებ, რომელიც ინსულტის შემდეგ ქალიშვილს სიცოცხლის დასრულებაში დახმარებას სთხოვს. ფილმში მთავარ როლებს სოფი მარსო, შარლოტ რემპლინგი და ანდრე დუსოლიე ასრულებენ. 

წლევანდელი კინოფესტივალის კიდევ ერთი საინტერესო ფილმია ჰოლანდიელი რეჟისორის, პოლ ვერჰოვენის ბიოგრაფიული დრამა – Benedetta. ფილმი ჯუდით ბრაუნის 1986 წლის წიგნს ეფუძნება, რომლის სიუჟეტიც მე-17 საუკუნეში ვითარდება და ის იტალიის ერთ-ერთი მონასტრის მონაზონის ქალთან რომანტიკული ურთიერთობის შესახებ მოგვითხრობს. 

2021 წლის “კანის კლასიკის” სექციაში თენგიზ აბულაძის ფილმი “მონანიება” მოხვდა. აღსანიშნავია, რომ “მონანიების” მსოფლიო პრემიერა სწორედ კანში  1987 წელს გაიმართა და ის პირველი ქართული ფილმია, რომელიც ფესტივალზე 3 ჯილდოს მფლობელი გახდა, მათ შორის მთავარი ჟიურის სპეციალური პრიზის.

გავიხსენოთ 72-ე კინოფესტივალის ფავორიტი ფილმებიც. 2019 წლის ერთ-ერთი გამორჩეული ფილმი კვენტინ ტარანტინოს “ერთხელ ჰოლივუდშია”, რომელშიც რეჟისორის ხელწერა აშკარაა მისი სარკასტული იუმორითა და ტიპური “ტარანტინოსებრი” ფინალით. ფილმი 60-იანი წლების ჰოლივუდისადმი სასიყვარულო წერილია, რომელშიც რეჟისორი მის აბუჩად აგდებასაც კი არ ერიდება. გარდა შთამბეჭდავი სცენარისა, ფილმში განსაკუთრებით გამორჩეული ლეონარდო დიკაპრიოს და ბრედ პიტის დუეტია. ისინი იდეალურად ერგებიან რეჟისორის სპეციფიკურ სტილს. 

მიუხედავად ტარანტინოს გენიისა, 2019 წლის ყველაზე მნიშვნელოვანი ფილმი ბონგ ჯუნ-ჰოს კორეული შედევრი “პარაზიტია”, რომელიც კინოფესტივალის მთავარი პრიზის – “ოქროს პალმის” მფლობელი გახდა. რეჟისორი ფილმს აღწერს როგორც “კომედიას კლოუნების და ტრაგედიას ბოროტმოქმედების გარეშე” და ის ორი ოჯახის საპირისპირო სოციალ-ეკონომიკური მდგომარეობის “შექსპირისეულ” ისტორიას მოგვითხრობს, სადაც “პარაზიტობა” ცხოვრების პრინციპს და სხვის ხარჯზე არსებობას ასახავს.

კანის ფესტივალის  იდეა საფრანგეთში ვენეციის კინოფესტივალის ალტერნატიული კინოპლატფორმის შექმნას წარმოადგენდა, 1938 წლისთვის კი ფაშისტური პროპაგანდის ნაწილი გახდა, რომელშიც ფილმების სიას და პრიზებს მუსოლინი და ჰიტლერი განსაზღვრავდნენ. 1939 წელს კანის პირველი კინოფესტივალი ჩატარდა. შერჩეული ლოკაცია ტურისტებში პოპულარობამ განაპირობა. 

„კანის კინოფესტივალზე მთავარია არა ის, რაზეა ფილმი, რის შესახებ გვიამბობს მისი ავტორი, არამედ  როგორი კინოა, როგორ არის გაკეთებული!“ – ასე შეაფასა ცნობილი კინოფორუმი კანის კინოფესტივალის ყოფილმა დირექტორმა ჟილ ჟაკობმა. მიუხედავად ოსკარის მასშტაბურობისა, კინოინდუსტრიაში არ არსებობს რეჟისორი, რომელიც პრესტიჟული „პალმის რტოზე“ არ ოცნებობს. გარდა იმისა, რომ ფესტივალი კონცეპტუალურ და გლამურულ შინაარს აერთიანებს, კანის განსაკუთრებულობას განსაზღვრავს ის ფაქტი, რომ ის დაარსების დღიდან თავდაპირველი მიზნის ერთგულია – ხელი შეუწყოს კინოხელოვნების განვითარებას და მისი მნიშვნელობა საერთაშორისო დონეზე გაზარდოს. 

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.