fbpx

„მე რო ლექსი დავწერე“ – ქართველი ხელოვანების ჯგუფური გამოფენა გალერეა ართბითში


გააზიარე სტატია

ავტორები: გიორგი ნაზღაიძე, ზუკა ცირეკიძე

 

24 ივნისიდან 5 სექტემბრის ჩათვლით გალერეა ართბითი წარმოგიდგენთ ჯგუფურ გამოფენას, ”მე რო ლექსი დავწერე”.

გამოფენაზე წარმოდგენილია ქართველი ხელოვანების ნამუშევრები. ესენია:

 

ნათია ბუკია – გამოფენის კურატორი:

„ეს გამოფენა პირველი პირადი დაკვირვება და მცდელობაა ქართულ თანამედროვე ხელოვნებაში საკუთარი “ენის ძიებისა. მაგრამ იმის მაგივრად, რომ შედეგი პასუხს მოიცავდეს, ის უფრო კითხვების დასმაა. 

რამდენად საჭიროა, რომ თანამედროვე ხელოვნებას იდენტობა ჰქონდეს? და თუ საჭირო არ არის, რამდენად შეუძლია ხელოვანს ამ გავლენებს გაექცეს? რამდენად გვჭირდება ჩვენ, ადამიანებს, როგორც ხეებს – ფესვები და  ეს ფესვები რამდენად უნდა იყოს გეოგრაფიასთან და ასევე, შემთხვევითობით და ერთობლივი ძალისხმევით გადაკვეთილი ადამიანების ერთობასთან დაკავშირებული? 

რამდენად აქტუალურია დღეს, რაზეც დავით კაკაბაძე ფიქრობდა ერთი საუკუნის წინ, რომ ქართული მხატვრობის აღორძინება, რომელიც თითქმის გამქრალი იყო, მხოლოდ ქართული “ენის” პოვნით იქნებოდა შესაძლებელი? იქნებ  პირიქით, გარეთ ყურებით  მოხერხდებოდა ამ მიზნის მიღწევა? ეროვნული ფორმიდან გასვლით და მხოლოდ ამ სახით უფრო დიდთან, უნივერსალურთან შეერთებით? ან იქნებ სწორედ უნივერსალურთან შეერთება საჭიროებს ძალიან კონკრეტულზე კონცენტრაციას, რადგან ადამიანი რა არის, თუ არა პირადი  პერსონალური გამოცდილების ერთობლიობა და მხოლოდ ამ ინდივიდუალურის ფორმირებით, რომელიც, იმავდროულად, შეიძლება კრებითშიც ერთიანდებოდეს, იქმნება ჭეშმარიტად უნივერსალური? და შეიძლება კი ადამიანმა პირადი გამოცდილებიდან განდევნოს ის, რაც მისი ინდივიდუალიზმის შექმნაში ასეთი გადამწყვეტი შეიძლება იყოს? ან არის კი გადამწყვეტი?

არ ვიცი, რამდენად მიუახლოვდება  ჩემი ძიების შედეგი  იმას, რაც ძმებმა ზდანევიჩებმა აღმოაჩინეს, როდესაც 1912 წლის ზაფხულში თბილისში ჩამოვიდნენ ქართული ეროვნული ხელოვნების ნიშნების საძებნელად, მაგრამ ამას მნიშვნელობა არ აქვს. ძიებას ყოველთვის აქვს აზრი. 

და რადგან პოეზია ყოველთვის იყო ქართველი ხალხის საყვარელი ხელოვნება, რომც ვერაფერიც აღმოვაჩინოთ, ეს გამოფენა დარჩება ლექსად,  იმ მხატვრების  დაწერილად, რომლებიც ამ გამოფენაში მონაწილეობენ და მიძღვნილად მათ წარმოდგენაზე,  რა არის მათთვის  იდენტობა. 

ჩემგან კი ეს ლექსი ეძღვნება იმ ადგილს, სადაც ხალხის ძალისხმევამ  და შემთხვევითობებმა შექმნა ის, რასაც საქართველო ჰქვია და იმ ხალხს, რომელიც შექმნა ამ ადგილმა და რომელსაც ქართველი ერი ჰქვია. და ასევე, ეს გამოფენა ეძღვნება ფიროსმანს, რადგან შეიძლება ის ერთადერთიც იყოს, ვინც მოგვცა იმის შესაძლებლობა, რომ რამეს ქართული ხელოვნება ვუწოდოთ.“


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.