fbpx

არგენტინა ზეიმობს!


გააზიარე სტატია


ავტორი: აჩიკო ბენაშვილი

 

შეიძლება ითქვას, რომ წლევანდელი სანაკრებო ტურნირებისგან ფეხბურთის მოყვარულებმა დიდი სიამოვნება მიიღეს, რადგან ყველაფერმა ისე ჩაიარა, როგორც დიდ ტურნირებს შეშვენის და გამარჯვებულებმაც მშვენიერი შთაბეჭდილება მოახდინეს თავიანთ გულშემატკივრებზე.

კოპა ამერიკა უჩვეულო გამოდგა, რადგან ბრაზილიის ვეებერთელა სტადიონების ცარიელი ტრიბუნები, თითქოს მეტ დრამატიზაციას სძენდა იმ უკომპრომისო ბრძოლებს, რომლებიც სამხრეთ ამერიკელთათვის ტრადიციულად, ტექნიკის დემონსტრირებითა და უხეშობით გამოირჩევა.

არსებული სიტუაციიდან გამომდინარე, სტუმრები წლევანდელ კოპა ამერიკაზე არ დაუპატიჟნიათ და ტურნირმაც მკაცრად, მხოლოდ ლათინური ამერიკის ათი სახელმწიფოს გუნდების მონაწილეობით განვლო. 

გაირკვა, რომ ეპიდემიოლოგიური თუ კიდევ პოლიტიკურ-ეკონომიკური სიტუაციიდან გამომდინარე, მასპინძლობას მხოლოდ ბრაზილია თუ შეძლებდა და ამიტომ ეს მისია უკვე ზედიზედ მეორედ  სამხრეთ ამერიკის ყველაზე დიდ ქვეყანას ხვდა წილად.

გუნდები ორ ჯგუფად დაყვეს და მეოთხედფინალისტები მათგან ოთხ-ოთხმა საუკეთესომ გამოავლინა.

რისკიანი გზა აირჩია ჩილეს ნაკრებმა, რომელმაც ჯგუფში სუსტად იასპარეზა და მეოთხედფინალში პირდაპირ ბრაზილიას დაეჯახა.

2015 და 2016 წლების ტურნირების გამარჯვებულის სასახელოდ უნდა ითქვას, რომ მან სასტიკი ბრძოლა გამოუცხადა უდავო ფავორიტს, რომელსაც მატჩის 65-ე წუთიდან მოყოლებული, ათი კაცით მოუწია თამაში და ანგარიშის შენარჩუნებაზე ზრუნვა. 

საბოლოოდ, ბრაზილიის ნაკრებმა გაჭირვებით  – ანგარიშით 1:0 დაამარცხა ჭირვეული მეტოქე. მასპინძელმა ნახევარფინალშიც ანალოგიური ანგარიშით იმარჯვა პერუს ნაკრებთან შეხვედრაში და  არგენტინელებთან ფინალურ მატჩამდე არაერთი კითხვის ნიშანი დატოვა თავის ნამდვილ შესაძლებლობებთან დაკავშირებით.

არგენტინის ნაკრების ფინალისკენ მიმავალი გზა კი ეკალბარდებით მოსილი აღმოჩნდა, რადგან ეკვადორის „ცალი ფეხით“ დამარცხების შემდეგ, ნახევარფინალში მას საკმაოდ სერიოზული ძალა – კოლუმბიის ნაკრები დაუპირისპირდა. 

ლიონელ მესიმ ამ მატჩში ტრადიციულად გაიბრწყინა და მის დებიუტშივე საგოლე გადაცემა მიითვალა. არგენტინის ნაკრების ლიდერი განუწყვეტლივ ჩანდა ტელეეკრანებზე, რადგან კოლუმბიელ მცველებს მის წინააღმდეგ წამდაუწუმ თამაშის წესის დარღვევა უწევდათ.

მესის ორჯერ შეეძლო მისივე მოპოვებული სტანდარტული სიტუაციიდან თავის გამოჩენა, მაგრამ ეკვადორის ნაკრებთან ფანტასტიკურად შესრულებული საჯარიმო დარტყმის გამეორება ვერ შეძლო.

სამაგიეროდ კოლუმბიელებმა მეორე ტაიმში თამაში შეძლებისდაგვარად გაამწვავეს და ერთ-ერთი იერიშისას ანგარიში გაათანაბრეს.

საგოლე ეპიზოდში ლუიშ დიაშმა გაიბრწყინა, რომლის სწრაფი ინდივიდუალური გარღვევის და ურთულესი სიტუაციიდან შესრულებული დარტყმის წინააღმდეგ ვერაფერი გააწყვეს არგენტინელთა მცველებმა და გოლკიპერმა.

კოპა ამერიკაზე დამატებითი დრო რეგლამენტიდან ამოღებულია და ამიტომ გუნდები ურთიერთობის გარკვევას მატჩის დასრულებისთანავე თერთმეტმეტრიანებით შეუდგნენ.

თუკი კოლუმბიელთა სახელგანთქმულმა მეკარე დევიდ ოსპინამ საკუთარი გუნდი მეოთხედფინალიდან ურუგვაელებთან თერთმეტმეტრიანების სერიაში „გაიყვანა“, ამჯერად მატჩის გმირად უკვე მისი არგენტინელი კოლეგა – ბირმინგემის „ასტონ ვილას“ დიდებული გოლკიპერი – მარტინესი იქცა, რომელმაც კოლუმბიელთა სამი (!) პენალტი მოიგერია.

სწორედ მარტინესის დამსახურებით ასრულდა ფეხბურთის მილიონობით თაყვანისმცემლის ოცნება და კოპა ამერიკის ფინალი, 2007 წლის შემდეგ პირველად, მსოფლიოს უმნიშვნელოვანეს საფეხბურთო დაპირისპირებად იქცა!

ფინალს ეშხს  ლიონელ მესის ფაქტორიც სძენდა, რადგან კარიერის ბოლოს მაინც ხომ უნდა ღირსებოდა ფეხბურთის ლეგენდა პირველ სანაკრებო ტიტულს? 

მესიმ 2014 წელს ითამაშა მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალში და სამჯერ – 2007, 2015 და 2016 წლებში კოპა ამერიკის ფინალში, მაგრამ მისი გუნდი ოთხივეჯერ, თანაც გატანილი გოლის გარეშე დამარცხდა.

ფინალამდე ერთი დღით ადრე, მესამე ადგილისთვის  ერთმანეთს ნახევარფინალებში დამარცხებული კოლუმბიის და პერუს ნაკრებები დაუპირისპირდნენ. 

თუკი ევროპელები მესამე ადგილისთვის თამაშს თაკილობენ, სამხრეთ ამერიკაში კონტინენტის მესამე გუნდის სახელის ტარება საკმაოდ პრესტიჟულია იმ გუნდებისთვის, რომლებსაც კონტინენტის ჩემპიონობის მცირე შანსი აქვთ.

პერუს ნაკრების სასახელოდ უნდა ითქვას, რომ მან სენსაციურად, შარშანდელი ტურნირის ფინალამდე მიაღწია, რომელიც ბრაზილიელებთან დათმო. კოლუმბიელებთან მატჩში კი იგი პირველი ტაიმის დამატებულ წუთზე დაწინაურდა და შესვენებაზე ამაღლებულ განწყობაზე გავიდა.

მეორე ტაიმი პირველის მსგავსად, ორმხრივი შეტევებით წარიმართა. მატჩის გმირად კი არგენტინელთა კარში გოლის ავტორი ლუიშ დიაში იქცა, რომელმაც პერუელთა კარში სტანდარტული სიტუაციიდან კუადრადოს საპასუხო გოლის შემდეგ, ორჯერ დააწინაურა კოლუმბიის ნაკრები.

განსაკუთრებით დასამახსოვრებელი მისი მესამე გოლი იყო მატჩის დამატებულ მეოთხე წუთზე, როდესაც გუნდები უკვე თერთმეტმეტრიანების დასარტყმელად ემზადებოდნენ. 

დიაშმა დაახლოებით 22 მეტრის დისტანციიდან უძლიერესი დარტყმით დალაშქრა მეტოქის კარი და მატჩის საბოლოო ანგარიში – 3:2 დააფიქსირა კოლუმბიის ნაკრების სასარგებლოდ. 

დიაშმა ტურნირზე ოთხი გოლი მიითვალა, რომელთაგან ულამაზესია ჯერ კიდევ ჯგუფურ ეტაპზე ბრაზილიის ნაკრების კარში მაკრატელათი გატანილი ბურთი. საინტერესოა, რომ მსგავსი ილეთით „პორტუს“ მარცხენა გარემარბმა პერუს ნაკრებთანაც შეასრულა დარტყმა, მაგრამ მეტოქის მეკარე პედრო გალესემ მისი მოგერიება შეძლო.

მესამე ადგილისათვის გამართული მატჩისგან განსხვავებით, ფინალი ერთადერთი გოლით შემოიფარგლა. დაპირისპირება კი მთლიანობაში შესანიშნავი გამოდგა ფეხბურთის ჭეშმარიტი გურმანებისთვის, რომლებიც თამაშს არა გატანილი გოლების რაოდენობის, არამედ მისი ხარისხის მიხედვით აფასებენ.

მატჩის 22-ე წუთზე როდრიგო დე პოლის მიერ საკუთარი ნახევრიდან შესრულებული გადაცემა ანხელ დი მარიამ მოხდენილად მოირგო მარცხენა ფეხზე და მარცხენითვე გადაუგდო თავზე კარიდან წინ გამოსულ ედერსონს. 

ანხელ დი მარიას გოლი ოქროს ასოებით ჩაეწერა არგენტინის ნაკრების ისტორიაში, რადგან მან 1993 წლის შემდეგ პირველი ტიტული შესძინა ამ გუნდის სახელოვან წარსულს.

თუკი გავითვალისწინებთ, რომ არგენტინის ნაკრებს მთელი მეორე ტაიმის მანძილზე მოუწია ბრაზილიელთა გაძლიერებული იერიშების მოგერიება, მაგრამ საკუთარი კარის მშრალად შენახვა მაინც მოახერხა, გამოდის, რომ მან დაცვაში და ნახევარდაცვაში თითქმის უშეცდომოდ ითამაშა. 

მეტიც, უშიშარი არგენტინელები ხშირად ინიციატივას თავად ეუფლებოდნენ და არანაკლები რაოდენობის სახიფათო ეპიზოდებს   ქმნიდნენ მეტოქის კართან.

მატჩის 88-ე წუთზე მესი უაღრესად ხელსაყრელ სიტუაციაში აღმოჩნდა მეკარე ედერსონთან პირისპირ, მაგრამ, ეტყობა, ემოციურად იმდენად რთული იყო არგენტინელთა კაპიტნისთვის ამ ეპიზოდის გოლად გარდასახვა, რომ მას ფეხი დაუცდა და დარტყმა საერთოდ ვერ მოახერხა…

არგენტინელთაგან გამორჩეული იყო საგოლე გადაცემის შემსრულებელი როდრიგო დე პოლი. „უდინეზეს“ ფეხბურთელმა კარიერის უმნიშვნელოვანესი მატჩი უმაღლეს დონეზე ჩაატარა და სავარაუდოდ, არაერთი ტოპ-კლუბის ყურადღება მიიპყრო.

ბრაზილიელთა შორის, რა თქმა უნდა, გამოირჩეოდა ნეიმარი, მაგრამ ფეხბურთელთა თანავარსკვლავედში გუნდური სულისკვეთება ნაკლებად შეინიშნებოდა არგენტინელებთან შედარებით.

ამ მხრივ წინასწარმეტყველური აღმოჩნდა ბრაზილიელ ფეხბურთელ კაზემიროს მიერ მატჩის წინ ნათქვამი  სიტყვები. მან აღნიშნა, რომ არგენტინის ნაკრების ძალა არა მხოლოდ მესია, არამედ გუნდური სულისკვეთება, ხოლო ბრაზილიის დაცვით ხაზს კი კაზემიროს გარდა, სხვა მცველებიც წარმოადგენენ.

სწორედ ბრაზილიელ მცველ რენან ლოდის ბრალდება ის გოლი, რომელიც მისი მხრიდან ტექნიკურ წუნთან ერთად, დაცვითი ხაზის ერთობლივი ქმედებებიდან ამოვარდნის შედეგიცაა.

კოპა ამერიკის მოგება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მესისა და დი მარიასთვის, რომელთა კარიერასაც აქამდე მხოლოდ საკლუბო ტიტულები ამშვენებდა.

არგენტინა სამხრეთ ამერიკის კონტინენტის გამარჯვებული მეთხუთმეტეჯერ გახდა და ამ მაჩვენებლით ის ურუგვაის ნაკრებს გაუთანაბრდა, რომელმაც კოპა ამერიკა უკანასკნელად 2011 წელს მოიგო.

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.