fbpx

პოსტმოდერნისტული პეტროგლიფები – მანუჩარ ოქროსცვარიძე და თათია დარჩიაშვილი


გააზიარე სტატია

 

ავტორი: ანა გაბელაია

 

“დედიკას გალერეაში” მანუჩარ ოქროსცვარიძისა და თათია დარჩიაშვილის დუო გამოფენას – “პოსტმოდერნისტული პეტროგლიფები” – დახურვის დღეს მივუსწარი. გამოფენის სათაურმა და კონცეფციამ საშუალება მომცა, არ შევზღუდულიყავი რომელიმე კონკრეტული თემით და ნამუშევრები ჩემი ფიქრებისა თუ ინტერპრეტაციებისთვის მომერგო. 

მანუჩარის და თათიას ნამუშევრები თითქოს მოკლე ფრაზებს თუ სიტყვებს ისროდნენ დამთვალიერებლის მიმართულებით და ამ შეგრძნებას უფრო ამძაფრებდა სივრცის შუაში განთავსებული თათია დარჩიაშვილის ინსტალაცია, სადაც ბავშვის სკულპტურული გამოსახულება შეწუხებული სახით დაჰყურებს  ქვიშაზე დაწერილ, ერთი შეხედვით ბანალურ სიტყვებს: სიყვარული, მეგობრობა, სიკეთე, თანაგრძნობა.  ეს სიტყვები სხვა ნამუშევრებიდან გადმოსულს ჰგავდა და მათი სია დამთვალიერებლის ფიქრებში კიდევ შეიძლებოდა გაგრძელებულიყო: მარტოობა, შიში, ადამიანების რთული  ურთიერთობები საკუთარ თავთან თუ საზოგადოებასთან, სამყაროსთან, რომელშიც ვცხოვრობთ – ეს  იყო ის საკითხები, რისი პროვოცირებაც გამოფენამ ჩემში მოახერხა. 

მაშინვე დამაინტერესა თავად არტისტების აზრმა მათსავე ნამუშევრებზე, ამიტომაც, გთავაზობთ ინტერვიუს ორ ხელოვანთან, რომლებიც როგორც საკუთარ, ასევე ერთმანეთის შემოქმედებაზეც ისაუბრებენ:

გამოფენის სათაური უკვე ქმნის სააზროვნო სივრცეს, რომელიც დამთვალიერებელს საკუთარი ინტეპრეტაციისთვის განუსაზღვრელ ადგილს უტოვებს. საიდან გაჩნდა “პოსტმოდერნისტული პეტროგლიფები” და როგორია კონცეფციის თქვენეული ინტერპრეტაცია? 

მანუჩარ: მუშაობის პროცესში, ერთმანეთთან საუბრისას, ჩვენი ნამუშევრების ნაწილი თავისი მინიმალისტური გამომსახველობის და ნიშნებთან და სიმბოლოებთან მიახლოებული ენის გამო, არქაულ, გამოქვაბულის პერიოდის ადამიანის მხატვრობას შევადარეთ. შესაძლოა, ეს ასოციაცია იმანაც გააძლიერა, რომ მუშაობა ძირითადად პანდემიური ჩაკეტვისას, იზოლირებულ სივრცეში მიმდინარეობდა. აქედან გაჩნდა იდეა, რომ გამოფენის სათაურში ტერმინი „პეტროგლიფები“ გამოგვეყენებინა, რომელიც, ძირითადად, ძველი ადამიანის მიერ კლდეზე, ხშირ შემთხვევაში თავშესაფრის კედლებზე ამოკვეთილი ან ამოკაწრული ნიშნების აღმნიშვნელ ტერმინად გამოიყენება. თუმცა სრული ასოციაცია ძველ გამოსახულებებთან შეუძლებელია, რადგან თანამედროვე ადამიანი კულტურით,  ისტორიით და ტექნოლოგიებითაა დატვირთული.  ამიტომაც პეტროგლიფებს “პოსტმოდერნისტული“ დაემატა ☺ 

თათია: სანამ გამოფენის სათაურსა და კონცეფციაზე ვიმსჯელებდით, თავისთავად ის მდგომარეობა, რომელშიც მუშაობისას აღმოვჩნდით, გარკვეულად უკავშირდებოდა პეტროგლიფების შექმნის არქაულ პერიოდს. სახელოსნო აღმოჩნდა მყუდრო, დაცული და ჩაკეტილი სივრცე, სადაც ჩვენი ნამუშევრების საშუალებით ვქმნიდით გარე სამყაროსთან საკომუნიკაციო ველს. ვიზუალური კუთხით სადა და მინიმალისტური ნახატები თავისი გამომსახველობითი ენით პეტროგლიფებთან დავაკავშირეთ, რადგან ორივე მათგანი ინფორმაციის გაცვლისა თუ გაზიარების საშუალებად აღვიქვით. ერთი პირველყოფილი გულწრფელობითა და სამყაროს ილუსტრირების სურვილით გაჯერებული, მეორე კი, მე ვფიქრობ, კულტურული თუ ინტელექტუალური თვალსაზრისით ბევრად მრავალშრიანი და თანამედროვე ადამიანის თვალისთვის ადვილად ამოსაცნობი. 

სხვადასხვა მედიუმსა და მასალაში შესრულებული თქვენი ნამუშევრები, თითქოს ერთი თემის გარშემო ტრიალებს, თუმცა სხვადასხვა რაკურსით აჩვენებს მას. რა არის თითოეულის სათქმელი და სად არის ის კვეთა, რომელიც გამოფენას ამთლიანებს? 

თათია: თემები, რომლებიც ჩვენს ყურადღებას იქცევს, შეიძლება აღმოჩნდეს საერთო, თუმცა ნამუშევრების შექმნამდე არასოდეს განვიხილავთ წინასწარ, რაზე ვფიქრობთ ან რისი გაკეთება გვინდა. ჩვენ ერთი საერთო სივრცე და გარემო გვაქვს. ეს ალბათ გარკვეულწილად უკვე განაპირობებს  საერთო თემების არსებობას. 

მახსენდება ბერლინში ჩვენი დუო გამოფენა, როცა ექსპოზიციის მოწყობის წინ ვნახეთ ერთმანეთის ნამუშევრები და აღმოჩნდა, რომ მანუჩარის ტექსტი, რომელსაც ის წარადგენდა და ჩემი ერთ-ერთი ნამუშევარი, რომელიც იქ დავხატე, ერთსა და იმავე თემას ეხებოდა. 

ბოლო გამოფენაზე გვინდოდა, საერთო ესთეტიკური სივრცე შეგვექმნა, ისე რომ მკვეთრი საზღვრები, თუ სად სრულდებოდა ერთი ავტორი და გრძელდებოდა მეორე, არ გამოკვეთილიყო, მიუხედავად იმისა, რომ გამოცდილი თვალი ორივეს ნამუშევრებს ადვილად ამოიცნობდა. მანუჩარისას გარკვეულწილად სქემატურობითა და მკაცრად დაცული ხაზობრივი თუ ლაქობრივი წყობით, ხოლო ჩემსას უფრო მეტი იმპულსურობითა და არა წინასწარგანსაზღვრულობით. 

კონკრეტულად ამ გამოფენაზე წარმოდგენილ ჩემს ნახატებს მოკლე თხრობით წინადადებებს ვადარებ, რადგან ვგრძნობ, აღარ მჭირდება ბევრი სიტყვა და ამ ლაკონურობით უფრო ადვილად ვახერხებ კონკრეტული გზავნილის გადმოცემას. მათში წლების მანძილზე განცდილი და დაგროვილი ცოდნის შესახებ მივანიშნებ, რაც თემატურად გამოფენაზე წარმოდგენილ ინსტალაციასთან –  „ხელმეორედ დაბადება“ –  პოულობს საერთოს. 

ეს არის ჩემი შეხედულებები სიცოცხლისა და ურთიერთობების სიმყიფეზე. ადამიანის ცნობიერების თვისებაზე იყუროს წარსულსა და მომავალში და აქედან გამომდინარე – მოუხელთებელ აწმყოზე. იმაზე, თუ როგორ კონტრასტს ქმნის ბავშვის გულწრფელობა და თავისუფლება ჩარჩოსა და გარკვეულ სისტემაში მოქცეულ საზოგადოებასთან მიმართებაში; ადამიანთა მძიმე ყოველდღიურობასა და წნეხზე; საკუთარ თავში ჩაღრმავებისა და კვლევის აუცილებლობაზე და ა. შ. 

მანუჩარ: გამოფენამდე ჩვენ  ერთ სივრცეში ვმუშაობდით. . მიუხედავად იმისა, რომ  წინასწარ არასოდეს ვათანხმებდით ერთმანეთთან, რა ნამუშევრის გაკეთებას ვაპირებდით კონკრეტულად ამ გამოფენისთვის, ზოგადად, ჩვენი ერთად ცხოვრება და მუშაობა, რა თქმა უნდა, მოიცავს სხვადასხვა თემაზე საუბრებს და ინფორმაციის მიმოცვლას.  ამიტომ გასაკვირი არ არის, რომ თემებიც და გამომსახველობაც ხშირად იკვეთება. 

მითუმეტეს, რომ ექსპოზიციის კეთებისას და ნამუშევრების შერჩევისას გალერისტ/კურატორთან (დედიკა ბულია) ერთად ვიზრუნეთ და საკმაო ენერგია დავხარჯეთ იმაზე, რომ გამოფენა მთლიანი და ჰარმონიული ყოფილიყო. ვფიქრობ, ერთ-ერთი თემა თუ ხაზი, რომელიც ორივეს ნამუშევრებში ჩანს, მაგრამ სხვადასხვა რაკურსით, როგორც შენ აღნიშნე, შეიძლება ითქვას, რომ დაპირისპირებების თემაა. იგულისხმება როგორც შინაგანი, ისე გარემოსთან დაპირისპირებები ან კონფლიქტები – მდგრადისა და ცვალებადის, ცნობიერისა და არაცნობიერის, შემოსაზღვრისა და განვრცობის, მეხსიერებისა და მომავლის დაპირისპირებები. 

ამ თემებზე მუშაობისას ძირითადი კვეთა ალბათ იქ მოხდა, რომ ორივემ უარი ვთქვით ნარატიულობაზე, ისტორიების მოყოლაზე და მხოლოდ მდგომარეობებით დავინტერესდით, რომლებიც ლაკონიური ნიშნებით გამოვხატეთ. ისტორიები ამ შემთხვევაში მხოლოდ იმ კუთხით არის საინტერესო, რომ მდგომარეობებს ქმნის და ამავე დროს მათში სრულიად იკარგება…

 

მანუჩარ, თათიას ნამუშევრებში ხშირად ჩნდება ბავშვი, როგორც ცენტრალური ფიგურა, რომლის ირგვლივაც ვითარდება სიუჟეტი. ის ხან თვალახვეული იკვლევს გზას ადამიანებს შორის, ხანაც შეწუხებული სახით დაჰყურებს  ქვიშაზე დაწერილ ადამიანებისთვის ღირებულ ფასეულობებს. შენი აზრით, რისი თქმა უნდა ხელოვანს ბავშვის, როგორც მთავარი მოქმედი გმირის, გამოსახვით? 

მანუჩარ: ადამიანის დაბადებიდან პირველი რამდენიმე წელი ის პერიოდია, როცა  ვერაფერს აკონტროლებს და მისი არსებობა მთლიანად სამყაროს კეთილგანწყობაზეა დამოკიდებული. როგორც წესი, ეს პერიოდი ცნობიერი მეხსიერებიდან უკვალოდ ქრება (სავარაუდოდ, არაცნობიერში გადაინაცვლებს). შეიძლება, ბუნება განგებ შლის ჩვენი მეხსიერებიდან ყველაზე უსუსურ პერიოდს, რომ ზრდასრულ ცხოვრებაში თავდაჯერებულობის და საკუთარ ბედზე კონტროლის განცდა შევინარჩუნოთ…

ჩემთვის თათიას ეს ნამუშევრები ადამიანური არსებობის ამ განსხვავებულ პერიოდებს და  მდგომარეობებს უკავშირდება.  თუმცა ეს  ჩემეული განცდაა, რომელიც შესაძლოა ბოლომდე არ ემთხვეოდეს ავტორისეულს, მაგრამ, მგონია, რომ არც რადიკალურად ცდება მის იდეას. ეს თემა ჩემთვის განსაკუთრებით მძაფრად ჩანს გრაფიტით შესრულებულ თვალახვეული ბავშვის გამოსახულებაში  და ასევე ბავშვის სკულპტურაში  და ქვიშაზე დაწერილი სიტყვების  ინსტალაციაშიც, რომელიც ექსპოზიციის თავისებური ცენტრი გახდა. 

ის თითქოს ადამიანის ცხოვრების ამ ორი რადიკალურად განსხვავებული პერიოდის რთულ სინთეზს ახდენს და ამავე დროს ერთგვარი ანტიპეტროგლიფია, რომელიც არამდგრად ზედაპირზე დაწერილი ტექსტით ერთდროულად ეხმიანება და უპირისპირდება კიდეც გამოფენის სათაურს – „პეტროგლიფებს“ – და მიანიშნებს, რომ ის მნიშვნელოვანი ცნებები და ღირებულებები, რომლებიც ბავშვობიდან ასე მყარად არის ჩაბეჭდილი ჩვენს ცნობიერებაში, რეალურ ცხოვრებაში ძალიან მყიფე და არამდგრადია… 

ბავშვი დომინირებს ქაღალდზე შესრულებულ კიდევ ორ ნახატში, სადაც მათი ვიტალობით სავსე, დიდი და მოძრავი ფიგურები  პატარა, სტატიკურ და სქემატურ ფიგურებს უპირისპირდება და ასევე შემოდის სამი ტილოსაგან შემდგარ მინიმალისტურ ჯგუფში, სადაც ის უკვე არა დომინანტი, არამედ ერთი ფაქიზი მთლიანობის ნაწილია, რომელიც თითქოს წვრილი ძაფებით არის შედგენილი და შეიძლება ნებისმიერ დროს დაირღვეს ან შეიცვალოს…

 

თათია, მანუჩარის ნამუშევრებში მუდმივ მოძრაობაზე გავამახვილე ყურადღება. მისი  ფიგურატიული თუ აბსტრაქტული ნამუშევრები, უმოძრაობის დროსაც კი, თითქოს მუდმივ გადაადგილებასა და მოგზაურობაზეა. შენ როგორ ხედავ მათ? 

თათია: მოძრაობა, რიტმი და მიმართულებები მანუჩართან მნიშვნელოვან ადგილს იკავებს. მათი საშუალებით ის ძალიან კარგად ახერხებს ადამიანის ფსიქოემოციური მდგომარეობების გადმოცემას. თითქოს ხსნის და კეტავს სამყაროებს (სივრცეებს) იმის მიხედვით, თუ რისი ჩვენება უნდა. იქმნება გადაადგილების შესაძლებლობის შეგრძნება, თუკი გაჰყვები ხაზებსა და მკვეთრი ლაქებიდან გაფანტულ, მქრქალ ტონალობამდე გაშლილ ფერებს. 

ხოლო აბსტრაქტულ ნამუშევრებში, რომლებიც ტრიპტიქის სახით იყო წარმოდგენილი, ფერის ვიბრაციათა ლაქობრივი კომპოზიციის შექმნაში გგონია, რომ მხატვარს არც მიუღია მონაწილეობა და ეს ლაქები თავისთავად აღმოცენდნენ კონკრეტულ ადგილას, რადგან თითოეული თითქოს გარკვეული კოდირებული ბგერითი ინფორმაციის მატარებელია და შენ ჯერ კიდევ პროცესს უყურებ და არა დასრულებულ ნამუშევარს. 

ეს გამოფენა პანდემიის დროს შექმნილი ნამუშევრებით არის აწყობილი. როგორი იყო პანდემიისას (ერთად) მუშაობის პროცესი? ამ გადმოსახედიდან, როცა ყველაფერი ჯერ კიდევ არ დასრულებულა, როგორ ფიქრობთ, რა გავლენა იქონია პანდემიამ  ერთმანეთის შემოქმედებაზე? 

თათია: მე ვფიქრობ, მუშაობის პროცესი გადარჩენის ერთადერთი გზა იყო. ვგულისხმობ ემოციურ თუ ფსიქოლოგიურ მდგომარეობას. ეს იყო მომენტი, რომელიც დროებით გვავიწყებდა იმ სირთულეს, რომელშიც აღმოვჩნდით. გაჩნდა უფრო მეტი დრო და საკუთარ თავთან დარჩენის საშუალება. ის, რაც პანდემიამ მოიტანა და რა კვალიც დატოვა ჩვენზე, როგორც ხელოვანებზე,  ვფიქრობ, ხვალ და ზეგ უფრო მეტად აისახება ჩვენს ნამუშევრებში. 

თუმცა, არ ვიცი რამდენად შეცვლის მათ. ნამუშევრები ხომ ჩვენთან ერთად იცვლებიან. მგონია, რომ ეს პერიოდი კიდევ ერთ მტკივნეულ გამოცდილებად დარჩება და აუცილებლად დატოვებს დაუცველობის განცდას. კიდევ უფრო გაამძაფრებს დროებითის შეგრძნებას და ყოველი წუთის მნიშვნელობას. 

მანუჩარ: ალბათ, პირველი, რასაც ვაცნობიერებთ და განვიცდით პანდემიასთან დაკავშირებით,  ისაა, რომ ეს იძულებითი მდგომარეობაა. ნებისმიერი იძულებითი მდგომარეობა სტრესულია, მითუმეტეს, რომ არ ვიცით, კიდევ რამდენ ხანს გასტანს და საერთოდ, აღდგება თუ არა გლობალურად თავისუფლების ის ხარისხი, რომელიც აქამდე იყო. ამის შემდეგ ალბათ ერთვება პასუხისმგებლობის და გადარჩენის მექანიზმები. დგება სამუშაოს ახლებურად ორგანიზების საჭიროება, იცვლება დროის გრაფიკი და ა. შ.

(სხვათა შორის, ეს იძულებითი მდგომარეობა ხშირად მაგონებდა კობო აბეს მოთხრობის – „ქალი ქვიშაში“ – გმირის განცდებს. ☺) 

ამ ყველაფერს  შეუძლებელია არ ემოქმედა შემოქმედებით პროცესზე, თუმცა, ამავე დროს, პირდაპირი რეფლექსია პანდემიაზე ხელოვანის მხრიდან ზედმეტად ბანალური იქნებოდა. 

ამიტომ, ვფიქრობ, პანდემიური სიტუაცია ჩვენს ხელოვნებაზე აისახა უფრო არაპირდაპირი გზით – გარკვეული  თემების და განცდების წინ წამოწევაში, უფრო მეტ ეგზისტენციალიზმში. მეჩვენება, რომ ორივეს შემთხვევაში მოხდა მხატვრული ენის კიდევ უფრო მინიმალიზაცია და ნამუშევრებში მხოლოდ მთავარი და ძალიან მნიშვნელოვანი (ჩვენთვის) დარჩა, ყოველგვარი წვრილმანი დეტალების გარეშე. 

რას ფიქრობთ თანამედროვე ქართულ სახელოვნებო სივრცეზე? რა მოგწონთ და, თქვენი აზრით, რა აკლია მას?

თათია: დღევანდელი სახელოვნებო სივრცე მრავალფეროვანი და დატვირთულია. მასში მიმდინარე საინტერესო მოვლენებით. ჩვენ ირგვლივ არის საკმაოდ დინამიკური შემოქმედებითი გარემო, სადაც ყველა მოქმედი ხელოვანი თავის ადგილს იმკვიდრებს და ამით ქმნის მნიშვნელოვან პერიოდს. 

ვფიქრობ, დგება ეტაპი, როცა თანამედროვე ხელოვნების ენაზე სულ უფრო და უფრო თამამად ამეტყველება ხდება და ის წყვეტა თუ ჩამორჩენა, რაც გარკვეული ისტორიული მოცემულობით იყო განპირობებული, გადაილახა. საინტერესო იქნებოდა ამ ცოცხალი პროცესის პარალელური კვლევა და არა მხოლოდ გარკვეული ეტაპის შემდგომი შეფასება. 

ყოფითი პრობლემებით დატვირთული საზოგადოებისთვის, რომელიც ნაკლებად იცნობს თანამედროვე ხელოვნებას და მის ენას, ვერ იქნება ეს სფერო საინტერესო და საჭირო. დღევანდელ სამყაროში კი ის, რაც კომერციულად მოთხოვნადი არ არის, სიცოცხლისუნარიანობას კარგავს. თანამედროვე ხელოვნება ქვეყნის დღევანდელი კულტურისა და განვითარების განმსაზღვრელია, ამიტომ, ვფიქრობ, გასააზრებელია რამდენად მნიშვნელოვანია მისი მხარდაჭერა. 

ასევე, მგონია, რომ სახელოვნებო სივრცე ერთი გლობალური სივრცეა და მასში მიმდინარე და მოქმედ პროცესებში ჩართვა უნდა შეძლოს ქვეყანამ, რომ არ გახდეს თავის კულტურაში ჩაკეტილი. მხატვარიც, შეძლებისდაგვარად უნდა დაშორდეს ვიწრო კულტურულ ჩარჩოებს, რომ მისი შემოქმედება ყველგან და ყოველთვის სიცოცხლისუნარიანი იყოს.

მანუჩარ: მგონი, ერთ-ერთი, რაც შეიძლება თვალში მოგვხვდეს ქართულ სახელოვნებო სივრცეზე დაკვირვებისას, მისი უსისტემობაა. ობიექტური მიზეზების გამო, ჩვენ არ გვაქვს დასავლური ვიზუალური ხელოვნების მსგავსი ტრადიცია, რომელზეც თანამედროვე ხელოვნება ბუნებრივად განვითარდებოდა. მისგან განსხვავებით, არც მკაფიო კონცეფციების მქონე სახელოვნებო სკოლები და არც ხელოვანის კარიერული განვითარების რაიმე ორგანიზებული სისტემა არსებობს. არც გარკვეული მეინსტრიმული მოძრაობები და შესაბამისად, არც ანდერგრაუნდი… 

მოკლედ, არ არსებობს მყარი კულტურული ფუნდამენტი სკოლების ან სხვა რაიმე სახით, რომელზეც ახალგაზრდა ხელოვანი თავის შემოქმედებას დააშენებდა და რაღაც ტრადიციას გააგრძელებდა. ქართველი ხელოვანი უფრო მოხეტიალე მკვლევარს ჰგავს, რომელმაც მარტომ, ინდივიდუალური ძალისხმევით უნდა იპოვოს გზა მკაფიო კულტურული ორიენტირების არარსებობის პირობებში. 

თუმცა, ეს ყველაფერი არავითარ შემთხვევაში არ უნდა დავინახოთ უარყოფით ჭრილში, არამედ როგორც, უბრალოდ, ჩვენი თავისებურება, რადგან თვითგანვითარების და „ხეტიალის“ გზა ხშირად გვიცავს იმ ერთფეროვნებისა და მოწყენილობისაგან, რომელსაც სკოლები გვთავაზობენ – როდესაც ინდივიდი თითქმის სრულიად დაკარგულია კულტურაში და სტრუქტურაში,  რასაც დასავლურ გალერეებში ხშირად წააწყდებით. 

ქართულ თანამედროვე ხელოვნებაში ასეთი რამ თითქმის არ იგრძნობა. ის ძალიან ინდივიდუალისტურია, როგორიც, პრინციპში, უნდა იყოს ხელოვნება, კულტურისგან განსხვავებით. ერთადერთი უარყოფითი მოვლენა, რაც ამ ყველაფერს ახლავს, ის არის, რომ ასეთ ვითარებაში ჩვენთვის გაცილებით რთულია ნამუშევრებში ხარისხის მიღწევა. შეიძლება ამიტომაც ქართველი ხელოვანები ხშირად ნაივისკენ მიდიან. ნაივის საწინააღმდეგო არაფერი მაქვს, მაგრამ არც დიდი თაყვანისმცემელი ვარ, განსაკუთრებით, თუ ის ზედმეტად დიდი დოზით არის მოწოდებული. 

კიდევ ერთი რამ, რაც შეიძლება აკლია, ან, ყოველ შემთხვევაში, მე ვისურვებდი რომ მეტი იყოს, ამბიცია და თვითრწმენაა, მოლოდინი იმის, რომ ქართულ სახელოვნებო სივრცეში ძალიან მნიშვნელოვანი რაღაცები შეიძლება შეიქმნას… ☺

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.