fbpx

ბენო გორდეზიანის “ცხრაწყარო” – კუბისტური შედევრი ონის მხარეთმცოდნეობის მუზეუმიდან


გააზიარე სტატია

 

ავტორი: თეონა ჯაფარიძე 

როდესაც რაჭაში ხარ, გგონია, რომ ოპტიკურ პრიზმაში იხედები, იმდენი წახნაგი იკვეთება გამჭვირვალე სიმწვანეში თუ სილურჯეში. მთები თან ირგვლივ გარტყია და თან ისეთი შეგრძნება გაქვს, რომ ყოველი მხრიდან ერთდროულად ხედავ მათ  წახნაგებს, რომლებიც თითქოს ჯერ დაშალეს და შემდეგ ააწყვეს, როგორც ამას კუბისტები აკეთებდნენ თავიანთ ნამუშევრებში. ასე რომ, ეჭვგარეშეა – გასული საუკუნის 20-იან წლებში მოღვაწე დადაისტი/ფუტურისტი მხატვრის – ბენო გორდეზიანის ეს კუბისტური მანერით შესრულებული ფერწერული ტილო – „ცხრაწყარო“ – სწორედ ამ გარემოსა და ავანგარდული პერიოდის მიმდინარეობების ინსპირაციის შედეგია. 

ეს შედევრი ონის მხარეთმცოდნეობის მუზეუმის მუდმივმოქმედ ექსპოზიციაშია დაცული და ყოველთვის იწვევდა და იწვევს ხელოვნებათმცოდნეების, კონკრეტულად კი –  ქართული ავანგარდის მკვლევართა დიდ ინტერესს. მითუმეტეს, რომ ამ ავტორის მხოლოდ და მხოლოდ ორი ფერწერული ტილო და რამდენიმე გრაფიკული ჩანახატი გადაურჩა გასული საუკუნის 60-იან წლებში მის სახელოსნოში გაჩენილ ხანძარს. 

სახელოსნოში ხანძარს გადარჩენილი ორი ფერწერული ტილოდან „ცხრაწყარო“ – მამის გარდაცვალების შემდეგ, 70-იანების ბოლოს, ონის მუზეუმს ვაჩუქეთ (მამა რაჭაში დაიბადა). მეორე გადარჩენილი და ასევე კუბისტურ მანერაში შესრულებული ვაჟა-ფშაველას პორტრეტი კი ოჯახის კუთვნილებაა“, – მითხრა ამ რამდენიმე წლის წინ მასთან სტუმრობისას ცნობილმა ბიზანტინოლოგმა, ბატონმა რისმაგ გორდეზიანმა – ბენო გორდეზიანის შვილმა. 

მსოფლიოში ორადორ მუზეუმშია ბენო გორდეზიანის  ნამუშევარი გამოფენილი – ონის მხარეთმცოდნეობის მუზეუმის მუდმივმოქმედ ექსპოზიციაში  ფერწერული პეიზაჟი – „ცხრაწყარო“ და ნიუ-იორკის MoMA-ში, ხატვისა და ბეჭდვის დეპარტამენტის რუსული ავანგარდული წიგნების განყოფილებაში (1910-1934), რომელიც ჯუდიტ როტშილდის ფონდის საჩუქარია MoMA-სთვის. აქ ბენო გორდეზიანი წარმოდგენილია როგორც ცნობილი ავანგარდული გამოცემის – H2SO4-ის (1924 წ.) ავტორი ირაკლი გამრეკელთან ერთად. ტიპოგრაფია და ილუსტრაციები ბენო გორდეზიანს ეკუთვნის, ყდის დიზაინი კი ირაკლი გამრეკელს. ნიუ-იორკის MoMA, NYC -ში „H2SO4“ გამოფენილია როგორც წიგნი-ინსტალაცია სხვა დანარჩენი ავანგარდი ავტორების – კაზიმირ მალევიჩის, ოლგა როზანოვას, ნატალია გონჩაროვას, ალექსანდრ როდჩენკოს ნამუშევრების გვერდით.

თუ ავანგარდის ისტორიას იკვლევთ, აუცილებლად უნდა ესტუმროთ ონის მუზეუმს, რადგან ამ ფერწერული ტილოს ბექგრაუნდი და საფუძველი  სწორედ ქართული და ევროპული ავანგარდის ისტორიაა – ანუ ისტორია, თუ როგორ ჩამოაღწია მარინეტის პირველმა ფუტურისტულმა მანიფესტმა “ფიგაროს“ ფურცლებიდან თბილისში ძმები ზდანევიჩების ხატვის მასწავლებლის – ლაპატინსკის ხელით. შემდეგ  პირველმა მსოფლიო ომმა როგორ წარმოშვა დადა, როგორც ომის საწინააღმდეგო ხელოვნება, როგორ იქცა ომს გამოქცეული ხელოვანებისთვის ციურიხის კაფე  „ვოლტერი“ დადას პირველი მანიფესტისა და ომის საწინააღმდეგო პერფორმანსების ისტორიულ ადგილად, და მის პარალელურად ტფილისიც – ხელოვანებით, არტისტული კაფეებითა და ფუტურისტული გაერთიანებებით („ფუტურისტული სინდიკატი“, „ფანტასტიური სამიკიტნო“ „41 გრადუსი“ და ა. შ.) სავსე „ფანტასტიკურ ქალაქად“ და ხელოვნების ოაზისად.

ბენო გორდეზიანი ქართველი ფუტურისტების მე-2 ტალღას წარმოადგენდა. ისინი თავიანთ თავს დადაისტებს არ უწოდებდნენ, დეკადენტიზმის ბრალდების შიშით, რადგან მათ უკვე სასტიკი და საშიში საბჭოთა რეალობის პირველ წლებში უწევდათ ავანგარდული მემკვიდრეობის გაგრძელება. მიუხედავად ამისა, 1922 წლის აპრილში თბილისში შედგა ქართველი ფუტურისტების პირველი საღამო, ხოლო მაისში გამოქვეყნდა მათი პირველი მანიფესტი – „საქართველო-ფენიქსი“, 1924 წელს გამოიცა ქართველი ფუტურისტების ბეჭდვითი ორგანო „Н2SO4“, სადაც დაიბეჭდა ლექსები, დეკლარაციები, სტატიები. ჟურნალის ესთეტიკა ფუტურისტულ რიტმს გადმოსცემდა დანაწევრებული ტექსტებითა და დიდი შრიფტით შესრულებული ციფრებით. ჟურნალი გაფორმებული იყო ირაკლი გამრეკელისა და ბენო გორდეზიანის კუბო-ფუტურისტული ნახატებით. 

სამწუხაროდ,  „Н2SO4“-ის მხოლოდ ერთი ნომერი გამოვიდა.1925 წელს მათ კიდევ ერთი ჟურნალი – „ლიტერატურა და სხვა“ გამოსცეს. 1926 წლიდან კი ჯგუფმა არსებობა შეწყვიტა. 

1928 წლიდან კი საბჭოთა  ცენზურამ ფორმალიზმის ბრალდებით მათი იდეების დევნა დაიწყო. ისტორიას შემორჩა ჯგუფის წევრის – ნიკოლოზ ჩაჩავას მიერ მიწერილი წერილიდან ცნობილი ფრაზა – “ожиданиеопасностейириск” (საშიშროების მოლოდინის რისკი).  

H2SO4-ის ერთ-ერთი ეგზემპლარი კი, რომელიც იოსებ გრიშაშვილს შავ ბაზარზე შეუძენია და დღეს მის მემორიალურ მუზეუმში ინახება, უცნობის მიერ H2SO4-ის ჯგუფის წევრების შესახებ ასეთი დაშიფრული წარწერით არის შემორჩენილი:  

„ბენო გორდეზიანი – მხატვარი დადაისტი (?) ნიოგოლ ჩაჩავა – „წმ. წყლის ფუტურისტი“, ირაკლი გამრეკელი – „მხატვარი ფუტურისტი“, პავლე ნოზაძე – „წმ. წყლის დადაისტი“, ჟანგო ღოღობერიძე – „ანკარა დადაისტი“, აკაკი ბელიაშვილი – „ფუტურისტი“, „სიმონ ჩიქოვანი – „ანკარა ფუტურისტი“, ნიკოლოზ შენგელაია – „კომ. ფუტურისტი (აშკარა)“, შალვა ალხაზიშვილი – „კომ. ფუტურისტი“, სულ: H2SO4.“.

თუმცა H2SO4-ის ფუტურისტული ესთეტიკა მაინც არ დაკარგულა:  საბჭოთა პერიოდში, 50-იან წლებში, ბენო გორდეზიანი ტიპოგრაფიაში მუშაობს და ქმნის ახალ ქართულ შრიფტებს – „მკაფიო“ და “ვიწრო გარნიტური”. 

„ცხრაწყარო“ კი, განსაკუთრებით დღეს, თანამედროვე ხელოვანებისთვის უამრავი ექსპერიმენტის შესაძლებლობას იძლევა. ასე მოხდა 2016 წელსაც, როდესაც ამ შედევრის ბექგრაუნდმა  რეპლიკის და ექსპერიმენტის საშუალება მოგვცა ახალ მედიებში, რომლის შედეგადაც შეიქმნა ეს აუდიო-ვიზუალური ინსტალაცია (აუდიო – დიმა დადიანი; ვიზუალი – თათია სხირტლაძე; კონცეფცია – თეონა ჯაფარიძე).  პროექტის კონცეფცია მთლიანად ეხმიანებოდა ადრეული კუბისტური მიმდინარეობის არსს, რომელიც 100 წლის შემდეგაც აქტუალური იყო: ჩვენ დავშალეთ ეს ჯადოსნური პეიზაჟი ფერებად, შრეებად და ბგერებად, ისე, როგორც დადაისტების წარმოსახვით  ომი შლიდა და ანგრევდა სამყაროს. ინსტალაცია ორიგინალის გვერდით გამოიფინა და უამრავმა დამთვალიერებელმა ნახა.

დღესდღეობით ონის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში, რომელიც განსაკუთრებით  გამოირჩევა თავისი ბრინჯაოს პერიოდის არქეოლოგიური და სოცარტის მდიდრული კოლექციებით, „ცხრაწყარო“ სოცრეალიზმის ეპოქის პეიზაჟების გვერდით, მუდმივმოქმედ ექსპოზიციაშია  გამოფენილი. ტილოს რესტავრაცია 2012 წელს ჩაუტარდა. 

ზაფხული დადგა და, თუ რაჭაში მოხვდებით, აუცილებლად ნახეთ ეს შედევრი და მუზეუმის დანარჩენი კოლექცია. აქვე დავამატებ, რომ რაჭის ცნობილი მიწისძვრის  გამო საკმაოდ დაზიანებულ მუზეუმს მალე ახალი შენობა, თანამედროვე საგამოფენო სივრცეები და საცავები ექნება, და ალბათ „ცხრაწყაროს“ განსაკუთრებული და დამოუკიდებელი სივრცე დაეთმობა, რომლის სანახავადაც სპეციალურად მივლენ  ავანგარდის მკვლევრები თუ რიგითი დამთვალიერებლები.  

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.