fbpx

თბილისის საჯარო-საზოგადოებრივი სივრცეები – ინტერვიუ დავით ბროდსკისთან


გააზიარე სტატია

ავტორი: ანა ჩორგოლაშვილი

 

საბჭოთა კავშირის რეჟიმის  პირობებში საჯარო-საზოგადოებრივი სივრცეების მოჭარბება  პოლიტიკური და სოციალურ-ეკონომიკური დოქტრინის სტრატეგიული ნაწილი იყო და თანასწორი, კოლექტიური, საყოველთაო კეთილდღეობის კონსტრუირების პროცესში მნიშვნელოვან რგოლს წარმოადგენდა. თუმცა, სახელმწიფოს მიერ საჯარო სივრცეების მკაცრი კონტროლის პირობებში “სივრცე ყველასთვის”, “სივრცედ არავისთვის” გარდაიქმნა და შიდა ეზოებსა თუ სხვა, კონტროლის მიღმა არსებულ ტერიტორიებზე  ყოველდღიურობის  არაფორმალური ადგილები აღმოცენდა. 

90-იან წლებში, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, იწყება პრივატიზაციის პროცესი რომლის შედეგიც იყო ვარდების რევოლუციის შემდგომი  ქალაქის ურბანული სივრცეების  მშენებლობის ბუმი. ბიზნესი სახელმწიფოსთან ერთად შეუდგა ქალაქის სივრცის გადანაწილებას, პროცესი დღემდე გრძელდება. საინტერესოა, რომ 2000-იანი წლებიდან თბილისში ფეხს იკიდებს სამოქალაქო აქტივიზმის პრაქტიკა, მაგალითად, ვაკის პარკის დასაცავად ბრძოლა დიდი ხნის განმავლობაში მიმდინარეობდა, აგრეთვე ერთ-ერთი პირველი მაგალითი გუდიაშვილის ბაღის დაცვისთვის ბრძოლა და გამოსვლები იყო, რომლის ორგანიზატორებიც პროტესტის ალტერნატიულ მეთოდებზე მუშაობდნენ. 

გარდა ამისა, ქალაქის საჯარო სივრცეების ათვისების თუ მათზე რეფლექსიის პროცესში გარდამტეხი მნიშვნელობისაა არტისტული ინტერვენციები. ინსტალაცია “შახტა”, რომელიც 2020 წლის მიწურულს ფესტივალი-პერფორმანსის დღეების ფარგლებში, სათემო რადიო “თბილისთან” კოლაბორაციით შეიქმნა და ახლა დამოუკიდებლად განაგრძობს არსებობას, საჯარო სივრცეში შეჭრის, ათვისების და ამ უკანასკნელის კონტექსტუალიზაციის საინტერესო მაგალითია. ის  ორ კერძო საკუთრებას შორის, ყოფილ ელექტროსადგურსა და   მიწის ნაკვეთს შორის, დოდო აბაშიძის 10 ნომერში მდებარეობს.

გთავაზობთ ინტერვიუს ინსტალაცია ‘შახტის” ავტორთან, დავით ბროდსკისთან.  

ანა ჩორგოლაშვილი: დათო, რამ განაპირობა შენი ინტერესი საჯარო სივრცეში მუშაობის მიმართ, რადგან არამარტო შახტაში, არამედ სხვა ნამუშევრებშიც  საჯარო და კერძო საკუთრების თემას ეხები… 

დავით ბროდსკი:  საჯარო სივრცეების მიმართ ინტერესი გამიჩნდა თბილისის თუ სხვა ქალაქების არაფორმალურ არქიტექტურაზე დაკვირვების შედეგად. თვითონ არაფორმალური არქიტექტურა დეტერმინირებულია სოციუმის საჭიროებებით და ირეკლავს კონკრეტული ისტორიული მომენტის ეკონომიურ, პოლიტიკურ და სოციალურ სურათს და მდგომარეობას. ე.წ. სივრცის არაფორმალური განვითარება ეხება როგორც კერძო, ასევე საჯარო საკუთრებას, მას ორივე მათგანში ვხვდებით. საინტერესოა განვითარების ამ სხვადასხვა ფორმაზე დაკვირვება. თბილისი ამ ტიპის განვითარების ერთ-ერთი თვალსაჩინო მაგალითია. 

როდესაც იტალიიდან საცხოვრებლად თბილისში დავბრუნდი, თბილისის არქიტექტურის ბიენალეს პირველი გამოშვება მზადდებოდა, სახელწოდებით “მხოლოდ შენობები არ კმარა”, რომელიც ქალაქის არაფორმალურ არქიტექტურას ეხებოდა. ბიენალეზე წარდგენილ ჩემს ნამუშევარში “Boiler” საჯარო სივრცე – ქუჩა შემოვიდა კერძო საკუთრებაში, ანუ  ინტერიერში – ინტიმურ გარემოში. ამ შემთხვევაში ეს იყო ჩემი სახლის მისაღები ოთახი, სადაც ქუჩაში დამონტაჟებული კიბით, ადამიანები პირდაპირ სახლის ფასადის ფანჯრიდან ხვდებოდნენ, შეიქმნა სიმბოლური, არაფორმალური გზა ქუჩიდან სახლში (საჯაროდან პირად სივრცეში) მოსახვედრად. ეს შემოსავლელი ერთი კვირის განმავლობაში 24 საათი ღია იყო სტუმრებისთვის. სწორედ ეს გახდა ჩემი პირველი ნამუშევარი, რომელიც საჯარო და პირად სივრცეს ეხებოდა. ამის შემდეგ  ამ თემაზე მუშაობა და ფიქრი განვაგრძე, რაც გამოიხატა ნამუშევრებში: “ბუდკა”, “Birzhastation” და “შახტა”, სადაც ახლა ვიმყოფებით. 

ა.ჩ.:  აღწერე “შახტის” ვიზუალური და შინაარსობრივი მახასიათებლები… 

დ.ბ.: “შახტა” მცირე ზომის ინსტალაციაა, რომელიც პანდემიის დროს შეიქმნა და გარე სივრცეში ღონისძიებების ჩატარებისთვის არის განკუთვნილი, განსაკუთრებით ხმოვანი პერფორმანსებისთვის. ნამუშევრის სახელი “შახტა”   მომდინარეობს იმ არსებული და გაუქმებული შახტებიდან, რომლებიც კერძო საკუთრებაში მყოფ ყოფილ ელექტროსადგურს უკავშირდება. ჩემი ნამუშევარი ერთ-ერთ მათგანზე მოეწყო. როდესაც ეს ნაგებობა პირველად ვნახე, ის ნაგვით იყო სავსე, დასუფთავების სამუშაოების პროცესში 30 წლის წინანდელი ნაგავიც კი აღმოვაჩინეთ. მაგალითად, საბჭოთა სიგარეტის “კოსმოსის” კოლოფი და ამავე პერიოდის სათამაშო კონსტრუქტორის ყუთები. 

მიწისქვეშა და მიწისზედა სივრცეს (პლატფორმას) აკავშირებს ნაგებობის დაზიანებულ ბეტონის სახურავში გამავალი, ხისგან გაკეთებული კვადრატული მილი, საიდანაც ამოდის ხმა, რომელსაც მიწის ქვეშ სხვადასხვა ღონისძიების დროს მოწვეული ხელოვანები ან სხვა პროფესიის ადამიანები ქმნიან. ეს შეიძლება იყოს ხმოვანი პერფორმანსი, პოეზიის კითხვა, საუბარი ან სხვა. ანუ გამოდის, რომ პლატფორმაზე მყოფი ადამიანები მიწისქვეშეთიდან ამოსულ ხმას ისმენენ. 

ადგილი, სადაც “შახტა” მდებარეობს, გამოირჩევა თავისი მიკროკლიმატით. ეს არის შემაღლებული გორაკი, რომელზეც  სხვადასხვა ჯიშის ხე დგას და მას საგზაო მაგისტრალი  ესაზღვრება, რომლის პარალელურად ქალაქის მთავარი მდინარე მიედინება. აქედან ძალიან ლამაზი ურბანული პეიზაჟი იშლება. ცოტა შორიდან რომ შევხედოთ, ეს ინსტალაცია თითქოს ერთი დიდი ინსტრუმენტია, რომელიც ხმას გამოსცემს და ჰაერში უშვებს. რაც შეეხება შინაარსობრივ მახასიათებლებს, თავად ნამუშევარი “პერფორმანსის დღეები – თბილისის” მიერ გამოცხადებული ღია კონკურსის საფუძველზე გაკეთდა, რომელიც პერფორმაციული ინსტალაციის შექმნას ისახავდა მიზნად. 

როდესაც ნამუშევრისთვის ლოკაციას ვეძებდით, ვნახეთ   ის ადგილი, რომელიც ზემოთ აღვწერე. მან მიმიზიდა თავისი მიკროკლიმატით და ბეტონის მიტოვებული შახტებით, რომლებიც ქანდაკებებივით ჩანდა. ამის შემდეგ დავინტერესდი ამ კონკრეტული მიწის მფლობელობის საკითხით.  საინტერესო სიტუაციას წავაწყდი – აღმოჩნდა, რომ ამ  ადგილს ორი კერძო საკუთრება ესაზღვრება და ერთ-ერთ მათგანს (ელექტროსადგური) ის მიწისქვეშა გვირაბით უკავშირდება. დავინახე საინტერესო კვეთა, სადაც კერძო და  საჯარო სივრცე უხილავი გზით, ანუ მიწისქვეშა გვირაბითაა დაკავშირებული. 

ამ ფუნქციადაკარგულმა კავშირმა მიმიზიდა, სადაც კერძო და საჯარო სივრცეს შორის საზღვარი იშლებოდა. აღნიშნულმა მოცემულობამ მომცა თავისებური ინსპირაცია, რამაც ამ ადგილს ჩემთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა მიანიჭა და გარკვეულწილად განსაზღვრა ნამუშევრის შინაარსი. ინსტალაციის კონსტრუირების პროცესში ბევრი ადამიანი  მონაწილეობდა: სტუდენტები სხვადასხვა არქიტექტურული სკოლებიდან, მეგობრები და ა.შ. 

პროცესი თვითორგანიზებულ ენთუზიაზმზე დაფუძნებულ სამუშაოდ   გარდაიქმნა, წარმოიქმნა გარკვეული ტიპის კომუნა, რომელსაც კონკრეტული იდეა აერთიანებდა: შექმნილიყო დამოუკიდებელი არაკომერციული პლატფორმა, რომელიც ღია იქნებოდა  ხელოვნებით დაინტერესებული თუ სხვა პროფესიის ადამიანებისთვის. ამ ადგილთან ინტერვენციის აქტი ჩემთვის ახლოს არის ე.წ. სკვოტის პრაქტიკასთან, რომელიც ასევე დგას თვითორგანიზებულობისა და კომუნის შენარჩუნების იდეაზე. თავად  ნამუშევრის იდეა უკავშირდება ქალაქში არსებულ ურბანულ სიცარიელეებს (urban void), ანუ ადგილებს, რომელიც საჯარო სივრცეებია, თუმცა მათზე გარკვეული ტექნიკური მიზეზების გამო არც კერძო  ბიზნესის და არც სახელმწიფოს ინტერესები არ ვრცელდება. საბოლოო ჯამში “შახტის” მთავარი ღირებულება ხდება ის, რომ  გარდაიქმნა არაფორმალური, არააკადემიური, სპონტანური შეხვედრების ადგილად, რაც ბარების, რესტორნების და მსგავსი ადგილების ალტერნატივაა. 

 

აჩ.: მახსენდება ჩვენ მიერ 2020 წელს თბილისის არქიტექტურის ბიენალეს ფარგლებში განხორციელებული ნამუშევარი “Birzhastation”, რომელიც ქალაქის ურბანულ ქსოვილში კიდევ ერთ საინტერესო ადგილას, ყოფილი აკადემქალაქის ტერიტორიაზე იყო განთავსებული. მიწის ის ნაკვეთი, რომელზეც Birzhastation ავაშენეთ, კერძო საკუთრებაშია. მინდა ოდნავ გადავუხვიო შახტის თემას და ბირჟის ფენომენზე გკითხო, რა სახის პრაქტიკაა ბირჟა და რა მონაწილეობას იღებს  თბილისის ურბანულ ცხოვრებაში? 

დ.ბ.: ბირჟა საჯარო სივრცეში მოსახლეობის მიერ თვითნებურად ორგანიზებული განსხვავებული ფორმის, ხასიათის და იდეის მატარებელი საზოგადოებრივი შეკრების ადგილია. ბირჟის ადგილი შესაძლოა ჩვეულებრივი გამვლელისთვის  შეუმჩნევლად დარჩეს. მაგალითად, ეს შეიძლება იყოს ქუჩაში გამომავალი კიბე, სადარბაზო, ხე, რომლის გარშემოც იკრიბებიან ან რაიმე სხვა კუთხე. 

ამავდროულად ის შეიძლება იყოს შესამჩნევიც. მაგალითად,  მოეწყოს “ბესედკაში”, მოეწყოს მაგიდით და სკამებით და სხვა ატრიბუტებით. ყველა ტიპის ბირჟის  გამაერთიანებელი მათი არაფორმალური ხასიათია, რომელსაც კონკრეტული ადამიანების ერთობა ქმნის: ერთ ქუჩაზე მცხოვრებლების, ერთი სამეგობროს წევრების და ა.შ. სხვადასხვა ბირჟას განსხვავებული ესთეტიური მხარე და ისტორია აქვს. ბირჟის ფენომენის აღწერისას აუცილებლად უნდა ითქვას, რომ ის პერმანენტული შეკრების ადგილია, ადგილი, რომელიც ხალხის დინამიკით მუდმივად პულსირებს. 

ა.ჩ.: დავამატებდი, რომ ბირჟა საინტერესოა გენდერული ნიშნით და თაობათა შორის ინტერაქციის თვალსაზრისითაც. არსებობს მხოლოდ მამაკაცების და მხოლოდ ქალების ბირჟები (ძირითადად მამაკაცების), სადაც საპირისპირო სქესის დასწრება არასასურველია ან რიგ შემთხვევაში დაუშვებელიც კი. ამავდროულად, ბირჟაზე ერთმანეთთან ახლო ურთიერთობას ამყარებენ კონკრეტული სოციუმის თუ კომუნის სხვადასხვა თაობის წარმომადგენლები და ისინი  საერთო სოციალური კონსტრუქტის წევრები ხდებიან, რაც გარკვეული მიკუთვნებულობის იდეას ეფუძნება და იდენტიფიკაციის მექანიზმია, ეს კიდევ უფრო საინტერესოს ხდის ამ უკანასკნელს. 

ბირჟაზე სხვადასხვა საკითხი განიხილება, ეს შეიძლება იყოს პოლიტიკა, ადამიანური ურთიერთობები, ქუჩური საქმის გარჩევები და ა.შ. შეიძლება ითქვას, რომ ბირჟა კონკრეტული კომუნისთვის გარკვეული ფასეულობების დამდგენი აპარატია. იქ კონკრეტული საქმეები წყდება, განიხილება და ახალი იდეები იბადება.

დ.ბ.: ზოგადად, იდეა, რომ შეიქმნას ისეთი ალტერნატიული ადგილები ქალაქში, როგორადაც შეიძლება მოვიაზროთ “შახტა”, ხელს უწყობს ახალი ტიპის ბირჟების წარმოქმნას, სადაც სხვადასხვა თაობის, განსხვავებული სქესის, ორიენტაციის, ეროვნების და კლასის ადამიანების ინტერაქცია გახდება შესაძლებელი. 

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.