fbpx

ტელეფონის დამტენი პლასტმასის ბოთლების სანაცვლოდ


გააზიარე სტატია

 

ავტორი: ნინო იმნაიშვილი

 

„შეაგროვე 100 ბოთლი თავისი თავსახურით და საჩუქრად მიიღე   USB კაბელი“ – ეს გზავნილი სოციალური პასუხისმგებლობის კამპანია ქართულ სტარტაპ  „ტენეს“ ეკუთვნის, ისევე როგორც პირველი დამტენი, რომლის შესაქმნელად  გადამუშავებული პლასტმასა გამოიყენება. USB კაბელი უკვე წარმოებაშია.

სანდრო ლილუაშვილი, „ტენეს“ დამფუძნებელი:

„როცა  პირველი ქართული USB კაბელის წარმოება დავიწყეთ, აღმოვაჩინეთ, რომ მისი გარკვეული ნაწილების დასამზადებლად გვჭირდებოდა დამატებით პლასტმასის ნაირსახეობის შემოტანა საქართველოში, რაც, თავისთავად, დაკავშირებულია ახალი ნარჩენის წარმოქმნასთან და შესაბამისად, გარემოს კიდევ უფრო დაბინძურებასთან. ეს რომ თავიდან აგვეცილებინა, ვიფიქრე, რატომ არ შეიძლებოდა, რომ ეს კონკრეტული ნაწილები უკვე გამოყენებული პლასტმასის გადამუშავებით შეგვექმნა და ახალი ნარჩენი კი არ დაგვემატებინა ბუნებისთვის, არამედ, პირიქით, არსებულიც მოგვეკლო. მით უმეტეს, რომ გარეგნული თვისებებით ეს მასალები ჰგავდა ერთმანეთს. ამიტომ შევიძინეთ დანადგარები, დავიწყეთ ექსპერიმენტები და გამოგვივიდა. თუმცა ჯერ ეს ყველაფერი საწყის ეტაპზეა. ნელ-ნელა სულ უფრო და უფრო ვხვეწთ და ვაუმჯობესებთ ხარისხს.”

პლასტმასის შესახებ ინფორმაციის ამაღლებას ემსახურება აქცია, რომელში ჩართვაც ნებისმიერ ადამიანს შეუძლია, ვინც პლასტმასის 100 ბოთლსა და თავსახურს შეაგროვებს. ამ შემთხვევაში თქვენ საჩუქრად მიიღებთ სწორედ პლასტმასის გადამუშავებით შექმნილ დამტენს. ბავშვებისთვის მოქმედებს დამატებითი შეთავაზებაც. იმავე რაოდენობის პლასტმასის ჩაბარების შემთხვევაში, მათ შესთავაზებენ,  კაბელთან ერთად,  ექსკურსიას საწარმოში. გაეცნობიან პლასტმასის გადამუშავების პროცესს და ექნებათ საშუალება, თავად მიიღონ მონაწილეობა დამტენების შექმნაში.

„აქცია ემსახურება მხოლოდ და მხოლოდ ცნობიერების ამაღლებას საზოგადოებაში, რომ პლასტმასა  არ უნდა გადავაგდოთ ბუნებაში და მეტიც – ჩვეულებრივ ნაგვის ურნაშიც კი. პლასტმასა უნდა მოხვდეს სეპარაციის სტენდში, საიდანაც ის გადამუშავდება. პირველ ეტაპზე 50 თავსახურის მოტანის შემთხვევაში საჩუქრად ვალევდით  დამტენს, მეორე ეტაპი იყო 100 თავსახური და ახლა უკვე გადავედით 100 ბოთლსა და თავსახურზე.“

საყოველთაოდ ცნობილია, რომ ნარჩენების მართვის სფეროში წარმატების მიღწევა შეუძლებელია მოქალაქეების ჩართულობის გარეშე. სწორედ მათზეა დამოკიდებული სისტემის გამართვის 50%. ამის მისაღწევად კი განსაკუთრებულად  მნიშვნელოვანია საინფორმაციო და  წამახალისებელი კამპანიები, რომლებიც ადამიანებს ამ გზაზე პირველი ნაბიჯების გადადგმისკენ უბიძგებს.

„სხვათა შორის,  სანამ ჩვენ გავაკეთებდით აქციას – ჩაგვაბარე და გაჩუქებთ – მანამდე გვქონდა ასეთი შეთავაზება, რომ იყიდეთ ჩვენი დამტენი და სანაცვლოდ, ჩვენ დავასუფთავებთ გარკვეული ფართობის ტერიტორიას ბუნებაში. თუმცა ამ ფორმის აქციას არ ჰქონდა დიდი გამოხმაურება. მას შემდეგ კი, რაც  ჩუქების აქცია დავიწყეთ, უამრავი ადამიანი მოდის და უკვე იმაზე მეტი ნარჩენიც კი შევაგროვეთ, ვიდრე დამტენების წარმოებისთვის არის საჭირო. თუმცა ჩვენი მიზანიც ეს არის – მაქსიმალურად წავახალისოთ ადამიანები და რაც შეიძლება მეტი ნარჩენი ავაცილოთ გარემოს. ჩვენ მიერ შეგროვებული ნარჩენები, რა თქმა უნდა, სრულად გადამუშავდება. 

ეს პირველი პრეცედენტია არამხოლოდ საქართველოში, არამედ მსოფლიოს მასშტაბითაც, როცა USB კაბელის დამზადებისთვის გამოყენებულია გადამუშავებული პლასტმასა. სხვათა შორის, ამ წამოწყებით დაინტერესდა ნიგერია. ჩვენ ვიყავით ჩასულები, ჩავატარეთ ტრენინგები და უკვე გვაქვს მათგან ჩვენი დამტენების ექსპორტზე გატანის შეთავაზება.“

ამჟამად „ტენეს“  უკვე შეგროვებული აქვს 80 000 პლასტმასის თავსახური, რაც თავისთავად ნიშნავს იმას, რომ 80 000 თავსახური აღარ დააბინძურებს გარემოს და იქცევა მდგრად და ფუნქციურ ნივთად. ახლა ჯერი პლასტმასის ბოთლებზეა. ასე რომ, თუ გსურთ პირველი ქართული ეკომეგობრული დამტენის მიღება, შეაგროვეთ პლასტმასის 100 ბოთლი თავისი თავსახურით, მიიღეთ მათი გადამუშავებით შექმნილი USB კაბელი და „ტენეთ“ და „ტენეთ“.

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.