fbpx

კანის კინოფესტივალის გამარჯვებული ფრანგული ფილმი გახდა


გააზიარე სტატია

2021 წლის ერთ-ერთი მთავარი კინომოვლენა, კანის რიგით 74-ე საერთაშორისო კინოფესტივალი ფრანგი რეჟისორის, ჟულია დიუკურნოს საშინელებათა ჟანრის ფილმის, „ტიტანის“ გამარჯვებით დასრულდა. დიუკურნო კანის ფესტივალის ისტორიაში მეორე ქალი რეჟისორია, რომელსაც უმაღლესი ჯილდო „ოქროს პალმის რტო“ გადაეცა.

თრილერი „ტიტანი“ ე.წ. body horror ჟანრის ნამუშევარია, მასში მთავარ როლებს აგატ რუსელი, ვენსან ლენდონი და გარანს მარილიე ასრულებენ. რეჟისორის განმარტებით, ფილმს სათაური იმ ლითონის მიხედვით შეურჩია, რომელიც „ძალზე მდგრადია სითბოსა და კოროზიის მიმართ და აქვს ძლიერი შეჭიდება შენადნობებზე.“ სიუჟეტი მარტოხელა მამაზეა, რომელიც აუხსნელი დანაშაულებათა სერიის შემდეგ, ათი წლის წინ გაუჩინარებულ შვილს პოულობს.

დანარჩენი მთავარი კინოჯილდოები კი ჟიურის გადაწყვეტილებით ასე გადანაწილდა:

ფესტივალის გრან-პრი წილად ხვდა ორ ფილმს: ასღარ ფარჰადის ირანულ დრამას „გმირი“ და ფინელი რეჟისორის, იუჰო კუოსმანენის საერთაშორისო სურათს სათაურად „კუპე N6“.

ჟიურის პრიზი ასევე ორ ფილმს გადაეცა და ორი აღიარებული რეჟისორი დაჯილდოვდა: ნადავ ლაპიდი ებრაული ფილმისთვის „მუხლი“ და ტაილანდელი აპიჩატპონ ვერასატეკული ინგლისურ-ესპანურენოვანი დრამისთვის „მეხსიერება“, რომელშიც მთავარ როლს ტილდა სუინტონი ასრულებს.

საუკეთესო რეჟისორად ფრანგი ლეოს კარაქსი დასახელდა რომანტიკული მიუზიკლისთვის „ანეტი“, საუკეთესო სცენარისთვის განკუთვნილი ჯილდო კი ფესტივალის ჟიურიმ იაპონურ დრამას არგუნა – საუკეთესო დრამატურგიისთვის რიუსუკე ჰამაგუჩი და ტაკამასა ოე დაჯილდოვდნენ ჰარუკი მურაკამის მოთხრობაზე შექმნილი ფილმისთვის „იარე ჩემი ავტომობილით“.

მამაკაცის როლის საუკეთესო შესრულებისთვის ახალგაზრდა ამერიკელი მსახიობი ლანდრი ჯონსი დასახელდა რეჟისორ ჯასტინ კურზელის ავსტრალიური ფილმისთვის „ნიტრამი“, ქალის როლის საუკეთესო შესრულებისთვის კი პრიზი ნორვეგიელმა რენატე რეინსვემ მიიღო ფილმისთვის „ყველაზე ცუდი პიროვნება მსოფლიოში“.

კანის 74-ე კინოფესტივალის ჟიურის შემადგენლობა ასეთი იყო: სპაიკ ლი (ამერიკელი სცენარისტი და რეჟისორი), მატი დიოპი (სენეგალელი მსახიობი და რეჟისორი), მილენ ფარმერი (კანადელი მუსიკოსი), მეგი ჯილენჰოლი (ამერიკელი მსახიობი), ჯესიკა ჰაუსნერი (ავსტრიელი სცენარისტი და რეჟისორი), მელანი ლორანი (ფრანგი მსახიობი), ტაჰარ რაჰიმი (ფრანგი მსახიობი), კან-ჰო სონი (კორეელი მსახიობი), კლებერ მენდონსა ფილიო (ბრაზილიელი რეჟისორი და კრიტიკოსი).

ორიგინალი: https://www.festival-cannes.com/en/festival/

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.