fbpx

„სკუადრა აძურა“ უძლეველია!


გააზიარე სტატია

ავტორი: აჩიკო ბენაშვილი

 

1966 წლის 30 ივლისს, როდესაც ბობი ჩარლტონმა „უემბლიზე“ 96,000 მაყურებლის წინაშე ნიკეს თასი აღმართა, ვერც გერმანელების წინააღმდეგ იმ დაუვიწყარი ფინალის მონაწილე ინგლისის ნაკრების ფეხბურთელები და ვერც იქ მყოფი გულშემატკივრები წარმოიდგენდნენ, რომ ამ ამბის შემდეგ, სულ მცირე 55 წლის განმავლობაში, მსოფლიო ფეხბურთის დამაარსებლები ასეთი წარმატების გამეორებას ვეღარ შეძლებდნენ. 

არადა, 2021 წლის 11 ივლისს ინგლისის ნაკრები ისე ახლოს იყო ევროპის ჩემპიონის ტიტულთან, როგორც იქამდე არასდროს. 

მაგრამ თურმე ფორტუნა მოწინააღმდეგის მხარეს უნდა ყოფილიყო და ინგლისელთა მწვრთნელ გარეთ საუთგეიტს მისი ფეხბურთელების  გაფუჭებული თერთმეტმეტრიანების შემხედავს, აუცილებლად უნდა გახსენებოდა საკუთარი თავი, როდესაც მან 1996 წელს, ასევე „უემბლიზე“, გერმანელების წინააღმდეგ მატჩში ერთადერთმა ვერ გამოიყენა პენალტი და ინგლისის ნაკრებს ნახევარფინალურ ეტაპზე მოუწია ევროპის ჩემპიონატთან დამშვიდობება.

ინგლისელებმა მსოფლიო თუ ევროპის ჩემპიონატებზე ექვსჯერ მიიღეს მონაწილეობა პენალტების სერიაში, მაგრამ  მხოლოდ ორჯერ გაიმარჯვეს.

როდესაც 2018 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე, უკვე საუთგეიტის პერიოდში, ფეხბურთის შემქმნელებმა  საფეხბურთო ლატარიაში კოლუმბია დაამარცხეს, მაყურებელს ისეთი შთაბეჭდილება შეექმნა, რომ მათ „პენალტების დარტყმა ისწავლეს“ და აწი ფეხბურთის სამშობლოდ წოდებული ქვეყანა ამ ბარიერის დაძლევას შეძლებდა ხოლმე. 

მით უმეტეს, თუკი მეტოქე თერთმეტმეტრიანების სერიაში ასევე არაერთგზის დამარცხებული იტალიის ნაკრები იქნებოდა…

მაგრამ ინგლისელთათვის სამწუხაროდ, მათ ისევ წააგეს ფსიქოლოგიურ ბრძოლაში და თანაც უკვე მეორედ, მათთვის სათაყვანებელ „უემბლიზე“!

მატჩის მეორე ტაიმსა თუ დამატებით დროში, უფრო თერთმეტმეტრიანების ზუსტად შესრულების მიზნით გამოყვანილმა რეშფორდმა, სანჩომ და საკამ ზედიზედ სამი შესაძლებლობა ვერ გამოიყენეს, ევროპის ჩემპიონი 53-წლიანი პაუზის შემდეგ ისტორიაში მეორედ იტალიის ნაკრები გახდა და ტურნირის საუკეთესო გოლკიპერის ტიტულიც სრულიად სამართლიანად ჯანლუიჯი დონარუმას გადაეცა.

ალბათ მსოფლიო ფეხბურთის ისტორიაში ვერ ვნახავთ მსგავს მაგალითს იმისა, რომ მწვრთნელს სამი ცვლილება გაეკეთებინოს და თითოეულ მათგანს გუნდისთვის არამცთუ არასასურველი, არამედ კატასტროფული შედეგი მოეტანოს. 

ამაზე ხომ არ ფიქრობდა ინგლისელთა კაპიტანი ჰარი კეინი, რომლის სახეზეც დამარცხების შემდეგ სიმწრის დუმილს თუ ამოიკითხავდით? 

მაინც რატომ მიანდვეს გადამწყვეტი თერთმეტმეტრიანების შესრულება მთელი ჩემპიონატის მანძილზე სათადარიგოთა სკამზე განწესებულ მწვრთნელით უკმაყოფილო „ვარსკვლავებს“ და არა მათ, ვინც თავი შეაკლა „სკუადრა აძურასთან“ უშეღავათო ბრძოლას, რომელშიც გამარჯვებას მეტოქე უფრო იმსახურებდა?

როგორ შეიძლებოდა მთელი მატჩის განმავლობაში ბოლომდე მებრძოლ კეინის და მაგუაირის აუღებელი დარტყმების შემდეგ, იმ საკრალური პენალტის ბუკაიო საკასთვის მინდობა, რომელსაც ინგლისის ნაკრების ბედი უნდა გადაეწყვიტა? 

ამ მატჩს ხომ თვით სერ ბობი ჩარლტონი, 1966 წლის ფინალში ჰეთ-თრიკის შემსრულებელი ჯეფ ჰერსტი და კიდევ მათი ორი თანაგუნდელი უცქერდა და განიცდიდა… 

ნუთუ ინგლისის ნაკრებს ფსიქოლოგი არ ჰყავს, მწვრთნელისთვის რომ ეთქვა – ოღონდაც საკას არ დაარტყმევინო!

იტალიის ნაკრებშიც სამმა შემოსულმა ფეხბურთელმა დაარტყა თერთმეტმეტრიანი, მაგრამ ინგლისელთა სამეულისგან განსხვავებით, იტალიელებს არ ჰქონიათ უთამაშებლობით გამოწვეული კომპლექსი და ამიტომ მათი ფსიქოლოგიური მდგომარეობაც გაწონასწორებული იყო. მანჩინი არ შემცდარა. ორმა მათგანმა – ბერარდიმ და ბერნარდესკიმ გამოიყენეს თავიანთი შანსი. 

პენალტების სერია იტალიელთათვისაც არ არის უცხო. ისინი ინგლისელებთან შედარებით უფრო ხშირად მოხვედრილან ამ უსიამოვნო პროცესში და უფრო ხშირად მოუგიათ და წაუგიათ კიდეც.

მაგრამ, როგორც ჩანს, ამ გუნდზე იმდენად მძიმედ იმოქმედა 1990, 1994 და 1998 წლებში ზედიზედ სამ მსოფლიოს ჩემპიონატზე პენალტების სერიაში მარცხმა, რომ უკვე მომდევნო – 2000 წლის ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალში ჰოლანდიელებთან და რაც მთავარია 2006 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალში საფრანგეთის ნაკრებთან, „სკუადრა აძურა“ პენალტების სერიას უკვე ფსიქოლოგიურად მომზადებული დახვდა.

ფრანგებთან იტალიელებმა თერთმეტმეტრიანები 100%-იანი სიზუსტით შეასრულეს, რაც იქამდე და მას შემდეგაც არ გაუკეთებიათ.

მაგრამ „სკუადრა აძურამ“ ევრო 2020-ზე „უემბლიზე“ ნახევარფინალში ესპანელებთან და ფინალში ინგლისელებთან ტრიუმფამდე, 2008 და 2016 წლების ტურნირებზე ზედიზედ ორი თერთმეტმეტრიანების სერია დათმო ესპანეთის და გერმანიის ნაკრებებთან.

განსაკუთრებით დასამახსოვრებელი იყო გერმანელების წინააღმდეგ სიმონე ძაძას მიერ შესრულებული პენალტი, რომელიც სამუდამოდ დარჩება იტალიის ნაკრების ქომაგთა მეხსიერებაში…

ევრო 2020-ის ფინალი კი თავიდანვე ინგლისელთათვის სასურველი სცენარით წარიმართა. 

თანაც, გერმანელებთან ზემოთ ხსენებული 25 წლის წინანდელი მატჩის მსგავსად, „უემბლიზე“ მასპინძლები ამჯერადაც შეხვედრის მეორე წუთზე დაწინაურდნენ. მაშინ გოლი ალან შირერმა გაიტანა, ხოლო იტალიელებთან ფინალში კი თავი ლუკ შოუმ გამოიჩინა.

განსხვავება ამ მატჩებს შორის ის იყო, რომ გერმანელებმა წონასწორობის აღდგენა მალევე შეძლეს, „სკუადრა აძურას“ კი ამისთვის მთელი 65 წუთი დასჭირდა. ინგლისის ნაკრები გატანილი გოლის შემდეგ აშკარა უპირატესობას დაეუფლა და კიდევ არაერთხელ გამონახა სუსტი წერტილები მეტოქის დაცვით ხაზში.

უცნაური იყო იტალიელთა დაცვის და ნახევარდაცვის ზონებს შორის მათ მარცხენა ფლანგზე გამოვლენილი სიცარიელეები, რაც სპინაცოლას მონაწილეობის შემთხვევაში, შეიძლებოდა არც ყოფილიყო.

იტალიელთა ჩავარდნა კარგად შენიშნა ჰარი კეინმა. ინგლისელთა კაპიტანი ზუსტი გადაცემებით ამარაგებდა სწრაფ პარტნიორებს და ისინიც ამწვავებდნენ ხოლმე მდგომარეობას მეტოქის საჯარიმო მოედნის და ზოგჯერ კარის სიახლოვეს.

პირველმა ტაიმმა ინგლისელთა სრული უპირატესობით ჩაიარა და თანაც ისე, რომ ჰარი კეინს სტუმრებმა ბურთი ერთხელაც ვერ წაართვეს. „სკუადრა აძურას“ რამდენიმე ფსევდოიერიში კი, თამაშის ხარისხის მიხედვით, ნამდვილად ვერ იქნებოდა მისთვის საკმარისი ანგარიშის გასათანაბრებლად.

ამრიგად, პირველი 45 წუთის შემდეგ ისეთი შთაბეჭდილება შეიქმნა, რომ ინგლისი არ გაუშვებდა ისტორიაში პირველად ევროპის ჩემპიონის ტიტულს „უემბლიზე“ მისული 66,000 მაყურებლის წინაშე. 

თუმცა, ფეხბურთის ღრმად მოაზროვნე ქომაგმა იცის, რომ იტალიის ნაკრების დამარცხება შეუძლებელია, თუკი მას დამაჯერებლად  ვერ აჯობებ. მაგალითად,  როგორც ესპანეთმა 2012 წლის ევროპის ჩემპიონატის ფინალში. 

განა ამჯერადაც უპირატესობას არ ფლობდა ესპანეთის ნაკრები ნახევარფინალში იტალიელებთან მთელი მატჩის და დამატებითი დროის განმავლობაში? მაგრამ ზეწოლა საკმარისი არ აღმოჩნდა, იტალიელებმა თამაში არ დათმეს, თავი შეაკლეს და საქმე თერთმეტმეტრიანების სერიამდე მიიყვანეს, სადაც გაიმარჯვეს კიდეც.

ინგლისელებს კი მეორე ტაიმში „სკუადრა აძურამ“ თავ-ბედი აწყევლინა, რადგან ჩემპიონატის არაოფიციალური მასპინძლები ასეთ საცოდავ მდგომარეობაში მაყურებელს შეიძლება არც ახსოვდეს.

თუკი პირველ ტაიმში ჰარი კეინს იტალიელებმა ბურთი ვერ წაართვეს, მეორე ნახევარში ის ბურთთან არ გააკარეს. იტალია დასახლდა მეტოქის ნახევარზე და 67-ე წუთზე შეტევაში ჩართულმა ლეონარდო ბონუჩიმ ბურთი „შეიტანა“ ინგლისელთა კარში.

იტალიამ გაუთავებელი ზეწოლით იმდენად მოქანცა მეტოქე, რომ მას კონტრთამაშის აწყობის ყოველგვარი იდეა მოუსპო. ჯეკ გრილიშის გამოსვლამ ამჯერად ეფექტი უკვე ვერ იქონია. 

სწორედ აქ გამოვლინდა მანჩინის სამწვრთნელო ფილოსოფიის უპირატესობა საუთგეიტთან, რადგან ცნობილი საფეხბურთო ჭეშმარიტების თანახმად, მწვრთნელი იგებს მეორე ტაიმს…

იტალიას ცოტა დააკლდა მატჩის პირველ 90 წუთში მოსაგებად. მასპინძლებმა დამატებით დროში თამაში ნაწილობრივ გამოასწორეს, მაგრამ მთლიანობაში უპირატესობას კვლავ იტალიელები ფლობდნენ. 

ფინალი ნეიტრალური გულშემატკივრისთვის სამართლიანი შედეგით დასრულდა, რადგან „უემბლიზე“ იტალიელებთან ნაჩვენები თამაშის ხარისხის მიხედვით თუკი ვიმსჯელებთ, ჩემპიონატის არაოფიციალური მასპინძელი ინგლისის ნაკრები, ნამდვილად არ იმსახურებდა კონტინენტის უძლიერესი გუნდის ტიტულს.

„უემბლი“ კი დამწუხრებულია. ნუთუ მას მიუძღვის ბრალი ინგლისელთა უიღბლობაში? – ალბათ არა…  

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.