fbpx

რვეული #12 – პორტუგალიური, პორტუგალიურენოვანი მუსიკა


გააზიარე სტატია

 

ავტორი: მიხეილ ციხელაშვილი

 

დაახლოებით ერთი წლის წინ, როცა პორტუგალიაში გადმოვედი საცხოვრებლად, უკვე ვიცოდი, რომ სხვა ბევრ რამესთან ერთად ეს ქვეყანა საინტერესო მუსიკალურ სცენასაც დამახვედრებდა. ბევრი არაფერი ვიცოდი, მითუმეტეს, რომ პორტუგალიურენოვანი მუსიკა ბრაზილიელმა არტისტებმა ისეთ მასშტაბზე გაიყვანეს, რომ ევროპული პორტუგალიური მის ჩრდილში დარჩა და კაცმა არ იცის კიდევ რამდენ ხანს მოუწევს ასე ყოფნა.

აქ ჩამოსვლამდე ვიცოდი მხოლოდ ფადო – ამალია როდრიგესი და კარლუშ დუ კარმუ, მეც მომწონდა სალვადორ სობრალის ტკბილხმოვანი პოპ-მუსიკა და ზეკა აფონსუს საპროტესტო სიმღერები. თინეიჯერობაში მეტალის ყველა მსმენელი გადაიკვეთებოდა ევროპაში პოპულარულ Moonspell-თან და პროგრესული როკის მოყვარულებსაც არ გამორჩებოდათ Quarteto 1111.

პორტუგალიური ენა რომ ლამაზია და ყურში გეჟღურტულება, ეს მუსიკაში კი არა, ჩვეულებრივ  საუბრებშიც შესამჩნევია. ისე მოხდა, რომ ენობრივი მხარისადმი „მართებული“ მიდგომით და მასზე მუშაობით, არაერთმა პორტუგალიელმა არტისტმა მოახერხა ავტონომიურობა შეენარჩუნებინა ისეთ ჟანრებში, რომლებიც ანგლო-ამერიკულ ჟანრებად მიიჩნეოდა. ქვეყანაშიც გაცილებით უყვართ ის მუსიკოსები, რომლებიც თავის ენაზე მღერიან.  ევროპის უდიდეს მუსიკალურ ფესტივალებზე (და პორტუგალიაში ასეთი არაერთია), მსოფლიო ვარსკვლავების პარალელურად, სცენაზე  მუდმივად დგანან ადგილობრივი ბენდები და აუდიტორიის ნაკლებობას ნამდვილად არ უჩივიან.

სიმღერა ყოველთვის უყვარდათ პორტუგალიაში. თუ რომელიმე ხელოვნებაში პორტუგალიელი თავს გამოხატავს, პირველ რიგში, ალბათ სწორედ მუსიკაში. ამიტომაც იყო, რომ სალაზარის ფაშისტური რეჟიმის დროს წაღიღინების გამოც კი შეიძლება დაეპატიმრებინათ ადამიანი – გააჩნია რას მღეროდა, როგორ და ვისი სიმღერით გამოხატავდა თავს. ზეკას სიმღერები ყველას პირზე გვეკერაო, იხსენებს თანასოფლელი დიოგუ ჟოაუ, თუმცა ყველასთან ვერ ვბედავდით გვემღერა, მხოლოდ მათთან, ვისაც ვენდობოდითო. მეორე ადგილობრივს, ვირჟინია როზა ალფასეს შვიდი წლის ასაკში, როცა ყანაში მამას ეხმარებოდა, იმის გამო აპატიმრებდნენ, რომ სიმღერას მღეროდა შიმშილზე: „აღარც ბაკალაუ გვაქვს, აღარც ბრინჯი და ლობიო, მხოლოდ ერთი ციცქნა ხემსი“. ამ ღიღინისას PIDE-ს ოფიცრებს ჩაუვლიათ და სიმღერა გაუგონიათ; ერთმა არ მისცა მეორეს დაპატიმრების უფლება, მხოლოდ და მხოლოდ ჩემი ასაკის გამოო.

მოკლედ, უყვართ პორტუგალიაში სიმღერა, როგორია ასეთი ენის პატრონს სიმღერა არ გიყვარდეს?!

ამ რვეულში იმ ადგილობრივ არტისტებს გაგაცნობთ, რომლებიც პორტუგალიურ ენაზე მღერიან. ბლოგის შესავალში უკვე ნახსენებ დიდ სახელებს კი გვერდს ავუვლი.

 

TRÊS TRISTES TIGRES 

როცა 1990 წელს ანა დეუშმა ჯგუფი BAN მიატოვა, TRÊS TRISTES TIGRES დააარსა და ამ ბენდთან ერთად გაცილებით დიდი პოპულარობა და სიყვარული მოიპოვა პორტუგალიელ მსმენელში. ბენდმა 90-იან წლებში 3 სტუდიური ალბომი გამოსცა და მას შემდეგ ახალი სიმღერებით დიდი ხანი არ ჩანდნენ. თუმცა 22-წლიანი პაუზის შემდეგ, 2020 წელს, ბენდმა ახალი,  მეოთხე სტუდიური ალბომი – Mínima Luz – გამოუშვა.

ბენდის სახელი „სამ მოწყენილ ვეფხვად“ ითარგმნება და პორტუგალიურად ენის გასატეხივით ჟღერს. დეუშსაც  სწორედ ეს სურდა. TRÊS TRISTES TIGRES  პირველი ბენდი იყო, რომელიც აქ მოვისმინე. აეროპორტიდან სახლში მივდიოდი, რადიოში კი მათი პირველი ალბომის გამხსნელი ტრეკი – O mundo a meus pés (სამყარო ჩემს ფეხქვეშ) ისმოდა, რომელიც დღემდე ბენდის ყველაზე პოპულარულ სიმღერად რჩება. ამ სიმღერით შევიდა TRÊS TRISTES TIGRES სცენაზე და ამ სიმღერით შემეგება მე პორტუგალია. ჰოდა, მეც ამით გავხსნი ჩემს რვეულს.

 

რუი ველოზუ 

პორტუგალიური როკ-მუსიკა 70-იანებში იწყებს აღმოცენებას, მაგრამ თუკი ვინმეს შეიძლება ეწოდოს ადგილობრივი როკ-მუსიკის ნათლია, ეს უეჭველად რუი ველოზუ არის, რომელმაც სადებიუტო, 1980 წლის ალბომი – Ar de Rock – უკვე კლასიკურ ჩანაწერად მიიჩნევა. ადგილობრივმა ბობ დილანმა და ბი ბი  კინგმა, როგორც ხშირად მოიხსენიებენ, რევოლუციის შემდგომ პორტუგალიაში როკის, ქანთრისა და ბლუზის დაკვრა დაიწყეს და პორტუგალიური ენა ამ მუსიკალური ჟანრებისთვის დამახასიათებელ აკუსტიკურ ნაკადებს ძალიან ორგანულად მოარგეს. 

ველოზუ იმ მუსიკოსებს შორისაა, რომელთაც პორტუგალიაში თაობები თაობებს ასმენინებენ ხოლმე, მისი სიმღერები ზეპირად იციან და ხშირად გადააწყდებით საკონცერტო ჩანაწერებს, სადაც ათასობით მსმენელი მასთან ერთად მღერის.

 

Mão Morta

კიდევ ერთი კლასიკოსი ადგილობრივ როკ-მუსიკაში და ჩემი პირადი ფავორიტი ქალაქ ბრაგაში დაარსებული  Mão Morta არის. ბენდის ისტორია 1984 წელს ბერლინში, ჯგუფ Swans-ის კონცერტზე დაიწყო, სადაც ჟოაკიმ პინტუ ბენდის ბას-გიტარისტს, ჰარი კროსბის შეხვდა, რომელმაც საუბარში პინტუს ისიც უთხრა, რომ ბას-გიტარისტის წარმოსადეგობა ჰქონდა. ბრაგაში დაბრუნებულმა პინტუმ მაშინვე ბას-გიტარა იყიდა და ბენდის შექმნა გადაწყვიტა. გიტარისტად მიგელ პედრუ მოიწვია, ვოკალზე კი ადოლფუ ლუშურია კანიბალი. 

1985 წლის იანვარში Mão Morta-მ პირველი კონცერტი დაუკრა პორტოში. სადებიუტო ალბომი კი 1988 წელს გამოუშვა. მას შემდეგ ბენდმა კიდევ 10 სტუდიური ალბომი გამოსცა და სხვა მრავალი კომპილაციური, საკონცერტო თუ საუნდტრეკ-ჩანაწერები. პორტუგალიური ენა ამ მძიმედ მჟღერად ნოიზ-როკსა და ჰევი-მეტალს ორგანულადაა მორგებული, რაც ვოკალისტის (და ბევრისთვის ბენდის მთავარი ფიგურის) ადოლფუ ლუშურიას სასიმღერო სტილის დამსახურებაა, რაც რეჩიტატივის, გროულისა და ხრინწიანი ვოკალის მონაცვლეობაში გამოიხატება. შეიძლება ითქვას, რომ ბენდის არცერთი ალბომი არ იმეორებს თავს მომდევნო ჩანაწერში და 30 წლის შემდეგაც კი Mão Morta რჩება ისევ საინტერესო, ახალი აკუსტიკური ნაკადების მაძიებელ ძალიან, ძალიან ხმაურიან ბენდად.

 

B Fachada

ლისაბონელი ბერნარდუ კრუზ ფაშადა, სასცენო სახელით B Fachada, ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო მომღერალი და კომპოზიტორია თანამედროვე პორტუგალიურ მუსიკაში. ერთი მხრივ, ის კლასიკური პოეტია სცენაზე, კაცი გიტარით, მეორე მხრივ კი – ჩანაწერებში შეიძლება უამრავი ინსტრუმენტი გამოიყენოს და სინთეზატორის ჟღერადობაზე ორიენტირებული ალბომი გამოუშვას. ვერასდროს ვერავინ ხვდება, თუ რა სახის მუსიკაზე მუშაობს ბერნარდუ ფაშადა ამა თუ იმ კონკრეტულ მომენტში. ის არც რომელიმე საგამომცემლო ლეიბლს არის მიკედლებული, თავისუფალია ყოველგვარი კორპორაციული ბიუროკრატიისგან და ეს უკიდურესად თავისუფალი, არაკომერციული მიდგომა მუსიკის შექმნისადმი ბევრს ამბობს მის პიროვნებაზეც. მისი პიროვნება კი მისსავე ტექსტებში იშლება: B Fachada-ს ტექსტები პოეტურია, სავსე იუმორითა და სიყვარულით. ის ხშირად არის არაპოლიტკორექტული. ბევრის გაღიზიანებასაც იწვევს თავისი პოზით თუ პოზიციით, მაგრამ ფაქტი ფაქტია, ეს მუსიკოსი დარწმუნებულია თავისი შემოქმედებითი პროცესის მეთოდოლოგიაში და ამავდროულად, არასდროს წყვეტს ცდას თავი გამოავლინოს ერთი მეორისგან განსხვავებულ აკუსტიკურ ნაკადებში.

 

Mariza 

თანამედროვე პორტუგალიური მუსიკა, ისევე როგორც, ზოგადად, ამ ქვეყნის მუსიკალური ისტორია, რაც  უნდა მდიდარი იყოს სხვადასხვა ჟანრით, მაინც წარმოუდგენელია ფადოს გარეშე. დღეს ფადოს ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული შემსრულებელი მარიზა დოს რეიშ ნუნეშია (სასცენო სახელით Mariza). სწორედ 26 წლის მარიზა იყო ის, ვინც “ფადოს დედოფლის”, ამალია როდრიგეზის პატივსაცემად, მისი გარდაცვალების სამგლოვიარო კვირაში სატელევიზიო შოუში იმღერა და აუდიტორიის ისეთი ინტერესი დაიმსახურა, რომ მისმა მეგობრებმა, ფაქტობრივად აიძულეს, რაც შეიძლება მალე დაეწყო ალბომზე მუშაობა. 

2002 წელს მარიზამ სადებიუტო ალბომი – Fado em Mim (ფადო ჩემში) გამოუშვა და სახელი პორტუგალიის გარეთაც მოიხვეჭა. მართალია მის მიმართ დამოკიდებულება ქვეყანაში დღესაც ორად იყოფა, რადგან ფადო ყოველთვის ფადოდ რჩება – ვინც არ უნდა იმღეროს, მარიზას ხმა ფადოში კი ბევრისთვისაა გამაღიზიანებელი, თუმცა ფაქტი ფაქტია, მას უსმენენ და მის ყველა ალბომს (გარდა ბოლო, 2020 წლის ჩანაწერისა –  Canta Amalia) პლატინის ალბომის სტატუსი აქვს მინიჭებული.

 

Taxi

უკვე კლასიკად მიჩნეული პოპ-როკ ბენდი Taxi დღევანდელი გადმოსახედიდან ჩანს, რომ საკმაოდ ანგარიშგასაწევი სახელია 80-იანების ევროპულ პოპ-როკ/სინთ-პოპ სცენაზე. ბენდი ქალაქ პორტოში 1979 წელს ჩამოყალიბდა და მიუხედავად იმისა, რომ მუსიკოსები ზოგჯერ დღესაც ატარებენ კონცერტებს, ყველაზე მნიშვნელოვანი მათი მოღვაწეობის პირველი დეკადა იყო. 

Taxi-ს წევრებზე დიდი გავლენა მოახდინა 70-იანების ლონდონურმა პანკ სცენამ და ბრიტანული მუსიკის სიყვარულით თავიდან მათაც ინგლისურად დაიწყეს სიმღერა. მაგრამ დაინტერესებული ხმის ჩამწერი კომპანიის მოთხოვნით, ბენდმა ალბომისთვის პორტუგალიურენოვანი სიმღერები დაწერა. 

მათი პირველივე ალბომი ბენდისავე სახელწოდებით – Taxi (რომელიც რამდენიმე თვით ადრე გამოიცა, სანამ რუი ველოზუ Ar de Rock-ს გამოუშვებდა) პირველ „ოქროს ჩანაწერად“ არის მიჩნეული პორტუგალიურ როკ-მუსიკაში. მისი სასცენო პრეზენტაცია ზღვისპირა ქალაქ ქაშქაიში, არც მეტი, არც ნაკლები, ბრიტანული The Clash-ის კონცერტის წინ შედგა და გასაკვირი არაა, რომ მაშინვე დიდი ინტერესი გამოიწვია. დანარჩენი ისტორიაა. როცა პორტუგალიურ 80-იანებზე ჩამოვარდება საუბარი, Taxi პირველი ბენდია, რომელიც მსმენელს ახსენდება.

 

Sam the Kid

პორტუგალიაში ძალიან უყვართ რეპი და ალბათ ეს ერთ-ერთი ყველაზე დაბინძურებული (ეპასნურენოვანი რეპისა და პოპ-მუსიკის გამო) მუსიკალური ჟანრია, რომელსაც ადგილობრივ სცენაზე გადაეყრებით. თუმცა თუ ვინმეა გამორჩეული ხმა, პირველ რიგში, ალბათ პროდიუსერი და რეპერი სამუელ მირა, სასცენო სახელით Sam the Kid.

სამუელმა მუსიკის შექმნა Souls of Mischief-ის გავლენით 90-იან წლებში დაიწყო და აუდიტორიის სიყვარული მალევე მოიპოვა თავისი ფრისტაილ რეპით და მწვავე პოლიტიკური და სოციალური შინაარსის ტექსტებით. მისი სადებიუტო ალბომი Entre(tanto) / (შესა(ვალი) პორტუგალიური ჰიპ-ჰოპისთვის გარდამტეხ ჩანაწერად ითვლება და ადგილობრივებში დღემდე არ კარგავს აქტუალობას. 

 

Sitiados

ერთ-ერთი ყველაზე უცნაური ბიოგრაფიის მქონე ბენდია Sitiados, რომელიც 1987 წელს ბენდ Meteoros-ის რამდენიმე წევრმა შექმნა იმ მიზნით, რომ ეპოვათ გზა დაეწერათ ისეთი მუსიკა, რომელიც აკუსტიკურად The Pogues-ის მუსიკას დაუნათესავდებოდა. ბენდის წევრები მიიჩნევდნენ, რომ ირლანდიისა და პორტუგალიის საზღვაო ცხოვრებასა და სოციალ-კულტურულ ყოფაში ბევრი საერთო გამოინახებოდა, ამიტომაც დასახულ გზას არ უხვევდნენ. დიდი წვალების შემდეგ, 1992 წელს, ბენდმა სადებიუტო ალბომი ჩაწერა და გადაწყვიტა ამ ალბომით დაკმაყოფილებულიყვნენ და დაშლილიყვნენ, რადგან წარმატებას და კარიერულ ზრდას Sitiados-ში მოღვაწეობა არავის უქადდა. მაგრამ მოულოდნელად სიმღერა „მეზღვაურის ცხოვრება“ მთელი ქვეყნის მასშტაბით გახდა ჰიტი და ალბომის გაყიდვებმა 40 ათას ეგზემპლარს გადააჭარბა. 

მას შემდეგ Sitiados ყველა ფესტივალის სასურველი სტუმარი იყო; მონაწილეობდნენ  საქველმოქმედო თუ რომელიმე პორტუგალიელი კლასიკოსი მუსიკოსისადმი მიძღვნილ პროექტებში.  90-იან წლებში ბენდმა კიდევ 4 ალბომი ჩაწერა და 2000 წელს მისმა დამაარსებლებმა და  წევრებმა – ჟოაუ აგუარდელამ და ფერნანდუ ფონსეკამ – გადაწყვიტეს, კონცერტების ჩატარება შეეწყვიტათ. იმ დროს ისინი სულ რაღაც 30 და 33 წლისანი იყვნენ.

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.