გორის ხელოვნების სახლში გამოფენა „19 კითხვა“ გაიხსნა, რომლის მონახულებასაც 3 სექტემბრამდე შეძლებთ
კუთვნილებისა და საკუთარი ადგილის ძიების პროცესს იკვლევს გამოფენა „19 კითხვა“, რომელიც გორის ხელოვნების სახლში გაიხსნა. ესაა მონაწილეთა მიერ საკუთარი ადგილის ძიების მცდელობა, პირადი გამოცდილებითა და იმ ისტორიებით, რომლებსაც ისინი თავიანთი სერიებით გვიყვებიან იმაზე, თუ ვინ არიან, საიდან მოდიან და როგორ მოვიდნენ აქამდე. როგორც მთხრობლები ჩვენ იშვიათად ვართ ჩვენივე ისტორიების ერთადერთი ავტორები – ისინი უწყვეტ დიალოგს ქმნიან ჩვენ გარშემო მყოფებთან და შედეგად, პერსონალურ გამოცდილებად ტრანსფორმირდებიან. ჩვენ ყოველთვის ვაცნობიერებთ იმ კვალს, რომელიც ჩვენზე კონკრეტულმა მოვლენებმა და ადამიანებმა დატოვეს – რომელთაც მოგვცეს ჩვენ ჩვენი “ისტორიები”, რაც ხაზოვანი დროის რღვევის შემთხვევაში ჩვენს კოლექტიურ „აწმყოს“ ქმნის.
მონაწილეები – გორელ ფოტოგრაფთა კლუბი: ანა ბარჯაძე, ლევან ახალკაცი, გიორგი აბრამიძე, გიორგი კობალაძე, თათა საბაშვილი, ზურა ხომერიკი, თაკო ტაველიძე, თამარა შოშიტაშვილი, თინა კარელიძე, კახაბერ ქარელიძე, ლუკა ბედოშვილი, მარიამ შალამბერიძე, ნიკა სომხიშვილი, ნუცა ლომსაძე, ოთო გვრიტიშვილი, ტატო წიქარიძე, თინათინ ციცვიძე, მარიამ თოფჩიშვილი.
კუთვნილების ცნება მ სოციალურად კონსტრუირებული და ცვალებადია. ხშირად ის კონკრეტულ ფიზიკურ სივრცესთან – სახლთან ემოციური ან ონტოლოგიური მიჯაჭვულობის გრძნობას გულისხმობს.
მეცნიერები დიდი ხნის განმავლობაში ამტკიცებდნენ, რომ ადამიანებს, როგორც მოაზროვნე ინდივიდებს, საკუთარი ადგილის, კუთვნილების განსაზღვრის განსაკუთრებულად ღრმა მოთხოვნა აქვთ, რათა მიანიჭონ თავიანთ ცხოვრებას აზრი და მიზანი. ეს კი მათ საკუთარი გამოცდილების გადააზრებასა და გაანალიზებაში ეხმარება. ის, თუ როგორ ვაანალიზებთ ჩვენსავე პიროვნებას, , ხშირად სწორედ კომპლექსური პროცესებიდან მომდინარეობს.
გორელ ფოტოგრაფთა კლუბი, რომელიც მოხალისეობრივ საწყისებზე შექმნილი, არაფორმალური, არაკომერციული ორგანიზაციაა, რომელიც 2015 წლიდან ფუნქციონირებს გორში, შიდა ქართლში. გაერთიანების მიზანია ფოტოგრაფიის, თანამედროვე ხელოვნების, არაფორმალური განათლებისა და ახალგაზრდათა პროფესიული განვითარების ხელშეწყობა.
ფოტოგრაფთა კლუბმა 2016 წელს დაიწყო პროექტი „Art house – ხელოვნების სახლი“-ს განხორციელება, რომელიც არაფორმალური განათლებისა და ხელოვნების ცენტრი შექმნას ისახავდა მიზნად. ბევრი მუშაობისა და გამოწვევების დაძლევის შემდეგ ხელოვნების სახლი რეაბილიტირებულია, შესაბამისად, დამთვალიერებელს იწვევს ხელოვნების სახლის გახსნასა და ფოტოგამოფენაზე.
გამოფენა დაფინანსებულია გორის მუნიციპალიტეტის მერიის, კულტურული ღონისძიებების ხელშეწყობის პროექტების თანადაფინანსების პროგრამის ფარგლებში. საგამოფენო დარბაზის რეაბილიტაცია განახორციელა გორის მუნიციპალიტეტმა ევროკავშირის „მერები ეკონომიკური ზრდისთვის” (M4EG) საგრანტო პროექტ „ადგილობრივი ეკონომიკური შესაძლებლობების გაძლიერება მდგრადი ზრდისთვის“ ფარგლებში.
კურატორი: მირიამ გრიგალაშვილი
გამოფენა 3 ივლისს გაიხსნა და 3 სექტემბრამდე გაგრძელდება. ღონისძიების ფარგლებში, მომავალი ორი თვის მანძილზე, „გორის ხელოვნების სახლი“ უმასპინძლებს ფოტოგრაფიასთან დაკავშირებულ საჯარო შეხვედრებსა და პანელურ დისკუსიებს.
მისამართი: გორი, დ. გურამიშვილის 5, ხელოვნების სახლი