ფოტო-აუქციონი: ხვამლის მთა
ნატკენი ადგილი
ადგილი, როგორც ხე, მხოლოდ დგას და არ იძვრის. ერთი შეხედვით.
ადგილი სხეულის ნაწილია, რომელიც უფრო დიდია ვიდრე ის რაც ჩანს და თავად არის სხეული.
სხეული ცოცხალია. სხეულში ჩნდებიან და კვდებიან, ისევ ჩნდებიან.
ადგილი სხეულს ახსენებს თავს, როგორც ნატკენი. ეს ნატკენი ადგილია.
ელენე აბაშიძე – ხელოვნებათმცოდნე
ყოველკვირეული ფოტო-აუქციონი წარმოგიდგენთ ფოტოგრაფ გიორგი ყოლბაიას. მისი ფოტო „ხვამლის მთა“ ერთი კვირის განმავლობაში „სავსე მთვარის“ სივრცეშია გამოფენილი და აუქციონის პრინციპით 24 ივლისს, შაბათს, 20:00 საათზე გაიყიდება.
მისამართი: დოდო აბაშიძის 10, გალერეა “საწყობი”
გიორგი ყოლბაია თბილისში დაფუძნებული ფოტოგრაფია. Bocconi-ს უნივერსიტეტში, ეკონომიკის საბაკალავრო პროგრამის დასრულების შემდეგ, დაბრუნდა საქართველოში და სწავლა CES-ის კინო სკოლაში გააგრძელა. გიორგის არაერთ კინოგადაღებაზე უმუშავია ფოტოგრაფად. საზოგადოება მის შემოქმედებას უმეტესწილად სტუდიური პორტრეტების სახით იცნობს, თუმცა ფოტოგრაფი ხშირად დოკუმენტურ და კონცეპტუალურ ჟანრშიც მუშაობს. ის აქტიურად თანამშრომლობს ქართულ ჟურნალ „ინდიგოსთან“. ამჟამად გიორგი თავის პირველ დოკუმენტურ ფილმზე მუშაობს, რომელიც ნამოხვანის გიგანტური ჰესების კასკადის მშენებლობის წინააღმდეგობაში აღმოცენებულ სახალხო მოძრაობას აკვირდება.
ფოტო-აუქციონის იდეა ეყრდნობა იმ რწმენას, რომ ფოტოს ციფრულიდან ფიზიკურ სხეულამდე გარდაქმნით, და მისი ადამიანის ყოველდღიურობაში გამოჩენით, ეს ფოტო სრულფასოვან ფორმაში ვლინდება. ფოტო, რომელსაც საკუთარი განვითარების ყველა შრე აქვს გავლილი, მასში არსებული ენერგიის, შინაარსის მაქსიმუმს გამოყოფს.
* ხვამლი – ლეჩხუმში, რიონსა და ცხენისწყალს შორის მდგომი მთაა. ხვამლის მთის სიმაღლე 2002 მეტრია. არსებობს მოსაზრება, რომ ლეჩხუმის (ლეჩხომი) სახელი, ხვამლის (ხომლი) სახელიდან მომდინარეობს და მთის გარშემო არსებულ ტერიტორიას შემოისაზღვრავს. მოსახლეობამ და მკვლევარებმა კარგად იციან – მთაში არსებული მდინარე წლის სეზონებთან ერთად იცვლის კალაპოტს და ხან რიონში გადმოედინება, ხანაც ცხენისწყალში.
„ქართლის ცხოვრებიდან“ კი ვიგებთ, რომ ამ მთის შიგნით ინახებოდა ქართველი მეფეების საგანძური. ხვამლი ასევე მოხსენიებულია ბერძნულ მითებში და ისტორიებშიც, როგორც ადგილი, სადაც პრომეთეა მიჯაჭვული. უძველესი აღმოჩენა გამოქვაბულში გამოსახული პიქტოგრამებია. მეცნიერები ფიქრობენ, რომ ისინი ასახავენ ქრისტესშობამდე 5604 წლის ცის რუკას, სწორედ იმ წლის, რომლიდანაც იწყება წელთაღრიცხვა ქართულ და შუმერულ ძველ კულტურებში.
სიტყვა ხომლი ვარსკვლავთკრებულს ნიშნავს.