ოსკაროსანი ფილმები რომლებმაც დებატები გამოიწვია
ავტორი: ნინკა მამულაშვილი
“რა მწვანე იყო ჩემი ხეობა” (How Green Was My Valley) სენტიმენტალური ისტორიაა, რომელიც 19-ე საუკუნის ბოლოს სამხრეთ უელსის ხეობაში მცხოვრები პრობლემური ოჯახის შესახებ მოგვითხრობს.
მიუხედავად იმისა, რომ ფილმმა საუკეთესო რეჟისორის და საუკეთესო ფილმის ნომინაციაში გაიმარჯვა, მთავარ პრიზს უდავოდ “მოქალაქე კეინი” (Citizen Kane) იმსახურებდა, რომელიც ხშირად ერთ-ერთ ყველაზე რევოლუციურ და გავლენიან ფილმად ითვლება. “მოქალაქე კეინის” უამრავმა ასპექტმა, მათ შორის კინემატოგრაფიამ და მონტაჟმა, არაერთ თანამედროვე ფილმს დაუდო საფუძველი. “რა მწვანე იყო ჩემი ხეობა” კი კიდევ ერთი მივიწყებული ოსკაროსანი ფილმია.
1953 წლის ოსკარის დაჯილდოებაზე ყველა დროის საუკეთესო ვესტერნის – “ზუსტად შუადღეს” (High Noon) და “დედამიწის ყველაზე დიდი შოუს” (The Greatest Show on Earth) დაპირისპირება უკანასკნელის გამარჯვებით დასრულდა, თუმცა დროის გამოცდას მხოლოდ ერთმა გაუძლო. “დედამიწის ყველაზე დიდი შოუ” Ringling Brothers და Barnum & Bailey-ს ცირკის ამავე სახელწოდების წარმოდგენაზეა დაფუძნებული. ტექნიკური თვალსაზრისით, “დედამიწის ყველაზე დიდი შოუ” ერთმნიშვნელოვნად უპირატესია, მაგრამ მისი საუკეთესო ფილმის ნომინაციაში გამარჯვება მაინც საკამათო გახდა. “ზუსტად შუადღეს” ვესტერნის კლიშეების დამსხვრევით გამოირჩევა და დღეს ის აღნიშნულ ჟანრში ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ფილმად მიიჩნევა.
ალფრედ ჰიჩკოკის “ფსიქო” (Psycho) ერთ-ერთ საუკეთესო ბოროტმოქმედს – ნორმან ბეიტს და კინოს ისტორიაში ყველაზე ცნობილ სცენას აერთიანებს. “ბინა” (The Apartment) კომედიაა, რომლის მთავარი გმირიც დაწინაურების მიზნით, თავის უფროსებს საკუთარ ბინას პაემნებისთვის უთმობს. ის 5 ოსკარის მფლობელია, მათ შორის საუკეთესო ფილმის ნომინაციაში. ნებისმიერ სხვა წელს “ბინის” გამარჯვება სადავო არ იქნებოდა, თუმცა ეს იყო წელი, როდესაც “ფსიქო” გამოვიდა. “ფსიქომ” ფილმში სექსის და ძალადობის თამამად წარმოჩენას დაუდო საფუძველი და შექმნა სრულიად ახალი ჟანრი: the slasher. მართალია, “ბინა” კლასიკურ ნამუშევრად არის მიჩნეული, მაგრამ მისი “ფსიქოს” გავლენასთან შედარება რთულია.
“ოლივერი!” (Oliver!) არაჩვეულებრივ მუსიკალურ ნომრებს გვთავაზობს, რომელიც აუდიტორიის ფართო სპექტრს მოიცავს. თუმცა წლებთან ერთად ფილმმა ღირებულება დაკარგა და მორიგ მიუზიკლად ჩამოყალიბდა. კუბრიკის “2001: კოსმოსური ოდისეა” (2001: A Space Odyssey) კი მარადიული შედევრია. ის დღესაც ისეთივე აქტუალური და ტექნიკურად ამბიციურია, როგორც 1968 წელს. ფილმმა უდიდესი გავლენა მოახდინა კინემატოგრაფისტებზე (მაგალითად, სპილბერგზე) და სამეცნიერო ფანტასტიკის დამკვიდრებას შეუწყო ხელი, რომელიც მომავალ ათწლეულში ერთ-ერთ წამყვან ჟანრად იქცა. “2001: კოსმოსურმა ოდისეამ” შეცვალა კინო და სწორედ ამის გათვალისწინებით გასაოცარია, რომ საუკეთესო ფილმის ნომინაციაში არც კი იყო წარდგენილი.
52-ე კინოაკადემიის დაჯილდოებაზე “აპოკალიფსი ახლას” (Apocalypse Now) გამარჯვება თითქოს გარდაუვალი იყო. კოპოლას ფილმი საკმაოდ კომპლექსურია და ის ვიეტნამის ომის და ადამიანის ფსიქიკის სიღრმეების შესახებ მოგვითხრობს. “კრამერი კრამერის წინააღმდეგ” (Kramer vs. Kramer) განქორწინების სირთულეებს ასახავს, რომელშიც მთავარ როლებს კინოაკადემიის რჩეულები: დასტინ ჰოფმანი და მერილ სტრიპი ასრულებენ. ფილმი 79 წლისთვის საკმაოდ მნიშვნელოვანი იყო, განსაკუთრებით თუ გავითვალისწინებთ, რომ ის მშობლების როლს იმდროინდელი ფილმებისთვის სრულიად განსხვავებულად წარმოაჩენს. თუმცა მიუხედავად ამისა, მას კინოხელოვნებაზე “აპოკალიფსი ახლას” მსგავსი გავლენა მაინც არ ჰქონია. მეტიც, ბევრი მიიჩნევს, რომ “აპოკალიფსი ახლა” არა მხოლოდ ფილმი, არამედ ზოგადად, კინოს მედიუმის თვალსაჩინო რეპრეზენტაციაა.
იყო დრო, როდესაც კინოაკადემია მარტინ სკორსეზეს “ჩაგრავდა”. 1980 წელს “ცოფიანი ხარი” (Raging Bull) “ჩვეულებრივმა ადამიანებმა” (Ordinary People) დაამარცხა, 1990 წელს კი განგსტერული “დიდებული ბიჭები” (Goodfellas) “მგლებთან მოცეკვავემ” (Dances with Wolves) – კევინ კოსტნერის ფილმმა კონფედერაციის არმიის ლეიტენანტის და ლაკოტას ტომის შესახებ. “მგლებთან მოცეკვავე” მართლაც კარგი ფილმია, რომელმაც ვესტერნის პოპულარობა აღადგინა, მაგრამ სადავოა, რომ “დიდებული ბიჭები” უფრო იკონურია. ის კრიმინალური ჟანრის შედევრად ითვლება, მაშინ როდესაც “მგლებთან მოცეკვავე” 90-იანებში დარჩა და მისი გამარჯვება უფრო პოლიტიკურ მიზეზებს ეყრდნობოდა, ვიდრე მხატვრულს.
ეს ალბათ კინოაკადემიის ისტორიაში ყველაზე დიდი იმედგაცრუებაა. სპილბერგმა თანამედროვე შედევრი შექმნა – ომის ეპოსი, რომელიც ერთდროულად შემზარავი და გულისამაჩუყებელია. “შეყვარებული შექსპირი” (Shakespeare in Love) პერიოდული დრამაა და თითქოს ერთი შეხედვით ოსკარის კრიტერიუმებს აკმაყოფილებდა. მეორე მხრივ, “რიგითი რაიანის გადასარჩენად” (Saving Private Ryan) იმდენად მნიშვნელოვანი ღირებულებების ფილმია, გასაკვირი არ იქნებოდა, რომ კინოაკადემიას აღნიშნული ჟანრისადმი მიდრეკილება შეეცვალა. მიუხედავად იმისა, რომ ფილმმა “რიგითი რაიანის გადასარჩენად” საუკეთესო ფილმისთვის ოქროს გლობუსი და საუკეთესო რეჟისორისთვის ოსკარი მიიღო, მთავარი პრიზი “შეყვარებულ შექსპირს” შეხვდა.
“კუზიანი მთა” (Brokeback Mountain) ორი მამაკაცის აკრძალული სიყვარულის ისტორიაა. 2005 წელს ჰომოსექსუალების შესახებ ფილმები არცთუ ისე ხშირი იყო. ის არაერთი ჯილდოს, კერძოდ, საუკეთესო ფილმის და საუკეთესო რეჟისორის მფლობელი გახდა ოქროს გლობუსის და ბრიტანული კინოაკადემიის ცერემონიაზე და ასევე ოსკარის 8 ნომინაციაზეც იყო წარდგენილი. “შეჯახების” (Crash) გამარჯვებამ დიდი აღშფოთება გამოიწვია; ზოგიერთი მიიჩნევდა, რომ “კუზიანი მთის” თემა, რომელიც გეების ცხოვრებაზე გვიამბობს, კონსერვატორი კინოაკადემიის წევრებისთვის მიუღებელი იყო. “შეჯახების” სცენარისტმა და პროდიუსერმა პოლ ჰაგისმაც კი აღნიშნა, რომ ფილმმა უსამართლოდ გაიმარჯვა.
დევიდ ფინჩერის ფილმი Facebook-ის შექმნის შესახებ კინომოყვარულების და კრიტიკოსების აშკარა ფავორიტი იყო და არ არის გასაკვირი, რომ მას საუკეთესო ფილმის ნომინაციაში გამარჯვებას უწინასწარმეტყველებდნენ, განსაკუთრებით იმის შემდეგ, რაც ფინჩერმა საუკეთესო რეჟისორისთვის და “სოციალურმა ქსელმა” (The Social Network) საუკეთესო ფილმისთვის ოქროს გლობუსი მიიღო. თუმცა, კინოაკადემიამ ტრადიციულად რჩეულ ჟანრს – პერიოდულ დრამას მიანიჭა უპირატესობა და 83-ე ოსკარის დაჯილდოებაზე გამარჯვება “მეფის სიტყვას” (The King’s Speech) ხვდა წილად.
ოსკარის 85-ე დაჯილდოებაზე “არგოს” (Argo) საუკეთესო ფილმის ნომინაციაში გამარჯვებამ კინომოყვარულები სცენარში მრავალი უზუსტობისა და სიუჟეტის დრამატული ეფექტისთვის გაზვიადების გამო იმედგაცრუებული დატოვა და დებატები გამოიწვია. ბევრი მიიჩნევდა, რომ აღნიშნულ ნომინაციაში წარდგენილი კონკურენტი ფილმები, კერძოდ, კვენტინ ტარანტინოს “ჯანგო გათავისუფლებული” (Django Unchained) და კეთრინ ბიგელოუს “ნულოვანი დღეები” (Zero Dark Thirty), რომელმაც არაერთი კრიტიკოსის აღიარება მოიპოვა, იმსახურებდნენ მთავარ ჯილდოს. მიუხედავად “არგოს” და “ნულოვანი დღეების” საერთო პოლიტიკური შინაარსისა, “ნულოვანი დღეები” გაცილებით დამაჯერებელ და რელევანტურ ისტორიას მოგვითხრობს.