fbpx

ევრო 2020-დან სუპერთასამდე


გააზიარე სტატია

ავტორი: აჩიკო ბენაშვილი

 

ნებისმიერი დიდი ტურნირის მსგავსად, ევრო 2020-მაც თავისი წარუშლელი კვალი დატოვა ფეხბურთის ისტორიაში და მისი მკაფიო გამოძახილი კიდევ არაერთგზის აისახება მომავალ სანაკრებო თუ საკლუბო ტურნირებზე.

ძნელია ერთი სიტყვით ცოტა ხნის წინათ დასრულებული ევროპის ჩემპიონატის დახასიათება. ალბათ ემოციებიც ჭარბობს, მაგრამ ვერავინ უარყოფს, რომ მან გაცილებით საინტერესოდ ჩაიარა, ვიდრე წინამორბედმა ევრო 2016-მა ან თუნდაც  2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატმა.

რა თქმა უნდა, ეს მონაწილე გუნდების ჩამონათვალის და მათი მომზადების მაღალი დონიდან გამომდინარეობს.

ევრო 2020-ს არცერთი ფავორიტი გუნდი არ დაჰკლებია. თანაც, აქ არ ყოფილან ალბანეთის, ჩრდილოეთ ირლანდიის და ირლანდიის ნაკრებები, რომელთა თამაშის ცქერაცმაყურებელს ფეხბურთს ნამდვილად ვერ შეაყვარებს.

ევრო 2020-ს გამოარჩევდა ერთი ისეთი ფაქტორი, რის დეფიციტსაც ბოლოდროინდელი ნებისმიერი სანაკრებო ტურნირი განიცდიდა.

რა თქმა უნდა, ჩემპიონი ყველა ვერ გახდებოდა, მაგრამ სულ მცირე ერთი ძლიერი, სანახაობრივად მაღალ დონეზე ჩატარებული მატჩი თითქმის ყველა ნაკრებმა წარმოადგინა.

ჯგუფურ ეტაპზე უდიდესი სიმპათია დაიმსახურა უნგრეთის ნაკრებმა, რომელსაც ცოტა დააკლდა „სიკვდილის ჯგუფიდან“ გაღწევამდე.

საგულისხმოა, რომ ამ ჯგუფიდან გასულმა ვერც ერთმა გუნდმა ვერ მოახერხა მერვედფინალის ბარიერის დაძლევა. 

თუკი მოქმედ ჩემპიონის, პორტუგალიის გავარდნა ბელგიასთან და გერმანიის ნაკრების მარცხი ინგლისთან ლოგიკას ექვემდებარება, ჩემპიონატის მთავარ სენსაციად იქცა ფრანგების გამოვარდნა შვეიცარიის ნაკრებთან.

პრესა იმთავითვე ალაპარაკდა დიდიე დე შამის შეცდომებზე მერვედფინალურ დაპირისპირებაში. მაგრამ ნუ დაგვავიწყდება, რომ მატჩის ბედი თერთმეტმეტრიანების სერიაში გადაწყდა. გამარჯვების შემთხვევაში კი ფრანგები, სავარაუდოდ, სწორ დასკვნებს გამოიტანდნენ, სამომავლოდ თანდათანობით მოუმატებდნენ და კაცმა არ იცის, ვინ შეძლებდა მათ შეჩერებას…

საერთოდ, ევრო 2020-მა ისევ საფრანგეთის ნაკრების მაგალითზე დაგვანახვა, რომ 2018 წლის მსოფლიოს ჩემპიონატისგან განსხვავებით, სადაც მომავალმა ჩემპიონმა მერვედფინალიდან მოყოლებული, ყველა მატჩი ძირითად დროში მოიგო, დღესდღეობით ნებისმიერი ნაკრების მთავარი ძალა თამაშის არწაგების უნარში გამოიხატება.

ამის საუკეთესო მაგალითი თვით ჩემპიონი „სკუადრა აძურაა“ 34-მატჩიანი დაუმარცხებელი სერიით. გუნდმა ევროპის უძლიერესი გუნდის სტატუსი ისე მოიპოვა, რომ დასკვნით ეტაპზე ოთხიდან მხოლოდ ერთი მატჩის მოგება შეძლო ძირითად დროში.

იტალიის ნაკრების მსგავსად, ტურნირი კიდევ სამმა გუნდმა – ფინალისტმა ინგლისმა და ზემოთ ხსენებულმა საფრანგეთმა და ესპანეთმა ჩაატარეს წაუგებლად, მაგრამ მათ პენალტების სერიაში არ გაუმართლათ…

ევრო 2020-ზე იღბალი განსაკუთრებულ როლს ასრულებდა, რადგან მერვედფინალური ეტაპიდან მოყოლებული, 15 შეხვედრიდან 8-ში დამატებითი დრო დაინიშნა და აქედან 4-ში მატჩის ბედი თერთმეტმეტრიანების სერიაში გადაწყდა.

მაისში ევროპის ლიგის ფინალში საოცარი სიზუსტით შესრულებული პენალტების შემდეგ ისეთი შთაბეჭდილება შეიქმნა, თითქოს ფეხბურთმა ამ დარგშიც განიცადა პროგრესი და ევროპის ჩემპიონატზე თერთმეტმეტრიანების აქამდე არნახულ შესრულებას ვიხილავდით, მაგრამ ეს ასე არ მომხდარა. 

მეტიც, შვეიცარია – საფრანგეთის დაპირისპირების გარდა, სადაც პენალტი ერთადერთმა ფეხბურთელმა – მბაპემ გააფუჭა, ნებისმიერ შემთხვევაში წუნი საკმაოდ მაღალი იყო. 

ამის ყველაზე ნათელი მაგალითი იტალიის ნაკრების მონაწილეობით მატჩებში შესრულებული თერთმეტმეტრიანების ორი სერიაა, რომელთაგან მომავალმა ჩემპიონმა ესპანელებთან ერთი პენალტი გააფუჭა, ხოლო ფინალში ინგლისელებთან კი ორი.

იტალიის ნაკრებს მერვედფინალშიც მოუწია დამატებით დროში თამაში და კაცმა არ იცის, გააღწევდა თუ არა „სკუადრა აძურა“ მეოთხედფინალში, ავსტრიის ნაკრების ფორვარდი არნაუტოვიჩი მატჩის 65-ე წუთზე სანტიმეტრების აცდენით თამაშგარე მდგომარეობაში რომ არ აღმოჩენილიყო და მისი გუნდი დაწინაურებულიყო.

მომავალ ჩემპიონთან ნაჩვენები თამაშის ხარისხიდან გამომდინარე, უნგრეთის მსგავსად, ავსტრიამაც შესანიშნავი შთაბეჭდილება დატოვა ტურნირზე. 

ამიტომ ჰოლანდიასაც აუცილებლად უნდა ჩაეთვალოს აქტივში ჯგუფურ ეტაპზე სამივე მატჩის მოგება, რომელთაგან ყველაზე შთამბეჭდავი სწორედ ავსტრიელების შესანიშნავი სტილით დამარცხებაა. 

ჰოლანდიას მერვედფინალში მესამე ადგილოსანი ჩეხეთის ნაკრები დაუპირისპირდა, რომელმაც შვეიცარიის მსგავსად, სენსაცია მოახდინა, ოღონდ არა პენალტების სერიაში, არამედ მატჩის ძირითად დროში.

ჩეხებმა გაცილებით დიდი ენერგია შეალიეს მერვედფინალურ მატჩს, ვიდრე დანიელებმა, რომელთაც შედარებით იოლი გასეირნება მოუწიათ უელსის ნაკრებთან შეხვედრაში.

მეოთხედფინალში მათ სასტიკი ბრძოლა გამოუცხადეს დანიის ნაკრებს და ისე მოქანცეს მეტოქე, რომ ევროპის 1992 წლის ჩემპიონს დამატებითი დროის ბოლომდე ძალა აღარ შერჩა „უემბლიზე“ ინგლისელთა წინააღმდეგ სათამაშოდ, რომელიც თავის მხრივ უბრძოლველად გაატარა ნახევარფინალში უკრაინის ნაკრებმა.

უკრაინას იქამდე ურიგო შთაბეჭდილება არ დაუტოვებია, როდესაც მერვედფინალში დამატებით დროში შვედები დაამარცხა. მაგრამ, საბოლოოდ, მაინც შერცხვა რუსეთის და თურქეთის ნაკრებების მსგავსად, რომლებიც მაყურებლისთვის მოულოდნელად, სტატისტის როლში აღმოჩნდნენ ტურნირზე.

საინტერესო გამოდგა ჩრდილოეთ მაკედონიის ასპარეზობა ევრო 2020-ზე ჰოლანდიის, ავსტრიის და უკრაინის გუნდების გვერდზე, სადაც მისი ადგილი შეიძლებოდა საქართველოს ნაკრებს დაეკავებინა.

მართალია, მაკედონიელებმა სამივე მატჩი წააგეს, მაგრამ ფარ-ხმალი მხოლოდ ჰოლანდიელების წინააღმდეგ უკანასკნელ შეხვედრაში დაყარეს.

თუკი ერთა ლიგის D ჯგუფის გამარჯვებულისგან მერვედფინალში გასვლას არავინ ელოდა და არც ითხოვდა, საკვირველია პოლონეთის ნაკრების უნიათო ასპარეზობა ევრო 2020-ზე.

მაგრამ მაყურებელმა მაინც მიიღო დიდი სიამოვნება ამ გუნდისგან რობერტ ლევანდოვსკის გამო, რომელმაც მარტომ მოახერხა ტურნირზე სამი გოლის გატანა და სიტუაციის არაერთგზის გამწვავება ესპანეთის თუ შვედეთის ნაკრებების კართან.

ალბათ როგორ ნატრობდნენ მას საკუთარ ნაკრებში გერმანელი გულშემატკივრები, როდესაც იოაჰიმ ლიოვის გუნდი ზედიზედ უკვე მეორე ევროპის ჩემპიონატზე მარცხდებოდა პრინციპულ მეტოქესთან ანგარიშით 0:2.

ევრო 2016-ზე გერმანელებმა ასევე მასპინძლებთან, ფრანგებთან დათმეს ნახევარფინალური მატჩი. რა უნდა ითქვას ბუნდესნაკრებზე?

გუნდმა ერთი თამაში მაინც ჩაატარა შესანიშნავად ევრო 2020-ზე პორტუგალიის წინააღმდეგ, რომელიც შეიძლებოდა დიდი ანგარიშითაც დაემარცხებინა.

პორტუგალიამ ამჯერადაც მესამე ადგილიდან გაიკვლია მერვედფინალის გზა, მაგრამ წინა ტურნირისგან განსხვავებით, სადაც ჩემპიონობა იზეიმა, რონალდუ და მისი თანაგუნდელები მერვედფინალიდანვე გაუშვეს შინ ბელგიელებმა.

როგორ არ გავავლოთ ამ დროს პარალელი წინა მსოფლიოს ჩემპიონატთან, როდესაც ასევე მერვედფინალში პორტუგალიელები ურუგვაის ნაკრებთან დამარცხდნენ.

ევრო 2016-ის და ერთა ლიგის გამარჯვებულისგან მაყურებელი ალბათ მეტს ელოდა ევრო 2020-ზე, მაგრამ ბელგიის ნაკრებისგანაც ხომ ყოველთვის არსებობს ასეთივე მოლოდინი?

თუკი წინა ჩემპიონატზე ბელგიელებს გზა ნახევარფინალისკენ უელსის ნაკრებმა გადაუღობა, ამჯერად ისინი იტალიელებმა დაამარცხეს, რომელთაც დასკვნითი ეტაპის საუკეთესო მატჩი სწორედ მათ წინააღმდეგ ჩაატარეს და მისი ძირითად დროში მოგება მოახერხეს.

დასკვნით ეტაპზე გამართული 15-ვე მატჩი და რაც მთავარია, მათ შორის ფინალი შესანიშნავი გამოდგა სანახაობრივი თვალსაზრისით. 

ამას თუ ფავორიტი ნაკრებების გარდა, მეორეხარისხოვანი გუნდების მაღალი დონის საშემსრულებლო ოსტატობასაც დავამატებთ, მაშინ უეფას გუნდების რაოდენობის 32-მდე გაზრდის იდეაშიც დავეთანხმებით.  

რამ გამოიწვია პანდემიის პირობებში სანაკრებო ფეხბურთის პოტენციალის ასეთი ზრდა? 

როგორც ჩანს, 2019 წელს დასრულებული ერთა ლიგის ტურნირის შემდეგ ნაკრებებმა შეინარჩუნეს შეთამაშების უნარი  და უფრო მაღალ დონეზე მოემზადნენ ერთი წლით გადადებული ევროპის ჩემპიონატისთვის, ვიდრე აქამდე ამხანაგური მატჩების ფონზე ახერხებდნენ ამას.

კიდევ არაერთ კითხვაზე გაგვცემს პასუხს ევრო 2020-ის მონაწილე ფეხბურთელთა თავ-თავიანთ კლუბებში დაბრუნება და მათი ასპარეზობა ეროვნულ ჩემპიონატებსა თუ ევრო ტურნირებში. 

იქამდე კი არც ისე შორია, რადგან სულ რაღაც ორ კვირაში სუპერთასის მოსაპოვებლად ერთმანეთს ბელფასტში ჩემპიონთა ლიგის და ევროპის ლიგის გამარჯვებულები – „ჩელსი“ და „ვილიარეალი“ დაუპირისპირდებიან. ნუთუ კვლავ უნაკლო პენალტების სერიას ვიხილავთ? 

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.