fbpx

როცა არტისტები ქმნიან ფესტივალს – Swing 2021


გააზიარე სტატია

ელექტრონული მუსიკის მსმენელების გამოხმაურება სოციალურ ქსელებში, მიანიშნებს, რომ Swing Festival წლის ერთ-ერთ მთავარ შეხვედრის ადგილად  მოიაზრება. თავიდან საკმაოდ უცნაურად ჟღერდა იდეა – ფესტივალი ფოთში, თუმცა რაც უფრო ახლოვდება კალენდარში საგულდაგულოდ მონიშნული თარიღები 30 ივლისი-1 აგვისტო, მით უფრო მყარდება აზრი, რომ საპორტო ქალაქი, მალე საფესტივალო(ც) გახდება.

მონაწილე არტისტების ვრცელი სია ალბათ საუკეთესოდ გამოხატავს Swing-ის იდეასა და ღირებულებებს, თუმცა თავად ლაინ აფის შემქმნელებისგან მოსმენილი ამბავი, ფესტივალის მიზანს კიდევ უფრო საინტერესოდ წარმოაჩენს.

ფოთში, ოქროს ტბაზე, სამდღიანი მუსიკალური მოგზაურობის მიმართულებას მამუკა ცხადაია (HAMATSUKI), ლაშა მარგიანი (HTSVL), თოკე ნიკოლაიშვილი (TOKE) და ეშ შოლემი (Ash Scholem) განსაზღვრავენ. ოთხივე ქართული საკლუბო სცენის გამორჩეული არტისტია, თუმცა ამჯერად ფესტივალის ორგანიზატორებად გვევლინებიან,  გუნდის სხვა წევრებთან ერთად ფოთში გვიწვევენ და დაუვიწყარ გამოცდილებას გვპირდებიან

თუმცა მანამდე..

სანამ ოქროს ტბაზე მოხვდებოდნენ, ერთმანეთი მეგობრობაში და საქმეშიც გამოსცადეს, წარმატებით განახორციელეს მუსიკალური პროექტები და მიღებული გამოცდილებით გუნდის თითოეული წევრი, კიდევ უფრო მეტად დააფასეს.

„ჩვენ დიდი ხნის მეგობრობა გვაკავშირებს და საქმით ყოველთვის ვაძლევდით ერთმანეთს მოტივაციას. გასულ წელს ერთად მუშაობაც ვცადეთ და აღმოჩნდა, რომ ჩვენი გუნდი საკმაოდ პროდუქტიული და იდეებით სავსეა, ჰარმონიულად ვეწყობით და პასუხისმგებლობით ვუდგებით საქმეს. სამუშაო პროცესითა და შედეგით მიღებული სიამოვნება, შესანიშნავ გამოცდილებად იქცა და თითქოს თავისთავად ცხადი გახდა, რომ აუცილებლად გავაგრძელებდით თანამშრომლობას.“ – ლაშა მარგიანი.

საუბარში ირკვევა, რომ ჰარმონიული წყობა სულაც არ ნიშნავს ერთნაირობას, პირიქით, გუნდში განსხვავებული აზრი ყოველთვის არსებობს, ისევე როგორც მისი მიმღებლობა. ისინი ერთმანეთს არ გვანან, თუმცა მთავარი რაც აერთიანებთ – მუსიკაა. მუსიკა, რომლის გარეშეც მათთვის ისეთივე წარმოუდგენელია ცხოვრება, როგორც უჟანგბადოდ. მისი არსებობა ბუნებრივია, არარსებობა კი – აუცილებლად იწვევს უკმარისობის განცდას.

დაპაუზებული საკლუბო სცენა და გარემოსთან ადაპტაცია

2020 წელმა ნამდვილად გააჩინა მუსიკის, ემოციების გაცვლისა და უსაფრთხო სოციალიზაციის უკმარისობა. დაიხურა კლუბები და თითქმის გაქრა არტისტებისა და მსმენელების ურთიერთობის შესაძლებლობა. გასაკვირი არ არის, რომ აქამდე სწრაფი ტემპით განვითარებადი ელექტრონული (მუსიკის) მუხტი შესუსტდა, რაც ნეგატიურად მოქმედებს მუსიკოსების კარიერულ წინსვლასა და მოტივაციაზე. თუმცა ასეთ შემთხვევებში გარემოსთან ადაპტაციასა და გონივრული გამოსავლის მოძებნას, ცალსახად გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს.

„ქართული საკლუბო სცენის წარმომადგენლები  იყვნენ ერთ-ერთი პირველები, ვინც  მაღალი სოციალური პასუხისმგებლობა გამოიჩინეს და მიიღეს ურთულესი გადაწყვეტილება კლუბების დახურვაზე. ცხადი იყო, რომ მიმდინარე პროცესი აუცილებლად დააზარალებდა კულტურას. პანდემია ისევ აქ არის, ამიტომ უნდა მოვერგოთ მოცემულობას და ვიპოვოთ გზა, რომ  წლების განმავლობაში დაგროვილი ენერგია და მონაპოვარი (ამაში ყველა კლუბს უდიდესი წვლილი მიუძღვის) არ დაიკარგოს; გადალახული სირთულე კი საბოლოოდ სიძლიერედ იქცეს.“- ეშ შოლემი.

 

იდეა და მიზანი

გარემოსთან ადაპტაციაზე ფიქრისას ოქროს ტბაზე აღმოჩდნენ. საუცხოო ადგილმა თითქოს თვითონ უკარნახა, რომ ზუსტად იქ იყვნენ სადაც უნდა ყოფილიყვნენ. მალევე გადაწყდა ფესტივალის ჩატარება და დაიწყო მუშაობა მთავარ ამოცანაზე:  შეექმნათ უსაფრთხო გარემო საუკეთესო საფესტივალო გამოცდილებისათვის.

„იდეას არტისტების გადმოსახედიდადნ შევხედეთ – გავაკეთოთ ფესტივალი, რომლის ერთ-ერთი მთავარი მიზანი ქართველი მუსიკოსების ხელშეწყობა იქნება. ჩვენ ვიცით რა მდგომარეობაში არიან ისინი და რამდენად ნეგატიური გავლენა მოახდინა პანდემიამ მათ კარიერაზე. თუ გვაქვს რესურსი რომ ეს ყოფა შევუმსუბუქოთ, აუცილებლად უნდა ვცადოთ. გვინდა, რომ დამსახურებული – საუკეთესო გარემო შევქმნათ მათთვის, მივცეთ მოტივაცია და გავაძლიეროთ მუხტი, რომელიც აუცილებელია სცენის არსებობისთვის. მუსიკოსები საქართველოს სხვადასხვა ქალაქებიდან მოვიწვიეთ. ვფიქრობ მათი გაერთიანებით ხელს შევუწყობთ კულტურულ დეცენტრალიზაციას და საფესტივალო ინფრასტრუქტურის განვითარებას რეგიონებში. ასევე შეიქმნება ერთგვარი კომუნა, სადაც უკეთ შევძლებთ ერთმანეთის გაცნობასა და აღმოჩენას. – თოკე ნიკოლაიშვილი.

რაც შეეხება უსაფრთხოებას – ფესტივალის კოვიდ რეგულაციებზე, სტუმრების ტესტირების ლოჯისტიკასა და შესაბამის კომუნიკაციაზე გუნდის სხვა წევრები ფოკუსირდნენ, არტისტი თანადამფუძნებლები კი დარჩნენ ძირითად სამუშაოსთან – შეექმნათ სამდღიანი მუსიკალური პროგრამა, რომელიც დასაწყისიდან დასასრულამდე გამოხატავს ფესტივალის განწყობას, ხასიათსა და ღირებულებებს.

 

Line-up

მუსიკა საფესტივალო გამოცდილების ძირითადი კომპონენტია, ლაინ აფი კი ერთგვარი სავიზიტო ბარათი. Swing Festival  მსმენელებს მრავალფეროვან მუსიკას დაახვედრებს – ტერიტორიაზე ტექნოს, ჰაუსისა და ელექტროს ჟღერადობების სინთეზს მოახდენს და არტისტებს სამ სხვადასხვა სცენაზე გადაანაწილებს. ეს პროცესი კი საგანგებოდ განსაზღვრული კურსის მიხედვით განვითარდება.

„ლაინაფზე მუშაობისას გავითვალისწინეთ ჩვენი აღქმით მუსიკალური საჭიროებები კონკრეტულ დროსა და სივცრეში. ვიმსჯელეთ როგორ უნდა განვითარებულიყო პროცესი. ჩვენ მიერ დაგროვილი გამოცდილება შევაჯერეთ და შევქმენით ერთგვარი მუსიკალური პროგრამა, რომელიც ფესტივალის მიმდინარეობას წარმართავს. შევარჩიეთ არტისტები, რომლებსაც აქვთ გარემოს აღქმისა და მოქნილობის უნარი. ძირითადად ქართველებზე გავამახვილეთ ყურადღება და გამოვაჩინეთ მრავალფროვნება, რადგან ჩვენი სცენა ამის შესაძლებლობას იძლევა. გარდა ლაინ აფში წარმოდგენილი არტისტებისა, საქართველოში კიდევ ბევრი ნიჭიერი მუსიკოსია და მომავალში მათაც აუცილებლად იხილავთ Swing Festival-ზე.“ – მამუკა ცხადაია

ვისაც ელექტრონულ მუსიკასთან რაიმე კავშირი აქვს, Swing Festival-ის ლაინაფიდან 70-მდე სასცენო სახელის გარდა, ალბათ მთავარ მესიჯსაც ამოიკითხავს: Support your local heroes! ქართველი არტისტების რაოდენობა ლაინ აფიდან კარგად ჩანს, ხოლო, თუ მათ შესაძლებლობებთან მიმართებაში კიდევ დარჩა კითხვები, ყველა მათგანს ამომწურავი პასუხი 30 ივლისიდან 1 აგვისტომდე, ოქროს ტბასთან გაეცემა.

„გვინდა, რომ ქვეყანაში მეტი ინტერესი გავაჩინოთ მუსიკალური თვალსაზრისით. ქართველი არტისტების გარეშე ეს სცენა არ იარსებებდა. მათი მოსმენა საყვარელ კლუბებში სრულიად სხვა გამოცდილებაა, თუმცა რადგან კლუბები აღარ არის, ეს გამოცდილებაც ქრება. გვინდა რომ, ადგილობრივი საკლუბო სცენის განწყობა შევქმნათ ფესტივალზე.  უცხოეთიდან მოწვეული არტისტები ამ პროცესში დაგვეხმარებიან, დანარჩენი კი ჩვენს local heroes-ზეა დამოკიდებული.“- ეშ შოლემი.

ადგილობრივი სცენის წარმომადგენლების გარდა, ფესტივალზე უცხოელი მუსიკოსები წარდგებიან, მათ შორის Alec Falconer, Jane Fitz და Dr. Banana, Amichay Matyas, Anna Haleta, DVS1, Evan Baggs, Edward, Francesco Del Garda, DJ Dustin, Tom Haus

მოლოდინები..

ფესტივალისთვის პირველი წელი არასდროს არის მარტივი, განსაკუთრებით კი იმ პირობებში, რაც დღესდღეობით საქართველოშია. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ერთი მხრივ გუნდში არსებული მოტივაცია და მონდომება, ხოლო მეორე მხრივ საზოგადოების ჩართულობა, იძლევა იმედს, რომ Swing Festival ქართველი მსმენელის კეთილგანწყობას მოიპოვებს.

„ვფიქრობთ, რომ წელს ჩატარებული ფესტივალით, მსმენელის ნდობას მოვიპოვებთ, რაც მომავალში უფრო მეტ სითამამეს მოგვცემს. ჩვენი მიზანი არ არის ადამიანთა დიდ რაოდენობაზე გათვლილი ლაინაფი, პირიქით ხარისხიანი მუსიკის და ნიჭიერი არტისტების წარმოჩენაა. წელს რთულ პირობებში გვიწევს მუშაობა და გვჯერა რომ ბევრი ისეთი გამოწვევა გვხვდება, რაც მომავალ წლებში აღარ იქნება. ამასთან ერთად ეს კარგი შესაძლებლობაა, რომ ბარიერები ერთად გადავლახოთ და გამოწვევებს გავუკლავდეთ. ეს მომავალში გაზრდასა და განვითარებაში დაგვეხმარება.“ – მამუკა ცხადაია

მსმენელის ნდობისა და კეთილგანწყობის მოპოვებაში კი მისი გემოვნების ცოდნა აუცილებელია. გასაკვირი არ არის, რომ ქართული საკლუბო სცენის განვითარებასთან ერთად პუბლიკის გემოვნებაც იხვეწება. შესაბამისად მსმენელის მოსმენა ფესტივალის წარმატებას მნიშვნელოვნად განაპირობებს.

„ქართველი მსმენელის გემოვნება ძალიან დახვეწილია. ის კარგად იცნობს მუსიკას, თვალ-ყურს ადევნებს მის განვითარებას და ადვილად ამჩნევს ხარვეზებს. ამიტომ მსმენელების წინაშე დიდ პასუხისმგებლობას ვგრძნობთ, ვფიქრობთ რომ ფესტივალი მათ მოთხოვნებს უპასუხებს და ჰარმონიულ გარემოს შექმნის.“ – ლაშა მარგიანი

დარჩენილ დროში ფესტივალის ორგანიზატორები ჰარმონიული გარემოს შექმნაზე გააგრძელებენ მუშაობას, რაც არტისტებისა და მსმენელების სიმბიოზური შერწყმის ძირითადი კომპონენტია. ისინი ეცდებიან, რომ დიდი ხნის ნანატრი დღესასწაული მოაწყონ, შექმნან უსაფრთხო გარემო და აუდიტორიას სამი დღით დაავიწყონ რა ხდება ოქროს ტბის გარეთ.

დამფუძნებლები ფიქრობენ, რომ ფესტივალი სამი ძირითადი ნაწილისგან შედგება: მსმენელი, არტისტი და ორგანიზატორი. და თუ სამივე მათგანისთვის Swing საყვარელი თავშეყრის ადგილი გახდება, მაშინ შეიძლება ითქვას, რომ მიზანი მიღწეულია.

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.