fbpx

Architects of Invention – ნიკოლოზ ჯაფარიძის კომპანია მოსკოვის „ხრუშჩოვკების“ რეაბილიტაციის პროექტის გამარჯვებულია


გააზიარე სტატია

ავტორი: მარიამ ბერძენიშვილი

 

ოთხმა წამყვანმა ბრიტანულმა არქიტექტურულმა ფირმამ მოსკოვის მთავრობის მიერ გამოცხადებული ე.წ. ხრუშჩოვკების რეაბილიტაციის პროექტში გაიმარჯვა.

105 მიღებული აპლიკაციიდან სერგეი კუზნეცოვმა (მოსკოვის მთავარი არქიტექტორი) და მისმა გუნდმა ოთხი გამარჯვებული გამოავლინა:  Zaha Hadid Architects, Tony Fretton Architects, LDA Design. მათ გვერდით საპატიო ადგილს  კომპანია Architects of invention იკავებს. მისი დამფუძნებელი  ქართველი არქიტექტორი ნიკოლოზ ჯაფარიძეა, არაერთი საინტერესო და ცნობილი პროექტის ავტორი. 

 

AT.ge გთავაზობთ ინტერვიუს ნიკოლოზ ჯაფარიძესთან.

მოგესალმებით და გილოცავთ ამ საინტერესო და მნიშვნელოვან პროექტში გამარჯვებას. მინდა გკითხოთ, რითაა თქვენთვის და თქვენი გუნდისთვის ეს პროექტი გამორჩეული და რა მიდგომებით აპირებთ რეაბილიტაციაზე მუშაობას?

ამ პროექტმა ჩვენი კომპანია წინ წასწია იმ კუთხით, რომ, ასე ვთქვათ, „დიდ ლიგაში“ გადავედით. ეს პროექტი თავისთავად მოიცავს კვლევას. საინტერესო აღმოჩნდა მუშაობის პროცესიც, მნიშვნელოვანი იყო საბჭოთა წარსულის გადახედვა, ახალი მეთოდების შემუშავება, თუ როგორ უნდა გადაკეთდეს ძველი შენობები თანამედროვეობის კონტექსტში სწორად, ასევე იმის გათვალისწინება, როგორ უნდა ავაშენოთ ახალი შენობები, რომლებიც გაუძლებენ დროს და სარეაბილიტაციო სამუშაოებს, რადგან არქიტექტურა ეპოქის სახეა, რომელიც მომავალში ისტორიას ქმნის. 

თქვენი ამოცანა მხოლოდ ექსტერიერზე მუშაობა და ფასადის აღდგენა იყო თუ სრული რეკონსტრუქცია ჩაუტარდება შენობებს?

ორი ტიპის საპროექტო სამუშაოები ჩატარდება: პირველი – ძველის რეკონსტრუქცია, ვგულისხმობ ახალ ფასადებს; მეორე – ახალი შენობების აშენება ძველის ადგილას, რომელიც ითვალისწინებს იმავე სტანდარტებს, ოღონდ გაუმჯობესებულ ვერსიას. პროექტს რეკონსტრუქცია ჰქვია, მაგრამ დაახლოებით 20%-ს უტარდება აღდგენითი სამუშაოები, დანარჩენი კი ახალი შენდება.

რა მასალების გამოყენებას გეგმავთ ფასადის რეკონსტრუქციისთვის?

მასალით არ ვყოფილვართ შეზღუდულები, მაგრამ საკმაოდ მცირე თანხა გვქონდა გამოყოფილი, დაახლოებით $135 კვ. მეტრზე. ძირითადად რკინა-ბეტონზეა მოთხოვნა, ჩვენ ფიბრო-ბეტონს ვიყენებთ, რაც საშუალებას გვაძლევს სასურველი ფერი და ტექსტურა მივიღოთ.

 

რა იყო მთავარი ღერძი, შთაგონება ან არქიტექტურული მიმართულება, რაზეც ააგეთ მოცემული პროექტის კონცეფცია?

ჩვენ შევისწავლეთ კონკრეტული რაიონების ხასიათი, როგორი ტიპოლოგიური შენობები იყო გამოკვეთილი და ამის მიხედვით დავიწყეთ არქიტექტურული ფორმების ძებნა. რაც შეეხება შთაგონებას, ეს ბაუჰაუსის სკოლა, მალევიჩის მხატვრობა და 20-იანი წლების რუსული სკოლა ვხუტემასი გახლავთ,  ეს უკანასკნელი ტოტალური დიზაინის შექმნას გულისხმობს (სამყაროების შექმნა დიზაინის საშუალებით) – სახლიდან დაწყებული, სახელურის დიზაინით დამთავრებული. რაც შეეხება მიმდინარეობას, მაგალითისთვის ავიღეთ არქეტიპული გეომეტრიული ფორმები – წრე, კვადრატი, მართკუთხედი და ამ ფორმების საშუალებით შევქმენით ფასადის დიზაინი.

 

ოთხი სხვადასხვა არქიტექტურული ფირმა განსხვავებული გამოცდილებითა და ხედვით. საინტერესოა, როგორი იქნება თქვენი თანამშრომლობა და გაითვალისწინებთ თუ არა ერთმანეთს გამოცდილებას მუშაობის პროცესში საერთო სურათის შესაქმნელად?

მოცემული იყო ძალიან დიდი ტერიტორია, ბევრი სხვადასხვა უბანი, შესაბამისად, ერთი კომპანია ვერ გასწვდებოდა ამხელა მასშტაბებს და ძალიან კარგია, რომ რამდენიმე კომპანია ჩაერთო, სხვანაირად ვერც გამოვიდოდა. გათვალისწინების რა გითხრათ, ჩვენ თითქმის არ გვქონია შეხება და ტერიტორიის სიდიდიდან გამომდინარე ყველას ჩვენ-ჩვენი უბანი გვერგო.

როგორია თქვენი  დამოკიდებულება საბჭოთა არქიტექტურის მიმართ? როგორ ხედავთ თანამედროვე ურბანული გარემოს და ძველის თანაარსებობას? რა  არის ის საშუალებები, რითაც  მათი კოჰაბიტაციაა შესაძლებელი? 

რაც შეეხება საბჭოთა არქიტექტურას, პირველი გამოშვების შენობები კარგი იყო, მაგრამ შემდეგ სერიული სახე მიიღო და დაკარგა ავთენტურობა. უმეტეს შემთხვევაში იმდენად ცუდადაა ნაშენები, რომ მის რეკონსტრუქციას აზრი არ აქვს. სამწუხარო კი ის არის, რომ რაც ვახსენე, ხუტემასის სკოლა, რომელიც თავისთავად რუსულია, ამ სკოლის პრინციპების გამოყენება კარგად შეგვეძლო, ტოტალიტარულმა რეჟიმმა მას იდეა გამოაცალა, ევროპამ კი ეს კონცეფცია სწორად გაიაზრა და გამოიყენა კიდეც, ახლა კი ჩვენ გვიწევს ფსევდოარქიტექტურის შექმნა ისევ ევროპულ ბაზაზე.

როდესაც პირველად გავიგე ამ ამბის შესახებ, გავიფიქრე, რა კარგი იქნებოდა, თბილისშიც რომ განხორციელებულიყო მსგავსი პროექტი, მაგრამ, სამწუხაროდ, როგორც ვიცი, დიდ თანხებთან არის დაკავშირებული და ჯერჯერობით მერია თავს იკავებს ასეთი ინიციატივისგან,  ამ თემაზე რას ფიქრობთ?

ვფიქრობ, ახლა საქართველოში ისეთი ქაოსია,  არა მგონია, ამისთვის ვინმეს ეცალოს. საბჭოთა არქიტექტურის დანატოვარი რამდენიმე შენობა მართლაც ძალიან კარგია, მაგალითად, ტრანსპორტის სამინისტრო, იმელის შენობა, “ივერიაც” კარგი შენობა იყო, რასაც მისი რეკონსტრუქციის შედეგად მიღებულ სახეზე ვერ ვიტყვი. საჭიროა კარგად შევისწავლოთ და შემდეგ გავიაზროთ – სიღრმისეული კვლევის გარეშე კარგ არქიტექტურულ პროექტს ვერ მივიღებთ. სახელმწიფოს ვალდებულებაა ძეგლთა ნუსხა სწორად გაკეთდეს – სიმბოლოებისა და ფასეულობის გათვალისწინებით.

როგორია Architects of invention-ის ამჟამინდელი პროექტები და რა სამომავლო გეგმები გაქვთ?

ახლახან დავასრულეთ მოსკოვში კონსტრუქტივისტული შენობის რეკონსტრუქცია, რომელსაც თავზე დავადგით თანამედროვე ტექტონიკური მოდულის ტიპის ობიექტი. ასეთი შენობა ქალაქში სამი იყო, ორი მათგანი დაანგრიეს ძეგლის სტატუსის არ არსებობის გამო, ჩვენ დავუკავშირდით ძეგლთა დაცვის შესაბამის ორგანოს და დიდი ბრძოლით შევინარჩუნეთ ამ შენობის ნაწილი.

 

გმადლობ, ნიკოლოზ, ბევრ წარმატებულ პროექტს გისურვებთ მომავალში.

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.