fbpx

სიჩუმე ნიღბიან კინოფესტივალზე – კანი 74


გააზიარე სტატია

ავტორი: ნესტან ნენე კვინიკაძე

 

კანში ყველაზე უცნაური, შთამბეჭდავი და ნიშანდობლივი წლევანდელი ფესტივალის და კინოფილმების ხმის დიზაინი იყო:

ფესტივალის სასახლესთან არ ისმოდა  გაზეთის გამყიდველი ჟულის 30-წლიანი შეძახილი ლიბერასიონ, ლიბე, ლიბე, ისმოდა ტესტირების QR კოდების წამკითხველი აპარატების მონოტონური ხმა. 

წელს ოფიციალურად აკრედიტებული ჟურნალისტების  ნახევარზე ნაკლები იყო წარმოდგენილი, შესაბამისად, არც ტუალეტებთან ცნობილი რიგის საჭიროება იდგა, – დუმდა ხმაურიანი ხელის  საშრობი. ნესპრესოს კუთხეშიც ჩინებული ყავის აპარატები მოკრძალებულად მუშაობდა.

ფრიალებდა კოვიდ 19-ის ვაქცინაციის დროშები. 

ფესტივალს სასახლის მახლობლად ულტრათანამედროვედ აღჭურვილი საკუთარი ლაბორატორიაც ჰქონდა. მიუხედავად იმისა, რომ ტრადიციულად ბრწყინავდა სამკაული და სამოსი, და წითელ ხალიჩაზე სტუმრების ჩავლისას ფონური მუსიკაც ისმოდა, ეს სცენები მაინც უხმოდ დამამახსოვრდა.

ხმაური მაშინ დაიწყო, როდესაც ფესტივალის გახსნისას ჟიურის წევრთა პრესკონფერენციაზე ქართველმა ჟურნალისტმა ანანო ბაკურაძემ თბილისში მიმდინარე მძიმე ამბების მიმოხილვის შემდეგ, ჟიურის წევრებს გამოცდილების გაზიარება სთხოვა, თავმჯდომარე რეჟისორმა სპაიკ ლიმ კი ასე უპასუხა:

“მინდა, მადლობა გადაგიხადოთ ინფორმაციის მოწოდებისთვის, ვფიქრობ, ერთადერთი არ ვარ, ვინც არ იცის საქართველოში მიმდინარე მოვლენების შესახებ. ამ სამყაროს განგსტერები მართავენ. ნარინჯისფერი აგენტი (დონალდ ტრამპი), ის ბრაზილიელი ტიპი და პუტინი. ისინი განგსტერები არიან… ახლა ჟურნალისტების ვალდებულებაა სამყაროს მიაწვდინონ ხმა. თქვენ გაიგეთ ამბავი, მოიძიეთ მეტი ინფორმაცია და დაწერეთ. კანი მხოლოდ ფილმების კრიტიკა არ არის, თქვენ ავაზაკებიც უნდა აკრიტიკოთ”.

პრესკონფერენციის დასრულებიდან ერთი საათის განმავლობაში მსოფლიოს წამყვანმა გამოცემებმა უკვე გაავრცელეს  ეს ინფორმაცია – გარდიანი, ჰოლივუდ რეპორტერი, ფლეილისთ ნეთი, ფრანს 24 და სხვა ცნობილი მედიაპლატფორმები  საქართველოში მიმდინარე ამბების შესახებ სწორედ კანის ფესტივალის პრესკონფერენციის კონტექსტში წერდნენ. 

წლევანდელი საკონკურსო პროგრამა სახელოვანი გვარებით ბრწყინავდა: პოლ ვერჰოვენი, ლეოს კარაქსი,  შონ პენი, კირილ სერებრენიკოვი, ვეს ანდერსონი, ნანი მორეტი,  ფრანსუა ოზონი, ასგარ ფარადი, ჟაკ ოდიარი, აპიჩატპონგ ვირასეტაკული,  ბრუნო დუმონი და სხვები.

სხვადასხვა სელექციებში სერგეი ლოზნიცა, ოლივერ სტოუნი, გასპარ ნოე, ასევე, რეჟისორების სტატუსით წარმოდგენილი მსახიობები – ლუი გარელი და შარლოტ გინსბურგი მონაწილეობდნენ.

გინსბურგის შარლოტის ჯეინი კანის პრემიერის სექციაში უჩვენეს. დედა-შვილის გულწრფელ საუბარში (ჩემთვის ჩურჩულად აღქმული), 74 წლის ბირკინთან ახლოს მივდივართ. ჯეინი გარდაცვლილი შვილის, ახალგაზრდობის, ქმართან ურთიერთობის და დროის შესახებ ღიად და გულწრფელად ჰყვება. 

საუბარი პერიოდულად მაგიდის ირგვლივ, ზოგჯერ საძინებელში ან სტუდიაში მიმდინარეობს. შარლოტი დედას ფოტოებს უღებს – ახლო ხედით, როგორც ერთ დროს მიქელანჯელო ანტონიონის ბრწყინვალე Blow up-შია. უახლოვდება და თითქოს ასე ცდილობს კიდევ უფრო ღრმად შევიდეს ქალის ისტორიაში, სიმტკიცეში, იდუმალებაში. შარლოტს სურს მოიმწყვდიოს დრო, რომელმაც ჯეინ ბირკინი შეცვალა. ანიეს ვარდას ჯეინის შემდეგ დიდი დრო გავიდა. ამიტომ, ეს, ყველა თვალსაზრისით, მართლაც შარლოტის ჯეინია. სხვას შესაძლოა, არც სითამამე ჰყოფნოდა მეტისმეტად შეცვლილი ნაკვთები და სხეული ახლო ხედით ეჩვენებინა. სხვებმა შესაძლოა, ვარსკვლავს დაბერებაც არ აპატიონ. შარლოტი კი დედის ძვირფას, აღიარებით, ტკივილით სავსე ცხოვრებას და სხეულს გულში იკრავს. 

მსახიობ რეჟისორებში შარლოტის სურათი საუკეთესოა. ლუი გარელმა მხოლოდ ფილმის დასაწყისით, ცოცხალი დიალოგებით და საინტერესო სამსახიობო ოსტატობით დაგვამახსოვრა მისი ჯვაროსნული ომი, ფილმი შუა ნაწილიდან თითქოს ხელიდან უსხლტება რეჟისორს. 

ფიასკო უწოდეს შონ პენის დროშის დღეს, რომელშიც რეჟისორი და მსახიობი თავად საკუთარ ქალიშვილთან ერთად თამაშობს.

ნანი მორეტის სამი სართულისთვის დაწერილი საშუალო ქულები კრიტიკოსებმა რეჟისორის მელანქოლიით და დეპრესიით ახსნეს. სტალკერი მორეტი ერთი სახლის სამ სართულზე მცხოვრები მეზობლების საერთო პრობლემებად ქცეულ ინდივიდუალურ ტკივილებზე გვიყვება. სხვადასხვა თაობის, სქესის და პროფესიის ადამიანების კრიზისი, შეცდომები, გაუაზრებელი ძალადობა, ფსიქიკური პრობლემები და სადღაც გამქრალი მომავლის მოლოდინი თუ სიხარული მეზობლებს ერთმანეთს აახლოებს და აშორებს. აქა-იქ აქსესუარივით ჩნდება მორეტის იუმორი, მაგრამ მაინც მოწყენილობა ჭარბობს. წელს ასეთ ხასიათზე გახლდათ შესანიშნავი იტალიელი რეჟისორი, კანის ფესტივალის რჩეული და არაერთი მნიშვნელოვანი ჯილდოს მფლობელი.

ვსაუბრობთ ხმის დიზაინზე და მის ყველაზე მასშტაბურ იდეას ვგულისხმობთ. მაგალითად, 74-ე კინოფესტივალის გახსნის სურათი – ანეტი. ლეოს კარაქსი ჰოლი მოტორსის პრემიერიდან ათი წლის თავზე თანამედროვე კინოსთვის უმნიშვნელოვანესი ფილმით დაბრუნდა.

ტრაგიკული პოპ-ოპერა ანეტი სოპრანოს (მარიონ კოტიარი) და კომედიანტის (ადამ დრაივერი)  იუმორნარევი დრამაა და როგორც აღინიშნა, რეჟისორისთვის პერსონალურად მნიშვნელოვანიც.

ამ ისტორიის მოსაყოლად ლეო კარაქსმა ჯგუფ  Sparks-ის საუნდრეკი, თეატრი, ოპერა,  ფერწერა, გრაფიკა და შემაშფოთებელი იმიჯების ვიზუალური რიგი გამოიყენა.

რა ემართებათ ადამიანებს? შესაძლებელია თუ არა დიდი სიყვარული, იმავდროულად, ძვირფასის განადგურებას გულისხმობდეს? გვჯერა თუ არა, რომ შესაძლოა მოძალადე ჩვენ გვერდით ცხოვრობდეს. კარაქსი სიღრმეში – ადამიანების ყველაზე ბნელ ტერიტორიაზე გვახედებს და შემზარავს, სასტიკად მომხიბვლელს, მიუღებელს და იმავდროულად, მიმზიდველს  ერთ პლასტში გვიჩვენებს.

ადამ დრაივერი კარაქსის სცენაზე ბრწყინავს. მისი პერსონაჟი ერთდროულად დამაჯერებელი და გროტესკული, მომნუსხველი და დაუნდობელია. ჰენრი კალიფორნიული თეატრის კომედიანტია და  წარმოდგენის დროს სასტიკ ამბებს უყვება ხუმრობის დამკვეთ მაყურებელს. 

კოტიარის გმირი ანა, ოპერის ცნობილი მომღერალი, კოშმარულ სიზმრებს ხედავს. 

წყვილი გვიყვება, თუ როგორ უყვართ ერთმანეთი, სიმღერით გრძელ და ლამაზ ტყეს ან ღამის ქუჩებს მიუყვებით. ისინი მღერიან სეირნობისას და ჩხუბის დროს, მღერიან  სახლში, სამსახურში, სექსის, კუნილინგუსის დროსაც.

ესაა გამიჯნურებული წყვილის თავგადასავალი, როგორ იქცევა შეყვარებული კაცი? რა შეიძლება მას დაემართოს? რას ცვლის ახლად გაჩენილი ენიგმური ბავშვი, სახელად ანეტი? კარაქსი ბავშვის როლს ხის მარიონეტს ანდობს.

რეჟისორი ყველაფერს დასცინის, ტაბლოიდების ჰედლაინებსაც და უფლებადამცველებს, ცნობილ ვარსკვლავებს და მათ თაყვანისმცემლებს, დიდებს და პატარებს,  შეყვარებულებს, თანამედროვე ადამიანის ყოფას, დეკორაციებს და სტიქიებს. მაგრამ კარაქსი ამისთვის სრულიად სხვა მასალას იყენებს, მისი არასტანდარტული პატერნები დაუვიწყარ შთაბეჭდილებას ქმნის. 

კიდევ ერთმა რეჟისორმა გაგვიზიარა სათქმელი მუსიკალური ენით: ნაბილ აუშის Casablanca Beats-ში მთავარი სცენა მოროკოული სკოლაა, მუსიკის მასწავლებელი ახალგაზრდა კაცი ანასია, რომელიც მოსწავლეებს ჰიპ-ჰოპს ასწავლის. ეს ერთადერთი გაკვეთილია, სადაც ახალგაზრდებს საკუთარი თავის გამოხატვის და სოციალური ცვლილების სავარჯიშოები ეძლევათ. სწორედ აქ საუბრობენ ისინი ყველა ტაბუირებულ თემაზე, პოლიტიკაზე, ისლამზე, მუსლიმურ საზოგადოებაში ქალის როლზე და რელიგიურ ექსტრემიზმზე.

ფილმის სცენარი თავად რეჟისორის პირადი გამოცდილების მიხედვითაა დაწერილი, მასაც, მთავარი გმირის მსგავსად, კასაბლანკას გარეუბანში ახალგაზრდების კულტურული ცენტრი ჰქონდა. ცხადია, ეს შთამბეჭდავი, ჰიპ-ჰოპად თქმული ტკივილები ჩვენი პრობლემების ასოციაციასაც იწვევს. განსხვავებულობა საზოგადოების დიდი ნაწილისთვის მიუღებელია. მოროკოელი ახალგაზრდების ოჯახის წევრები მიიჩნევენ, რომ გოგონების ცეკვა და სიმღერა მათ რელიგიურ განწყობებს ეწინააღმდეგება. მოზარდები კი ამ მოსაზრებას ფაქტებს უპირისპირებენ, – ეს არსად წერია! აუშის გულწრფელი და ბრძოლისუნარიანი რეჩიტატივები, აქტუალურ თემას კიდევ უფრო საინტერესოს ხდის.

83 წლის პოლ ვერჰოვენი წლევანდელ ფესტივალს შავი იუმორით გაჯერებული ისტორიულ-რელიგიური ლესბოსური დრამით ეწვია. ეს ნამდვილი ამბავია: ბენედეტა კარლინი 17-ე საუკუნეში იტალიურ მონასტერში 1619 წლიდან 1623 წლამდე ცხოვრობდა და ამტკიცებდა, რომ მისტიკური ხილვები და ღმერთთან კავშირი ჰქონდა.

თამამი და მოულოდნელი, ეკრანზე შიშველი ქალების მოყვარული რეჟისორი მონაზვნებს  და მათ სექსუალურ ყოფას გვიჩვენებს. ცხადია, მაყურებელს ეს სცენები აეკვიატება, მაგრამ ბენედეტა არაა ამბავი სექსუალურ თავგადასავალზე. ბენედეტა პოლიტიკის, რწმენის, ცოდვის, რელიგიური ფანატიზმის გავლენების შესახებ გვიყვება.

შავი იუმორით გაჯერებული ისტორიულ-რელიგიური ლესბოსური დრამა, ბენედეტას ბავშვობით იწყება. 17-ე საუკუნის იტალიურ მონასტერში მიყვანილი პატარა გოგო ღვთისმშობელს მის მფარველად მიიჩნევს. შემდეგ, გაზრდილი, ეროტიკულ სიზმრებში ქმრად სიმპათიურ იესოს ხედავს. რეალობაში კი ბენედეტას (ვირჯინია ეფირა) რომანი აქვს ქალთან. ბართლომეა (დაფნა პატაკია) ოჯახურ ძალადობას გამოქცეული და მონასტერს შეფარებული ახალგაზრდა გოგოა.

“შენ მხოლოდ შენი თავი გიყვარს”, – ეუბნება ერთ ეპიზოდში ბართლომეა ბენედეტას და მართლაც, მიზნის მისაღწევად მიმავალ გზაზე ბენედეტა დაუნდობლად და შეუწყნარებლად მიიწევს წინ. პრაგმატულად მოქმედებს და ყველა შესაძლო წამს და ინსტრუმენტს სკეფსისის გასანეიტრალებლად იყენებს. მეტი დამაჯერებლობისთვის საუცხოო ტრიუკს იგონებს – გაბრაზებული მამაკაცის ხმით იწყებს საუბარს. სისხლდენა, ჯვარცმის თუ გარდაცვალების იმიტირება და შემდეგ გაცოცხლების პერფორმანსი. ამ თამაშში ბენედეტა მონასტრის ბინადრებს სასწაულს აჯერებს. მონასტერს დანარჩენ მსოფლიოში დაწინაურების, პირველობის შანსი ეძლევა. შიდა დაპირისპირებებს ადამიანები ეწირებიან, მათ შორის, შარლოტ რემპლინგის გავლენიანი გმირიც, საკუთარ ქალიშვილთან ერთად. 

თვალთვალის საფუძველზე ქალთან სექსუალურ ურთიერთობაში ბრალდებული და  სასჯელისთვის კოცონთან მიყვანილი ბენედეტა საბოლოო წარმოდგენის გათამაშებით ხილულ სასწაულს სჩადის. ბენედეტას ხალხი გადაარჩენს და ბრბო იმათ გაუსწორდება, ვისაც დანაშაულში მხილებული ბენედეტას დასჯა სურს.

ლუმიერების დარბაზში რამდენიმე წუთის განმავლობაში აპლოდისმენტებით ესალმებოდნენ ირანელ რეჟისორს, რომელმაც 2016 წელს კანში წარმოდგენილ ფილმზე – ყველამ იცის დასწრება მისთვის მისჯილი შინაპატიმრობის გამო ვერ შეძლო. “ერთი წლის წინ ამას ვერ წარმოვიდგენდი. ეს დიდ დარბაზში ჩემი პირველი კინოსეანსია”, – თქვა სამადლობელ სიტყვაში შინაპატიმრობას და ქვეყანაში მძიმე კოვიდპანდემიას დახსნილმა ასგარ ფარადიმ, რომლის გმირიც წამყვანმა გამოცემებმა გაყრის შემდეგ მის საუკეთესო სურათად აღიარეს. საბოლოოდ კი ჟიურიმ მას გრანპრი ფინურ კუპე # 6-თან გაუყო.

მომხიბვლელი გარეგნობის, ცოლს გაშორებული ახალგაზრდა კაცი რაჰიმი (ამირ ჯადიდი), რომელიც  უცნაურად იღიმის, საპატიმროდან ორი დღით გამოდის. რაჰიმი ვალისაგან თავის დასაღწევად ოჯახისაგან გასაიდუმლოებულ შეყვარებულთან, ფარხონდესთან (სარა გოლდასთი) ერთად წინასწარ შედგენილი გეგმის შესრულებას იწყებს.

ასგარ ფარადი, შესანიშნავ ოპერატორთან (ალი ღაზი) ერთად, ბრწყინვალედ იხელთებს ადგილს და დროს. ფილმში მანძილი და დინამიკა ყოველთვის მთლიანობის ნაწილია და რაღაც აუცილებელს ერთვის. ფარადის მრავალშრიანი და სამყაროსთან შერწყმული ატმოსფერო არც მხოლოდ პოეზიაა ხოლმე და მით უფრო, არც ეგზოტიკა. ესაა ის, რის გამოც  გმირი  საპატიო ჯილდოთი აღნიშნეს.

2010 წელს კანის კინოფესტივალის მთავარი პრიზი იმ რეჟისორმა აიღო, რომლის სახელისა და გვარის უშეცდომოდ წარმოსათქმელად მაყურებელს და კრიტიკოსებს წლები დასჭირდათ. აპიჩატპონგ ვირასეტაკულის ენიგმურობის მიზეზი მხოლოდ ეს არ ყოფილა. კინოსურათით ბიძია ბუნმი, რომელსაც წინა ცხოვრება ახსოვს  მან თანამედროვე კინოში სრულიად განსხვავებული ენა, ფორმა და ხმის დიზაინი წარმოადგინა. 

2021 წლამდე, თერთმეტი წლის განმავლობაში, ის სხვა საინტერესო კინოსურათებით  საკუთარ გამორჩეულ ტერიტორიას აფართოებდა, სოციალ-პოლიტიკური საკითხების წარმოსაჩენად უცნაურ და არაპირდაპირ ფორმას ირჩევდა.

კვლავ საკონკურსო პროგრამაში წარმოდგენილი მეხსიერება პირველი სურათია, რომელიც რეჟისორმა ტაილანდის გარეთ გადაიღო. ასევე, პირველად ითანამშრომლა ტილდა სიუნტონთან. აპიჩატპონგ ვირასეტაკულის და ტილდა სიუნტონის კოლუმბიური ამბავი ესაა სულის მოგზაურობა ტაილანდელი ოსტატის ბაღში.

პოეტური ინდივიდუალობის ნებას დაქვემდებარებული ფსიქოდელიური ნამუშევარი კოლუმბიაში მცხოვრები ქალის, ჯესიკას ამბავია, რომელიც მედილინში ცხოვრობს და ბაღის ყვავილების ბიზნესი აქვს. სიჩუმით დაპყრობილ სივრცეებს მოულოდნელი, უცნაური, აფეთქების ან რაღაც მძიმე ნივთის დაცემის ხმა იპყრობს.  

ჯესიკა ბოგოტაში დის სანახავად ჩადის, ის საავადმყოფოში ამოუცნობი რესპირატორული დაავადების გამო წევს. 

საავადმყოფო, ბიბლიოთეკა, კაფე – ვირასეტაკულის ინტერიერებიც ისეთივე განსაკუთრებულია, როგორც მისი ადამიანების გვერდით მცხოვრები მოჩვენებები, მცენარეები და ხმები.

გამოჯანმრთელებული დის სანახავად კაფეში მისული ჯესიკა აღმოაჩენს, რომ ის ამოუცნობი ხმა მხოლოდ მას ესმის.

ჯესიკა მეგობრის დახმარებით ხმის ჩამწერ სტუდიაში მიდის, ჰერნანი მას კომპიუტერული პროგრამის საშუალებით სწორედ იმ ამოუცნობი ხმის ჟღერადობის პოვნაში ეხმარება. 

რამდენიმე დღეში ჰერნანის მოსაკითხად მისულ ჯესიკას სტუდიის თანამშრომლები ეტყვიან, რომ არანაირი ჰერნანი იქ არ მუშაობს. რაღაც დროის შემდეგ ჯესიკა ასაკოვან კაცს გაიცნობს, რომელსაც ასევე ჰერნანი ჰქვია. ის საკუთარი სოფლიდან ფეხს არ იცვლის და ყველა მოგონება ახსოვს. ჰერნანთან საუბრისას ჯესიკას მოგონებების ნაკადი აწყდება, მაგრამ არის თუ არა ეს თავად ჯესიკას მოგონებები? რა კავშირია უცნობ ადამიანებს შორის? გარდაუვალი იყო თუ არა მათი შეხვედრა? 

ვირასეტაკულის სინამდვილეც და წარმოსახვითი სამყაროც ვეებერთელა, წამლეკავი წყლის რეზერვუარებს ჰგავს. არ არსებობს ვირასეტაკულის ფილმების გზამკვლევი. ესაა სულის მოგზაურობა, ერთგვარი სეირნობა და სეირნობისას აღმოჩენილი ყველაზე მთავარი.

ჰარუკი მურაკამის მოკლე მოთხრობის სამსაათიანი ადაპტაციისთვის რიუსუკე ჰამაგუჩი საუკეთესო სცენარისთვის დააჯილდოვეს.  ცოლდაკარგული თეატრის რეჟისორი ტოკიოდან ჰიროშიმაში კასტინგის ჩასატარებლად მიდის, რეჟისორმა ძია ვანია უნდა დადგას. რეჟისორი სწორედ აქ გაიცნობს მძღოლად მიმაგრებულ გოგოს და მთავარი ამბავი იწყება.

ქალის როლის საუკეთესო შემსრულებლად რენატე რეინსვე დასახელდა. იოასიმ ტრიერის ყველაზე საშინელი ადამიანი დედამიწაზე ნორვეგიული სურათია, სადაც იოასიმ ტრიერის ფილმში იულია საკუთარი თავს და ცხოვრების არსს ამაოდ ეძებს. კაცის როლის საუკეთესო შესრულებისთვის კი ლენდრი ჯონსი დაჯილდოვდა. ნიტრამი ავსტრალიელი რეჟისორის, ჯასტინ კურზელის ფილმია.

საბოლოოდ კი მთავარი პალმა ყველაზე ხმაურიან სურათს ჟულია დიუკურნოს ტიტანს ერგო. ბევრი აზრი გამოითქვა იმის შესახებ, თუ რას უერთგულა სპაიკ ლიმ, რა დააფასა?  რეჟისორი ქალის მოგზაურობა ქალის ყველაზე იშვიათად მონახულებულ ტერიტორიაზე? სითამამე? უჩვეულობა?

შესაძლებელია თანაუგრძნო სერიულ მკვლელ ქალს, რომელსაც სექსი ავტომობილებთან აქვს? შემდეგ დაორსულდება და ბავშვს გააჩენს… შესაძლებელია მთავარი ჯილდო იმ ფილმს ხვდეს წილად, რომლის ნახევარს მაყურებელი თვალზე მიფარებული თითებიდან უყურებს?

მაგრამ ჯილდო სწორედ შეუძლებლის შესაძლებლობას მიენიჭა. ზოგადად, წელს ხომ ყველაფერი შეუძლებელი იყო და მაინც ყველაფერი შესაძლებელი აღმოჩნდა: 70 ათასი კოვიდ ტესტიდან მხოლოდ 56 დადებითი შემთხვევა დაფიქსირდა; სპაიკ ლიმ თბილისის ამბების მოკვლევა საერთაშორისო ჟურნალისტებს დაავალა; ვნახეთ ოპერა კინოში; ვნახეთ რეჩიტატივად გარდაქმნილი მოროკოული ტკივილები; ტირილი ნორვეგიაში, ყვირილი საფრანგეთში, სკანდალი ეკლესიაში, გინება მატარებელში… და მაინც, ჩემთვის წლევანდელი ფესტივალი ყველაზე მეტად აპიჩატპონგ ვირასეტაკულის მეხსიერების იმ სიჩუმეს ჰგავდა, რომელმაც დიდი ხმა უნდა დათრგუნოს.


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.