fbpx

მოდის, ხელოვნების და დიზაინის პირველი სკოლა საქართველოში – დავით ქოიავას პროექტი


გააზიარე სტატია

ავტორი: ანა ჭიღიტაშვილი

 

მულტიფუნქციური ცენტრის დაარსების იდეა მერსედეს ბენცის მოდის კვირეულის დამფუძნებელს და შემოქმედებით ხელმძღვანელს, სოფო ჭყონიას ეკუთვნის და პროექტი მოიცავს მოდისა და ხელოვნების სკოლას, ბიბლიოთეკას, სივრცეებს ვორქშოფებისა და გამოფენებისთვის, კინოსტუდიას, სატელევიზიო სტუდიებს, საკონცერტო დარბაზსა და ტექნოლოგიურ ჰაბს. 

პროექტი “კოკა-კოლას” ყოფილი ქარხნის სივრცეში მოეწყობა და ამ ახალ კულტურულ სივრცეში ნებისმიერი რანგისა თუ მასშტაბის ღონისძიებები ჩატარდება. ამის საშუალებას ქარხნის გრანდიოზული ფართობის  ტერიტორია იძლევა. პროექტი ასევე მოიცავს მის გარშემო არსებული  შენობების მაქსიმალურად ფუნქციონალურად გამოყენებას. 

შენობის შავი ფერი და ნაწილობრივ ფასადის სარკის პანელებით მოპირკეთება, არქიტექტორის მოსაზრებით, მოდის სფეროს უკავშირდება. შენობის ინტერიერში შეხვდებით ცნობილი დიზაინერების შექმნილ ავეჯს და აქსესუარებს. 

 

მოგვიყევით შენობაზე, სადაც მოეწყობა ეს მულტიფუნქციური სივრცე

ეს შენობა აშენებულია 50-იან წლებში და მას შემდეგ მრავალჯერ გადაკეთდა სხვადასხვა მფლობელის ხელში – დააშენეს, მიაშენეს და დღეს მას ის არქიტექტურული ღირებულება აღარ აქვს, რაც იმ ეპოქის სხვა არქიტექტურულად ძვირფას ნაგებობებს. ამიტომ ამ კუთხით  უფრო მეტი თავისუფლება მაქვს, რადგან არ ვეხებოდი არქიტექტურულ ძეგლს. 

დემონტაჟის სამუშაოების დაწყებისას, როდესაც კედლებზე ნალესის მოხსნა დაიწყეს, იქ მთელი ეპოქები გამოჩნდა, ძალიან ბევრჯერ არის შენობა  გარემონტებული და კედლებზე ფენებად  ნალესი – მოპირკეთება, ქვა, შემდეგ ისევ ნალესი. თვითონ ეს შენობა 50-იანი წლებიდანვე განიცდიდა მულტიფუნქციურ ტრანსფორმაციას და მნიშვნელოვანია, რომ ისევ გააგრძელებს. დღეს ეს შენობა უკვე რადიკალურად განსხვავებულ ფუნქციას შეიძენს და უკვე ამ სახით განაგრძობს სიცოცხლეს.

 

რატომ გადაწყვიტეთ ასეთი კონცეფცია?

რაც შეეხება კონცეფციას, 10-12 წელია,  ჩემს მეუღლესთან ერთად,  რომელიც სამკაულის დიზაინერია, მუდმივად მიწევდა მოგზაურობა სხვადასხვა მოდის კვირეულებზე. სოფო ჭყონიასთანაც  წლების განმავლობაში გვქონდა ურთიერთობა. ჩემთვის ეს სფერო პროფესიულად ნაცნობი ნამდვილად არ არის, მაგრამ ასე გვერდიდან  ვმონაწილეობდი და ვაკვირდებოდი მათ გარემოს. 

ჩემთვის ტანისამოსზე მეტად ასეთ ღონისძიებებზე უფრო საინტერესო იყო ის სივრცეები, სადაც ეს ყველაფერი ეწყობოდა და როგორი ფონი იქმნებოდა ჩვენებებისთვის. აქედან გამომდინარე ჩამომიყალიბდა რაღაც წარმოდგენა და სწორედ ეს წარმოდგენა გახდა ჩემი ინსპირაცია. 

მსურს ამ ქარხანაში ისეთივე მაღალი დონის სივრცე შევქმნა, როგორებიც მინახავს პარიზში, მილანში და სხვა მეგაპოლისებში. რაც შეეხება ფერს, ჩემს ასოციაციაში მოდა არის შავის და თეთრის კომბინაცია. ამიტომ მინდა, რომ ძველი ქარხნის შენობა შავი ფერით უფრო ჩაქრეს და ამრეკლი ნაწილი იყოს ახალი გარემოს ერთგვარი ანარეკლი. 

ამ ნაწილში მოეწყობა საინსტალაციო და საგამოფენო სივრცე და შესაძლებელი იქნება ბევრი სხვადასხვა ღონისძიების ჩატარება. ქარხნის ყველაზე დიდ სივრცეში მოეწყობა ბიბლიოთეკა, რომლის ანალოგიც ჩვენს ქვეყანაში არ არის. აქ  ყველა შეძლებს შესვლას და  წიგნების გამოყენებას.

ამ შენობის პროექტირებისას მნიშვნელოვანი იყო მისი ფუნქციურად სწორად განაწილება, რომ  ბუტაფორია არ გამოსულიყო. ეს შენობა იქნება საერთაშორისო მოდის სკოლა, ამიტომ მას ფუნქციურად ზედმიწევნით სწორად გამართვა სჭირდებოდა. 

სკოლის ნაწილში აბსოლუტურად ყველაფერი იქნება თეთრი. ჩვენი მიზანი და ამოცანა იყო შეგვექმნა ერთგვარი სწორი ფონი ამ დიზაინით, რომელიც ტრანსფორმირდება გამოყენების მიხედვით და იქ მყოფი ადამიანებიც  ამ შენობის ფორმირების მონაწილეები გახდებიან. 

 

როგორ განასხვავებდით ამ პროექტს თქვენი სხვა პროექტებისგან?

ეს პროექტი რადიკალურად განსხვავდება ჩემი სხვა პროექტებისგან. ამ შემთხვევაში პირველად ვაკეთებ მოდის სფეროსთვის არქიტექტურას და ასევე არსებული შენობის რენოვაციას. 

მაგალითად, ჩემი გუდაურის პროექტი 10 000 კვ.მ აპარტოტელია და ტერიტორია, რომელზეც ის დავაპროექტე, თავიდან ბოლომდე თვითონვე გვკარნახობდა  იმას, რა უნდა ყოფილიყო ამ ადგილას. ასევე ამჟამად  ვაკეთებ ლოპოტა-რიზორტის დამატებითი შენობების მიმდინარე პროექტს, რომელიც საინტერესოა იმ კუთხით, რომ 5 შენობიდან 2 სასტუმროა, 1 კი ჯაზ-კლუბი, ესენიც ძალიან საინტერესოა და განსხვავებული ამ სახის პროექტისგან. 

ასევე მაქვს დაპროექტებული კაზინოები, რომლებიც ძალიან განსხვავდება სხვა ფუნქციური შენობებისგან. მე პირადად არ მიყვარს კაზინო, მაგრამ ამ შემთხვევაშიც  ვეცადე ზუსტად დამეპროექტებინა ადგილი ძალიან კონკრეტული საზოგადოებისთვის და მომერგო ყველაფერი მათი კომფორტისთვის. 

 

როგორ ფიქრობთ, რამდენად მნიშვნელოვანია თბილისისთვის ახლა მოდის სასწავლებელი?

ჩემი აზრით, ზუსტად ახლა არის დრო ასეთი რამის წამოსაწყებად საქართველოში. უკვე წლებია სოფო ეწევა ქართველი დამწყები თუ უკვე პროფესიონალი დიზაინერების პოპულარიზაციას მსოფლიოში. წლების განმავლობაში ქართველმა დიზაინერებმაც მოიპოვეს ცნობადობა და აქედან გამომდინარე განვითარებისთვის აუცილებელი და უმნიშვნელოვანესია მოდის სკოლის დაარსება. თბილისში დღეს ბევრი თვითნასწავლი დიზაინერია ახალი თაობისთვის კი კარგი პროფესიული სასწავლებელი მისწრებაა. 

ქვეყნისთვისაც ძალიან კარგია,  რადგან აქ  მოეწყობა გამოფენები და ღონისძიებები, სადაც სტუმრად ჩამოვლენ უცხოელებიც და სფეროც უფრო მეტად განვითარდება. სკოლაში იგეგმება პედაგოგებად სერიოზული გამოცდილების მქონე არტისტების ჩამოყვანა და მათთან ურთიერთობა ქართველ და საერთაშორისო სტუდენტებს ძალიან გამოადგებათ. სწორედ ახლა არის ის მომენტი, როცა ქართულმა მოდამ დაიწყო აღიარების მოპოვება და უკვე უნდა გახდეს უფრო მეტად პროფესიული და დახვეწილი. 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.