fbpx

The Bridge Project – ირაკლი შევჩენკოს არქიტექტურა მყინვარწვერის ძირში


გააზიარე სტატია

 

ავტორი: ანა ჭიღიტაშვილი

 

“ეს ის ადგილია, რომელზეც სხვადასხვა წარმოდგენა არსებობს და მისი თვისებიდან გამომდინარე ხშირად ის აბსტრაქტულია. მიზეზი მეტწილად დაკავშირებულია მასშტაბთან, ან სხვა სიტყვებით, იმ მასებთან და გიგანტურ მოცულობებთან, სადაც ძალიან რთულია განსაზღვრო მანძილი, სიმაღლე და ზოგადად, ობიექტის მოცულობა.

ორაზროვნად თუ შეხედავ, შესაძლებელია სხვა ერთეულები შექმნა და შემდეგ ამ განმარტებით იხელმძღვანელო, რათა მოახერხო ორიენტაცია. მარტივი არ არის გაიაზრო, რომ აქ “რაღაცები” სხვანაირად ხდება: დრო, კლიმატი, ატმოსფერო და თუ კარგად დააკვირდები, განათება, ფერები, მზის სხივები, ჩრდილი, ისინი არ არიან რეგულარული მანერით წარმოდგენილი.” – ირაკლი შევჩენკო

ირაკლი შევჩენკო 33 წლის არქიტექტორია, რომელმაც ჰოლანდიური სკოლა დაამთავრა კონცეპტუალური არქიტექტურის განხრით და 2018 წლიდან მუშაობს საქართველოში. 

დამკვეთის მოთხოვნა ამ შემთხვევაში მარტივი იყო, მას სურდა ამ ადგილას აეშენებინა ქოხი. არქიტექტორმა, რომელიც ენთუზიასტი ალპინისტი და მეკლდეურიც გახლავთ, ეს დავალება უფრო პერსონალურად მიიღო და შექმნა უკომპრომისო არქიტექტურული პროექტი. 

საპროექტო ადგილი მდებარეობს კავკასიონის ქედის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული და შთამბეჭდავი მწვერვალის ძირში, ამ მთას ხშირად კავკასიონის დედოფალსაც უწოდებენ. მწვერვალის სიმაღლე 5047 მეტრია. საპროექტო ადგილი  მდებარეობს მყინვარწვერის ალპინისტური მარშრუტის გულზე და იმით არის გამორჩეული, რომ ის  გაშლილია იმ ალპური ზონის ზღვარზე, სადაც ბალახი აღარ ამოდის  და იწყება ცივი კლდოვანი მასების ნაშალი. 

ალპინიზმში ამ მოვლენას გარკვეული სიმბოლური დატვირთვაც აქვს – ტრადიციულად ალპინისტები მარშრუტის წარმატებით გავლას მხოლოდ ამ “მწვანეზე” გადასვლის შემდეგ ულოცავენ ერთმანეთს, ითვლება, რომ სანამ მყინვარებს და ცივ კლდოვან მასას არ გადაივლი, იქამდე სამშვიდობოს არ ხარ. პროექტის დასახელებაც – ხიდი – სიმბოლურადაა ამასთან დაკავშირებული.

ადგილმდებარეობის სპეციფიკურობიდან გამომდინარე, წინასაპროექტო ამოცანები არ იყო მარტივი, ტერიტორიას არ აქვს ტიპური მისასვლელი გზა და საინჟინრო კომუნიკაციები. მშენებლობის ორგანიზება ასეთ ტერიტორიაზე საკმაოდ რთულია და ფინანსურად  ძვირადღირებული, რადგან მშენებლობის ორგანიზება მხოლოდ საჰაერო გზითაა შესაძლებელი. არქიტექტორმა ეს ერთგვარ გამოწვევად მიიღო. 

“რა ტიპის მშენებლობა გაამარტივებს და დააჩქარებს პროექტის დასრულებას? ეს არის ბევრი განმეორებადი ელემენტი – მოდულური მშენებლობა. არქიტექტურული გადაწყვეტაც ამ მიმართულებით განვავითარეთ”, – ამბობს ირაკლი შევჩენკო. შენობაც ნაკვეთზე ისე უნდა იყოს მოწყობილი, რომ მინიმალური ფართობი აითვისოს და ჰქონდეს ფუნციურად პროპორციული სივრცეების დაყოფა სწორი ორიენტაციით. პროექტის ზოგადი მონახაზი ის არის, რომ შენობა გახდეს მედიატორი და თანაბრად შეითავსოს მნიშვნელოვანი ფუნქციები ადამიანებისთვის, რომლებიც არიან დამთვალიერებლები ან  ალპინისტური მარშრუტის გზას ადგანან. 

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.