fbpx

პროტესტი “ლიტერას”, პროტესტი მინისტრ წულუკიანს 


გააზიარე სტატია

 

კულტურის მინისტრმა გადაწყვიტა იყოს ყველგან, სადაც აქამდე არ ყოფილა და თავისი წარმომადგენლების ყოფნა ბრძანა კინოცენტრის, მწერალთა სახლის და ყველა იმ ორგანიზაციის კონკურსებში, რომელიც სამინისტროს ექვემდებარება და სამინისტროსგან იღებს დაფინანსებას. ასე აღმოჩნდა ლიტერატურული პრემია  “ლიტერას” 5-კაციანი ჟიურის ერთ-ერთ წევრად კონკურსში იოსებ ჭუმბურიძე, სამინისტროს წარმომადგენელი, მინისტრის მრჩეველი და შემოქმედებითი პროცესის ხელშეწყობის დეპარტამენტის თანამშრომელი, ცნობილი თავისი ანტიდასავლური განწყობებით, სიძულვილის ენის აქტიური გამოყენებით და დიდი სიყვარულით მმართველი პარტიის დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის მიმართ. 

მწერალთა სახლმა შეცვალა დებულება და გაასაჯაროვა ლიტერატურული ჟიურის ვინაობა გამარჯვებულების გამოვლენამდე და ერთ დღეში ლიტერატურულ კონკურს – “ლიტერას” ათობით მწერალმა გამოუცხადა პროტესტი – სია იმ ავტორების, რომლებიც უარს ამბობდნენ, ებრძოლათ “ლიტერასთვის”, რომლის ჟიურის დამოუკიდებლობაც მინისტრის ბრძანებამ ეჭვქვეშ დააყენა, ყოველ საათში იზრდებოდა. მწერლები ამბობდნენ, რომ ეს იყო ბოლშევიკური პრაქტიკა – თავისუფალი ხელოვნების გაკონტროლების სურვილი, მწერლობის მოთვინიერების ვნება და დიდი ძმის სურვილი, დაინახოს ყველაფერი, რაც ხდება. 

დღის ბოლოს მწერლებმა, გამომცემლებმა, დიზაინერებმა და ილუსტრატორებმა ღია წერილით მიმართეს მინისტრ წულუკიანს და მოსთხოვეს, სასწრაფოდ გაიწვიოს უკან იოსებ ჭუმბურიძე ჟიურის შემადგენლობიდან და უარი თქვას ლიტერატურული კონკურსის პროცესში ჩარევის მცდელობებზე მომავალშიც

ამ დროს “ლიტერას” უკვე ჟიურის წევრებიც ტოვებენ – საკონკურსო ჟიურიში მხოლოდ სამინისტროს დანიშნული ერთი წევრი დარჩა. რას უპასუხებს მინისტრი წულუკიანი მწერლების პროტესტს, დრო აჩვენებს. ის ჯიუტად ცდილობს დაამტკიცოს, რომ არჩეულ კურსს არ გადაუხვევს და არ ადარდებს, რას ამბობს ხალხი მის შესახებ. მიზეზები მისით უკმაყოფილო ხალხის მარგინალიზაციისთვის არ ელევა. ლიტერატურული პრემია 50 000-ლარიანი ბიუჯეტით ჩაშლის პირას დგას და ეს არის ალბათ შემთხვევა, როცა ჩაშლა შეიძლება უკეთესიც იყოს, ვიდრე გამართვა. როცა ჯობს გაჩერდე და თქვა, რომ ასე არ მოგწონს, ვიდრე უფრო ღრმად ჩაეფლო ტალახში. გაჩერებას აზრი მაშინ აქვს, თუ უკეთეს გზას იპოვი, ვიდრე აქამდე იდექი.

ლიტერატურის სექტორისთვის მინისტრების მხრიდან მათ საქმიანობაში ჩარევის ვნება ახალი არ არის. ბოლო ასეთ ტალღას წიგნის ეროვნული ცენტრი ემსხვერპლა, სამინისტროს სისტემაში “ლიტერატურის ფონდის” დირექტორად მოაზრებული ირმა რატიანი გამოჩნდა, რომელიც საბოლოოდ “შემოქმედებითი საქართველოს” ხელმძღვანელად დაინიშნა. კულტურის ფონდი 50 მილიონის ბიუჯეტით სამინისტრომ თვითონვე გადაიფიქრა, გაქრა იმედიც, რომ არტისტული კონკურსები სამინისტროდან სხვა, დამოუკიდებელ სსიპ-ში გავიდოდა და ბიუჯეტი გაიზრდებოდა. დღეს ირმა რატიანი მინისტრ წულუკიანის ნდობით აღჭურვილი პირი ჩანს. სწორედ მას გადაებარა წიგნის სახლის კიდევ ერთი ლიტერატურული კონკურსი საყმაწვილო ლიტერატურის ავტორებისთვის, იაკობ გოგებაშვილის პრემია. 

მწერლები, რომლებიც “ლიტერას” უცხადებდნენ ბოიკოტს, ხაზგასმით ამბობდნენ, რომ ეს არის რეალურად პროტესტი მინისტრ წულუკიანის და მისი პოლიტიკის მიმართ და არა თავად პრემიის და წიგნის სახლის მიმართ. წიგნის სახლს, მის ხელმძღვანელს და თანამშრომლებს ახლა რთული დრო უდგას და მხარდაჭერა სჭირდება.  თეა  წულუკიანი მწერლებისგან განსხვავებით, სწორედ მწერალთა სახლის [და ყველა სხვა გამართულად მომუშავე, დამოუკიდებელი სსიპ-ის] კარგად მუშაობას აყენებს ეჭვქვეშ და ცდილობს, არა ახალი სისტემის შექმნას ან არსებულის გაუმჯობესებას, ყველაფრის დემორალიზაციას, ხალხის დამცირებას, ძალაუფლების უხეშად დემონსტრირებას და საკუთარი თავგასულობით ტკბება.  მან რამდენიმე კვირის წინ სამინისტროს ოფიციალური ფეისბუქის გვერდი გამოიყენა იმისთვის, რომ ეთქვა, წიგნის სახლის ხელმძღვანელის, ნატაშა ლომოურის მიერ პრემია “საბაზე” გამოთქმული აზრი ერთ-ერთ გადაცემაში მხოლოდ მისი პირადი აზრია და არა სამინისტროს პოზიციაო. ამგვარი განცხადების არანაირი საჭიროება არ არსებობდა სამინისტროს მხრიდან და ეს იყო მხოლოდ და მხოლოდ იმის ჩვენება, რომ სამინისტროში იციან, ვინ როდის რას ლაპარაკობს, ზედმეტი აქტიურობა კი  საჭირო არ არის. 

ცუდი მმართველობა ჰორიზონტს ავიწროებს, პროტესტების სივრცეს ზღუდავს, ჯანსაღ დისკუსიას კლავს. 

თეა წულუკიანის ახალ გადაწყვეტილებას კონკურსების ჩატარების წესის ცვლილების შესახებ, რომელიც ნებისმიერი კონკურსის ორგანიზატორს ავალდებულებს სამინისტროსთან შეათანხმოს ჟიურის შემადგენლობა და ერთიც სამინისტროს წარმომადგენელი ჩასვას შიგნით, მხოლოდ მწერლები აპროტესტებენ ხმამაღლა და ისინიც არა მავნე მინისტრის გადადგომას, საკუთარი წიგნების მოხსნას ითხოვენ კონკურსიდან, რომელიც მათივე გადახდილი გადასახადებიდან, ბიუჯეტის ფულით ფინანსდება. დისკუსიის საგანი არ გახდა ის, როგორ იქცა საეჭვო ღირებულებებისა და მყიფე ფასეულობების პუბლიცისტი მინისტრის მრჩეველი და მისი ნდობით აღჭურვილი პირი. სია იმ ადამიანების, ვინც “ლიტერას” პროტესტის ნიშნად გამოეთიშა, ვრცელია, თუმცა ნახევარიც არ არის იმ ავტორების, რომლებიც  კონკურსის ვრცელ სიაში მოხვდნენ. 

ერთი დათმობა დათმობების ჯაჭვს იწვევს. მკვეთრ წინააღმდეგობას და მძლავრ პროტესტს გადამდები ეფექტი აქვს. დღეს სახელოვნებო სფეროში პროტესტების სივრცე ყველგან არის. ხელოვნების მუზეუმი დანგრევის საფრთხის წინაშე დგას, სახელმწიფო ბიუჯეტიდან თანხა 2000-იანი წლების ესტრადის მომღერლების რეგიონებში დაგეგმილ კონცერტებში იხარჯება. მინისტრი ამბობს, რომ კინოცენტრმა პატრიოტულ თემაზე გადაღებული ფილმები უნდა დააფინანსოს ეროვნული სულისკვეთების გასაღვიძებლად, რუსთაველის თეატრის მოსკოვურ გასტროლებს კი შემოქმედებით თავისუფლებად მიიჩნევს.

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.